მარიტა კაპანაძე ინტერიერის ახალგაზრდა დიზაინერია, რომელიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არაერთ საინტერესო პროექტს ქმნის, მისი წარმატების მთავარი საიდუმლო კი უნიკალურ სტილშია, რაც განსხვავებული ტექნიკით მუშაობას გულისხმობს. ბატიკით, აბრეშუმის ქაღალდით, თექით, ძაფებითა და სხვა საინტერესო მასალებით ახალი ნივთების დამუშავება ხშირად საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა საბოლოო სახე ის შედეგია, რომელმაც დიზაინერს სფეროში საკუთარი ნიშა დაუმკვიდრა.
თანაბარი გატაცებით მუშაობს ნებისმიერი დატვირთვის მქონე ინტერიერზე, რომელსაც საკუთარი ნამუშევრებით კიდევ უფრო გამორჩეულ სიცოცხლეს სძენს. მის ნივთებს იხილავთ როგორც კედელზე, პანოს სახით, ასევე შესაძლოა ნამუშევარი თავად იყოს გამყოფი ტიხარი და ზონირების ფუნქციის მქონე კედლად იქცეს. ამგვარი მრავალმხრივი დანიშნულებისა და მრავალფეროვანი ვიზუალის სინთეზში მარიტა იმ საავტორო ავეჯზე მუშაობს, რომელიც ერთი ბრენდით გაერთიანდა − MARITA DESIGN STUDIO. ბრენდი 2010 წლიდან ემსახურება ნაციონალურ და ინტერნაციონალურ დიზაინ-პროექტებს; 2012 წლიდან უკვე აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა დიზაინ-კონკურსსა თუ ფესტივალში და რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდოც აქვს მოპოვებული, მაგალითად ფლორენციის რეგიონულ ფესტივალზე გამარჯვება, არქიტექტორთა ასოციაციის საერთაშორისო არქიტექტურული პრემია 2012-სა და 2017 წლებში, იტალიის A Design Award და სხვა.
უკვე 2 წელია, რაც მარიტა ამერიკის შეერთებულ შტატებში კარიერულ ზრდას განაგრძობს და მშობლიური ქვეყნის ფარგლებს გარეთ მისი შემოქმედება უფრო ფართო მასშტაბით ახერხებს გულშემატკივართა გაოცებას. ყველაფერთან ერთად, მან არქიტექტორის პროფესიაც შეითავსა და ამჟამად მის მიერ დაპროექტებული არაერთი სახლის მშენებლობა ნიუ-იორკში მიმდინარეობს. OK! დიზაინერს საქმიანობის საინტერესო სპეციფიკასთან, ერთად, სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.
როგორია თქვენი პროფესიული ბექგრაუნდი, როგორ დაიწყო ინტერიერის დიზაინერის ამპლუაში თქვენი განვითარება და როგორ იპოვეთ მასში საკუთარი თავი?
ინტერიერის დიზაინში მუშაობა ჯერ კიდევ სტუდენტობისას დავიწყე, ავეჯის ერთ-ერთი საწარმოსთვის. პროგრამაში ვაწყობდი სხვადასხვა ტიპის ავეჯის დიზაინს, ჩემივე დამკვეთების თხოვნით კი, სრული სურათის შესაქმნელად, ინტერიერზე მუშაობაც მომიწია. ნამდვილად რთული იყო კმაყოფილი დამკვეთების რეაქციებით გამოწვეულ სიამოვნებაზე უარის თქმა და სფერომაც მალევე გამიტაცა. ერთმა დამკვეთმა მეორესთან გამიწია რეკომენდაცია, მან − სხვასთან და ჩემი სამუშაო მიმართულება თანდათან ინტერიერის დიზაინერის პროფესიაში გადაკვალიფიცირდა. დღეს უკვე უამრავი სახლისა თუ კომერციული ობიექტის დიზაინერის ამპლუაში საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ვმუშაობ.
როგორ შეიცვალა თქვენი სამუშაო დღის წესრიგი წლების განმავლობაში და რა დარჩა უცვლელი?
ჩემი სამუშაო იმის მიხედვით იცვლებოდა, რა მოთხოვნების წინაშეც ვიდექი. ზოგჯერ ავეჯის დიზაინზე ვმუშაობდი, ხან კვლავ დეკორაციებს მივუბრუნდებოდი, დანარჩენ დროს კი ინტერიერის აწყობა მიწევდა პროგრამაში ან მისი რეალობაში განხორციელების ჯერი დგებოდა. ყველა ჩამოთვლილი − მონათესავე პროფესიებია, თუმცა ამავდროულად, ყველა მათგანი განსხვავებულ უნარ-ჩვევებს საჭიროებს. ამერიკაში არქიტექტურის მიმართულებით დავინტერესდი და პროექტებს ამ მხრივაც შევეჭიდე. დღეს ნიუ-იორკში ჩემ მიერ დაპროექტებული არაერთი სახლი შენდება.
უცვლელი დარჩა სიყვარული ჩემი პროფესიისადმი, რომელიც მაძლევს იმის ძალას, რომ უამრავი ვიშრომო, არ დავიღალო და შევქმნა ის, რაც ადამიანებს ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს. ემოცია, რომელიც ბედნიერი დამკვეთისგან მოდის, შეუფასებელია. ეს არასოდეს ხუნდება ჩემში და კვლავაც ბავშვურად მაბედნიერებს!
როგორია პროდუქცია, რომელსაც თავად ქმნით?
ჩემი ყველა პროდუქტი ექსკლუზიურია და ანალოგი არ გააჩნია. ალბათ, რომც მოვინდომო, იდენტურს ვერასოდეს შევქმნი. ამას არა მხოლოდ განწყობა, არამედ ტექნოლოგიური სპეციფიკაც განაპირობებს. დეკორაციებზე განსხვავებულ მასალაში და ტექნიკაში ვმუშაობ: ბატიკას, აბრეშუმის ქაღალდს, თექას და ძაფებს ვიყენებ. რამდენიმე ნამუშევარზე მაქვს დაცული საავტორო უფლებებიც. ყველა ტექნიკას თავისი სპეციფიკა და სირთულეები ახლავს.
გვიამბეთ შექმნის პროცესზე. რამდენად შრომატევადია თითოეულ ნამუშევარზე მუშაობა? რა ეტაპებს გადის?
ყველაზე ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია ბატიკაზე მუშაობა (ცხელი ტექნოლოგიით), რომელიც ესკიზის ფერებში ხატვით იწყება და აბრეშუმის ქსოვილზე კომპოზიცია გადადის. ცეცხლითა და მდნარი სანთლით ვმუშაობ, ვღებავ, ვყინავ, შემდეგ ვაორთქლებ და საათების განმავლობაში ვცდილობ, სასურველი ფერები დავსვა. ამ გზას სხვადასხვა დეკორის დამზადებისას ვიყენებ.
განსაკუთრებულად რთულია ასევე დეკორატიული ტიხრების დამზადება, ლითონის კონსტრუქცია და თაროები. აბრეშუმის ქაღალდი, მოხატული ქსოვილები და სხვა უამრავი დეტალი საბოლოო შედეგის მისაღებად გამოიყენება. უპირველეს ყოვლისა, პროგრამაში დიზაინს ვაწყობ, შემდეგ ვაკეთებ კონსტრუქციის ნახაზს ზომებითა და მასალებით (ოსტატისთვის გადასაცემად). გამზადებულ კარკასზე მუშაობას საღებავებით განვაგრძობ, თავად ვამონტაჟებ ელექტროგაყვანილობასაც და აბრეშუმის ქაღალდით შეფუთვას ვიწყებ.
თითოეულ ნივთზე მუშაობა სპეციფიკურია და განსხვავებული მიდგომები სჭირდება.
როდის გაემგზავრეთ აშშ-ში და როგორია შტატებში ცხოვრება?
ამერიკაში 2 წლის წინ, სრულიად მარტო ჩავედი. ჩემი ოჯახი და 12 წლის შვილი თბილისში დავტოვე, თუმცა ბავშვი მალევე ჩამოვიყვანე, რადგან მიუხედავად მეგობრების გაფრთხილებისა, რომ ძალიან გამიჭირდებოდა აქ ბავშვთან ერთად თავის დამკვიდრება, მაინც ვერ შევძელი მის გარეშე ყოფნა და დღეს ერთად ვართ და ერთმანეთს ვავსებთ.
ჩამოსვლისთანავე აქტიურად ჩავერთე ნიუ-იორკის არტინდუსტრიაში. 10-მდე გამოფენაში მივიღე მონაწილეობა ჩემი ხელნაკეთი დეკორაციებით, რამაც ბევრი უცხოელის დაინტერესება გამოიწვია. მთხოვდნენ გამეყიდა ნამუშევრები, მაგრამ კანონების გათვალისწინებით, აქ ჯერჯერობით კომერციული საქმიანობის უფლება არ მაქვს.
ასევე თანამშრომლობით დაინტერესდნენ სხვადასხვა არქიტექტურული თუ ავეჯის კომპანიები და არის გარკვეული შემოთავაზებები.
მაქვს ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მაიამიში, რომელიც საქართველოშივე დავიწყე. იგი მალე დასრულდება და წარვუდგენ ჩემი შემოქმედების გულშემატკივრებსა თუ კრიტიკოსებს.
ნიუ-იორკსა და სხვადასხვა შტატში ბევრი მეგობარი შევიძინე. ვიმოგზაურე მაიამიში, ლას-ვეგასში, ფილადელფიაში, ნიუ-ჯერსიში და ახლა ნიაგარას ულამაზესი ჩანჩქერის მონახულებას ვგეგმავ.
როგორია თქვენთვის კომფორტულად დასამუშავებელი ინტერიერის დიზაინი?
ძნელია დიზაინერს ჰქონდეს ერთი კონკრეტული სტილი. ზოგჯერ მიწევს რენესანსის ხანის მოჩუქურთმებული სახლის დიზაინის კეთება, რომელიც ჩემს გემოვნებაში არ ჯდება, მაგრამ რა თქმა უნდა, მასაც ისეთივე გულმოდგინებით ვასრულებ, როგორც სხვა სტილის სივრცეზე მუშაობას.
მე თვითონ უპირატესობას მინიმალიზმს ვანიჭებ − ასეთია გარემო, სადაც თავს თავისუფლად ვგრძნობ და ჰაერს არ მიზღუდავს სხვადასხვა გამოუყენებელი, გაურკვეველი დანიშნულების ნივთები, რომლებიც ხანდახან უბრალოდ დგას.
როგორ ფიქრობთ, რომელია მნიშვნელოვანი ფაქტორი წარმატებული დიზაინერობისთვის?
ვფიქრობ, დიზაინერი ცოტათი ფსიქოლოგიც უნდა იყოს. მნიშვნელოვანია დამკვეთის სურვილებისა და ესთეტიკურ-ფუნქციური საკითხებისადმი მათი დამოკიდებულების გარკვევა.
გეგმავთ სამშობლოში დაბრუნებას? როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ეს ის მტკივნეული თემაა, რომელზე საუბარი ჯერ დანამდვილებით არ შემიძლია. დღეში შეიძლება 3-ჯერ მაინც შევიცვალო გადაწყვეტილება საქართველოში დაბრუნებასა და აქ დარჩენასთან დაკავშირებით. დილით ვიღვიძებ საოცარი მონატრების წყურვილით და მზად ვარ ბილეთი ავიღო; შუადღისას ისევ საქმეებში ვერთვები და სურვილიც „ხვალისთვის“ გადადის, რომელიც ჯერ ვერ დადგა. ვფიქრობ, გამიჭირდება ნულიდან აშენებული წარმატების კიბის საქართველოში თავიდან აშენება, თუმცა ვინ იცის?..