„ფორმულა კრეატივის“ ჯგუფის პროექტი, სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ მრავალი წელია ეკრანთან ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მქონე მაყურებელს იკრებს და შემდეგ ეპიზოდებში მოქმედების განვითარების ინტერესით, უქმეების მოლოდინს აჩენს. „ჩცდ“-ის უახლესი სეზონების გამორჩეული პერსონაჟები „ჩიკას“ განუყრელი მეგობრები − ლეკა, პუსკუნა და მანჩო, რეალურ ცხოვრებაში მათი გმირებისგან განსხვავებულები, სულ სხვა პერსპექტივიდან უყურებენ საკუთარ ეკრანულ სახეებს. OK! ქეთი წიქვაძეს, ნინო (ზუზუ) ნოდიასა და თამუნა ქორქიას სერიალის გადაღებების თანმდევ თავგადასავლებსა და ტელეეკრანის მიღმა ცხოვრებაზე ესაუბრა.
როგორ შეუერთდით სერიალს? იყო თუ არა ეს თქვენი პირველი სამსახიობო გამოცდილება?
(ქეთი): ჩემთვის „ჩემი ცოლის დაქალებში“ მონაწილეობა სამსახიობო ჭრილში პირველი მცდელობა იყო. სერიალის რეჟისორთან ჩემი შეხვედრა სრულიად შემთხვევით მოხდა და მან სინჯებზე მისვლა შემომთავაზა. როგორც აღმოჩნდა, უკვე არსებობდა იმ პერსონაჟის მონახაზი, რომლის როლზეც განვიხილებოდი. სიხარულით მივიღე შერჩევაში მონაწილეობა და მალევე, მეც ჩემს კოლეგებთან ერთად დამამტკიცეს.
(ზუზუ): მე და თამუნა დიდი ხანია ვმეგობრობთ. ერთად ვისხედით ერთ-ერთ სალონში, როცა ჩემი შვილის კლასელის დედამ, ნუცა კირცხალიამ დამირეკა. ნუცა კინოინდუსტრიაში აქტიურად ჩართული ადამიანია, რომელიც ეკა მჟავანაძესთან (სერიალის ქასთინგ-მენეჯერი) ერთად იმყოფებოდა. ბავშვების სკოლის თემაზე ვსაუბრობდით, როცა ეკამ ჰკითხა, ხომ არ ვცდიდი ბედს ახლად დაწერილ რომელიღაც როლზე. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მქონდა, თუმცა დანანებით ვუთხარი, რომ დროის სიმცირის გამო ვერ შევძლებდი და თამუნას მიწვევა შევთავაზე. სულ მალე, თამუნა შერჩევაზე დაიბარეს და მან გამომიცხადა, რომ უჩემოდ წასვლას არ აპირებდა. ამიტომაც ერთად მივედით, თუმცა ისე მოხდა, რომ სინჯებზე მეც დამიყოლიეს. იმ ღამეს მივფრინავდი და როცა თბილისში დავბრუნდი, აღმოჩნდა, რომ როლზე ორივე დამტკიცებულები ვიყავით. არარეალურ ამბად მეჩვენებოდა, თუმცა დროის მხრივ, დღემდე ძალიან მიწყობენ ხელს, რისთვისაც მადლიერი ვარ.
რას იტყოდით პერსონაჟებთან თქვენს მსგავსებასა და განსხვავებებზე?
(ზუზუ): როცა პირველად ეკრანზე გამოვჩნდი, ჩემი პერსონაჟის სიტყვები დაახლოებით ასე ჟღერდა: „ამიხსენი, რამ წაგიყვანა იქ?“ − რაღაცაზე ჩხუბობდა და ახნას ეძებდა. როლში ორგანულად შევედი, იმიტომ, რომ მეგობრებთან მსგავსი ამპლუა არც ისე იშვიათად მაქვს, მახასიათებს ასეთი რაღაცები. თავიდან არსებობდა გარკვეული მსგავსებები ამ მხრივ, თუმცა რამდენიმეჯერ ისეთი სიტუაცია გათამაშდა, რისი განსახიერების დროსაც პროტესტი მიგრძნია საკუთარ თავთან.
(თამუნა): ნამდვილად, ზუზუ ნერვიულობდა, როცა ოთახში მე და ჩემს „შეყვარებულს“ შემოგვივარდა და შემდეგ „ჩიკასთან“ დაგვაბეზღა. ამბობდა, ამას მე ვერ გავაკეთებო; ზუსტად ისე გამოუვიდა, ხალხი რომ ხშირად იჯერებს და რეალობას უკავშირებს სერიალში ნანახს. ჩემი პერსონაჟი ნეიტრალურია. მსგავსება შესაძლოა ის იყოს, რომ როცა საქმე სიყვარულს ეხება, მეც ვივიწყებ, რას ფიქრობენ სხვები და ამასთან ერთად, მეც მახასიათებს ურთიერთობების დალაგების სურვილი და ვერიდები კონფლიქტს. ჩემი გმირისგან განსხვავებით, მე მეტად ემოციური ვარ.
(ქეთი): არც ერთი არ ვგავართ საკუთარ პერსონაჟებს. მეღიმება ხოლმე, როცა მეკითხებიან, ცხოვრებაშიც მართლა ასეთი ხარო? რაღაც მხრივ არ მსიამოვნებს, რომ შეიძლება ადამიანებს მართლა ვეგონო ისეთი, როგორ გმირსაც ვასახიერებ, თუმცა მიხარია ის, რომ, ალბათ, როლს თავს ასე თუ ისე კარგად ვართმევ.
(ზუზუ): ზოგჯერ ისეთ საოცარ კომენტარებს ვაწყდები სოციალურ ქსელში... ლანძღავენ ჩემს პერსონაჟს, უთქვამთ, რომ შხამიანი ადამიანია. თუმცა შეფასება უკვე კარგია, რადგან გამოდის, რომ როლი მოირგე.
კონკრეტულად როდის გიგრძნიათ პროტესტი საკუთარ თავთან? რომელი ეპიზოდის თამაშისას შეგინიშნავთ დისკომფორტი და წინააღმდეგობის მომენტი პერსონაჟის ხასიათებსა და მის ქცევებთან?
(თამუნა): რთულია, შეასრულო ტიპაჟი, რომელიც შენ არ გგავს. მაგალითისთვის, ის უწყინარი ფრაზებიც კი, როგორებიცაა: „ვაიმე! შოკში ვარ! მთელი თბილისი ამაზე ლაპარაკობს!“ − ჩემგან იმდენად შორს დგას, რომ ბუნებრივია შინაგანად ვეწინააღმდეგები პერსონაჟს. რეალურ ცხოვრებაში ჩემი მსოფლმხედველობა აბსოლუტურად განსხვავდება და თავად მეგობრობაზეც, რაღა თქმა უნდა, სულ სხვა წარმოდგენის ვარ.
(ქეთი): საკმაოდ დიდი დისკომფორტია იმ დუბლების გადაღება, როცა „ბაქართან“ თავს ამდენად დამცირებულად ვგრძნობ. ბოლო პერიოდში გადავიღეთ ეპიზოდი, სადაც მაშინ, როცა ჩემს პერსონაჟს ეგონა, რაღაც გონივრული თქვა, „ბაქარმა“ უთხრა, რომ კი არ მოიწონა, დაეთანხმა, იმიტომ, რომ უბრალოდ ამით დასცინა. ხომ წინასწარ ვიცოდი ეს სცენა და ხომ არ შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ იმდენად რთული აღმოჩნდა ამის „ატანა“, რომ გადაღებისას ბუბა გაბრაზებულმა შევაჯანჯღარე.
(ზუზუ): თამუნამ უკვე აღნიშნა, რომ მის პერსონაჟსა და პარტნიორთან საძინებელში შეჭრის სცენაზე დიდი პროტესტი მქონდა. ასევე მიუღებელია სცენები, როცა ადამიანებს ვაქილიკებთ.
სერიალში გამოჩენისას მცირე როლები გქონდათ. ახლა, როცა თითოეული თქვენგანის პერსონაჟი გააქტიურდა, გაგიჩნდათ სამსახიობო ჟინი?
(ქეთი): ბავშვობაში მსახიობობის სურვილი მქონდა, რაც არ განმიხორციელებია. შემდეგ ამ როლზე 2 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ჩუმად ვისხედით და „ჩიკას“ ვუსმენდით, თუმცა ამის მიუხედავად, მაშინაც არცერთს არ გვქონდა უფრო დიდი პრეტენზია და ამბიცია. მაგრამ მას შემდეგ, რაც, მაგალითად, ჩემი როლი გახშირდა, გამიჩნდა სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტად დავიხარჯო და რამენაირად შევძლო, მომცეს სცენარმაც იმის საშუალება, რომ ჩემს გმირს, რომელმაც ამქვეყნად არაფერი იცის, აზრი დავაფიქსირებინო! ვათქმევინო რაიმე გონივრული!
(თამუნა): ძალიან მომწონს გადაღებების პროცესი და სიამოვნებით ვეგუები ყველა იმ რთულ მხარეს, რომელიც მას ახლავს: ლოდინი, დაღლილობა და შრომა. თუმცა ვხვდები, რომ დიდი სურვილი მაქვს ვიყო ამ ყველაფრის ნაწილი. ეს ყველაფერი საბოლოო შედეგად ღირს.
როგორია თქვენი ცხოვრება კამერის მიღმა?
(ქეთი): მყავს ორი შვილი და მრავალი წელია, აქტიურად ვუძღვები მაისურების საკუთარ ბრენდს myka. მსიამოვნებს ჩემი სამსახიობო კუთხით განვითარება და საქმე, რომელსაც პარალელურ რეჟიმში ვაკეთებ.
(თამუნა): მიტაცებდა ფოტოხელოვნება, რომელსაც არ გავყოლილვარ. ახლა ობიექტივის მეორე მხარეს დგომა მიწევს, რაც ძალიან მსიამოვნებს. უამრავი ტიპის საქმე მიკეთებია, ამჟამად კი საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. იქ მიწევს გონებრივად დავიხარჯო და შემოქმედებითი ვიყო. ასევე, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ვარჯიში და სპორტული აქტივობა.
(ზუზუ): ვიტყოდი, რომ უპირველესად, ვარ დედა, მეორე მხრივ კი, მეუღლე. ჩემი სხვა ამპლუა უკვე მრავალი წელია „ვულე ვუს“ PR-ის ხელმძღვანელობაა. ასევე მაქვს ჩემი ივენთ-კომპანია, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებას უწევს ორგანიზებას. ამ ყველაფერს ბოლო წლებია გადაღებებიც დაერთო.
რასთან ასოცირდება თქვენთვის დასვენება და სიმშვიდე, რომელიც დატვირთული რეჟიმისგან განტვირთვის საშუალებას გაძლევთ?
(ქეთი): წოლა და ჯდომა მხოლოდ ერთი დღით შემიძლია ავიტანო. ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ ფიზიკურად დამჭირდება დასვენება. დანარჩენი დრო ჩემთვის ყოველთვის აქტიურია. ჩემი განტვირთვა მხიარულებაა.
(თამუნა): ეს დამოკიდებულია პერიოდზე და ჩემს ძალიან ცვალებად ხასიათზე, რომელიც მე, პირადად, დისკომფორტს მიქმნის. ზოგჯერ მინდა არაფერი ვაკეთო, ზოგჯერ ცურვა და მზეზე წოლაა რელაქსაცია, ხან კი მეგობრებთან ერთად დროის სხვადასხვანაირად გატარებაა შეუცვლელი განტვირთვა.
(ზუზუ): ურბანული ხმაურისგან შორს ყოფნაა ჩემთვის დასვენება. ამ დროს კი აუცილებელია გვერდით ადამიანები იყვნენ. მარტო დასვენება არ შემიძლია.
რას ეტყოდით მაყურებელს?
(ქეთი): ვეტყოდი, რომ უპირველეს ყოვლისა, ვარ ქეთი, რომელსაც ისიც სიამოვნებს, რომ ხშირად „ლეკას“ ეძახიან. არ მესმის, რატომ უყვართ ეს პერსონაჟი, მაგრამ, ალბათ, იმიტომაც, რომ წლებია თავად სერიალი მათ ოჯახებში ყოველ შაბათ-კვირას უცვლელად ჩნდება. ხშირად ვერ ვხვდები, ვიცნობ თუ არა იმ ადამიანებს, რომლებიც მიღიმიან და მეც ყველას ვუბრუნებ ღიმილს. ცალკე შეხვედრებს ვერ ვნიშნავ, მაგრამ ყოველთვის ვეუბნები ადამიანებს, რომ მოვიდნენ ჩემთან, სადაც კი დამინახავენ. შეძლებისდაგვარად ვპასუხობ ყველა შემოსულ შეტყობინებასაც. მადლობას ვეტყოდი სითბოსთვის!
(ზუზუ): სამწუხაროა, რომ სათითაოდ ვერ ვეცნობი გულშემატკივრებს და ვთხოვ, ამის გამო არ გამინაწყენდნენ.
(თამუნა): ვეტყოდი დიდ მადლობას, იმისათვის, რომ გვიყურებენ და გვგულშემატკივრობენ!