თოთხმეტი წლის წინ, იურისპრუდენციის საწყისებთან პირველი შეხებისას, ვერ იფიქრებდნენ, რომ ერთ დღეს, იურიდიული ფირმის თანადამფუძნებლებად მოევლინებოდნენ პროფესიულ სამყაროს. გარემოებათა იღბლიანი თანხვედრის ფონზე, ამ ორი ადამიანის უნივერსიტეტში დაწყებული და, მოგვიანებით, ერთ სამსახურში გაგრძელებული მეგობრობა იურიდიული ფირმის დაფუძნებით დაგვირგვინდა. დღეს BSH Law Office მომხმარებელს თითქმის ყველა ტიპის იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს. თუ რატომ უნდა ენდოთ და აირჩიოთ ისინი, ფირმის თანადამფუძნებლებთან − ქეთევან ბუაძესა და ნიკოლოზ შეყილაძესთან ვისაუბრეთ.
მოგვიყევით კომპანიის შესახებ.
(ნიკოლოზი): დღეს BSH Law Office ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელიც ძირითადად კორპორაციულ კლიენტებს უწევს იურიდიულ მომსახურებას ბიზნესისათვის აქტუალურ და საჭირბოროტო ყველა საკითხთან დაკავშირებით − დაწყებული კომპანიის დაფუძნებით და გაგრძელებული სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული სამართლის ისეთი სპეციალური თემატიკით, როგორიც, მაგალითად, შეიძლება იყოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ფულის „გათეთრებასთან“ ბრძოლის ღონისძიებები, მშენებლობა და შრომის უსაფრთხოება; საჯარო შესყიდვები, ინფორმაციული ტექნოლოგიები და სხვა. კომპანია 2016 წელს დაფუძნდა, რომელიც ქეთევანისა და ჩემი ათწლიანი მეგობრობის, პროფესიული საქმიანობის კონკრეტული შედეგია. ამასობაში, კომპანიის სამწლიანი არსებობის თავზე, თამამად და სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ BSH Law Office-ს, ჩვენთან ერთად, ქმნიან გზადაგზა და საგულდაგულოდ შერჩეული ახალგაზრდები, ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.
რატომ უნდა აირჩიონ BSH Law Office?
(ქეთევანი): მიგვაჩნია, რომ კვალიფიციური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა შეუძლებელი და დაუშვებელია კლიენტი კომპანიის ბიზნესპროცესების სიღრმისეული შესწავლის გარეშე. სამართალი ბიზნესისთვის დამხმარე დისციპლინაა და ჩვენი, პრაქტიკოსი იურისტების ამოცანაა, ერთი მხრივ, ვიყოთ გარანტორები, რომ სამეწარმეო საქმიანობა კანონით დადგენილ ფარგლებში წარიმართოს, ხოლო მეორე მხრივ, მაქსიმალურად შევამციროთ ე.წ. ტრანზაქციის დანახარჯები და ბაზრების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის არქონასთან დაკავშირებული რისკები. ჩვენ ეს ცოდნა და უნარი შეგვძინა მსხვილ კორპორაციაში მუშაობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ. ჩვენ ისე ვმართავთ „საისრე გადამყვანებს“, რომ სამართლებრივ „ლიანდაგებზე შემდგარი“ ბიზნესი უმოკლესი და უსაფრთხო გზით მიგვყავს დანიშნულების სასურველ ადგილამდე.
(ნიკოლოზი): როგორც წესი, მაღალკვალიფიციური იურისტების ინდივიდუალური დაქირავება ფუფუნების საგანია, რაც, მეტწილად, მსხვილ კორპორაციებს ხელეწიფებათ. ასეთ პირობებში, კომპანიის სტრუქტურიდან იურიდიული სამსახურის გამოტანა და შესაბამისი მომსახურების იურიდიული ფირმისგან მიღება, დასმული ამოცანის (მაღალკვალიფიციური იურიდიული მხარდაჭერა ხელმისაწვდომ ფასად) შესრულების ეფექტიანი გზაა, რაც ყველა წარმატებული ბიზნესის აუცილებელი წინაპირობაა. კლიენტებს საკითხის სწორედ ასეთ გადაწყვეტას ვთავაზობთ.
რამდენად რთული იყო ბიზნესის ნდობის მოპოვება?
(ნიკოლოზი): ნდობის მოპოვებაზე რთული მისი შენარჩუნებაა. ნდობა ის „მცენარეა“, რომელსაც ყოველდღიურად სჭირდება „წყლის დასხმა“. როგორც ალბერტ აინშტაინმა თქვა, ვინც უდიერად ეპყრობა ნდობას წვრილმან საკითხებში, მას არც მნიშვნელოვანი საკითხები ენდობა. ფირმის საუკეთესო ელჩი კმაყოფილი კლიენტია. ვამაყობთ, რომ კომპანიები თვითონ გვპოულობენ იმ რეკომენდაციების საფუძველზე, რომლებსაც ჩვენი სხვა კლიენტები გასცემენ.
ინდუსტრიები, რომლებსაც ემსახურებით...
(ქეთევანი): მშენებლობა, წარმოება და ვაჭრობა; ახალი ტექნოლოგები, მათი განვითარება და გამოყენება; სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი და მათი მართვა; სამედიცინო მომსახურება, საფინანსო თუ მედიაინდუსტრია, უძრავი ქონების განვითარება და მისი მართვა. ჩვენს კლიენტებს შორისაა, როგორც ბაზარზე უკვე თავისი ადგილისა და ნიშის მფლობელი სუბიექტები, ასევე სტარტაპები.
(ნიკოლოზი): ჩვენთვის ძალიან საინტერესოა სტარტაპებთან ურთიერთობა. ვხედავთ, როგორ აბანდებენ ადამიანები ინვესტიციას იდეებში, რომლებისაც სჯერათ და დარწმუნებულები არიან წარმატებაში. გვჯერა, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მომავლის ანტრეპრენერები. სამართლებრივი მხარდაჭერის საჭიროება ახალი ბიზნესიდეის დაბადებისთანავე დგება, თუ როგორ დავიცვათ ინტელექტუალური საკუთრება, სად და როგორ დავაფუძნოთ კომპანია, რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ და ა.შ. სტარტაპებს ვთავაზობთ განსაკუთრებულ პირობებს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მათი წარმატება ჩვენი წარმატების საწინდარია. ხშირად ვხუმრობთ, რომ სასამართლოში მოხვედრაზე რთული, მისი ლაბირინთებიდან თავის დაღწევაა. ამიტომ, ჩვენს ყველა სტარტაპს ვურჩევდით, დასაწყისშივე მიიღონ კვალიფიციური იურიდიული რჩევები.
იმ მნიშვნელოვან პროექტებზე გვესაუბრეთ, რომელზეც ამ ეტაპზე თქვენი კომპანია მუშაობს.
(ქეთევანი): გვაქვს რამდენიმე საინტერესო პროექტი და მიმართულება. ესენია საგანმანათლებლო, მაგალითად, შესყიდვების სპეციალისტის პროგრამის ჩამოყალიბება საქართველოში, რაც, ასევე, სახელმწიფო, საჯარო შესყიდვებსაც მოიცავს. აღსანიშნავია, რომ წარმატებით დავასრულეთ სახელმწიფო შესყიდვების (საპილოტე) სასერტიფიკატო პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მხარდაჭერით.
აქტიურად ვმუშაობთ ბიზნესსამართლებრივ გადაცემაზე, „ბიემჯისთან“ ერთად ჩავწერეთ და „TV პირველის“ ეთერში მაყურებელს შევთავაზეთ „სამართლის საქმის კურსი ადვოკატ ქეთევან ბუაძესთან ერთად“, სადაც გავაშუქეთ ბიზნესისთვის საყურადღებო საკითხები. ასევე, პაციენტისა თუ სამედიცინო მომსახურების გამწევი პირების უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ მაყურებელს ტელეარხ „პულსზე“ რამდენიმე სეზონის განმავლობაში ვთავაზობდით მეტად საჭირო სამედიცინო-სამართლებრივ გადაცემას „იურიდიული კლინიკა ადვოკატ ქეთევან ბუაძესთან ერთად“.
ახლაც ჩართულები ვართ და ვხელმძღვანელობთ მეტად საინტერესო მედიაპროექტს, სადაც ბუნებრივია, რომ მედია და სამართალი ერთმანეთს ხვდება.
ასევე, ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც სპორტისა და ანტიდოპინგური სამართლის განვითარებას ემსახურება და რომლის იდეაც გაჩნდა მას შემდეგ, რაც წარმოვადგენდით ძალიან კარგი სპორტსმენის ინტერესებს შვეიცარიაში, ლოზანაში სპორტის საერთაშორისო არბიტრაჟში.
ზოგადად, მიგვაჩნია, რომ განათლება და ინფორმაცია არის ის ძალა, რომელიც ქვეყნის განვითარების საწინდარია. შესაბამისად, ვგრძნობთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას, ვცდილობთ, შესაძლებლობის ფარგლებში ჩავდოთ ჩვენი რესური ამ მიმართულებით.
დღეს ძალიან აქტუალურია შრომის უსაფრთხოების საკითხები და დასაქმებულთა უფლებების დარღვევის საკითხი. ამ მიმართულებით როგორია თქვენი თანამშრომლობა კომპანიებთან?
(ნიკოლოზი): ყველა ის კომპანია, რომელსაც ჩვენ ვუწევთ სამართლებრივ მხარდაჭერას, სრულად აკმაყოფილებს ქვეყანაში მოქმედ ნორმებსა და სტანდარტს.
გუნდი, რომელიც ქმნის BSH Law Office-ს.
(ქეთევანი): ვინაიდან ვასწავლით სხვადასხვა უნივერისტეტში, გვაქვს შესაძლებლობა, უშუალოდ მივადევნოთ თვალი და საუკეთესო კურსდამთავრებულებით დავაკომპლექტოთ გუნდი. BSH Law Office არის ოჯახი და ყოველი ახალი წევრის შეძენა განსაკუთრებული რიტუალია. იმ პირობებში, როდესაც პროფესიონალიზმი უპირობო მოცემულობაა, ერთგულება და გამჭვირვალობა არის ის პრინციპები, რომელზეც დგას ფირმა. ჩვენთან, ოჯახში, ვენდობით და ვაძლიერებთ ერთმანეთს.
(ნიკოლოზი): დღეს ბიზნესი, პროფესიონალიზმის მიღმა, ეძებს და ირჩევს ისეთ პარტნიორებს, ვისი ნდობაც შეუძლია და ვისთან ურთიერთობაც კომფორტულია. შესაბამისად, პიროვნული თვისებები განსაკუთრებულ, ხშირად გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. მიგვაჩნია, რომ ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
(ქეთევანი): მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ნაბიჯ-ნაბიჯ ხორცშესხმა და ჩვენს პარტნიორებთან ერთად მიზნად დასახული მწვერვალების მიღწევა. ძალა ერთობაშია!
(ნიკოლოზი): ახლა ვართ საცდელ რეჟიმში ერთ-ერთ სტარტაპთან, სადაც გარდა სამართლებრივი დახმარებისა, ჩართულები ვართ საოპერაციო, ადმინისტრაციულ საქმიანობაში, იმისათვის, რომ ბიზნესი იყოს კონცენტრირებული არა ადმინისტრაციულ ნიუანსებზე, არამედ იდეების გენერირებასა და მათ რეალიზებაზე. დაბოლოს: ინვესტიცია განათლებაში, რომელსაც ბევრი საინტერესო გამოვლინება ექნება სამომავლოდ ჩვენს კომპანიაში, რათა ჩვენი გამოცდილება გადავიტანოთ ცოდნაში, ვინაიდან ეს არის ისეთი აქტივი, რომლის გაზიარებას დიდი უკუგება აქვს.
ლოკაცია: Museum Hotel Tbilisi