თავდაპირველად იყო სიტყვაო, თუმცა კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ღრმად სწამთ, რომ პირველად იყო ბგერა, რომელიც ნაწილაკთა შეჯახების დროს გაისმა. თუკი იმასაც დავუკვირდებით, რომ სიტყვაც ბგერებით წარმოთქმულ ასო-ნიშანთა ერთიანობაა, რომელიც გარკვეულ შინაარსს ატარებს, შეიძლება ვთქვათ, რომ პირველად მართლაც არსებობდა ბგერა. თუმცა, ამჟამად ამაზე მეტად ის უფრო საინტერესოა, კლასიკური მუსიკის მოყვარულები როგორ ტკბებიან იმ ბგერების ჟღერადობით, რომლებიც კლასიკურ მუსიკაში გაისმის და ეს ეხმარება ადამიანს სიღრმისეულად შეიმეცნოს სამყაროს ფერადოვნება და სილამაზე.
ეს ფიქრები წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალმა ამიშალა, რომელიც სულ ახლახან გაიმართა. ადამიანები იქ, წინანდლის სახლ-მუზეუმში, ულამაზეს გარემოსა და ბუნების ნაირგვარი ხმების გარემოცვაში შეიმეცნებენ სამყაროს, რომელიც კლასიკური ჰანგების წიაღშია ჩამალული. მაშ ასე, ვისაც გჯერათ, რომ პირველად იყო ბგერა, ეს ინტერვიუ თქვენთვისაა... წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელი და მთავარი ორგანიზატორი, ბატონი დავით საყვარელიძე გვესაუბრება ფესტივალის მნიშვნელოვან ასპექტებზე.
ბატონო დავით, როდის გაჩნდა ფესტივალის დაარსების იდეა?
კომპანია „სილქ როუდ ჯგუფმა“ წინანდლის სახლ-მუზეუმს რესტავრაცია გაუკეთა და 2007 წელს ინაუგურაციაზე ძალიან ცნობილი მევიოლინე, გიდონ კრემერი ჩამოვიყვანეთ, თავისი პატარა ორკესტრით − „კრემერატა და ბალტიკა“. მათ იმდენად საინტერესო კონცერტი გამართეს და ისე მოუხდა იქაურობას კლასიკური მუსიკის ჟღერადობა, რომ იმ დღიდან გადავწყვიტეთ კლასიკური მუსიკის ფესტივალის ჩატარება.
რა გამოარჩევს ამ ფესტივალს სხვა ტიპის ფესტივალებისგან?
ჩვენი ფესტივალი შედგება სამი ძირითადი მიმართულებისგან: პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან − თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან, შევარჩიეთ 80 ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელთაგან დაკომპლექტდა გაერთიანებული კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი. ისინი 16 აგვისტოს ჩამოვიდნენ ჩვენთან, ჩვენ კი მათთვის ჩამოვიყვანეთ 12-მდე პროფესორი და პედაგოგი სხვადასხვა ორკესტრიდან. მაგალითისთვის, მათ შორის იყვნენ: მეტროპოლიტენ ოპერის ორი კონცერტმაისტერი, ასევე იტალიის სხვადასხვა ოპერის თეატრიდან, ლონდონიდან, ამსტერდამიდან. ისინი ტრენინგს უტარებდნენ ბავშვებს, რომლებმაც სამი კვირის განმავლობაში იმუშავეს არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან და მოამზადეს კონცერტები, რომლებსაც მაყურებლის წინაშე წარმოადგენენ.
ამ ორკესტრმა უზომოდ დიდი ინტერესი გამოიწვია და იმდენად ბევრი მოწვევა გვაქვს, რომ ძალიან მაღალი რანგის აუდიტორიებში მოგვიწევს გამოსვლა. ფესტივალის მეორე მიმართულება არის ის, რომ ღონისძიებაში მონაწილე სოლისტებისთვის შევქმენით წინანდლის ფესტივალის აკადემია, სადაც ძალიან მაღალი დონის პროფესორები მუშაობენ და ამეცადინებენ 22 სოლისტს.
მესამე ეტაპი კი არის სუპერვარსკვლავების ჩამოყვანა, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში 30-მდე კონცერტს ატარებენ და ამ გენიალურ გარემოში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში ერთად ცხოვრობენ, ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას უცვლიან, იზრდებიან და ქმნიან საოცარ მუსიკას. ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცემა ტელეარხ „სილქ უნივერსალზე“. ასევე, ყველაზე დიდი და ცნობილი კლასიკური მუსიკის ინტერნეტტელევიზიის − „მედიჩი ტივის“ ეთერით, სადაც 138 ქვეყანა გვიყურებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფესტივალის გასაშუქებლად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გამოცემის ჟურნალისტი ჩამოვიდა, რომლებიც დაწერენ საქართველოზე და ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყანაში ტურისტების შემოდინებას.
ბატონო დავით, თქვენ როდიდან ჩაერთეთ ამ ფესტივალში?
მე 2007 წლიდანვე ჩართული ვარ, თუმცა ოფიციალურად 2017 წელს დავაფუძნეთ ფესტივალი და დავიწყეთ მომზადება. წელს არის ფესტივალის first edition და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო ჩვენთვის.
რამდენად ბევრი ტურისტი დაესწრო ფესტივალს?
ძალიან საინტერესო ის არის, რომ ფესტივალს არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებიდან ესწრებოდნენ ტურისტები, არამედ შემოდინება იყო აღმოსავლური ქვეყნებიდანაც − იაპონიიდან, ისრაელიდან, თეირანიდან. ეს არის მაღალი რანგის ტურიზმი, რომელიც გათვლილია მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებზე და ამ ასპექტშიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკური პროცესების წინსვლაში.
როგორ ფიქრობთ, რა არის ფესტივალის მთავარი ღირსება?
ახალგაზრდული ორკესტრის შექმნა, რომელმაც ძალიან მაღალი ხარისხი აჩვენა და ჩვენ მათი საშუალებით მოვხვდით საუკეთესო ორკესტრთა შორის. გვაქვს ძალიან სერიოზული მოწვევები ისეთი ადგილებიდან, სადაც საქართველოს გამოჩენა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს არის სერიოზული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საოცარი საქმეები გაკეთდეს ამ პატარა ქვეყანაში.
წლების განმავლობაში ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი ბრძანდებოდით. რამდენად დაგეხმარათ ეს გამოცდილება ფესტივალის ორგანიზებაში და თუ გენატრებათ ის დრო?
რასაკვირველია, ის კონტაქტები და გამოცდილება ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა. ოპერის თანამშრომლებთან ფესტივალის ფარგლებშიც ვთანამშრომლობთ. წელს ოპერის გუნდი გამოვიდა ფესტივალზე, რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ამისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბადრი მაისურაძეს, რომელიც ძალიან დაგვეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ ოპერას პოლიტიკური ნიშნების გამო ჩამოვშორდი და რაღაც მიზეზით ახალ მთავრობას არ დავჭირდი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც იქ წლები ვმუშაობდი, ურთიერთობა აღარ მაქვს. ჩემი კავშირი თბილისის ოპერასთან არ შეწყვეტილა. მონატრებას რაც შეეხება, ვერ გეტყვით, რომ მენატრება, რადგან მე ისევ იმ ცხოვრებით ვცხოვრობ და არც-ერთი პრემიერა არ გამომიტოვებია ოპერისა და ბალეტის თეატრში.
რატომ თქვით უარი რუსთაველის თეატრზე?
გარდა იმისა, რომ რუსთაველის თეატრი ჩემთვის ძალიან პრესტიჟულია, ეს ჩემი უსაყვარლესი ადგილია, სადაც პროფესიულად განვვითარდი და ჩამოვყალიბდი. თუმცა, აქ მუშაობას იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ შევძლებდი, რომ თეატრის უკან იგივე მთავრობა იყო, რომელმაც მე ოპერის თეატრიდან გამათავისუფლა. ამიტომაც უარი ვთქვი ამ შემოთავაზებაზე.
სამომავლო გეგმები...
სერიოზულ მზადებას ვიწყებთ შემდეგი წლისთვის, რადგან ფესტივალის ორგანიზებას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. მომავალ წელს ორი ორკესტრი გვეყოლება და გვინდა გაფართოებაც, რადგან გვაკლია სარეპეტიციო დარბაზები. ასევე გაიზრდება ფესტივალის ხანგრძლივობაც − წელს თუ არის 14 დღე, გაისად 18 დღე იქნება.
გარემო, სადაც კლასიკურ მუსიკას სიამოვნებით უსმენთ...
მე ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკის მოსმენა აკუსტიკურად გამართულ დარბაზში. რასაკვირველლია, ღია სივრცეც ძალიან საინტერესოა, თუმცა პირადად მე მიყვარს ისეთი ადგილები, სადაც მუსიკა იდეალურად ჟღერს.
რა არის კლასიკური მუსიკა თქვენთვის?
ჩვენ წინანდალში ვიკრიბებით იმისათვის, რომ მუსიკით და სხვადასხვა ტემბრით გავიგოთ და ამოვხსნათ ულამაზესი სამყაროს ის საიდუმლოებები, რომლებიც ძალიან დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. ამიტომ შემოგვიერთდით, ვისაც გგონიათ და ჩვენსავით გჯერათ, რომ თავდაპირველად იყო ბგერა.