საბჭოთა კავშირში თითქმის ყველას ყველაფერში, ყველა მიმართულებით ზღუდავდნენ. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობდნენ ნიჭიერი და გაბედული ადამიანები, რომლებიც თავიანთ სიყვარულსა და არჩევანზე უარს არ ამბობდნენ და დღეს, ძალიან წარმატებულნი არიან. ჯაზის სიყვარულით სავსე, აკრძალული მუსიკის უბადლო წარმომადგენელი − ბატონი თამაზ ყურაშვილი გვიამბობს საკუთარ საქმიანობაზე და იმ მუსიკის სიყვარულზე, რომელიც თავისუფალი ადამიანების გრძნობების გამოძახილია.
ბატონო თამაზ, მოგვიყევით, როდის დაინტერესდით მუსიკით და როდის მიხვდით, რომ მუსიკა თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია?
მუსიკით 4-5 წლის ასაკში დავინტერესდი. უფრო სერიოზულად კი 7 წლიდან, როდესაც კონკრეტულ მიმართულებაზე ჩამოვყალიბდი.
ამბობენ, რომ ჯაზი რთული მუსიკაა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
ჯაზი მართლაც არის რთული მუსიკა. გარდა იმისა, რომ მას ხშირი მოსმენა სჭირდება, მნიშვნელოვანია მისი განვითარების, თანმიმდევრობის, ისტორიის − რომელი სტილი რომელ პერიოდში განვითარდა, თეორიულად შესწავლაც. რასაკვირველია, ჯაზის სიყვარული ამ ჟანრის მოსმენით დაიწყო ჩემს ცხოვრებაშიც, შეგნებული ასაკიდან კი, დავიწყე მისი შესწავლა. თუმცა მოსმენაც, შეიძლება ითქვას, რომ შესწავლის ერთ-ერთი ფორმაა.
მუსიკალური დუეტები, რომლებიც გახსენებად ღირს...
ზოგადად, დუეტი − ეს შესრულების ერთ-ერთი ურთულესი ფორმაა. ენრი ლოლაშვილთან ერთად ვმუშაობდი დუეტში, ასევე, საშა რეხვიაშვილთან ერთად ვიმუშავე ფილმებზე. ძირითადად, ფორტეპიანოსა და გიტარასთან.
ცხოვრებისეული გამოწვევები, რომლებზეც უარი არ თქვით...
ახალგაზრდების სწავლება − ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოწვევა იყო. მათთან ურთიერთობამ მომავლისადმი უფრო დიდი ინტერესი გამიჩინა.
რამდენად აინტერესებთ ახალგაზრდებს ჯაზი?
რა თქმა უნდა, აინტერესებთ და მიზანი აქვთ, დამოუკიდებელნი გახდნენ ამ სფეროში.
ამ სფეროში განვითარება და წარმატებული კარიერის შექმნა საქართველოში შესაძლებელია?
ჯაზის სწავლა რთული პრობლემაა, რადგან გარდა ზოგადი მუსიკალური განათლებისა, ცალკე ჯაზის მიმართულებით უნდა გქონდეს სიღრმისეული ცოდნა. ამიტომ სასურველია ეს განათლება ისეთ ქვეყანაში მიიღო, რომელიც ჯაზის სამშობლო და ცენტრია. ამ მხრივ ძალიან კარგია ბერკლის უნივერსიტეტი აშშ-ში. ევროპაშიც არის კარგი უნივერსიტეტები ამ მიმართულებით − ჰამბურგში, მიუნხენში. თუმცა, ეს მაინც მეორადი ფორმაა იმ დიდი ფორმისა, რაც ამერიკაშია. წარმატებას რაც შეეხება, ეს უკვე მონდომებაზეა.
დღეს ჯაზი არის მუსიკა, რომელიც მოდაშია?
ჩემ დროს ეს მუსიკა აკრძალული იყო, დღეს კი ჯაზი მართლა არის მოდაში და მას ბევრი ადამიანი უსმენს.
ერთი სიტყვით რომ შეგეძლოთ თქმა, მუსიკა თქვენთვის არის?..
ცხოვრება.
როგორია ქალაქი, რომელშიც ცხოვრობთ?
სხვა ქვეყანასა და სხვა ქალაქში ცხოვრების შესაძლებლობა ბევრჯერ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა თბილისი ის ქალაქია და ის მოგონებები, რომლებიც სხვაგან წასვლის უფლებას თითქოს არ გაძლევს...
მეორედ რომ ირჩევდეთ პროფესიას?..
ისევ მუსიკოსი ვიქნებოდი, რადგან ამის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია.
დაბოლოს: რა არის თქვენთვის ბედნიერება?
შენი მუსიკა რომ ოჯახში უყვართ და პატივს სცემენ. შენი მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში რომ ხარ და კიდევ ბევრი რამ, რისი ერთობლიობაც გაბედნიერებს.