„ზოგი ადამიანი მოდის ამ ქვეყანაზე და შეუმჩნევლად მიდის, ზოგი კი მოდის და მზის სხივი მოაქვს სხვა ადამიანებისთვის“, – მითხრა ჩემმა რესპონდენტმა, რომელსაც სჯერა, რომ ყოველი ჩვენგანი გარკვეული მიზნისთვის მოვევლინებით ამ სამყაროს და უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოვუტანოთ გარშემომყოფთ.
ჩემი აზრით კი, არსებობენ ადამიანები, რომლებიც შენზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს ახდენენ. ასეთი ადამიანები ადვილად კონტაქტობენ ფართო აუდიტორიებთან და მათგან ბევრი რამის სწავლა შენთვისაც დიდი ბედნიერების მომტანი ხდება. ისინი ჩვენ გარშემო ბევრნი არ არიან, ამიტომ აუცილებელია, მათ ხელი ჩავჭიდოთ და ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ვისწავლოთ მათგან. მაშ ასე, გაიცანით მანანიკო უგულავა, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება განათლების სფეროს ემსახურება და უამრავ საინტერესო პროექტს უდგას სათავეში.
მოგვიყევით თქვენ შესახებ.
ჩემი საქმიანობა განათლების სფეროს უკავშირდება. აღნიშნული სფეროთი „საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში“ (GIPA) დავინტერესდი, სადაც სახელმწიფო მმართველობის პროგრამას დავეუფლე, შემდეგ კი, სწავლა ევროპაში გავაგრძელე. საქართველოში დაბრუნებისთანავე, GIPA-ს თანამშრომელი გავხდი. კერძოდ, ვხელმძღვანელობდი ინსტიტუტის მარკეტინგისა და განვითარების დეპარტამენტს, ასევე ვკითხულობდი ლექციებს და მიუხედავად იმისა, რომ მას მერე დიდი დრო გავიდა, პროექტიც უამრავი იყო და საქმეც, დღემდე ვფიქრობ, რომ ეს გახლდათ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში, რადგან აუდიტორიას და სტუდენტებთან ურთიერთობას არაფერი შეედრება.
დღეს თქვენი ჯგუფი ორი ძალიან მნიშვნელოვანი სკოლის პარტნიორია. მოგვიყევით ამის შესახებ.
დღეს ჩვენი ჯგუფი მსოფლიოს ორი უმნიშვნელოვანესი სკოლის პარტნიორია – Les Roches-ის, რომელიც მასპინძლობის მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შესული შვეიცარიული სკოლაა, და Henley Business School-ის, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში შედის. პროგრამები ხორციელდება „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ ბაზაზე.
რამდენად რთული აღმოჩნდა ამ ორი სკოლის ქართულ ბაზარზე შემოყვანა?
ორივე სკოლის შემოსვლას ქართულ ბაზარზე ხანგრძლივი და რთული პროცესი უძღოდა. მოლაპარაკებები საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა, ხოლო ხშირად, როცა გვეგონა, შეთანხმებამდე მივედით, უეცრად ფერხდებოდა, თუმცა, საბოლოოდ, საწადელს მაინც მივაღწიეთ. Les Roches-მა თავისი არსებობის 65 წლის განმავლობაში პირველად დაიწყო პროგრამის განხორციელება საკუთარი კამპუსების მიღმა და ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ეს მოხდა საქართველოში – ქვეყანაში, სადაც აღნიშნული სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება.
საუკეთესო შეგრძნება, რომელიც ამ სკოლების მიღმაა...
საოცარია შეგრძნება, როდესაც ჩვენი კურსდამთავრებულები პროგრამის დასრულებამდე უკვე საქმდებიან და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სექტორის განვითარებაში.
მიმდინარე პროექტებზეც ვისაუბროთ.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და შვეიცარიულ სკოლა SHL-თან ერთად ახალ პროექტს ვიწყებთ საირმეში, ისევ ტურიზმის მიმართულებით. ნოემბერში გაიხსნება ტურიზმისა და გასტრონომიის სკოლა, რომელიც საშუალო რგოლის მენეჯერებს მოამზადებს და აქაც სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი les Roches-ის კურსდამთავრებულები შვეიცარიელ აკადემიურ პერსონალთან ერთად ჩაერთვებიან აკადემიურ პროცესში. აღნიშნული პროექტი ბიზნესსექტორის აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს. პროექტის პარტნიორია ყველაზე მსხვილი ჯგუფი მასპინძლობის სფეროდან, რაც ძალიან გვახარებს და გვაიმედებს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უამრავ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ.
სამომავლოდ რა სახის სიახლეებს უნდა ველოდოთ თქვენგან?
საკუთარი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას სერიოზული პოტენციალი აქვს, გახდეს საგანმანათლებლო ჰაბი რეგიონში. ამიტომ საჭიროა, მოვიზიდოთ მეტი და მეტი საერთაშორისო სკოლა, შესაბამისად, სტუდენტები, როგორც ჩვენი მეზობელი, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. და, რაც ყველაზე მთავარია, შევაჩეროთ ჩვენი ახალგაზრდების გადინების პროცესი. ყოველი ჩვენგანი, ერთად და ცალ-ცალკე, უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ვაკეთოთ საკუთარი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს საოცრად დიდი პოტენციალი, იყოს ბევრად კარგი, ვიდრე დღეს არის და მე მჯერა, რომ ეს ასეც იქნება. „კაცობრიობა სამშობლოდან იწყება“ – მართლაც ასეა, ჩვენი სამშობლო მთავარია, რომელიც ყველაზე მაღლა, ნებისმიერ პირად ინტერესზე მაღლა უნდა დავაყენოთ. თუ ამას საკუთარ თავს და ჩვენს შვილებს შთავაგონებთ, ყველაფერი ნამდვილად კარგად იქნება.
ჩემი მიზანია აკადემიური დუალური სწავლების მეთოდის დანერგვა საქართველოში გერმანელ პარტნიორებთან ერთად. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედი მაქვს, ესეც მალე გამოგვივა. საერთოდ, მჯერა ერთი მარტივი ფორმულის – რაც ძალიან გინდა და რასაც სიკეთე მოაქვს ადამიანებისთვის, ის საქმე აუცილებლად გამოვა.
თქვენი აზრით, რა არის მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად?
უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და მაშინ ადვილია, თავი დაიმკვიდრო. ნებისმიერ საქმეს, გარდა იმისა, რომ კომერციული თვალსაზრისით უნდა იყოს საინტერესო, აუცილებლად სიკეთე უნდა მოჰქონდეს. ჩემთვის ეს არის მთავარი.
თავისუფალ დროს რისი კეთება გიყვართ?
ვცდილობ, თავისუფალი დრო დავუთმო ოჯახს, ბავშვებს. საკუთარ თავთან მარტო ყოფნაც მიყვარს და არასოდეს ვიწყენ, მაგრამ თუ მკითხავთ, რა არის ჩემთვის ბედნიერება, გიპასუხებთ – ჩემთვის ბედნიერება არიან ადამიანები ჩემ ირგვლივ.
მიმაჩნია, რომ ამაზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს, თანაც ისე ხდება, რომ ჩემს ცხოვრებაში მუდმივად შემოდიან ახალი, ძალიან ძვირფასი ადამიანები, რომლებიც ნამდვილად მიფერადებენ სამყაროს, მაძლევენ სტიმულს, ენერგიას და ძალას, ვაკეთო მეტი და მეტი.
და მაინც, ბედნიერება რა არის თქვენთვის?
ჩემი აზრით, ჩვენ თვითონვე ვიღებთ გადაწყვეტილებას, ვიყოთ თუ არა ბედნიერები. მე გადავწყვიტე, ვიყო ბედნიერი, დავაფასო ყოველი წამი და ვეცადო, თითოეული დღე იყოს რაღაცით მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული. მჯერა შეხედულების, რომ იღბალი არ არსებობს. არსებობს შესაძლებლობა და მთავარია, გამოვიყენოთ ესა თუ ის შანსი. მთავარია, მიაგნო ცხოვრებაში რა გინდა. გააცნობიერო, რისთვის დაიბადე და იპოვო ის „რეცეპტი“ და „წამლები“, რომლებიც გეხმარება, თავი კარგად იგრძნო. ჩემთვის ეს „წამლები“ ადამიანები არიან. არაერთი ცნობილი პიროვნების ბიოგრაფიას თუ გავიხსენებთ, ამაში დავრწმუნდებით. მახსენდებიან ზიგმუნდ ფროიდი, მორგან ფორსტერი და კიდევ სხვა მრავალნი, რომლებიც სწორედ იმას გვიამბობენ, თუ როგორ შეცვალეს მათი ცხოვრება ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა.
დაბოლოს: მთავარი ბედნიერებაში არის სიყვარული ყველა გაგებით – ყველაფრის მიმართ. მუდმივად უნდა იყო აღტაცებული იმით, რაც შენ გარშემო ხდება და იმ ადამიანებით, ვინც შენ გარშემო არიან. მე ყველას მინდა გისურვოთ სიყვარული და ქრონიკული აღტაცება.