ირინა შეიკი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია. ის გახლავთ პირველი რუსი მოდელი, რომელიც გამოცემა SPORTS ILLUSTRATED SWIMSUIT-ის გარეკანზე მოხვდა, ცნობილი ბრენდების პოდიუმზე გაიარა და ყველა მდიდრული მოდის სახლის სარეკლამო კამპანია დაამშვენა. ჯერ კიდევ 2007 წელს, შესაძლოა ყველაფერი სხვანაირად წარმართულიყო, მაგრამ ირინას ცხოვრებაში INTIMISSIMI გამოჩნდა, რასაც შემდეგ მთელი დიდებული სამოდელო ისტორია მოჰყვა.
2019 წელი შეიკისთვის პირად ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ირინა ჰოლივუდის მსახიობ ბრედლი კუპერს დაშორდა. თუმცა მოდელს ქორწინების მაინც გულწრფელად სწამს. „ყოველ ჯერზე, როცა ყვავილებს მიგზავნიან, ვფიქრობ, მის მაგივრად აჯობებდა მცენარის ნერგი გამოეგზავნათ. ასევე, დარეკვა მირჩევნია მიწერას. როცა ვინმესთან უნდა ისადილო, არ უნდა გაუგზავნო ტექსტი ნომერზე ან თუნდაც ინსტაგრამზე. უბრალოდ, აიღეთ ყურმილი, დარეკეთ და უთხარით: „მოდი, ვივახშმოთ!“ – გვიზიარებს მოდელი.
33 წლის ირინა ერთ რამეში მტკიცედაა დარწმუნებული – კოსმეტიკური ქირურგია მისთვის არაა: „შესაძლოა ვინმეს სურს ტუჩების გადიდება. მე არავის განვიკითხავ. უბრალოდ, ბუნებრივ სილამაზეს ვემხრობი. ვფიქრობ, რაღაც სრულყოფილ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ყველას სურს სრულყოფილი გახდეს. მაგრამ მე სრულყოფილი არ ვარ. ხანდახან ორმაგი ნიკაპი მაქვს. სრულყოფილება არ არსებობს“.
რა არის საჭირო სამოდელო სფეროში წარმატების მისაღწევად?
მოდელებად არ იბადებიან. მოდელები ხდებიან. ფიქრობთ, მე მოდელად დავიბადე? პატარა სოფელში, სადაც 17 წლის ასაკამდე კარტოფილს, კიტრს და პომიდორს ვუვლიდი? 20 წლის ასაკში, როცა ამ სფეროში მუშაობა დავიწყე, გულწრფელად გეტყვით, საშინელი მოდელი ვიყავი! არ ვიცოდი, როგორ მემოძრავა, არ მესმოდა რა ხდებოდა გარშემო, ინგლისურადაც კი ვერ ვსაუბრობდი. მაგრამ, ვისწავლე! ყოველდღე ვცდილობდი უკეთესი გავმხდარიყავი. არ მრცხვენია იმის აღიარება, რომ გადაღებების წინ დღემდე ინტერნეტში ვეძებ ბრენდების შესახებ ისტორიას, შთაგონებას ვიღებ მათი სხვა ფოტოსესიებით, ვიგონებ პოზებს სარკის წინ. სწავლა ნორმალურია, 9-წლიანი კარიერის შემდეგაც კი. დღეს ხომ იმისთვის, რომ მოდელი სახეზე იცნონ და მისი სახელი იცოდნენ, არაა საკმარისი უბრალოდ ლამაზი იყოს. უპირველესად, საჭიროა მიზანდასახულობა, იმის ცოდნა, თუ საით მიდიხარ. ჩვენს ბიზნესში, ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა მოისმინო, რომ მოდელი არ ხარ და ვერც გახდები. მთავარია, არ დანებდე. დღეს მოდელი პიროვნებაა და არა საკიდი. ის ჭკვიანი უნდა იყოს და ურთიერთობა შეეძლოს.
როგორი ტრანსფორმაცია განიცადა თქვენი სტილის ჩამოყალიბებამ?
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი 10 წლის ასაკიდან მიყვარს. სკოლაშიც ქვედაბოლოებს და ოდნავ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ვატარებდი. ვიცვამდი იმას, რაც მომწონდა და სხვების, ჩემთვის უცხო ადამიანების აზრს ყურადღებას არ ვაქცევდი. ასეა ახლაც. ვცდილობ, სამოსის ისეთი კლასიკური ვარიანტები შევიძინო, რომლებიც აქტუალურობას რამდენიმე წელი არ დაკარგავენ. თუ არ ვმუშაობ, მთელი დღე შემიძლია სპორტულად ვიარო, ვარცხნილობისა და მაკიაჟის გარეშე. მათი მუდმივი გაკეთება არ მხიბლავს. ზოგადად, ჩემი სტილი ძალიან მარტივია: ვცდილობ თავდაჭერილი ვიყო, თუმცა ხანდახან შერევა მიყვარს. მაგალითად, ჯინსის და ჩვეულებრივი მაისურის „შანელის“ ჩანთასთან. მიყვარს ჩანთები და ფეხსაცმელი – ესაა აქცენტები, რომლებიც იმიჯს დასრულებულ და სრულყოფილ სახეს სძენენ! ასევე, მიყვარს ქალის თეთრეული, რომელიც ქალის თავდაჯერებულობას ზრდის. ჩემთვის, სექსუალობის გაგება მარტივია – უბრალოდ, საკუთარი თავი უნდა იყო. ეს ყველაზე მშვენიერი რამაა სამყაროში.
რას ფიქრობთ სოციალური ქსელების როლზე?
სოციალური ქსელები შესანიშნავი ხერხია, გავიგოთ სიახლეები საკუთარ მეგობრებზე და დავრჩეთ ხაზზე მათთან, ვინც ჩვენგან შორსაა. ინსტაგრამზე მოდის სახლების სიახლეებს ვათვალიერებ, დიზაინერებს ვაკვირდები. მომწონს სოციალური ქსელები, მაგრამ ინტერნეტზე დამოკიდებული ნამდვილად არ ვარ.
როგორ შეაჯერებდით სილამაზის პირად საიდუმლოებებს?
განსაკუთრებული ხრიკები არ გამაჩნია. პირადად ჩემთვის, ესაა ძილი არანაკლებ 8 საათი, ბევრი წყალი და ჯანსაღი საკვები. დიდ დროს ვატარებ მზეზე, ამიტომ, როგორც საჭიროა, ისე ვიცავ კანს. დილაობით სახეზე ყინულის კუბს ვისვამ, რომელსაც გვირილისა და მწვანე ჩაის ნაყენისგან ვამზადებ. მიყვარს კანის დატენიანება კიტრის ნაჭრით. ამასთან, რა თქმა უნდა, აბაზანები და სკრაბი: თაფლი+ზღვის მარილი. არ მჯერა პლასტიკური ქირურგიის და მიმაჩნია, რომ საკუთარი სხეულის სიყვარული უმთავრესია. დარწმუნებული ვარ, ყველა ქალი განსაკუთრებულია.
სასურველი გარეგნობის შენარჩუნებაზე რას ურჩევდით მკითხველებს?
დღეს ფიტნესის გარეშე წარმოუდგენელია! იმისათვის, რომ თეთრეული ან საცურაო კოსტიუმი დაარეკლამო, ბევრი უნდა ივარჯიშო. მთავარია იპოვო ის, რაც ზუსტად შენს სხეულს წაადგება. ჩემი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ყველაფერი სწრაფად მბეზრდება, ამიტომაც ხშირად ვიცვლი დატვირთვის ფორმას და ვარჯიშის სისტემას. პირად მწვრთნელთან კვირაში 3-დან 5 დღემდე ვვარჯიშობ. ვარჯიშის შემდეგ თავი ენერგიით სავსე მგონია. მნიშვნელოვანია აკეთოთ ის, რაც მოგწონთ.
ბევრ ქალაქში გიწევთ გადაადგილება. რომელია თქვენი ფავორიტი მათ შორის?
მიყვარს იტალია და ვაღმერთებ მილანს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქალაქია. იტალიელები ლამაზად და ელეგანტურად იცვამენ, მაგრამ ჩემი საყვარელი ქალაქი მაინც ნიუ-იორკია – ენერგიის საოცარი წყარო.
უპირველესად, რას აქცევთ ყურადღებას მამაკაცებში?
მომწონს, როცა ის კარგად გამოიყურება. თუ ქუჩაში მამაკაცს ვხვდები, უპირველეს ყოვლისა, ხელებზე და ფეხსაცმელებზე ვუყურებ. შემდეგ, დიდი პლუსია გონებაგახსნილობა და იუმორის გრძნობა.
რა არის თქვენი მთავარი სურვილი?
მინდა, გარშემო ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს. წარმოიდგინეთ, სრული მშვიდობა დედამიწაზე! თოვლის ბაბუა რომ არსებობდეს, ამ სურვილის ასრულებას ვთხოვდი.
რას ნიშნავს თქვენთვის, „იყო თავდაჯერებული“?
მიიღო და გიყვარდეს საკუთარი თავი.
როგორ აღვიძებთ საკუთარ შინაგან ძალებს?
არასოდეს ვნებდები და მუდამ მივდევ ჩემს ოცნებებს.
რა გეხმარებათ, თავი ძლიერად რომ იგრძნოთ?
ოჯახის მხარდაჭერა.
საყვარელი მწერალი?
დოსტოევსკი. 1867 წელს რომ მეცხოვრა, სწორედ მასთან შეხვედრას ვისურვებდი.
დაგვისახელეთ თქვენთვის საკულტო ქალები.
გასული საუკუნის 90-იანების მოდელები – ნაომი კემპბელი და სინდი კროუფორდი. ჩემი აზრით, ისინი საოცრად სექსუალურები არიან.
თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სექსუალურობისა და თავდაჯერებულობის შერწყმის იდეა...
სექსუალურობა არაა წითელი ტუჩსაცხის მოხმარება, სპეციალური ბიუსტჰალტერისა და მაღალი ქუსლების ტარება. ყველა ქალი თავისებურად სექსუალურია. ესაა ის, რაც შიგნიდან მოდის. შეიძლება ქალი კოსტიუმში და კედებში იყოს გამოწყობილი და ის მე ძალიან სექსუალურად აღვიქვა. ეს ცნება შენს ხასიათს განსაზღვრავს. იმას, თუ როგორ მოძრაობ, როგორ საუბრობ... ესაა ჩემთვის სექსუალური.
თქვენ რა გაგრძნობინებთ თავს უფრო თავდაჯერებულად?
კომფორტული თეთრეული. უპირველესად, სწორედ მას ვიცვამთ, რომელიც კანის მეორე ფენასავით უნდა გვქონდეს. არაკომფორტული ბიუსტჰალტერი ან საცვალი გუნებას გაგიფუჭებთ. რაც მე თავდაჯერებულს მხდის, ესაა ვიგრძნო თავი კარგად საკუთარ კანში. გიყვარდეთ თქვენი სხეული, ჩაეხუტეთ მას – ესაა თავდაჯერება!