კვენტინ ტარანტინოს უახლეს ფილმზე საუბარი მისი უძველესი ინსპირაციის გააზრებით უნდა დავიწყოთ. ფრანგული კაფის მოუხერხებელ სკამზე ოდილსა და არტურს შორის ჩამოჯდომამ და შემდეგ მათი ცეკვის გულმოდგინედ ყურებამ კვენტინზე მართლაც უდიდესი გავლენა იქონია. ეს საკმაოდ უხეში ალეგორიაა, თუმცა თუკი აქამდე მის სხვადასხვა ნამუშევრებს მხოლოდ ლაითმოტივად გასდევდათ ჟან-ლუკ გოდარის ხედვის ელემენტები, ამჯერად ეს ინსპირაციის წყარო ცნობილმა რეჟისორმა ჰოლივუდის ცენტრში ჩამოსხმულ ერთ დიდ ჩანჩქერად აქცია და ეს მართლაც ადვილი დასანახია. „ერთხელ ჰოლივუდში“ წარმოადგენს იმის უდიდეს დასტურს, რომ კვენტინ ტარანტინომ საბოლოოდ დაასრულა საკუთარი სტილის სრულყოფის პროცესი და ამის დიდ ეკრანზე წარმოსაჩენად არაფერი არ დაზოგა. სწორედ ამიტომ, ამ ფილმში თავისუფლად შეიძლება დავინახოთ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე ფეხის რომანტიზირებული ფეტიში და ლეონარდოს სამსახიობო ტალანტების არსენალია. მარგო რობის იდეალური ფიგურაც კი ვერ ფარავს მისი პერსონაჟის მძიმე წარსულს, თუმცა ამ შემთხვევაში ლაპარაკია ტარანტინოს მიერ უმაღლეს დონეზე წარმოდგენილ გოდარისეულ ახირებაზე. მას არაერთხელ უმუშავია მაღალი დონის მსახიობებთან და ასევე მეორეხარისხოვანი პერსონაჟებითაც უამრავჯერ შეუქმნია დაუვიწყარი სცენები. მაგრამ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს გრძელი და რთული გზა კვენტინმა სწორედ ამ ფილმის ასე გადასაღებად გამოიარა. მართლაც სწორედ დიდი გამოცდილება სჭირდება იმას, რომ ბრედ პიტის დონის მსახიობს სამოციანების ახალი ტალღის რეჟისორული ხედვა ბოლომდე მოარგო და მისი მოდერნიზმში ამოვლებული ღიმილი საოპერატორო წარმოდგენის უმაღლეს წერტილად აქციო. სცენების ერთ, უწყვეტ ხაზად გადაღების ასპექტი თუკი აქამდე ფრანგებისგან ნასესხებად ეთვლებოდა, ამჯერად ტარანტინომ სრულიად თავისად აქცია და ბრედ პიტის პერსონაჟის ისტორიის კულმინაციურ ნაწილში სწორედ ამ ძალიან რთული მიდგომის უშეცდომოდ გამოყენებით დაამტკიცა, რომ თანამედროვე სინემატოგრაფის უმაღლეს მწვერვალზე იმყოფება. თუკი გაინტერესებთ ის, თუ რას გადაიღებდა გოდარი 30 წლით გვიან დაბადების შემთხვევაში, მაშინ ამ ფილმის ნახვა საუკეთესო შანსია თქვენთვის აღნიშნულ კითხვაზე პასუხის მისაღებად.
საერთო ჯამში, „აუთსაიდერების ბანდის“ წევრებისგან განსხვავებით, ტარანტინო უფრო მოხერხებულ ქურდად გვევლინება და ისე შეუმჩნევლად და მარტივად იპარავს ადამიანთა კეთილგანწყობას სეანსის პირველივე ნახევარში, როგორც მია უოლასი და ვინსენტ ვეგა საცეკვაო ტურნირის თასს რესტორნიდან. თუმცა, ეს პროცესი იმდენად უფრო კომპლექსურია, რომ მისი ბოლომდე დაფასებისათვის ტარანტინოს 3-4 ფილმი მაინც უნდა გქონდეთ ნანახი. ეს პირველ რიგში იმ გონივრული ასპექტის გამოა საჭირო, რომელსაც ტარანტირო ყველა ფილმში აქტიურად იყენებს. მისი ყოველი ნამუშევარი ერთი დიდი კინოსამყაროს ნაწილია და მასში არსებული პერსონაჟები გამუდმებით გვევლინებიან ყოველ ახალ ფილმში. ისინი ძირითადად საკუთარ საქციელსა თუ ისტორიაზე დაყრდნობით მიღებული ვიზუალით ჩნდებიან ტარანტინოს ნამუშევარში, თუმცა ამჯერად კვენტინი კიდევ უფრო შორს წავიდა ამ მხრივ. მან არამარტო რამდენჯერმე ძალიან ჭკვიანურად მიგვანიშნა მის განვლილ ღირსეულ კარიერაზე, არამედ მის წინა ფილმებში შექმნილი პერსონაჟების ცხოვრების ხაზი სრულიად დინამიურად და კომფორტულად გააგრძელა „ერთხელ ჰოლივუდში“ და თანაც ეს არა მეორეხარისხოვან დონეზე, არამედ პირდაპირ ჩვენ ცხვირწინ გააკეთა. ყველაზე უფრო გენიალური განვითარება აღნიშნულ მინიშნებებს შორის ალბათ კურტ რასელისა და ზოი ბელის წყვილის ურთიერთობას აქვს. ტარანტინომ საკუთარი მართლაც განსხვავებული ძველი ფილმის პერსონაჟები არამარტო ეკრანებზე დააბრუნა, არამედ ისინი ერთმანეთზე დააქორწინა და როგორ ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, სამსახურშიც კი დააწინაურა ისინი. კურტისა და ზოის პერსონაჟები თუკი აქამდე ტარანტინოს ფილმებშიც და რეალურად გადასაღებ მოედანზეც დუბლიორის როლში გვევლინებოდნენ, ამჯერად „ერთხელ ჰოლივუდში“ ისინი დუბლიორების ჯგუფის ხელმძღვანელებად გვევლინებიან. ასეთი ჭკვიანური და ჭადრაკის სვლებისავით ზუსტად გათვლილი დეტალები ტარანტინოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ იარაღად უკვე დიდი ხანია რაც ითვლება, მაგრამ ამჯერად მან მართლაც რომ მთელი საკუთარი მჭიდი დაცალა ჩვენს თვალწინ და საუკეთესო მინიშნებების ნაკრები შემოგვთავაზა. შეიძლება ზოგს გადაჭარბებულადაც კი მოეჩვენოს ის მანძილი, რამხელაც ტარანტინომ გაიარა ამ ფილმის დეტალების ჩამოწერისას. სწორედ ამის გამო, მართლაც ადვილად შეიძლება იმის თქმა, რომ ყველაფერი რასაც ამ ფილმის ყურებისას ხედავთ, თითოეული ნივთი, მანქანა, რეკლამა, ადამიანი თუ სიგარეტის ღერიც კი, ატარებს ერთ, ორ და ზოგჯერ უფრო მეტ აზრს კვენტინ ტარანტინოს მიერ შექმნილ კინოსამყაროში და რეალურ ჰოლივუდურ ისტორიაშიც. სპოილერების გარეშე მართლაც რთულია ასეთი ღირსშესანიშნავი მინიშნებების სიის ჩამოთვლა ფილმზე საუბრისას, მაგრამ წერისას ერთი ღერი „წითელი ვაშლის“ მოწევას ამჯერადაც არაფერი უდგას წინ.
სრულიად ცალკე აბზაცი უნდა დაეთმოს ფილმის მთავარ დუეტს. ალბათ წარმოუდგენელიც კია იმაზე უფრო ზუსტი არჩევანის გაკეთება, ვიდრე ბრედ პიტისა და ლეონარდოს ამ ფილმის მთავარ გმირებად შერჩევაა. ტარანტინომ საკუთარი ფსიქოლოგიური ზეწოლის უნიკალური უნარი ამ შემთხვევაში ყველაზე უფრო უკეთ გამოიყენა და თუკი აქამდე ნივთებითა და ბილბორდებით გაკეთებულ მინიშნებებზე ვისაუბრეთ, ამ შემთხვევაში მან ცნობილი მსახიობების რეალური კარიერული ისტორიების ალეგორიულ წარმოდგენაზეც არ თქვა უარი. რთულია იმის არ შემჩნევა, თუ როგორი სიფრთხილითა და მოწიწებითაა შექმნილი რიკ დალტონის პერსონაჟი. იგი არამარტო მეოცე საუკუნის ლეგენდების ცხოვრებიდან ნასესხები ფაქტებით, არამედ შეიძლება ითქვას, რომ თვით ლეონარდოს რეალური კარიერული გზის დრამატული ეპიზოდებით შექმნილ პალიტრასაც წარმოადგენს. რიკ დალტონის კარიერული მზის ჩასვლის ისტორია თითქოს სტივ მაკქუინის მიერ სერიალებიდან ფილმის ინდუსტრიაში გადასვლის ისტორიას უნდა გვახსენებდეს, თუმცა იგი არანაკლებად გავს დიკაპრიოს პრესაოსკარე კარიერის მონაკვეთს. მიუხედავად იმისა, რომ რიკი ვესტერნის სალონში დგავს ოსკარის დონის წარმოდგენას და არა თოვლში ჩაძინებულ ტყეში, ეს მსგავსება მაინც საკმაოდ აშკარა და ემოციურია ფილმის მაყურებლისათვის. შესაბამისად, თუკი სეანსზე დიკაპრიოს მიმართ უკვე კეთილგანწყობილი შედიხართ, მთელი ეს ალეგორიული მიზანსცენები საკმაოდ დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ და დარწმუნებით უნდა ითქვას, რომ არც ცრემლების გარეშე არ დაგტოვებთ. ლეონარდოს პერსონაჟის ყოველი ინტერაქცია სხვადასხვა ადამიანთან ამ ფილმში სულ უფრო და უფრო გძირავთ იმ ემოციურ მორევში, რომელიც საბოლოოდ აპათიისგან სრულიად დაცლილს გრიყავთ თავისუფლების სანაპიროზე. ტარანტინო საკუთარი ფილმების გადაღების მთავარ მოტივად ყოველთვის მაყურებლის გართობას ისახავს, შესაბამისად როდესაც მას სურს რომ იტიროთ, ეს ყველაზე უფრო ნირვანისეულ და ღრმა ემოციურ გამოცდილებად იქცევა. სწორედ ამიტომაც, დიკაპრიოსთვის რიკ დალტონის განსახიერების საშუალების მიცემა ტარანტინოს მხრიდან უფრო დიად და ემოციურ ჟესტად გვევლინება, ვიდრე ჯულიანა მურის მიერ მისთვის სცენაზე ოსკარის გადაცემა იყო 2016 წელს. რაცარუნდა გასაკვირი იყოს, ეს ორი მოვლენა ერთნაირ ემოციურ მუხტს ატარებს და ეს სწორედ ტარანტიროს მიერ იდეალურად დაწერილი სცენარისა და პერსონაჟების ხასიათის დამსახურებაა ამ ფილმში.
ერთმნიშვნელოვნად გამოყოფას იმსახურებს ბრედ პიტისა და კვენტინ ტარანტინოს დუეტი. ფილმის მეორე ნახევარში რეჟისორი იმდენად იდეალურად ახდენს პიტის ყველა სახასიათო ასპექტისა და სამსახიობო ოსტატობის დონის გამოჩენას, რომ „ერთხელ ჰოლივუდში“ უპირობოდ შეიძლება ჩაითვალოს ბრედ პიტის მაგნუმ ოპუსად. ეს მართლაც მისი კარიერის ყველაზე გენიალური და სწორად შერჩეული როლია, რაც კი მას ოდესმე უთამაშია და ამაში სწორედ ტარანტინოს მიერ სრულყოფილ დონემდე აყვანილ გოდარისეულ ხედვას მიუძღვის უდიდესი წვლილი. ანჯელინას თუ არ ჩავთვლით, „ერთხელ ჰოლივუდში“ საუკეთესო რამაა, რაც კი ბრედ პიტს დაატყდა თავზე. როგორ ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, ასეთი ღრმა და ორაზროვანი ფილმის ყურებისას ეკრანზე კლიფის ყოველი გამოჩენისას თქვენ დაინახავთ თვითონ ბრედ პიტს და არა იმ დუბლიორს, რომელმაც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მანიაკს ჩახედა პირდაპირ თვალებში. კლიფის პერსონაჟის ასეთი სახითა და რაც მთავარია, ფილმის დასასრულს მისთვის მინიჭებული ასეთი მნიშვნელოვანი წონით, ტარანტინომ მართლაც სიყვარული აუხსნა იმ ქერა ბიჭუნას, რომელიც უკვე მრავალი დეკადაა რაც მილიონობით ადამიანის გულში საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს, საკმაოდ ბუნებრივადაც. თუკი მისტერ სმიტისა და ჯო ბლექის მიმართ ნოსტალგიური გრძნობები პოპკორნთან ერთად შეგყვებათ სეანსზე, მაშინ წინ მართლაც გულისშემძვრელად ემოციური და რაც მთავარია, ძალიან მხიარული სანახაობა გელით, განსაკუთრებით ფილმის ბოლოს. ეს ტარანტინოს მხრიდან ერთგვარად ჰგავს ბოდიშისა და მადლობის გადახდასაც პიტის მიმართ იმისათვის, რომ ამდენი წლის განმავლობაში პირველად აჩუქა სწორედ ისეთი ავთენტური მთავარი გმირის როლი საკუთარ ფილმში, როგორსაც პიტის პიროვნება იმსახურებდა. სწორედ აქ უნდა ვახსენოთ ის მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ბრედ პიტისა და დიკაპრიოს დუეტს ტარანტინოს წინა ფილმების წამყვანი პერსონაჟებისგან გამოარჩევს. თუკი აქამდე კვენტინი ფილმის წამყვან მსახიობს, ამ შემთხვევაში დიკაპრიოს დონის პერსონაჟებს აცვავდა დღის გადამრჩენელი გმირის კოსტიუმს, ამჯერად ჯანგოსა და გმირი პატარძლის ადგილს სწორედ ბრედ პიტი იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ რიკ დალტონი მაინც ყველაფრის ამომავალი წერტილია, რეალური სამყაროდან ტარანტინოს რეალობაში ყველაფერი სწორედ ბრედ პიტს გადაჰყავს საკუთარი მომხიბვლელი ღიმილით. ეს მართლაც რომ სასაცილო და თანაც აპლოდისმენტების ღირსი მოვლენაა ფილმის კლიმაქსისას. თანაც ფილმის მთავარი სუპერგმირის კოსტიუმის მორგებისას, პიტი ლეიტენანტი ალდო რეინის უნიფორმას საკმაოდ მოკრძალებულად უყოფს დიკაპრიოსაც, რის გამოც რეჟისორის ნაცვლად თვითონ მაყურებელს გრჩებათ იმის გადაწყვეტის უფლება, თუ რომელია ამ ორიდან ბეტმენი და რომელი მისი დამხმარე რობინი.
ტარანტინო საკმაოდ უხეშად გვანახებს იმას, რომ ჰოლივუდი საერთოდ არ ასახავს რეალურ ცხოვრებას და ამის მაგივრად, მის ეპიცენტრში ესკაპიზმისა და კათარზისის ფერებში გადაწყვეტილი ალტერნატიული რეალობა იქმნება. სწორედ ასეთი ორიგინალური კუთხით უდგება იგი ჩარლზ მენსონის ისტორიასაც და სპოილერების გარეშე საკმაოდ რთულია იმის თქმა, თუ რა გზით ახდენს იგი მის წარმოჩენას, მაგრამ დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ თქვენს ყველა თეორიას ტარანტინო ვინსენტ ვეგას გზას გაუყოლებს. სტრიმინგის სერვისებისა და ჰოლივუდის კიდევ ერთი, სრულიად ახალი ერის დაწყებასთან ერთად ყოველდღიურობაში ხშირად შეხვდებით გაფრთხილებას სპოილერების შესახებ, თუმცა ტარანტინოს მიერ ამ ფილმის დასაწყისში წარმოდგენილი თხოვნა შინაარსის კონფიდენციალურად შენახვასთან დაკავშირებით, მართლაც ყველაზე უფრო ადეკვატური და სწორი მოთხოვნაა, რადგან მან 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი გადაიღო. ასეთი მიღწევის დაცვა კი, ბუნებრივია რომ მართლაც საჭიროა, რათა ყველამ საკუთარი თვალით შეძლოს მისი გამოცდა.
მართალია ეს ფილმი მარტივად შეიძლება ჩაითვალოს ტარანტინოს საუკეთესო ნამუშევრად, მაგრამ ეს მას უნაკლოს სტატუსს ნამდვილად არ სძენს. ფილმის პირველ ნახევარში რეჟისორი ზედმეტად დიდი მონდომებით ცდილობს შექმნას თავისეული ლოს-ანჯელესი, მთელი იმ დიდებული ჰოლივუდური ბრწყინვალების ერთი-ერთში დასანახად, რომელსაც სამოციან წლებში ამერიკა ჰქონდა მოცული. ძვირფასი მანქანები, ტარანტინოს საყვარელი კინოთეატრების ბრწყინვალება, ეპოქის უდიდესი ვარსკვლავებით სავსე წვეულებები და სასახლეები, მართლაც რომ საუკეთესო ატმოსფეროს ქმნის დეკორაციებით ტკბობის მოყვარულთათვის. სამაგიეროდ, მთელი ამ იდეალურ დონემდე აყვანილი სამყაროს სრულყოფილად და დეტალურად წარმოჩენა ძალიან დიდ დროს იკავებს ფილმის ქრონომეტრაჟში. თუმცა, ეს ტარანტინოა, მას ყოველი სეანსისას ჩვენი გადაყვანა სწორედ ისეთ რეალობაში სურს, სადაც მაქსიმალურ სიამოვნებას მივიღებთ და შესაბამისად, მთელი ეს ვიზუალური პრელუდია საკმაოდ მარტივად ეპატიება მას. იგი ხომ სხვა ბევრი ცნობილი რეჟისორისგან განსხვავებით, მხოლოდ ესთეტიკური კუთხის სრულყოფით არ შემოიფარგლება. ტარანტინოს მთავარი იარაღი ყოველთვის სცენარის თავისეული შეთხზვა და შემდეგ მისი სწორი ოპერატორული მექანიზმებით გაცოცხლება იყო. შესაბამისად, ამ ლამაზ ქალაქში გასეირნებისას, თქვენ ხელს ჩაგკიდებენ სრულყოფილად შექმნილი პერსონაჟები და რაც მთავარია, უნიკალური მონტაჟის წყალობით ყველა სასიამოვნო ასპექტის ხილვას სულ რაღაც ორსაათნახევარში შეძლებთ. როგორც წესი, ტარანტინოს ფილმები ყოველთვის სავსეა მოქმედებებითა და სისხლიანი სცენებით, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ „ერთხელ ჰოლივუდში“ ტარანტინომ ყველაზე უფრო გაწონასწორებულად გამოიყენა წითელ საღებავში ამოვლებული ფუნჯი. ეს ფილმი ხომ ერთგვარად სწორედ ზღაპარს გავს, სადაც ერთხელ შორს, ცხრა ზღვისა და მთის გადაღმა ხდება მოქმედება და შესაბამისად, ფინალურ გვერდებს ყველაზე უფრო დიდი წონა აქვს. ტარანტინომაც, სწორედ მათზე გადაწყვიტა საკუთარი საფირმო ხელმოწერის დატანა და ორ საათიან კათარზისისა და ჭკვიანური დიალოგების კოქტეილს, საბოლოოდ ზეთის ხილიც დაუმატა უდიდესი ადრენალინის ტალღის სახით. აქვე არ უნდა დავივიწყოთ კვენტინ ტარანტინოს კიდევ ერთ საფირმო იარაღი, რომელიც ნოტებითაა დატენილი. „ერთხელ ამერიკაში“ გაფორმებულია ისეთი დონის მუსიკით, რომელიც არამარტო ყოველი სცენის ხასიათს ამრავალფეროვნებს და მათ აღქმას უფრო ადვილს ხდის, არამედ ასევე საკმაოდ ღრმა და ორიგინალური ქვეტექსტების მატარებელიცაა. მაგალითად კლიფისა და მენსონის ოჯახის წევრი ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონას საერთო სცენებს თან გასდევს სიმღერა, რომელიც ერთ-ერთ ცნობილ ფილმში ასევე ისეთი წყვილის ურთიერთობის საუნდტრეკადაა ქცეული, რომელთა შორისაც ასაკობრივი განსხვავება დიდია. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ფილმში ყველაფერს საკუთარი ადგილი და ლაითმოტივი გააჩნია, რისი მთავარი მიზანიც ისაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეგიყვარდეთ კვენტინ ტარანტინო. სწორედ მხოლოდ მას შეუძლია საკუთარი ფილმის იმდენად ბევრი გენიალური ასპექტით გავსება, რომ მისი შეფასების დაწერისას შესაძლოა საერთოდ აღარც კი მოგინდეთ ალ პაჩინოს წონის მსახიობების ხსენება იმის აღსანიშნავად, რომ ამ ფილმის ნახვა აუცილებლად ღირს. ეს ფილმი არის ტარანტინოს ტრიუმფი და საშუალება იმისა, რომ ისიამოვნოთ მისი ყველა საუკეთესო ფილმის ყურებით ერთდროულად, სულ რაღაც ორსაათნახევარში. „ერთხელ ამერიკაში“ მისი ნახვის შემდეგ ტარანტინოს მის ცოლზე უფრო უკეთ გაგაცნობთ.