ქართული OK! უნიჭიერეს პიანისტს − დუდანა მაზმანიშვილს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში შეხვდა. დუდანა ოჯახთან ერთად ბერლინში ცხოვრობს და კარიერის საკმაოდ აქტიურ და საინტერესო ეტაპზეა − მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებს კონცერტებს. სულ ცოტა ხნის წინ, თბილისში დუდანას ორგანიზებით საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც ცნობილმა პიანისტებმა მიიღეს მონაწილეობა. ულამაზესი ფოტოსესიის შემდეგ, ჩვენს ნიჭიერ რესპონდენტს თბილისის საფორტეპიანო ფესტივალზე, ბერლინურ ცხოვრებაზე, ნიუ-იორკში სწავლის პერიოდსა და კიდევ სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.
დუდანა, სულ თავიდან დავიწყოთ. როდის, რამდენი წლისამ აღმოაჩინეთ ფორტეპიანო და „მოიწამლეთ“ მისით?
ბავშვობიდან ჩამესმოდა ფორტეპიანოს ხმა, რადგან დედა − თამარ აფაქიძე, პიანისტი იყო და შინ ამეცადინებდა მოწაფეებს. კარგად, ცუდად, საშუალო დონეზე დაკვრა − ყველაფერი მოსმენილი მაქვს. მამას ოპერა უყვარდა. გავიზარდე მუსიკალურ გარემოში, მშობლებს ხშირად დავყავდი კონცერტებზე და მოცემულობა, რომ მუსიკას მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაეკავებინა ჩემს ცხოვრებაში, თავიდანვე ცხადი იყო, თუმცა მუსიკოსობა, როგორც პროფესია, გვიან გადავწყვიტე. მრავალმხრივი ინტერესებით ვიზრდებოდი. მაინტერესებდა არქეოლოგია, ვწერდი სცენარებს, ჭადრაკს ვთამაშობდი, ვხატავდი, ასე რომ, მოგვიანებით, პირველ სერიოზულ წარმატებას მოჰყვა ფორტეპიანოთი სერიოზულად დაინტერესება, პირველი საერთაშორისო წარმატება − ერთ-ერთ კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ჯანსუღ კახიძესთან ერთად რახმანინოვის მეორე კონცერტი დავუკარი. აპლოდისმენტებისა და დიდი მუსიკოსებისგან დადებითი შეფასებების შემდეგ მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო.
ამჟამად სად და რას საქმიანობთ?
ვცხოვრობ გერმანიაში, ბერლინში, და ვატარებ კონცერტებს მსოფლიოს ირგვლივ.
ბერლინში, ნიუ-იორკში სწავლის 3-წლიანი პერიოდის შემდეგ გადავედი. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ დღეს მსოფლიოს კულტურული დედაქალაქი ბერლინია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დიდ ქალაქს თავისებურად საინტერესო კულტურული ცხოვრება აქვს, ბერლინი იმდენად ეკლექტური და ერთადერთია, რომ შეუცვლელია კულტურული თვალსაზრისით. ალბათ დღეს ხდება ბერლინში ის, რაც ადრე კონსტანტინოპოლში ხდებოდა.
სულ ცოტა ხნის წინ გერმანიაში ქართული კულტურის ატაშეს მოვალეობას ასრულებდით. რამდენად საინტერესო იყო ეს თქვენთვის?
დიახ, ვეწეოდი გარკვეულ დიპლომატიურ საქმიანობას, რაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, მით უმეტეს, რომ იმ პერიოდში, როგორც მუსიკოსს, არ შემიწყვიტავს საქმიანობა. პარალელურად, საკონცერტო საქმიანობით ვიყავი დაკავებული, მომიწია უაღრესად საინტერესო პროექტების განხორციელება. ჩემს დიპლომატიური საქმიანობის პერიოდს დაემთხვა ისეთი საინტერესო ღონისძიებები, როგორებიცაა ქართულ-გერმანული წელი, საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და სხვა ქართული კულტურის დღეები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში.
ნიუ-იორკი ახსენეთ. გაიხსენეთ ამერიკული ცხოვრება, იქ გატარებული წლები.
ნიუ-იორკში არის ერთი გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც განსაკუთრებულია პიანისტებისთვის − Mannes School of Music. ისე მოხდა, რომ მიწვეული ვიყავი ნიუ-იორკის საფორტეპიანო ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად და სწორედ იქ შემომთავაზა ფესტივალის ორგანიზატორმა, მის კლასში გამეგრძელებინა სწავლა, სამაგისტრო პროგრამაზე. მანამდე მიუნხენის კონსერვატორიაში, ელისო ვირსალაძესთან ვსწავლობდი. ეს იყო დაუვიწყარი წლები, რადგან ელისოს არ აქვს ტრადიციული, მკაცრი მიდგომები − ყველანი ვმუშაობდით როგორც ერთი ოჯახი. ყველა სტუდენტი უსმენდა ერთმანეთს. ასე ვსწავლობდით და ვაფართოვებდით რეპერტუარს. დღეს, როცა თავადაც მიწევს მასტერკლასების ჩატარება, ეს გამოცდილება ძალიან მეხმარება.
რას ნიშნავს ეს საქმე თქვენთვის? ან იქნებ საქმე არცაა და ცხოვრების წესია?
ალბათ ეს არის დიაგნოზი. ვფიქრობ, პიანისტობა ერთი მხრივ მკაცრი დისციპლინაა, რომელიც ბუნებრივია, მიგაჯაჭვებს ინსტრუმენტს და გხდის მარტოსულს. ეს ისეთი შრომაა, რომელიც მარტომ უნდა გასწიო. მეორე მხრივ, ეს დისციპლინა და ასკეტური რეჟიმი გაძლევს საშუალებას ძალიან დიდი აღმაფრენით, თავისუფლებითა და სილაღით შეგეძლოს სათქმელის გამოხატვა.
დუდანა, სიმღერა თუ გიყვართ? ღიღინებთ ხოლმე?
მუდმივად. რა თქმა უნდა, ვმღერი.
გაქვთ რაიმე აკვიატებული?
ძველი, გასული საუკუნის 20-30-იანი წლების სიმღერები მიყვარს ძალიან და მათ ვღიღინებ ხოლმე. ასევე დინ მარტინის, ფრენკ სინატრას სიმღერებს. ქართულ სიმღერებსაც ვმღერი.
თქვენი ოჯახი გაგვაცანით.
ჩემი მეუღლე − ბესიკ მაზიაშვილი, მოქანდაკე და მხატვარია. სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა ბერლინში ძალიან საინტერესო გამოფენა, რომელიც ოკუპაციის თემას მიუძღვნა. მეუღლეს აქვს იმის საშუალება, რომ კონცერტებზე ერთად ვიაროთ, რაც დიდი სიამოვნება და კომფორტია.
მყავს 3 წლის ქალიშვილი − თამარა-სერაფიტი. შემთხვევითი არ არის მისი ორი სახელი. პირველი სახელი − თამარი, დედაჩემისაა, რომელიც სამწუხაროდ დღეს ჩვენ გვერდით აღარაა, მეორე − სერაფიტი, უკავშირდება ასევე ჩვენს ოჯახს. ჩემი ბაბუა − ანდრია აფაქიძე არქეოლოგი იყო, რომელმაც მონაწილეობა მიიღო იმ არქეოლოგიურ გათხრებში, რომლის დროსაც აღმოაჩინეს არმაზის ბილინგვა − ორ-ენოვანი წარწერა. აღმოჩენა გვამცნობდა, რომ იყო ერთი პიტიახშის ასული, სახელად სერაფიტი, გამორჩეული თავისი სილამაზით. როგორი გოგო იქნება ჩვენი სერაფიტი არ ვიცი, დაემსგავსება თუ არა თავის ლამაზ მოსახელეს, მე კი მომინდა ჩემი ოჯახისთვის სიმბოლური დატვირთვის მქონე სახელი მიმეძღვნა ქალიშვილისთვის და ასეც დავარქვი − სერაფიტი.
დუდანა, მოგვიყევით, როგორი გოგონაა თამარა-სერაფიტი?
ვფიქრობ, კეთილი ადამიანია, რაც ძალიან მახარებს. ცელქია, რაც ასევე ძალიან მომწონს. მიმაჩნია, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს საშუალება თავისი სიცელქე ლაღად გამოავლინოს. მუსიკალურია და მუდამ მღერის, თუმცა მუსიკის მოსმენა მაშინ უყვარს, როცა დედა არ მეცადინეობს და არ მუშაობს. დაკავებული დედა არ მოსწონს და უნდა, რომ მთელი ჩემი დრო მას ეკუთვნოდეს. მეცადინეობის დროს მიწევს თამაშების გამოგონება, რომ გავართო. მგრძნობიარე ადამიანია და ზუსტად აღიქვამს მუსიკას. თამარა გერმანულ-ინგლისურ ბაღში დადის. როცა თბილისში ჩამოვდივართ, თბილისურ ბაღშიც დამყავს, რომ აქაური მეგობრები გაიჩინოს.
რამდენად ხშირად ჩამოდიხართ სამშობლოში?
როცა ერთდროულად კონცერტებზეც გამოვდიოდი, დიპლომატიურ სამსახურშიც ვიყავი და შვილიც პატარა იყო, ძალიან მიჭირდა ხშირად ჩამოსვლა. ვერ ვახერხებდი. დიპლომატიური სამსახურის დასრულების შემდეგ დრო გამომითავისუფლდა და აი, საქართველოში ხშირად ჩამოსასვლელი მიზეზიც მოვიგონე − დავაარსე თბილისის საფორტეპიანო ფესტივალი. წლების განმავლობაში პირველად მოხდა, რომ თვეზე მეტი დროით გავჩერდი საქართველოში, რადგან საკმაოდ ბევრი საორგანიზაციო საკითხი იყო მოსაგვარებელი − მოგეხსენებათ, მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოვიდნენ ჩვენს ფესტივალზე. უბედნიერესი ვარ, რომ უკვე არსებობს ისეთი ფესტივალი, რომელიც ერთდროულად მუსიკასთანაც მაკავშირებს და თბილისთანაც.
თქვენს ბერლინურ ცხოვრებაზე მოგვიყევით.
ჩემი ბერლინური გრაფიკი ძალიან დატვირთულია და დილიდან მიკრომენეჯმენტს მოითხოვს. ბერლინში ბევრი თეატრი, საკონცერტო სივრცე და კლუბია, ამიტომ საინტერესო ცხოვრება გვაქვს მე და ჩემს მეუღლეს.
დუდანა, სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ.
მიხარია, რომ დიდი წარმატებით ჩაიარა პირველმა ფესტივალმა. ეს უკვე ერთგვარი სავიზიტო ბარათიცაა და ძვირფასი გამოცდილებაც. იმედი მაქვს, ფესტივალი დამკვიდრდება საუკეთესო მუსიკოსების თავშეყრის ადგილად და ცხადია, ვგეგმავ გავაგრძელო ამ ფესტივალის ორგანიზება და ჩატარება მომდევნო წლებშიც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამორჩეულად თბილი და სასიამოვნო განწყობა იყო ახალგაზრდა და გამოცდილ მუსიკოსებს შორის. გაისადაც, რასაკვირველია, კვლავ საერთაშორისო შემადგენლობა გვეყოლება, ისევ ჩამოვიყვანთ მსოფლიო ვარსკვლავებს. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ის უდიდესი მხარდაჭერა, რომლის გარეშე, ალბათ, ვერ ჩატარდებოდა ამ დონის ფესტივალი. მადლიერი ვარ თბილისის მერიის, ასევე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კონკრეტული ადამიანების, რომლებიც ერთგულად დამიდგნენ გვერდით. ესენი არიან: თიკა რუხაძე, სოფო ხუნწარია, ირინა საგანელიძე. მადლობელი ვარ „აჭარა ჯგუფის“, „ჯორჯიან ეარვეისის“, „არტთაიმის“, ტელეარხ „არტარეასი“. აქვე უნდა ვახსენო კომპანია „ბეჰშტაინი“− ფორტეპიანოების მწარმოებელი გერმანიიდან, რომელმაც სპეციალურად ფესტივალისთვის ექვსი როიალი ჩამოგვიტანა გერმანიიდან და აქედან ერთი თბილისს და ეროვნულ სასახლეს საჩუქრად გადასცა.