ჩვენი რუბრიკის გმირმა თავისი პროფესიის მიმართ სიყვარულისა და ერთგულების გზაზე უამრავი სირთულე და უღელტეხილი გადალახა. თავად ამბობს, რომ გამოიარა ჯოჯოხეთიც და სამოთხეც. სწორედ ამიტომ, მისთვის ფოტოგრაფია ყველაფერია. ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე თანამედროვე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთგვარი ფოტომემატიანეა. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ურთულესი პერიოდის − 2008 წლის ომის ამსახველმა მისმა ყველაზე ცნობილმა, სულისშემძვრელმა ფოტოკადრებმა მსოფლიო მოიარა და ყველას დაანახა ის ტრაგედია, რომელიც საქართველომ გადაიტანა.
თავად ამბობს, რომ ყველაზე მეტად ადამიანების გადაღება უყვარს. საკუთარ მთავარ სიმდიდრედაც ადამიანებს მიიჩნევს − ახლობლებს, კოლეგებს, მეგობრებს, რომლებიც ყოველთვის მის გვერდით არიან.
როდის დაინტერესდა ფოტოგრაფიით, რას ნიშნავს მისთვის ეს პროფესია და რას გრძნობს ფოტოგრაფი კადრის გადაღებამდე წამით ადრე? − წაიკითხეთ გიორგი აბდალაძის ძალიან საინტერესო ინტერვიუში.
გიორგი, სულ თავიდან დავიწყოთ − როდის დაინტერესდით ფოტოგრაფიით? როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება ამ პროფესიასთან?
ასე მგონია, დაბადებიდან ფოტოგრაფი ვარ. ვხუმრობ, რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, სხვა პროფესია რომ მქონოდა, ვერაფერს ვნახავდი ცხოვრებაში − ვერც კარგს და ვერც ცუდს. დაახლოებით 27 წლის წინ დავიწყე ფოტოგრაფად მუშაობა ერთ-ერთ გამოცემაში, რედაქციაში. მანამდე, რა თქმა უნდა გავიარე ფოტოგრაფიის კურსები, რომ ტექნიკურ საკითხებს დავუფლებოდი.
რას ნიშნავს ეს პროფესია თქვენთვის?
მე ამ პროფესიის გამო ციხეც გამოვიარე − ჯოჯოხეთი, და სამოთხეც. ჩემთვის ფოტოგრაფია ყველაფერია. ამჟამად საქართველოს პრეზიდენტთან ვმუშაობ, მიხარია და ვამაყობ ამით. ფოტოგრაფია ჩემთვის არის საერთაშორისო ენა, ყველა ეროვნების ადამიანისთვის თანაბრად და კარგად გასაგები, როცა ერთი კადრის საშუალებით შეგიძლია ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს აგრძნობინო და გააგებინო ის, რისი თქმაც გინდა მისთვის. ესაა ჩემთვის ეს პროფესია, რომლის გამოც ხან ჯაშუშობა დამწამეს, ხან ტერორისტობა... ჩვენ, ფოტოგრაფები, ვხედავთ და ვცდილობთ, რომ ჩვენ მიერ დანახული სხვას ვაჩვენოთ.
მე მიწევს ლექციების ჩატარება და ძირითადად ვასწავლი ხოლმე იმას, თუ როგორ უნდა იმუშაონ რთულ სიტუაციებში. ჩემი ასაკის ფოტოგრაფებს რთულ პერიოდებში გვიწევდა მუშაობა − ასახული გვაქვს მიტინგები, დარბევები, ომი. ამ პროფესიას არ აქვს პროფესიონალიზმის მაქსიმალური ზღვარი, ჩვენ ყოველდღე ვსწავლობთ და ვიძენთ ახალს. უნიჭიერესი ახალი თაობა გვყავს, ინდივიდუალური ხედვებით, რომელსაც უყვარს ეს პროფესია და მას გულით ემსახურება.
ალბათ, გიფიქრიათ, რომ არა ფოტოგრაფი, რა პროფესიის წარმომადგენელი შეიძლებოდა ყოფილიყავით?
ჩემი ძირითადი პროფესია გახლავთ ისტორიული ძეგლების აღდგენა-რესტავრირება და, ალბათ, მას გავყვებოდი. ყველა ჩუქურთმას თავისი ენა აქვს, ყველა ორნამენტს თავისი ხასიათი და ბუნება. ასეა ფოტოგრაფიაც. ჩუქურთმებს ბევრი რამის თქმა შეუძლია, თავისი ისტორია, ამბავი აქვს. ფოტოც ასეა.
თავიდან ჩემი ერთ-ერთი მეგობრის რჩევით და დახმარებით დავიწყე მუშაობა გაზეთში, შემდეგ ერთი რედაქციიდან მეორეში, მესამეში გადავედი. მე მგონი არ არსებობს საქართველოში გაზეთი და ჟურნალი, სადაც არ მიმუშავია. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ დიდი გამოცდილება და საუკეთესო ადამიანები შევიძინე ამ გზით. ჟურნალ-გაზეთების რედაქტორებისგან ვსწავლობდი საინფორმაციო სამსახურის მუშაობის ტექნიკას, ე.წ. ნიუსს. მოგვიანებით, როცა ჯაშუშობის აბსურდული ბრალდებით დამაკავეს, ჩემს კოლეგებთან ერთად, ამ ადამიანების, ჩემი კოლეგების, რედაქტორების, ახლობლების დიდი ძალისხმევითა და დახმარებით გაგვათავისუფლეს. სწორედ მათმა თანადგომამ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი. ფოტოგრაფიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარების უნარს, რადგან შენ უნდა შეძლო და აგრძნობინო მათ, თუ რა ლამაზია ეს ბუნება, მდინარე ან ადამიანი. აი, დაფიქრდით − როცა მიდიხართ და ათვალიერებთ ჟურნალებს, უპირველეს ყოვლისა ფოტო გიზიდავთ. თუ ფოტომ წამიერად შეგაჩერათ, შინაარს შემდეგ ეცნობით, ხომ ასეა? რედაქტორებისგან სწორედ ამ კომუნიკაციის ხელოვნებას ვსწავლობდი.
განსაკუთრებით რისი გადაღება გიყვართ?
ჩემდა სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად მიწევდა იმის გადაღება, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ის ცნობილი კადრები გახსოვთ, ალბათ... იმ ორი კადრით მე და ჩემმა კოლეგებმა ავსახეთ ომის მთელი ტრაგედია, რომელიც ისტორიაში ყოველთვის დარჩება, ალბათ, წიგნებშიც დაიბეჭდება და მუდამ იქნება ჩემი ქვეყნის უმძიმესი პერიოდის სიმბოლო. მე მომიწია ამგვარი მოვლენების გადაღება. დღეს კი ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს პირველ პირთან მიწევს თანამშრომლობა.
თქვენ თავად უფრო საით მიგიწევთ ხოლმე გული გადაღებისას?
კითხვას შემოგიბრუნებთ: როცა ნებისმიერ უცხო ქვეყანაში ჩადიხართ, რას ათვალიერებთ უპირველესად ქალაქებში? ყველაზე მთავარი რა არის იქ, თქვენი აზრით? დარწმუნებული ვარ, ადამიანები, ვისთანაც გაქვთ ურთიერთობა, რადგან ისინი არიან ყველაფერი − იმ ქვეყნის ისტორია, კულტურა, მომავალი. მათთან ურთიერთობა თუ გიზიდავთ, მაშინ ბევრჯერ შეეცდებით იმ ქვეყანაში კიდევ ჩასვლას. თუ დაკვირვებიხართ, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებსაც ყველაზე მეტად ადამიანებთან ურთიერთობა ხიბლავთ, კულტურა, დამოკიდებულებები − ეს ყველაზე მეტად ფასობს. მეც, რა თქმა უნდა, ადამიანების გადაღება მიყვარს ყველაზე მეტად.
მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული ადამიანებით ვარ მდიდარი. მე რომ დღეს ცოცხალი ვარ და ამ პროფესიას ვემსახურები, ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დღეს ვიყო აქ და თქვენ გესაუბრებოდეთ. ვგულისხმობ ჩემს მეგობრებს, ახლობლებს და, რა თქმა უნდა, კოლეგებს.
მიყვარს ქორწილების ფირზე აღბეჭდვა. ისეც ყოფილა, რომ იმ წყვილების შვილების ქორწილები გადავიღე, რომელთა ბედნიერების დღეც თავის დროზე ავსახე ფოტოებში. ეს სიხარულიც მაქვს, ეს უკვე ისტორიაა. წყვილებს ვეუბნები ხოლმე − ეს დღე თქვენი ახალი ცხოვრების ათვლის წერტილია და ჩემი ამოცანაა, დაგანახოთ, როგორ გიყვართ ერთმანეთი დღეს. როცა ფოტოგრაფს საქმე უყვარს და გულით აკეთებს, მაშინ აუცილებლად გამოვა კადრი, რომელიც ყველას დაამახსოვრდება.
გიორგი, რომელ პროფესიულ და ტექნიკურ პრინციპებს მიყვებით მუშაობის პერიოდში, რომ კარგი ნამუშევრები გამოგივიდეთ?
ესაა შიდა ცენზურა. რაც შეეხება ტექნიკას, უნდა ფლობდეთ ტექნიკურ პარამეტრებს. ფოტოგრაფს ეკითხებიან, რა ამინდია გარეთო, ის პასუხობს: 250, 5 და 6-ზეო. ეს ნიშნავს სიჩქარეს და დიაფრაგმას. გამოცდილება ისაა, როცა მოვლენებს რამდენიმე წამით ასწრებ, წინასწარ გრძნობ, რომ რაღაც მოხდება. ეს დამოკიდებულება გამომუშავდება დროთა განმავლობაში ყველა იმ ადამიანში, ვისაც შესისხლხორცებული აქვს ეს პროფესია. ფოტოგრაფი წამით ადრე ხედავს მოვლენას, წინასწარ ხვდება, რა მოხდება, კადრებს ხედავს.
გიორგი, ადამიანის ცხოვრებაში როგორ ხედავთ ფოტოგრაფიის როლს?
ფოტოგრაფია ისეთი გამოგონებაა, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა კაცობრიობაში. მე ვფიქრობ, საუკეთესო გამოგონებაა. იცით, აფხაზეთის ომის პერიოდში, ერთ-ერთ ლტოლვილ ქალბატონს მიჰქონდა თან ფოტოალბომი. უკითხავთ მისთვის, ზოგს ოქრო მიაქვს, ძვირფასეულობა, ტანსაცმელი, რაში გჭირდება ალბომიო? ამას კი უპასუხია: ყველაფერს შევიძენ, ტანსაცმელსაც, სახლ-კარს, მაგრამ ამ ადამიანების სახეები არასოდეს არ უნდა დამავიწყდესო. ჩვენ არ გვახსოვს, გუშინდელ დღეს რამდენი რამ ვნახეთ, მაგრამ ფოტოს თუ გადავიღებთ, ის უკვე დაუვიწყარს გახდის მოგონებას. პირადად მე, ჩემს ახლობლებს ყოველთვის ვურჩევ, ძალიან ბევრი ფოტო გადაიღონ. ფოტოგრაფია წამს აჩერებს, იმ წამის შემდეგ კი სხვა ისტორია გრძელდება.
გიორგი, გაიხსენეთ თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი, განსაკუთრებული ფოტოპროექტები. 2008 წლის ომის ძალიან ცნობილი ფოტოები ახსენეთ, რომლითაც, ფაქტობრივად, მთელმა მსოფლიომ ზედმიწევნით აღიქვა რუსეთ-საქართველოს ომის ტრაგიზმი.
უამრავი პროექტი შემისრულებია. რთულია გამორჩევა. ბევრი იყო ისეთი, რომელთაც თავის დროზე სათქმელი თქვეს. დღეს ყველანაირი უახლესი ტექნოლოგიაა ხელმისაწვდომი, ჩემს პერიოდში კი, როცა ამ საქმეს ვიწყებდი, სხვანაირი, ძველებური ტექნიკით ხდებოდა მუშაობა. ერთხელ ჩამოსული იყო ამერიკელი რეპორტიორი ქალბატონი, რომელმაც ომის თემაზე ჩაატარა ლექცია და შემდეგ დაინტერესდა ჩვენი ნამუშევრებით. დაათვალიერა ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების, ყარაბაღის, სამაჩაბლოს, აფხაზეთის ომების ფოტომასალა. გაოგნდა ეს ქალბატონი, არ ელოდა ასეთ პროფესიონალიზმს.
დიდი იმედი მაქვს, ახლო მომავალში ფოტოგრაფიაში დაარსდება რაიმე გაერთიანება, კავშირი, და შეიქმნება მუზეუმები, რადგან საქართველოს ფოტოგრაფიის ისტორია „საქინფორმის“ შემდეგ იკარგება, საარქივო მასალა აღარაა, რაც ძალიან სამწუხაროა. ვფიქრობ, მომავალში აუცილებლად გამოსწორდება ეს საკითხი და ვინმე ითავებს მის ორგანიზებას.