რა სარგებელს ქმნის საქართველოს პირველი არხი საზოგადოებისთვის − ეს ის საკითხია, რომელზეც ევროპის ყველა საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის დღის წესრიგია ორიენტირებული. საქართველოს პირველი არხის დირექტორის პირველი მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი ქართული მედიასაშუალების ამ და სხვა პრიორიტეტებზე OK!-სთან საუბრობს და არხის ყველა საინტერესო სიახლის შესახებ გვიამბობს.
საქართველოს პირველი არხის, როგორც პლურალისტური მოსაზრებების პლატფორმის არსებობა აუდიტორიის ყველა ჯგუფის ინტერესების მოპასუხედ გვევლინება, თუმცა სამომავლოდ არხი კვლავაც ბევრს გვპირდება. როგორც თინათინ ბერძენიშვილი აღნიშნავს, განახლდება მასშტაბური მეგაპროექტები და მაყურებლის წინაშე წარდგება ყველა ის გადაცემა, რომელიც საყოველთაო საზოგადოებრივ ინტერესს ემსახურება.
როგორ შეაფასებდით გასულ სატელევიზიო სეზონს?
ალბათ, რაც აუდიტორიისთვის ყველაზე შესამჩნევი იყო, ეს ქართული, ორიგინალური კონტენტის გაორმაგებული წარმოებაა. წელს 6-დან 12 საათამდე გაიზარდა პირველი არხის ეთერში ადგილობრივი პროდუქციის განთავსება, რაც მთლიანობაში 30-ზე მეტ სატელევიზიო გადაცემას მოიცავს. 2018 წელს კანონში შესულმა ცვლილებებმა მოგვცა საშუალება შეგვესყიდა გარე წარმოების პროდუქტი და შესაბამისად მაყურებელს შევთავაზეთ ისეთი მეგაშოუები, როგორებიცაა „საქართველოს ვარსკვლავი“, „მასტერშეფი“, ქართული სერიალი „იდეალური დედა“, იუმორისტული გადაცემა „კაცები“ და ყველასთვის საყვარელი ინტელექტუალური თამაში − „რა, სად, როდის“. ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, აუდიტორიის მოთხოვნის დაკმაყოფილება, მეორე მხრივ კი მედიაინდუსტრიის განვითარება. წელს მნიშვნელოვანი რესურსი ჩაიდო ქართული სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების მიმართულებით. პირველი არხი პერმანენტულად სთავაზობს საზოგადოებას მაღალი ხარისხის ქართულ დოკუმენტურ ფილმებს. სულ ცოტა ხანში გამოვა ახალი დოკუმენტური სერიალი „პოლკოვნიკის დახეული წერილები“, რომელიც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან წლებს (1914-1921 წწ.) ასახავს. პირველი არხის მიერ მომზადებული პროდუქტის გარდა, გვაქვს არაერთი კოპროდუქცია, ასევე სხვადასხვა სახის თანამონაწილეობა, რადგან მიგვაჩნია, რომ ბაზარზე მცირე რესურსების არსებობის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია წარმოების ინდუსტრიის წახალისება და მისთვის სტიმულის მიცემა.
რას აძლევს/უბრუნებს საქართველოს პირველი არხი საზოგადოებას?
ეს ის საკითხია, რომელიც ერთ-ერთი პირველი დგას ევროპის ყველა საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის დღის წესრიგში. ჩვენ შემთხვევაში მთავარი უსაფრთხო მედიის კონცეფციაა, რომელიც გულისხმობს ეთერში მხოლოდ გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაციის განთავსებას, რაც ყალბი ახალი ამბების ეპოქაში ორმაგად აქტუალური გახდა. პოლარიზებულ საზოგადოებაში კი დღეს, ისე, როგორც არასდროს, საჭიროა პლურალისტური მოსაზრებების პლატფორმის არსებობა. გარდა ახალი ამბების მიმართულებისა, უსაფრთხო მედიაეთერი იმ კონტენტის განთავსებას გულისხმობს, რომელიც საერთო ღირებულებების, ცოდნისა და მრავალფეროვნების გამავრცელებელია. პირველი არხის მაყურებელი მთელი დღის განმავლობაში თვალყურს ადევნებს მაღალი ხარისხის გადაცემებს, სერიალებს და ფილმებს, რომლებიც აუდიტორიის ყველა ჯგუფის ინტერესების პასუხად მზადდება ყველა პლატფორმისთვის − იქნება ეს ტელევიზია, რადიო თუ ონლაინსივრცე.
საზოგადოებისთვის დაბრუნებული შედეგია თუნდაც პირველი არხის პროექტ „წიგნების თაროს“ მიერ კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაშვებული 13 მოსწავლე, რამაც ამ ახალგაზრდების მომავალი შეცვალა; გადაცემაში „ხარ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანი“, გათამაშებული 167 000 ლარი, რომელიც მთლიანად საქველმოქმედო მიზნით, სკოლებისთვის და ბავშვებისთვის დაიხარჯა. საბედნიეროდ, სია ძალიან გრძელია.
რას შესთავაზებს პირველი არხი ახალ სეზონზე მაყურებელს?
ახალ სეზონზე ეთერს განაახლებს ყველა არსებული გადაცემა და ის მეგაპროექტები, რომლებმაც პირველ არხს წარმატება მოუტანა. მაყურებელს დაუბრუნდება სერიალი „იდეალური დედა“, ახალი სატელევიზიო დროით და ახალი ქრონომეტრაჟით; რა თქმა უნდა, ახალ სეზონს უკვე ამზადებს „აკუსტიკა“− პროექტი, რომელიც არა მარტო გვასმენინებს, არამედ გვაჩვენებს, თუ როგორ ჟღერს საქართველო; ახლახან პროექტ „მარტივი ლოგიკის“ საბავშვო ვერსია ჩაიწერა, ბავშვები თავად პოულობდნენ სოციალურ ქსელებში ჩვენს გვერდს, გვიკავშირდებოდნენ და ითხოვდნენ მონაწილეობას. ეს თაობა ამ გადაცემამდე მობილურმა აპლიკაციამ მოიყვანა − ახალმა ქცევამ, რომელსაც ვერსად გავექცევით. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული აპლიკაციაა. მიხარია, რომ ის ლოგიკას და წერის უნარებს ავითარებს, შესაბამისად, სასარგებლოც არის, საინტერესოც და გასართობიც. ახალ სეზონზე არ ვუღალატებთ ტრადიციას და მაყურებელს მხოლოდ მაღალი ხარისხის სერიალებს, ლიცენზირებულ ფილმებს, კინოჰიტებს შევთავაზებთ. სპორტის მოყვარულებს უკვე სექტემბრიდან ელით ერთგვარი ზეიმი, რადგან ჩვენს არხზე რაგბისა და კალათბურთის თვეა, სრულად იცვლება პროგრამირება. ზოგადად, რთულია ყველას ჩამოთვლა შეძლო ასეთ შეზღუდულ ფორმატში. პირველი არხისთვის თითოეული პროექტი ღირებულია, რადგან არც ერთი არ იქმნება მხოლოდ რეიტინგის, კომერციული შემოსავლის ან სხვა გავლენის მოსაზიდად − ყველა პროექტი ცდილობს მაქსიმალურად უპასუხოს საზოგადოების ინტერესებს, მაღალ მედიასტანდარტებს და გახადოს ყველაფერი კარგი პოპულარული, ხოლო პოპულარული − კარგი და ხარისხიანი. ვცდილობთ ავსახოთ და მაყურებელს ვაჩვენოთ ყველაფერი ის, რაც გვაერთიანებს.
თქვენ ძალიან აქტიურად ხართ ჩართული საერთაშორისო მიმართულებით მუშაობაში. მოგვიყევით, რა გამოწვევები აქვს ქართულ მედიას საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.
საერთაშორისო თანამშრომლობა პირველი არხისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა ევროპულ ტრადიციებს უკავშირდება. შესაბამისად, საუკეთესო გამოცდილების აღება სწორედ ამ თანამშრომლობით არის შესაძლებელი. მაგალითად, ამჟამად, დღის წესრიგში დგას ყალბი ახალი ამბების პრობლემა, რომლის წინააღმდეგაც მთელი დასავლური მედიაორგანიზაციები დაირაზმნენ − ევროპის მაუწყებელთა კავშირი, Reporters Without Borders (RSF), Agence France Press (AFP) და Global Editors Network (GEN) ერთობლივად მუშაობენ ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების დოკუმენტზე, რომელიც დეზინფორმაციის საპირწონედ იმუშავებს. წარმოუდგენელია ასეთი მასშტაბური საკითხებისთვის თავის მარტო გართმევა. ამ შემთხვევაში, ერთობლივი მუშაობა და ამ სტანდარტის ადგილზე დანერგვის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვახსოვს, რომ თავად პირველი არხი არაერთხელ გახდა ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის ობიექტი.
ახლახან აგირჩიეს EBU-ს გენდერული ჯგუფის ხელმძღვანელად. ამ მიმართულებით თქვენს საქმიანობაზე რას იტყვით − როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ნაწილში?
გენდერული თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ზოგადი სტერეოტიპების საკითხი ჩვენს საზოგადოებაში კვლავ მტკივნეულად დგას. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ სადმე სხვაგან ყველაფერი რიგზეა. პრობლემა ყველგან არის – ზოგან ეფექტურად მუშაობენ მის აღმოსაფხვრელად, ზოგან ნაკლებად. სწორედ ამ გამოცდილების გაზიარებისა და მუშაობის ერთობლივი მიდგომის შესაქმნელად ჩამოყალიბდა ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელადაც ამირჩიეს. მჯერა, რომ ჩვენი მომავალია იქ, სადაც ქალები და მამაკაცები არიან თანაბრად დაფასებული, თანაბრად ღირებული და რაც მთავარია, თანაბრად წარმოდგენილი.