მონიკა ბელუჩი საუკეთესო დადასტურებაა იმისა, რომ ასაკი მხოლოდ და მხოლოდ გარემოებაა. იტალიური კინემატოგრაფის მთავარი სექსსიმბოლო ცხოვრებას სიყვარულში მუდამ უტყდება. მონიკა ფილმ „მალენას“ გამოსვლიდან მოყოლებული, სილამაზისა და ქალურობის უპირობო ეტალონად მიიჩნევა. ამის შესაბამისად ურჩევდნენ როლებსაც: მუდამ დაუცველი, სუსტი და გულგატეხილი ქალის, რომელსაც უბრალოდ „მამაკაცის დამატება, აქსესუარი“ ერქვა. 55 წლის ასაკში ვარსკვლავმა გადაწყვიტა ეს უსამართლო ტრადიცია შეეცვალა და ყველაფრისთვის ერთხელ და სამუდამოდ თავისი ადგილი მიეჩინა. ბელუჩი დღემდე ერთ-ერთი ის მსახიობია, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა და თავადაც ისევ დიდ გეგმებს სახავს.
Cartier-ს სახე ხართ და გვხიბლავთ ბრენდის სარეკლამო კამპანიებში. გახსოვთ, როგორი იყო თქვენი პირველი სამკაული?
15 წლის ასაკში შეყვარებულმა ბეჭედი მაჩუქა სიყვარულის ნიშნად.
ქვების ძალის გჯერათ?
ქვები დედამიწის ენერგიით არიან სავსე. დარწმუნებული ვარ, მათ დიდი ძალა აქვთ.
Cartier-ს ახალ კოლექციას Coloratura ეწოდება. ეს სიტყვა იტალიური ზმნიდან – „შეღებვა“ მომდინარეობს. რა ფერისაა თქვენი ცხოვრება?
ის შეღებილია ბრილიანტისფრად − თეთრად, მაგრამ მრავალფეროვან ტონალობებში გარდამავალ ელფერად. ჩემთვის ეს ქვები ქალების ძალაუფლების სიმბოლოა.
მამაკაცისგან რომელი ქათინაური დაგამახსოვრდათ მთელი ცხოვრების განმავლობაში?
საუკეთესო ქათინაური, რომელიც მამაკაცმა ქალს შეიძლება უთხრას, გამოიხატება არა სიტყვებში, არამედ ქმედებებში, რათა საყვარელი ქალი ბედნიერი გახადოს.
თქვენი აზრით, როგორი ქალი ფლობს ყველაზე დიდ მიზიდულობას?
საოცრად შთამაგონებს მერილ სტრიპი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ გენიალური მსახიობია, არამედ იმიტომაც, რომ ჰყოფნის ვაჟკაცობა აქტიურად გამოხატოს თავისი პოზიცია მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო.
როგორ გზრდიდნენ ბავშვობაში?
ყოველთვის ვიქნები დედის მადლიერი იმისათვის, რომ დიდი სიყვარულით მზრდიდა. ამავეს ვაკეთებ ჩემს ქალიშვილებთან მიმართებაში. მათ მუდამ ვარწმუნებ, რომ მთავარია არ დაკარგო პატივისცემა საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.
შინ სად გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?
საძინებელსა და აბაზანაში.
მეზობლებთან, მეგობრობთ?
სხვანაირად როგორ!.. ყოველთვის ვეცნობი და ვეკონტაქტები მეზობლებს, სადაც უნდა ვიცხოვრო და ვინც უნდა იყვნენ ისინი.
ხშირად აწყობთ შინ წვეულებებს?
ჩემი სახლი მუდამ ღიაა მეგობრებისთვის. იდეალური საღამო − ესაა ვახშამი ახლობლებთან, დაუსრულებელი საუბრითა და ხმამაღალი სიცილით.
იტალიური ცხოვრების წესი უფრო შეგეფერებათ თუ ფრანგული?
დავიბადე და გავიზარდე იტალიაში და დღემდე ძლიერ კავშირს ვგრძნობ მშობლიურ ქვეყანასთან. მიუხედავად იმისა, რომ 20 წლიდან მუდამ გადავადგილდები.
თქვენი ერთ-ერთი მომავალი როლი − ესაა მსახიობი, ფოტოგრაფი და ცნობილი იტალიელი ფემინისტი − ტინა მოდოტი, სერიალში, რომლის გადაღებებიც მომავალ წელს დაიწყება. კიდევ ვინ არის თქვენთვის ძლიერი ქალის საიმიჯო მოდელი?
ტინა შესანიშნავი ქალი იყო. ის ბევრი გენიოსი შემოქმედის − ფოტოგრაფ ედვარდ უესტონის, პოეტ პაბლო ნერუდას, მხატვარ დიეგო რივერას მუზა გახდა. ნამდვილი რევოლუციონერი იყო და ყველა საქმისადმი განსაკუთრებული ვნების მქონე მიდგომა ჰქონდა. ეს სერიალი არა მხოლოდ ტინას შემოქმედებას, არამედ მის პირად ცხოვრებასაც ეხება. მე მას დიდ პატივს ვცემ იმ სითამამისთვის, რომ სისტემის წინააღმდეგ წავიდა და ქალთა უფლებების ავანგარდულ მოძრაობაში ჩაერთო. ჩემთვის ტინა დგას ისეთი ქალების გვერდით, როგორებიც არიან სიმონა ვეილი, ლუიზა ბურჟუა და სიმონ დე ბოვუარი.
წარსულში ყოველთვის სუსტ ქალებს ვთამაშობდი, რომლებიც გარემოებების მსხვერპლნი ხდებოდნენ და მამაკაცის ჩრდილში იმალებოდნენ. სექტემბერში გამოვიდა ფილმი „ნეკრომანტი“, რომლის მიხედვითაც ჩემი პერსონაჟი დემონებს ებრძვის. როგორც ხედავთ, ამჯერად ჩემი გმირები სიძლიერის განსახიერებები არიან და არ აქვს მნიშვნელობა, ანტიგმირები არიან თუ კეთილი გმირები − მათი ცქერა ერთი დიდი სიამოვნებაა.
55 წლის ხართ და შესანიშნავად გამოიყურებით. რას ფიქრობთ ამ ასაკში გავრცელებულ ტენდენციაზე, მიმართონ პლასტიკურ ქირურგიას?
ნაოჭები და თვალების ქვეშ არსებული უპეები ახალ იმიჯს ქმნის. ახლა მე არ ვარ მზად მივიდე ქირურგთან „ახალგაზრდობის დოზის“ მისაღებად. კარიერაში ასაკობრივი ცვლილებები მხოლოდ მეხმარება და საშუალებას მაძლევს ჩემი ახალი უნარები გავხსნა. მთელი ცხოვრების განმავლობაში უფრო დიდის შეხედულება მქონდა, ვიდრე რეალურად ვიყავი. 16 წლის ასაკში, მაკიაჟის გაკეთებისას, ყველას ზრდასრული ქალი ვეგონე. ბებია კი აქეზებდა ჩემს გადაწყვეტილებას, როცა „გაპრანჭვას“ ვცდილობდი.
თუმცა, არ განვიკითხავ ადამიანებს, რომლებიც ოპერაციებს იკეთებენ. ყველას თავისი მიზეზი აქვს. თავადაც არ ვიცი ზუსტად, მომავალში გადამიტრიალდება თუ არა გონება და საოპერაციო მაგიდას მივაკითხავ თუ არა. ხანდახან ქირურგების შემოქმედების მშვენიერ შედეგებს ვხედავ და ვფიქრობ: „რატომაც არა!“
30 წელია, რაც გადასაღებ მოედანზე ხართ. როგორ შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება ფილმზე დათანხმებისას?
სცენარის კითხვის დროს შინაგანად ვწყვეტ, მსურს თუ არა მივიღო მონაწილეობა კონკრეტულ სურათში. თავიდან უბრალოდ მუშაობა მსურდა. მაშინ ასეთ კარიერაზე ვერც კი ვიოცნებებდი.
თქვენს ფილმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გასპარ ნოეს „შეუქცევადია“, რომელშიც თქვენს ყოფილ ქმარ ვენსან კასელთან ერთად მონაწილეობთ. დიდი გამოხმაურების საგანი გახდა თქვენი გმირის ხანგრძლივი გაუპატიურების სცენა.
მე ვფიქრობ, ძალადობის თემა უფრო ღრმად უნდა შევისწავლოთ. აუცილებელია გავიგოთ, როგორ გახდა მოძალადე ისეთი, როგორიც არის. სურათმა „შეუქცევადი“ საზოგადოებაში შოკი გამოიწვია, იმიტომ, რომ აჩვენა, რა შეიძლება მოხდეს რეალობაში. რეალობა ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე ჩანაფიქრი. ამბობენ, კინო მსახიობებს კლავსო. ეს მართალი არაა. მსახიობებს კლავს იგივე რამ, რაც სხვა ადამიანებს − ცხოვრება.
თქვენთან ახლოსაა ფემინისტური მოძრაობა და გამოდიხართ იმ ქალებისა და მამაკაცების მხარდასაჭერად, რომლებსაც ერთი წლით შინ დარჩენა სურთ, რათა შვილები აღზარდონ.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა საზოგადოებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ფასდება.
18-წლიანი ქორწინება, 2 შვილი და 8 საერთო ფილმი. ეს ციფრები ცოტა არაა ყველაფრის დასასრულებლად...
მართალია, ძალიან მძიმე აღმოჩნდა განქორწინება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გრძნობა ყოფილი სიყვარულის მიმართ არ გრჩება. უბრალოდ ხვდებით, რომ ერთად ცხოვრება აღარ შეგიძლიათ.
თქვენმა უფროსმა შვილმა, დევამ პირველი სამოდელო კონტრაქტი გააფორმა ბრენდთან Dolce & Gabbana. როგორ შეხვდით მის გადაწყვეტილებას?
მან რჩევა მკითხა. მხარდაჭერა სჭირდებოდა. მშობლები ვალდებულნი არიან, ყოველ ჯერზე დაეხმარონ და მიმართულება მისცენ თავიანთ შვილებს. ხშირად შვილები მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რათა ჩვენ მაგალითს მიჰყვნენ. ზოგადად, ბედნიერი ვარ, რომ ბავშვები გვიან გავაჩინე (39 და 45 წლის ასაკში). მქონდა დრო, არ მეჩქარა და ქალიშვილებზე ზრუნვით დავმტკბარიყავი.
ბოლო დროს პაპარაცები ნიკოლას ლეფევრთან ერთად გაფიქსირებდნენ. არის სიახლე თქვენს პირად ცხოვრებაში?
ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა, თუმცა მე არ ვამბობ, რომ მარტოხელა ვარ!