სათაურზე ბევრი არ მიფიქრია, რადგან ეს სახელი თავისთავად ბევრისმთქმელია ჩვენი მკითხველისთვის. ნანა შონია არის ადამიანი, რომელიც ყველას უპირობოთ გვიყვარს და ეს ადამიანი ყოველთვის სიყვარულთან, დადებით ემოციებთან, ადამიანურ ურთიერთობებსა და სიკეთესთანაა დაკავშირებული. დღემდე არ მავიწყდება, წლების წინ, რადიოში მუშაობის დროს, როგორი ენერგია შემოჰქონდა სტუდიაში შემოსვლისთანავე და როგორ ავსებდა მზის სხივებით იმ ოთახს, სადაც არცთუ კარგი განათება იყო. მაშ ასე − „საუბრები ტერასაზე“ ნანა შონიასთან ერთად.
მოგვიყევით, ამჟამად რითი ხართ დაკავებული.
ძალიან დატვირთული წელი მქონდა − გადაღებები, სპექტაკლები... სწორედ ეს არის მსახიობისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება − ამ დროს იმ ენერგიას გადასცემ მაყურებელს, რაც შენს სხეულში გროვდება. მაყურებელი კი, თავის მხრივ, ისევ გავსებს სიყვარულითა და დადებითი ემოციებით, აპლოდისმენტებით, ერთგულებით.
მეორედ რომ ირჩევდეთ პროფესიას, ისევ მსახიობი იქნებოდით?
გაგიკვირდებათ, და დიახ. გამოცდილება რომ მემატება, ტექნიკა რომ იხვეწება, სულ უფრო სასიამოვნო ხდება ჩვენი საქმიანობა და რაც დრო გადის, ჩემი არჩევანის სისწორეში უფრო ვრწმუნდები.
გამოდის, რომ გარდა ნიჭისა, მსახიობს გამოცდილებაც სჭირდება?
რასაკვირველია. რაც უფრო დიდი გამოცდილება გაქვს, მით უკეთ იცი ხელობა. და თუკი ხელობა კარგად იცი, ესე იგი დიდი ცოდნა გაქვს შენს სფეროში. ამ დროს კი, თავს უფრო კომფორტულად, თავდაჯერებულად გრძნობ და საკუთარი საქმეც გიმარტივდება.
რამდენად აქვს მნიშვნელობა, როგორ რეჟისორთან მუშაობთ, როგორი პარტნიორი გყავთ?
რეჟისორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მან უნდა დაგინახოს, აღმოგაჩინოს. ამის შემდეგ უკვე პარტნიორის ჯერი დგება. თუკი ის კარგია, შენც გაცილებით კარგად თამაშობ. ეს თითქოს ცეკვას ჰგავს, როცა მხოლოდ შენ არაფერი გამოგივა, თუ პარტნიორს ვერ მიენდობი.
რამდენად კარგად ითამაშებს მსახიობი სცენაზე, დამოკიდებულია თუ არა იმაზე, როგორი მაყურებელი ზის დარბაზში?
მაყურებელი მუდამ სხვადასხვაგვარია. ზოგჯერ ის სულაც არ მოგყვება. მსახიობის ნიჭიც ამაშია − შენ როგორმე შენკენ უნდა წამოიყვანო. უნდა გახსნა. როგორ? − მთელი სულითა და გულით უნდა ითამაშო. შენი თავი არ უნდა დაზოგო, რადგან რაც უფრო გულწრფელი ხარ, ამას მაყურებელი უფრო გიფასებს. ის ყველაზე სწორი შემფასებელია, რომელსაც ვერასოდეს მოატყუებ.
გახსოვთ პირველი როლი?
მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც იზა გიგოშვილმა და მერაბ თავაძემ დადგეს ებრაულ პოეზიაზე აგებული ულამაზესი სპექტაკლი. ეს იყო ჩემი პირველი გამოჩენა სცენაზე პროფესიონალ მსახიობებთან ერთად. და მე ვიყავი ძალიან ამაყი, როდესაც ამ ადამიანებთან ერთად ვიდექი სცენაზე. დღესაც მახსოვს ყოველი სიტყვა, ყოველი ემოცია... ამ სპექტაკლმა ძალიან დიდი სტიმული მომცა სამსახიობო მიმართულებით.
უფრო თეატრი თუ უფრო კინო?
ორივე ძალიან მიყვარს. კინოს გადაღების დროს უფრო ქაოსური სიტუაციაა. შესაძლოა მთელი დღე დაგჭირდეს ლოდინი იმისათვის, რომ შენი კადრი გადაიღონ. მიუხედავად დაღლილობისა, ამ დროს შენ არ გაქვს უფლება არ ითამაშო ბოლომდე − სწორედ აქ უნდა გამოავლინო საკუთარ ნიჭი და პროფესიონალიზმი.
თქვენი გამოჩენა სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ მოულოდნელი იყო და თქვენზე მონატრებულ-შეყვარებული მაყურებელი ძალიან გაგვახარა. როგორი იყო სერიალზე მუშაობის პროცესი?
ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო. ამ სერიალმა მომცა შესაძლებლობა შემექმნა კონკრეტული სახე და ამ დროს მსახიობი ყველაზე ბედნიერია. მეორე მხრივ, საკმაოდ დამღლელი სამუშაო პროცესი გახლდათ. არავინ იფიქროს, რომ სერიალი უფრო მარტივი გადასაღებია, ვიდრე მხატვრული ფილმი. ზოგჯერ შესაძლოა ძალიან ბევრი დუბლი დაგჭირდეს და შუაღამეს დაწყებული გადაღება დილამდე გაგრძელდეს. მიუხედავად ყველაფრისა, შენ ისევ ისეთი შემართებით უნდა ითამაშო, როგორც თავდაპირველად თამაშობდი. წარმოიდგინეთ, შესაძლოა ყველაფერი იდეალურად იყოს, ყველა მსახიობმა ძალიან კარგად ითამაშოს და უცებ გარეთ ძაღლმა დაიყეფოს ან მანქანამ ჩაიაროს და ამან სულ გააფუჭოს ყველაფერი. შემდეგ ისევ თავიდან გიწევს ყველაფრის თამაში და ისევ ისეთი მონდომებით. გარდა შინაგანი განწყობისა და შენი საქმის უპირობო სიყვარულისა, ეს დიდ ფიზიკურ ენერგიასთანაა დაკავშირებული.
რამდენად დაფასებულია თქვენი შრომა ჩვენს ქვეყანაში?
მაყურებელთა სიყვარულს თუ ვგულისხმობთ, ამ მხრივ ძალიან დაფასებულია. უდიდესი პატივისცემა და სიყვარული აქვთ მათ ჩვენ მიმართ. თუ ანაზღაურებას ვგულისხმობთ, ამ მხრივ საერთოდ არ არის დაფასებული. ჩემს კოლეგებსაც რომ ვუყურებ, გეტყვით, რომ შეუძლებელია დღეს, საქართველოში სამსახიობო კარიერით იცხოვრო და ამან შეგიქმნას მატერიალური უზრუნველყოფა. ჩვენ სფეროში, ძირითადად, გაჭირვებაა... წუწუნი არ მიყვარს და კარგად მესმის, რომ ზოგადად, ასეთი ფონია მთელ ქვეყანაში და საქართველოში მოსახლეობას ძალიან გვიჭირს, მაგრამ თუკი ამ მიმართულებით რამე არ შეიცვლება, უბრალოდ, აღარავინ აღარ ჩააბარებს გამოცდებს სამსახიობო ოსტატობაზე.
თქვენი აზრით, რა აკლია დღეს თანამედროვე საზოგადოებას?
პოზიტივი და ადამიანური ურთიერთობები. დღეს, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი მაინც იმდენად პოლიტიზებულია, რომ ყველა სხვა სფერო იჩაგრება. ყველაზე მეტად კი, კულტურა, რომელიც უნდა კვებავდეს ადამიანს.
თავისუფლება თქვენთვის არის?..
თავისუფლება ლომთა ხვედრიაო, გადასარევი ნათქვამია. სიმართლე რომ გითხრათ, როცა ამ კითხვას მისვამენ, ცოტა არ იყოს ვიბნევი. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ასპექტში მეკითხებით. თუკი როგორც მსახიობს, გეტყვით, რომ როდესაც მთლიანად თავისუფლდები სცენაზე, მაშინ იხარჯები ბოლომდე და როლსაც ყველაზე კარგად მაშინ თამაშობ.
ჰობი...
ჰობის თუ დავარქმევთ, გეტყვით, რომ ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ალბათ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე.
თავისუფალ დროს მიყვარს...
ვცდილობ თავისუფალი დრო თვითონ გამოვიძებნო ხოლმე, რომ წავიდე და ვიცურაო − ძალიან მიყვარს. და კიდევ, ფეხით სიარული მიყვარს ძალიან.
სიამოვნებით გავაკეთებდი...
გადაცემას ტელევიზიაში. რამდენიმე პროექტიც კი მაქვს დაწერილი, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ მიიღეს. თუმცა, იმედს არ ვკარგავ და ოდესმე სადმე აუცილებლად გავაკეთებ.
ჩემი თბილისი...
როცა თბილისში ვარ, მგონია რომ შინ ვარ და არსად წასვლა არ მინდა. ზოგადად, ჩემს ქვეყანაზე ვარ შეყვარებული − თავისი ხალხით და ულამაზესი ბუნებით. საოცარი ქვეყანაა საქართველო.
ოცნება, რომელსაც ავიხდენ...
რამდენად ავიხდენ, არ ვიცი, მაგრამ ძალიან მინდა გავაკეთო მოხუცებულთა თავშესაფარი − აი, ისეთი, როგორიც ფილმებში გვინახავს. ვნახოთ, რამდენად ავიხდენ...
დაბოლოს: ბედნიერება რა არის თქვენთვის?
ვიქნები ბანალური და გეტყვით: როცა შენი საყვარელი ადამიანები არიან ჯანმრთელად და როცა მთელი ოჯახი ერთადაა შეკრებილი.