შეილინ ვუდლი წარმატებულ სამსახიობო კარიერას, პოლიტიკურ ორგანიზაციებში მონაწილეობას და გარემოს დაცვით მოძრაობებში ჩართვას ერთმანეთს ერთდროულად უთავსებს. პირველად ის „დივერჯენტში“ გავიცანით, მას შემდეგ რამდენიმე წარმატებულ ფილმში მიიღო მონაწილეობა და „ოქროს გლობუსის“ ნომინაციაც მიიღო. ცოტა ხნის წინ ეკრანებზე „დიდი პატარა ტყუილების“ ახალი სეზონი გამოვიდა, სადაც მსახიობი მარტოხელა დედას განასახიერებს, რომელიც ძალადობის მსხვერპლია.
როგორ ემზადებოდით ჯეინის როლისთვის?
ბევრი ისტორია წავიკითხე ქალებსა და მამაკაცებზე, რომლებმაც სექსუალური ძალადობა გამოსცადეს და ამ ფაქტით ცხოვრებას განაგრძობენ. მაგრამ, რეალურად ეს პრობლემა მეგობრების, ოჯახისა და საკუთარი გამოცდილებით გავიაზრე. ამ ყველაფრის ყველაზე საშინელი მხარეა ის, რომ ოჯახური თუ სექსუალური ძალადობისგან არავინაა დაცული. თუ ეს თქვენ არ შეგმთხვევიათ, შესაძლებელია ამით თქვენი ახლობელი იყოს დაზარალებული.
პოლიტიკურად აქტიური ადამიანი ხართ. ადვილად გამოგდით გამიჯნოთ როლები კინოსა და პოლიტიკას შორის?
ჩვენ, ყველანი, უბრალოდ ადამიანები ვართ, რომლებიც ცდილობენ გააკეთონ ყველაფერი, რაც მათზეა დამოკიდებული. არ ვსაუბრობ რეიტინგის გაუმჯობესებისთვის ან იმისათვის, რომ ხალხმა იფიქროს, როგორი აქტივისტი ვარ. მიმაჩნია, რომ საკუთარი გამოცდილება უნდა გავაზიაროთ, მოვისმინოთ რას ფიქრობენ სხვები. სწორედ ასე იბადება სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება სამსახიობო ხელოვნებას, არასოდეს ვიღებ მონაწილეობას გადაღებებში იმის გამო, რომ რაიმე მესიჯი გავავრცელო.
რამ მიგიყვანათ პოლიტიკურ აქტივიზმამდე?
სიმართლე გითხრათ, ასეთი ვარ დაბადებიდან. ორი ფსიქოლოგი მზრდიდა, ამიტომაც ჩემთვის არ ყოფილა მნიშვნელოვანი არც პატრიარქატი, არც ანარქიზმი და არც რევოლუცია. მშობლებთან ერთად ხშირად ვსაუბრობდი ადამიანურ ემოციებზე, თანაგრძნობაზე და განცდებზე. დედაჩემი ყოველთვის ამბობდა, რომ თანაგრძნობა ქმედებაში ვლინდება. მეც ასე ვფიქრობ. ამიტომაც, ვერ ვხედავ განსხვავებას იმაში, რომ ვიყო საბჭოს „ჩვენი რევოლუციის“ წევრი და გამოვიდე პოლიტიკურ მიტინგზე, ან ვიჯდე თერაპევტის კაბინეტში. მთავარია, რაღაც აკეთო და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ და სად იმყოფები.
რას აკეთებთ, როგორც მოძრაობა „ჩვენი რევოლუციის“ წევრი?
არც ისე ბევრს, რადგანაც პოლიტიკის ადამიანი არ ვარ. უბრალოდ, ჩემში არის ლტოლვა, ენერგია და დაუცხრომელი ოპტიმიზმი. ვფიქრობ, როცა საქმე პოლიტიკას ეხება, ეს სწორედ ისაა, რაც საჭიროა. უნდა მახსოვდეს, რა მიზნით მოვედი და ადამიანებს მნიშვნელოვან პრობლემებზე მოვუთხრო. „ჩვენი რევოლუცია“ ჩემთვის ინფორმაციის წყაროა აუტსაიდერების შესახებ − კანდიდატების, რომელზეც CNN-ის, MSNBC-ის და Fox News-ის ეთერში არ საუბრობენ. ჩვენი ინფორმაცია ყოველთვის საგულდაგულოდ გადამოწმებული და სანდოა.
რას ფიქრობთ თქვენი რეპუტაციის გარშემო არსებულ შეხედულებაზე? გაღიზიანებთ?
უფრო მეტად მართობს. ცხოვრებისეულ ენერგიას ნეგატიურ ემოციებზე არ ვხარჯავ მათ გამო, ვისაც საერთოდ არ ვიცნობ. როცა ნეგატივს პირველად შევეჯახე, შეწუხებული ვიყავი, რომ ვიღაცას ჩემი ცხოვრება და ხედვა აღელვებს. ეს ისაა, რისიც მჯერა. ეს ისაა, რაც მინდა ვთქვა და ვილაპარაკო. არაფრის შეცვლა არ მსურს. ვფიქრობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავრჩეთ საკუთარ პერსონებად, ყველაფრის მიუხედავად. ვოცნებობ იმ რეჟისორებთან მუშაობაზე, რომლებითაც შთაგონებული ვარ და მსურს მოვყვე ისტორიები, რომლებიც ვიმედოვნებ, ადამიანის გულებზე იმოქმედებს.
ზოგადად, ჩვენს ინდუსტრიაში ყველაზე რთულია იყო აღიარებული, ცნობილი ან წარმატებული, რადგანაც ისინი, ვისაც არ მოსწონხარ, მაშინვე იარლიყებს აგკიდებენ. უცებ უამრავი ადამიანი გამოჩნდება, რომლებსაც თქვენზე გარკვეული აზრი აქვთ ჩამოყალიბებული, თქვენ კი მათთვის არაფერი დაგიშავებიათ. ყველაზე რთულია ამას შეეგუო. მაგრამ ამ მოვლენას ზედმეტი დრო არ უნდა დავუთმოთ. დიდი ხანია, რაც კომენტარებს აღარ ვკითხულობ, არც საკუთარ თავზე დაწერილ სიახლეებს ვეძებ. მივხვდი, რომ არ მეხება, რას იფიქრებენ ადამიანები ჩემზე.
საუბრობთ პოლიტიკაზე სერიალის კოლეგებთან ერთად?
ეს მუდამ ხდება. ყოველ ჯერზე, როცა ვსადილობთ, განვიხილავთ იმას, რაც ამ სამყაროში ყველაზე მეტად გვაღელვებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი შეხედულებები ყოველთვის ემთხვევა. შესაძლოა სხვადასხვა ბანაკებს მივეკუთვნებოდეთ, მაგრამ ხშირად განვიხილავთ პოლიტიკას. კამათის მიზეზი გვაქვს, მაგრამ არასდროს ვჩხუბობთ. ვფიქრობ, დემოკრატია ზუსტად ასე გამოიყურება.
როგორი რეაქცია გქონდათ თქვენი პერსონაჟის პიროვნულ ცვლილებებზე პირველი სეზონის შემდეგ?
ვფიქრობ, მეორე სეზონი უფრო მძიმე იყო, რადგანაც ყველა ჩვენგანს პერსონაჟებზე საკუთარი ხედვა გვქონდა ჩამოყალიბებული − ისევე, როგორც სცენარისტებს და რეჟისორს. შედეგად, შემოქმედებითი კონცეფციის შერწყმა მივიღეთ. პირველ სეზონში ხშირად ვხედავდით როგორ წარმოიდგენდა ჯეინი თავის ცხოვრებას, როგორ შეეძლო ყოფილიყო სხვა მოცემულობაში. ახლა კი მან ზუსტად იცის, როგორ გამოიყურება მისი ცხოვრება ერთი ადამიანის გარეშე. მეორე სეზონში მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო, როგორ ეცდებოდა წინსვლას, არა მხოლოდ იმ მტკივნეული მოვლენის შემდეგ, რომელიც რამდენიმე წლის წინ გადახდა, არამედ ახალი ტრაგედიის შემდეგაც.
ამაზე ჩემს კოლეგებთან ერთადაც ვსაუბრობდი. ჩემთვის საინტერესო იყო მათი აზრის გაგება იმაზე, თუ როგორ ვუმკლავდებით ფსიქოლოგიურ ტრავმებს, როგორ ვინახავთ საიდუმლოებებს, როგორ ვცხოვრობთ ტყუილით და ვის ვეუბნებით სიმართლეს.
ვფიქრობ, ტრავმები − პირადი განსაცდელებია. ჩვენი მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მათზე საუბარი მიღებული არაა. საიდუმლო ხშირ გამოცდილებად იქცა და ჯგუფური თერაპიის ნაცვლად, მას ყველა ინდივიდუალურად უმკლავდება. გამოდის, რომ გამოცდილება, რომელიც წარსულში მივიღეთ, დღევანდელ დღეს გვტანჯავს. ასაკი აქ მნიშვნელოვანი არაა, მნიშვნელოვანია როგორ გამოვხატავთ ემოციებს, უფლებას ვაძლევთ გამოვააშკარაოთ ისინი. თუ ვინმე გთხოვთ საიდუმლო შეინახოთ ან მოიტყუოთ, თქვენ არ ხართ ვალდებული, ასე მოიქცეთ. მაგრამ მნიშვნელოვანია გაიაზროთ, რომ ადამიანს ტკივილს მიაყენებთ იმ შემთხვევაში, თუ სიმართლეს იტყვით.
მეორე სეზონის პირველ სერიაში არის სცენა, როდესაც მამაკაცი გიახლოვდებათ და გეკითხებათ, ჯანმრთელი ხართ თუ არა ფსიქიკურად. ვფიქრობ, ეს აქტუალური საკითხია − არასოდეს მიფიქრია, რომ ვინმე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კითხვას ასე პირდაპირ დასვამდა. თქვენ რას ფიქრობთ?
ფსიქიკური ჯანმრთელობა ზოგადად ჩვენს ქვეყანაში აკრძალული თემაა. მე ეს სცენა მომეწონა. მართალია, ის უფრო ფლირტისთვის დამახასიათებელ რეპლიკას ჰგავდა, მაგრამ ფაქტი, რომ შეიძლება ფსიქიკურ მდგომარეობაზე ღიად ვიკითხოთ, გვაჩვენებს − ახალგაზრდა თაობას ამის არ რცხვენია. ისინი ამ მხრივ ადამიანს არ განსჯიან. თუ რაიმე დიაგნოზი დაგისვეს და ფსიქიკურად არასტაბილური ხართ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარესად ან უკეთესად ხართ. უბრალოდ, ერთი იარლიყი მოგაკრეს, რომელმაც შესაძლოა მეტი პროდუქტიულობისკენ ან უკეთესი ცხოვრებისკენ გიბიძგოთ. ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბარი ნორმალურია და ამისი არც უნდა გვეშინოდეს და არც გვრცხვენოდეს.
მეორე სეზონში ჯეინის გამოჯანმრთელებას დავაკვირდით. თავად როგორ კურნავთ საკუთარ თავს? რას აკეთებთ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის?
მე და ჩემი მეგობრები ამას „სპა-ცხოვრებას“ ვუწოდებთ. ეს შეიძლება იყოს საღამოობით, შინ ცეკვა საყვარელ მუსიკაზე. ძირითადად მარტო ყოფნით ვიკურნები. ინტროვერტი ვარ. საკუთარ თავთან კავშირის აღდგენის ჩემებური ხერხი სიჩუმე და სიმშვიდეა. ყოველდღე გამოვყოფ დროს იმისათვის, რომ ვკონცენტრირდე. მუსიკა, სატელეფონო ზარი მეგობართან, წიგნი, მედიტაცია, გასეირნება ან ვარჯიში − აი, ჩემი წამალი.
სერიალში სამაგალითო დედა ხართ. მხიარული და ვაჟიშვილის ნამდვილი მეგობარი. როგორი იყო დედის იმიჯის მორგება?
ვფიქრობ, ჯეინი ზიგისთან ერთად გაიზარდა. ის ისეთივე სისწრაფით ვითარდება, როგორც მისი შვილი. ჯეინი ვაჟიშვილს მის თანასწორად იღებს, პატივს სცემს მის აზრებს და ემოციებს. რაც შეეხება დედის როლს, ძალიან სახალისო იყო. იანთან ერთად მუშაობაც და თამაშიც უზომოდ სასიამოვნოა. ბავშვებთან მუშაობისას ყველაზე მშვენიერი ფაქტია, რომ ისინი გარშემო მომხდარ მოვლენებს ძალიან სათუთად გრძნობენ. გადაღებების დროს ოპტიმიზმით ვიმუხტებოდით, ეს დიდი თამაში-იმპროვიზაცია იყო. დიდ, პროფესიონალ მსახიობებს სპონტანურობის და გარშემო ყველაფრით გაოცების მომენტი არ აქვთ.
ხშირადაა შემთხვევები, როცა რაიმეს მიღება გსურთ, მაგრამ ეს არ შეგიძლიათ?
მუდამ. მინდა გავიგო, რა არის ოკეანის ფსკერზე, მაგრამ ნამდვილად ვერ შევძლებ იქ ჩაღწევას. რაღაცისკენ მისწრაფება ნორმალურია, ეს ჩვენს ბუნებაშია. მაგრამ, ამასთან ერთად, საკუთარ თავს ვადარებთ სხვა ადამიანების ქცევებს, სიტყვებს და ცხოვრების წესს. მედია ამ პრობლემის მოგვარებაში არ გვეხმარება, განსაკუთრებით − ახალგაზრდა თაობაში. შედიხარ ინტერნეტში და ხედავ სხვისი მშვენიერი ცხოვრების სურათებს, შემდეგ საკუთარში ბრუნდები, იხედები სარკეში და ცხოვრობ იმ აზრით, რომ შენ ისეთი არ ხარ, როგორიც ისინი არიან. მართალია, ეს ადამიანები ინსტაგრამიდან ლამაზები არიან, მაგრამ მათი გარეგნობა ხშირადაა გასწორებული ფოტოშოპით. ვინ უფიქრდება ამას, როცა სურათებს უყურებს? ამის მაგივრად ვფიქრობთ, რომ არასაკმარისად კარგები ვართ და ვერასოდეს დავემსგავსებით მათ. ეს ზიანს აყენებს ჩვენს თავდაჯერებას. ასე ვიყავი მეც, მაგრამ ასაკთან ერთად ეს გრძნობა გაქრა. აღარ ვდარდობ, თუ რას ფიქრობენ სხვა ადამიანები ჩემზე, იმიტომ, რომ მე ყველაზე უკეთ ვიცი, ვინ ვარ. ვფიქრობ, ეს ცოდნა ასაკთან ერთად მოდის.
როგორ შეიცვალა მონტერეი გადაღებების დაწყების შემდეგ?
მონტერეი მუდამ დარჩება პატარა, მყუდრო და მშვიდ სანაპირო ქალაქად. როცა გადაღებებზე დავბრუნდით, მთელი ქალაქი საუბრობდა: „დიდი პატარა ტყუილები“ დაბრუნდა!“ ბევრი ადამიანი მოვიდა იმის გამო, რომ ჩვენთვის შეეხედათ. მონტერეი არ შეცვლილა. ვფიქრობ, ცნობილი „ბინდის“ გადაღებების შემდეგ ყველამ დაიწყო ორეგონის შტატში მოგზაურობა. შეიძლება შევცდე, მაგრამ მონტერეის შემთხვევაშიც ასე მოხდება!
სერიალში ხშირად უყურებთ ოკეანეს. კლიმატი იცვლება და საუბრობენ მოსალოდნელ კატასტროფებზეც. როგორ ფიქრობთ, რა ბედი ელის ეკოლოგიას?
არავინ იცის, რა მოხდება. ვფიქრობ, მთავარი პრობლემა საყოველთაო უცოდინარობაა. ეს დიდი საიდუმლოებაა, და მაქსიმუმი, რასაც შეგვიძლია მივაღწიოთ − ამ პრობლემის განხილვაა. ის ყოველდღე უნდა გავარჩიოთ, როგორც ეკოლოგიური, ისე ეკონომიკური კუთხით. გენდერული უთანასწორობა, რასიზმი, კლასობრივი დისკრიმინაცია − უამრავი საკითხია, რომლებსაც პლანეტის განადგურება შეუძლია და ეკოლოგიასთან იკვეთება. მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ. ვფიქრობ, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, რადგანაც მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანი უძღვნის თავის ცხოვრებას სიტუაციის გაუმჯობესებისკენ სწრაფვას.
მშვენიერი სტილი გაქვთ! რა როლს თამაშობს თქვენს ცხოვრებაში სამოსი და გარეგნული იმიჯი?
ეს უბრალოდ თვითგამოხატვის ხერხია, ასე ვიღებ სიამოვნებას. საშუალო სკოლაში თავად ვკერავდი სამოსს: დავდიოდი საქველმოქმედო და ვინტაჟურ მაღაზიებში, ვპოულობდი ნივთებს და მათ საჩემოდ გადაკეთებას ვახერხებდი. მართლაც ვერკვეოდი მოდასა და სტილში. როცა ცნობილი გავხდი, გაჩნდნენ სტილისტები, რომლებიც მეუბნებოდნენ, რა უნდა ჩამეცვა. მაშინ დავიწყე დიზაინერების სამოსის ტარება, მაგრამ უეცრად თავი მანეკენად და საკიდად ვიგრძენი, საკუთარი თავის შეგრძნება დავკარგე. ეს არ მომეწონა და დიდხანს არ ვაქცევდი ყურადღებას ჩემს ჩაცმულობას − ყველაფერი მინდოდა. ახლა სიტუაციას სხვანაირად ვუყურებ, იმიტომ, რომ თავს დამოუკიდებლად ვგრძნობ. რამდენიმე დიზაინერს შევხვდი, რათა ისინი გამეცნო, როგორც მხატვრები. ამ შეხვედრებმა ჩემი შეხედულებები შეცვალა. ვფიქრობ, მოდა − ეს არის ხერხი, გამოხატო სათქმელი, უთხრა სხვას რა უნდა იფიქრონ თქვენზე. მოდა − ეს ფიქრების გაცვლაა. ის ჩვენი ხასიათისა და გარემოს მიმართ დამოკიდებულებას გამოხატავს. ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს, რომლებიც სამოსით გამოხატავენ საკუთარ თავს. აი, ეს მაინტერესებს.