ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, შენი ოცნებები ფურცელზე ჩამოწერე და აუცილებლად აგისრულდებაო... მე, რომელსაც მილიონი დღიური და ჩანაწერების წიგნაკი მქონია, ვწერდი ყველაფერზე, თუმცა არა ჩემს ოცნებებზე − ასე, ორგანიზებულად... ჰოდა, იმ დღეს იყო, რომ ყველაფერი ჩამოვწერე და მას შემდეგ მიდის ჩემი ოცნებების ახდენა ისე, როგორც თქვენ ისწრაფვით ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენი მიზნებისკენ − კონკრეტულ საქმიანობაში...
მჯერა, რომ ნაწერსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და იმაზე მეტი ძალა კი თავად იმ ნატვრებს, რომლებსაც ზეცაში ვუშვებთ... ასე რომ, მთავარია სწორად დაისახოთ მიზნები, შემდეგ ფურცელზე ჩამოწეროთ და ნაბიჯ-ნაბიჯ იაროთ თქვენი მიზნისკენ, რადგან რაც გულით გინდათ და რისიც გჯერათ, იმას აუცილებლად მიაღწევთ. ზუსტად ისე, როგორც ეს ჩვენმა რესპონდენტმა, ნატალია გურიელმა მოახერხა. რა გამოწვევების წინაშე აყენებს ბიზნესი ქალებს და როგორია ქალი ბიზნესში − წაიკითხეთ ჩვენს ინტერვიუში.
ნატალია, ამჟამად რითი ხართ დაკავებული? მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ.
9-წლიანი სამუშაო გამოცდილება მაქვს ჰოსფითალითის სფეროში. ისე ვარ შეყვარებული და „შეპყრობილი“ ტურიზმით, რომ ყველა ჩემს წამოწყებას ამ სფეროს ვუკავშირებ. ამ ეტაპზე, ვმართავ ორ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტს. ესენია სატრანსპორტო კომპანია „ავტობასი“ და პირველი ქოშერი რესტორანი „ლეხაიმი“. ერთი შეხედვით, ერთმანეთისგან განსხვავებულ ორ სხვადასხვა სფეროს აერთიანებს ჩემი სიყვარული − როგორც ამ ბიზნესების, ისევე, ტურიზმის მიმართ, რომელთანაც დაკავშირებულია როგორც ავტოსატრანსპორტო მომსახურება, ისე კვების მიმართულება. ორივე მხრივ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავარ, რაც ჩემს საქმიანობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
ქალი ბიზნესში − რამდენად რთულია ამ მიმართულებით თავის დამკვიდრება საქართველოში?
სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, არსებული ბიზნესების დაახლოებით 80%-ს ქმნიან და მართავენ მამაკაცები. შესაბამისად, ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ რამდენად რთულია ქალისთვის ბიზნესის წამოწყება ან თავის დამკვიდრება ამ სფეროში. თუმცა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან თამამად შემიძლია ვუთხრა მანდილოსნებს, რომ ეს შეიძლება იყოს რთული, მაგრამ არა შეუძლებელი. ამის რეცეპტი არის მონდომება, მიზნისკენ სწრაფვა, მოტივაცია, პოზიტივი და პროფესიული სიჯიუტე.
როგორ ფიქრობთ, ნდობის მოპოვება ქალ ბიზნესმენს უფრო შეუძლია თუ მამაკაცს?
ნდობის მოპოვებას ძალიან დიდი და ხანგრძლივი შრომა სჭირდება. სამწუხაროდ, როცა საქმე პროფესიულ ნდობას ეხება, ქალს ბევრად მეტი მუშაობა სჭირდება იმისათვის, რომ მასკულინურ სამყაროში ნდობა მოიპოვოს და შეინარჩუნოს.
ჩვენთან იმდენად დასახვეწია ტრანსპორტის თემა, რომ ძალიან საინტერესო იქნება, თუკი თქვენს გამოცდილებაზე მოგვიყვებით ამ მიმართულებით. კერძოდ, AutoBus-ის შესახებ გვიამბეთ დაწვრილებით.
თანამედროვე სამყაროში სატრანსპორტო ბიზნესი კლასიკურად აღიქმება, როგორც მამაკაცების სფერო. „ავტობასის“ მაგალითზე შევძელი უპირველესად ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ ეს ასე არ არის. სექტორს აკლდა ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელთა სწორად ათვისებამაც მოუტანა წარმატება „ავტობასს“, რომელიც დაარსდა არა იმიტომ, რომ ბაზარზე ავტობუსის ან კარგი მძღოლის პოვნა იყო შეუძლებელი, არამედ იმიტომ, რომ სინამდვილეში „ავტობასის“ შედეგების მიღმა დგას კომუნიკაციები. კომუნიკაციები როგორც დამკვეთთან, ისე მძღოლებთან.
ერთ დღეს მივხვდი, რომ მთავარი პრობლემა კომუნიკაციასა და სერვისების არასწორ მიწოდებაშია. სამწუხაროდ, ამ საკითხს სიღრმისეულად არავინ უყურებს. ერთი მხრივ, ბაზარზე არსებობს კარგი ავტოპარკი, კარგი მძღოლების მოძებნაც შეიძლება, თუმცა ერთიანობაში მაღალი ხარისხის სერვისის მიღება თითქმის შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ გაგვიჩნდა „ავტობასის“ ჩამოყალიბების იდეა. გვინდა, ეს ჩავარდნა გამოვასწოროთ და ამისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგით.
როდესაც გვიკავშირდება ტურისტული ან სხვა კომპანია, რომელიც კორპორაციულ ღონისძიებას გეგმავს, მან უკვე იცის, რომ დროულად მივა გამართული და მოწესრიგებული სატრანსპორტო საშუალება, მოწესრიგებული მძღოლი და რაც მთავარია, მთელი ტურის განმავლობაში სატრანსპორტო მომსახურებასა და სტუმრების კომფორტზე პასუხისმგებლობას იღებს „ავტობასი“. ეს იმას ნიშნავს, რომ ტურისტულ კომპანიას თუ კორპორაციული ტურის შემკვეთს აღარ სჭირდება ზედმეტი ღელვა, მოვა თუ არა ავტობუსი, ან იქნება თუ არა ის ისეთი კარგი, როგორიც სურს. რეალურად, გვინდა, რომ ტურისტულ კომპანიებს დრო გამოვუთავისუფლოთ. მათ უნდა იზრუნონ ტურისტების მოზიდვაზე და ამისთვის ახალი პროდუქტების შექმნაზე. სერვისი კი, ჩვენ უნდა მოგვანდონ. აქამდე ფიქრობდნენ, რომ საკმარისი იყო გამართული ტრანსპორტის „შოვნა“ და შემდეგ თავად შეძლებდნენ ყველაფრის მართვას, თუმცა დღეს ბევრი ჩვენი პარტნიორი კომპანია მიხვდა, რომ ძალიან კარგია, როცა მეტი დრო რჩებათ ძირითადი საქმიანობისთვის, მაშინ, როცა დამატებით სერვისებს „ავტობასი“ უგეგმავს.
ყველაზე დიდი გამოწვევები, რომლებიც ბიზნესის დაწყებისას საკუთარ თავს დაუსახეთ.
ორივე საქმის წამოწყებისას, ჯერ ვიპოვეთ ის პრობლემები, რომელშიც უჭირდა „ჰორეკას“ და სატრანსპორტო კომპანიას. მაგალითად, „ავტობასის“ შემთხვევაში, პრობლემები არის მძღოლის, როგორც პროფესიის, აღქმაში. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ მძღოლის პასუხისმგებლობა არ ფასდება სათანადოდ და ეს აუცილებლად ისახება მთლიანად სექტორზე. უნდა გავიაზროთ, რომ სატრანსპორტო სფეროს ქმნის არა ავტოპარკი, არამედ ადამიანები, რომლებიც ტრანსპორტს მართავენ და მგზავრების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. შესაბამისად, გამოწვევის ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ აქ არის. პრობლემების სწორად დანახვა გვეხმარება ზუსტი მიდგომების შემუშავებასა და სწორი მენეჯმენტის ჩამოყალიბებაში, რაც განსაზღვრავს ბიზნესის წარმატებას.
თქვენს მეორე ბიზნესზეც ვისაუბროთ. საიდან გაჩნდა რესტორნის შექმნის იდეა და რატომ L’chaim?
ჩვენ, ებრაელები, ხორცს არ მივირთმევთ ყველგან, რადგან შეგვიძლია მივირთვათ მხოლოდ ქოშერი წესით მომზადებული ხორციანი კერძები. რას ნიშნავს ქოშერი? ეს ნიშნავს ტრადიციული წესებით მომზადებულ კერძებს, ანუ თითოეული დეტალის დიდი შემოწმებითა და კონტროლით.
ამ წესების დაცვა ყველა ებრაელისთვის დიდი გამოწვევაა. 2017 წელს მოვხვდით მოსკოვში მე და ჩემი მეუღლე ერთ-ერთ გემრიელ ქოშერ-რესტორანში და წარმოვიდგინეთ ეს ადგილი თბილისში − ქალაქში, სადაც არ არსებობდა მსგავსი ტიპის ქოშერი რესტორანი, სადაც მყუდრო და გემოვნებიან გარემოში მიხვიდოდი და გემრიელად მიირთმევდი. წარმოვიდგინეთ, თუ რამდენი ადგილობრივი ოჯახი თუ ტურისტი იქნებოდა გახარებული. სწორედ ამ წარმოდგენამ დაბადა ახალი ბიზნესიდეა, რომელზეც 2 წლის განმავლობაში ყოველდღე ვფიქრობდით და ნელ-ნელა ეს პროექტი ხელშესახები გახდა. შედეგად, 2019 წლის 1 ივლისს, გაიხსნა ჩვენი დიდი ჩანაფიქრისა და ემოციის მატარებელი რესტორანი „ლეხაიმი“.
რა არის საჭირო მიზნის მისაღწევად?
მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა დრო და შრომა დაგჭირდებათ მიზნის მისაღწევად. მთავარია გჯეროდეთ და გიყვარდეთ თქვენი საქმე, დანარჩენი კი ხანგრძლივი მუშაობისა და შრომის პროცესია.
სირთულეები ბიზნესში...
სირთულე ნებისმიერი საქმიანობის ისეთივე შემადგენელი ნაწილია, როგორც წარმატება. თუ არსებობს წარმატება, არსებობს სირთულეც. მინდა დამწყებ ბიზნესმენებს გავუზიარო, რომ სირთულეს ვერ გათვლი და მისგან თავს ბოლომდე ვერ დაიზღვევ. მთავარია, არასოდეს შეგეშინდეთ და თქვენი მიზნებისკენ მხრებში თამამად გამართულებმა იაროთ, და წარმატებაც არ დააყოვნებს. აქვე მინდა ისიც ვთქვა, რომ თუკი გვერდით ისეთი ადამიანი გყავთ, ვისაც აუცილებლად სჯერა თქვენი წარმატების და ყველა საქმეში თქვენი უპირობო გულშემატკივარია, ეს გაცილებით დიდ შემართებას გაძლევთ, რათა ყველა სირთულე დაძლიოთ. მადლობა ჩემს მეუღლეს, რომ ყველა ჩემი წამოწყების სჯერა და ყოველთვის ჩემ გვერდითაა.
რისი კეთება გიყვართ ყველაზე მეტად თავისუფალ დროს?
უპირველესად, შვილებს ვუთმობ თავისუფალ დროს და შემდეგ სხვა დანარჩენს − პირადი ინტერესი იქნება ეს სეირნობა, კითხვა თუ მეგობრების წრეში ყოფნა.
სამომავლო გეგმები...
გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ და მალე სიახლეებით დაგიბრუნდებით. ყველა ეს გეგმა „ავტობასზე“, „ლეხაიმსა“ და ჩემს ოჯახზე მოდის.