OK! ყველასთვის ცნობილ მომღერალს, თაკო გაჩეჩილაძეს შეხვდა. თაკოს ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია − სულ ცოტა ხნის წინ, მან, ბულგარელ კომპოზიტორთან და მუსიკალურ პროდიუსერთან ერთად, ოჯახი შექმნა. წყვილს უკვე პატარა გოგონა − 6 თვის გაბრიელა ჰყავს. სად გაიცნო თაკომ მომავალი მეუღლე, როგორ განვითარდა მათი სიყვარულის ისტორია და როგორია ჩვენი რუბრიკის მთავარი გმირის ცხოვრება ვენაში − ყოველივე ამას თაკო გაჩეჩილაძესთან ინტერვიუდან შეიტყობთ.
თაკო, თქვენს ცხოვრებაში სიახლეა − დაოჯახდით და უკვე პატარაც გყავთ. სულ თავიდან დავიწყოთ და მოგვიყევით, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?
2017 წლის ევროვიზიისთვის ვემზადებოდი. საქართველოს შიდა შესარჩევ კონკურსზე ჩამოიყვანეს ჟიურის უცხოელი წევრები, რომელთა შორის იყო ბულგარელი პროდიუსერი და კომპოზიტორი ბორისლავ მილანოვი. მოგეხსენებათ, შიდა შესარჩევ კონკურსში გავიმარჯვე და გადაწყდა, რომ მე წარვადგენდი საქართველოს ევროვიზიაზე, რომელიც კიევში იმართებოდა. ევროვიზიამდე დაგვიგეგმეს პრომოტურები, რომლის დროსაც თითოეული ქვეყნის წარმომადგენელი თავის სიმღერას უწევს რეკლამირებას და შესაბამისად, მომიწია სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრება ევროვიზიის pre-party ღონისძიებებზე. ამ დროს გავიცანი ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც თავი გამახსენა. აღმოჩნდა, რომ ის ბორისლავი იყო − შიდა შესარჩევი კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი წევრი. ბობიმ (ასე ვეძახით შემოკლებით) თავიდანვე ძალიან კარგი, თავდაჭერილი, ზრდილობიანი და სასიამოვნო პიროვნების შთაბეჭდილება დამიტოვა. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ჩემი მეუღლე წარმოშობით ბულგარელია, მაგრამ ავსტრიაში, ვენაში ცხოვრობს. თავიდანვე გამოირჩეოდა ყურადღებით ჩემ მიმართ და სულ მალე ყველამ გაიგო, რომ ბობის მოსწონს თაკო, თუმცა მაშინ მის მიმართ საპასუხო გრძნობა არ გამჩენია. მიუხედავად ამისა, იმდენად კარგი ადამიანი იყო, რომ ვიფიქრე: „რატომ არ შეიძლება ვიყოთ მეგობრები?“ ასეც მოხდა. პრომოტურების შემდეგ, კიევში გავფრინდი. ევროვიზიის ფინალში ვერ გადავედი და საქართველო გამოეთიშა კონკურსის ნახევარფინალს. ამის მიუხედავად, ძალიან კარგად მახსენდება ის 2 კვირა, რომელიც კიევში გავატარე რეპეტიციებში, ინტერვიუებში, საოცრად დატვირთულ გრაფიკში. ამ პერიოდის განმავლობაში, მე და ბობი ვაგრძელებდით ურთიერთობას. ის კიევშიც იყო კონკურსის პერიოდში. ჩემი მეუღლე კომპოზიტორია და ყოველ წელიწადს ევროვიზიაზე მისი 2-3 სიმღერა მაინც არის ხოლმე წარდგენილი. ნახევარფინალიდან გამოთიშვის შემდეგ გვერდში მედგა, მამხნევებდა და ყოველთვის მწერდა, რომ მონაწილეებს შორის საუკეთესო ვიყავი.
შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა?
ბობი, უარის მიუხედავად, დაჟინებით აგრძელებდა ჩემთან ურთიერთობას. შემდეგ კი შემომთავაზა საქმიანი წინადადება − იმდენად კარგი მომღერლი ხარ, რომ მინდა, როგორც პროდიუსერმა და კომპოზიტორმა, შენთან ვითანამშრომლოო. ახლა ვხვდები, რომ ეს მისი მხრიდან სწორი ტაქტიკური სვლა იყო, რადგან როცა საკითხი ჩემს პროფესიას და საქმეს ეხება, უარის თქმა არ მიყვარს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთ კარგ კომპოზიტორთან მუშაობის შესაძლებლობას ეხებოდა საქმე. დავთანხმდი შემოთავაზებას და ზაფხულში გავფრინდი ბულგარეთში, სადაც ბობის სტუდია აქვს. იქ დაიწყო ყველაფერი. თავიდან კოლეგიალური, საქმიანი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ შემდეგ სხვა თვალით შევხედე, მომეწონა, მესიმპათიურა. მერე და მერე კიდევ უფრო გამძაფრდა ეს განცდა და მივხვდი, რომ სერიოზულად მომწონდა. მოკლედ, ბობიმ იმდენი ქნა, რომ ჩემი გული დაიპყრო.
მალევე შექმენით ოჯახი?
მალევე, დაახლოებით ორ კვირაში შემომთავაზა დაქორწინება, რაც ასე ახსნა − დაგინახე თუ არა, ვიცოდი, რომ ეს „შენ“ იყავი და ამიტომ ბევრი ფიქრი არ მჭირდებაო. მე ცოტა არასერიოზულად აღვიქვი მისი ეს წინადადება, მაგრამ თავად დარწმუნებული იყო საკუთარ გადაწყვეტილებაში. ამის შემდეგ მაქსიმალურად ვეცადე დრო გამეყვანა, რადგან წარსულში ერთხელ უკვე დამენგრა ოჯახი და, ამის გათვალისწინებით, მეორედ ძნელად მივიღე გადაწყვეტილება. ბოლოს დავრწმუნდი, რომ ბობი იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც იქნებოდა საუკეთესო ქმარი და მამა.
გაცნობიდან 1 წლის თავზე, 2018 წლის ზაფხულში გვქონდა ნიშნობა. 14 ოქტომბერს დავიწერეთ ჯვარი მამადავითზე, ხელი კი ვენაში მოვაწერეთ. ქორწილის გადახდაში ჩემმა ფეხმძიმობამ შეგვიშალა ხელი და ახლა ვაპირებთ ქორწილის ორგანიზებას. ტრადიციულ ქორწილს არ ვგეგმავთ. ეს იქნება საზეიმო ვახშამი, სადაც მხოლოდ უახლოესი მეგობრები შევიკრიბებით. სავარაუდოდ, საქართველოში იქნება ან ვენაში.
თაკო, მეუღლეზე მოგვიყევით. მოსწონს საქართველო?
როგორც უკვე აღვნიშნე, ბობი მუსიკალური პროდიუსერი და კომპოზიტორია, რომელზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. მუშაობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველო ძალიან მოსწონს, უყვარს ქართული სამზარეულო და როცა აქ ჩამოდის, მოგზაურობს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. უყვარს მცხეთაში, ასევე ყაზბეგში წასვლა.
ამჟამად რითი ხართ დაკავებული ვენაში?
ჯერჯერობით მხოლოდ ბავშვით ვარ დაკავებული. საკმაოდ დიდი დრო მიაქვს შვილის გაზრდას. მეხმარება ქმარი, ძიძა, რომლის მადლიერიც ვარ; დედაც გვერდით მიდგას, მაგრამ საბოლოოდ, ამდენი დახმარების მიუხედავად, შვილისთვის დედის როლი და ზრუნვა შეუცვლელია.
რა ჰქვია პატარას?
გაბრიელა. სახელის დარქმევის ისტორიას მოგიყვებით: სანამ სქესს გავიგებდით, ბობიმ მითხრა, რომ ბიჭის სახელი მოფიქრებული ჰქონდა, გოგოს შემთხვევაში კი მთხოვა, მე შემერჩია სახელი. გაირკვა, რომ გოგონას ველოდით, მაგრამ ბოლომდე ვერ მოვიფიქრე, რა დამერქმია მისთვის. ახალდაქორწინებულები პატრიარქმა დაგვლოცა და სწორედ მას ვთხოვე, იქნებ დამეხმაროთ შვილისთვის სახელის არჩევაში-მეთქი. მიპასუხა, რომ დაიბადება, დამირეკე და მერე გეტყვიო. 20 იანვარს, როცა გაბრიელა გაჩნდა, დავრეკე უწმინდესთან. მალევე გადმომირეკეს და გადმომცეს მისი ნება, რომ ბავშვისთვის დაგვერქმია მთავარანგელოზ გაბრიელის სახელი, გოგოს შემთხვევაში − გაბრიელა. რასაკვირველია, დავუჯერე მას და სწორედ ასე დავარქვი.
როგორი გოგონაა პატარა გაბრიელა?
ძალიან მშვიდი და საყვარელი გოგოა. გარეგნულად მამას ჰგავს. წყნარი და კომფორტულად გასაზრდელი ბავშვია. ჯერ მისი ტირილიც კი არ გაგვიგია. დედაჩემისგან ვიცი, რომ მე ვიყავი ასეთი მშვიდი, ბუნჩულა ბავშვი და საბედნიეროდ, მე დამემსგავსა. ჩემი მეუღლეც ასეთივე მშვიდი და უპრეტენზიო ყოფილა ბავშვობაში.
თაკო, ძალიან კარგად გამოიყურებით. როგორ უვლით თავს?
მიყვარს და მსიამოვნებს თავის მოვლა. ვენაში ბავშვის გამო ვარჯიშს ვერ ვახერხებდი. როგორც კი თბილისში ჩამოვედი, სატრენაჟორო დარბაზში დავიწყე სიარული, ასევე ვცურავ, ხოლო ფიზიკურ აქტივობებს სწორი კვება ემატება. მას შემდეგ, რაც გაბრიელა ბუნებრივი კვების რეჟიმიდან ხელოვნურზე გადავიყვანე, დავიწყე დიეტა, რომ ფეხმძიმობის დროს მომატებული 18 კილოგრამი დამეკლო. ახლა კვლავ სასურველი წონა − 47 კილოგრამი ვარ და ვცდილობ, შევინარჩუნო. პერიოდულად ვიკეთებ მასაჟებს, სახის პროცედურებს. ვფიქრობ, ჩემს ასაკში, განსაკუთრებით ბავშვის გაჩენის შემდეგ, მიზანშეწონილია ორმაგად მივხედო გარეგნობას და მეც, შეძლებისდაგვარად, ვაქცევ ყურადღებას.
თაკო, რა პროფესიული გეგმები გაქვთ სამომავლოდ? აპირებთ სცენაზე დაბრუნებას?
სექტემბერში ბავშვი 8 თვის იქნება და რაკი ძიძაც მყავს, მე უკვე მექნება შესაძლებლობა, დავუბრუნდე ჩემს საქმიანობას. შვილის ყოლაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, ამას ვერაფერს შევადარებ და ღმერთის უსაზღვროდ მადლობელი ვარ ამ ბედნიერებისთვის, მაგრამ ამის პარალელურად, იმასაც მივხვდი, რომ ვერ ჩავჯდები შინ, რადგან ძალიან მომენატრა ჩემი საქმე, სიმღერა, სცენა, და ვაპირებ სერიოზულად განვაახლო მუშაობა. უკვე ჩავწერე რამდენიმე სიმღერა და მალე კლიპსაც გადავიღებთ. აგვისტოს ბოლოს მივდივარ რუმინეთში, საერთაშორისო კონკურსზე. ბობის უნდა, რომ კიდევ ერთხელ წავიდე ევროვიზიაზე, თუმცა მე არ ვთანხმდები. უახლოეს მომავალში აუცილებლად გამოვუშვებ ალბომს, დავგეგმავ კონცერტებს და ასე დავუბრუნდები ჩემს საყვარელ საქმეს.