ჩვენი რუბრიკის სტუმარი ძალიან საინტერესო, განსაკუთრებულ და რაც მთავარია, სოციალურად მნიშვნელოვან საქმეს უდგას სათავეში. დიდი ხანი არ არის, რაც განო მელითაურმა მეუღლესთან, კახაბერ გაგნიძესთან ერთად ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა ISF GEORGIA დააფუძნა, სადაც ამჟამად უკვე სოციალური საწარმოც ფუნქციონირებს და „კომბინიზონას“ ბრენდით გამოდის ბაზარზე. განო და კახა ერთად ხელმძღვანელობენ ამიერკავკასიის მასშტაბით ერთადერთ მოდის სახლს, რომელიც ადაპტირებულ სამოსსაც კერავს. „კომბინიზონა“ პირველი მრავალმხრივი ბრენდია, რომელიც უნიკალური ფერების არქიტექტურაზე აწყობილი სამოსით ცხოვრებას ულამაზებს, უფერადებს და უმარტივებს მომხმარებლებს, მათ შორის ორსულებს, ბავშვებსა და შშმ-პირებს; აქვს თერაპიული დატვირთვა, ატარებს სოციალურად უმნიშვნელოვანეს კამპანიებს და თავისი საქმიანობის მრავალმხრივი მიმართულებებისა და უნიკალური პროექტების საშუალებით, ჩვენი საზოგადოებისთვის საოცრად სასარგებლო საქმეს აკეთებს.
განო, მოგვიყევით, როგორ დაფუძნდა „კომბინიზონა“? საიდან წამოვიდა იდეა და როგორ განახორციელეთ თქვენ და თქვენმა მეუღლემ?
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 4 წლის წინ, სანამ ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტს დავამთავრებდი და ინოვაციური საწარმოს მენეჯმენტის სპეციალიზაციის მაგისტრი გავხდებოდი, გავაკეთე ფერების მიმღებლობის კვლევა. კვლევა მოიცავდა ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკის ბიზნესმოდელს, რაც ბავშვობიდან ჩემი ინტერესის სფეროა – პატარაობიდან მოყოლებული, მუდამ ვხატავდი ტანსაცმლის ესკიზებს. მიუხედავად იმისა, რომ ბაკალავრით კინორეჟისორი ვარ და ამ მიმართულებით წარმატებული საქმიანობაც მქონდა, დიზაინერობა და ტანსაცმლის შექმნის სფერო იყო ის, რაც ყოველთვის მსურდა, მაგრამ ვერასოდეს გამოვნახე დრო და გამბედაობა, რომ ამ მიმართულებითაც მომესინჯა ძალები. მოხდა ისე, რომ შევხვდი კახას, ახლა უკვე ჩემს მეუღლეს, დავმეგობრდით და გავაცანი ჩემი გეგმები. კახა პირველი ადამიანი იყო, ვინც ბოლომდე ირწმუნა ჩემი იდეები და აი, უკვე შარშან გავხსენით „კომბინიზონას“ შოურუმი, რომელიც ინოვაციური ფაბრიკის პირველ კონცეპტუალურ ბრენდს წარმოადგენს.
რა არის ბრენდის მთავარი კონცეფცია?
„კომბინიზონა“ მთლიანად ემყარება ფერების არქიტექტურას. ჩვენი თითოეული მოდელი რაღაცას ნიშნავს, გარკვეულ შინაარსს ატარებს, თერაპიული დატვირთვა აქვს და ადამიანებისთვის ბედნიერებისა და დადებითი ემოციების მინიჭებას ემსახურება. თავიდანვე მიზნად დავისახეთ შეგვექმნა ბრენდი, რომელსაც ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა მოემსახურებოდა, ევროპაშიც გავიტანდით და მოდის რუკაზე საქართველოს სრულიად ახლებურად, განსხვავებულად მონიშნავდა. გვჯერა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. ჩვენი საქმეები და იდეები დააფასა „საქართველოს ბანკის“ „სიცოცხლის ფონდმა“, გავიმარჯვეთ კონკურსში და მივიღეთ გრანტი, რომლის საშუალებითაც ამიერკავკასიაში პირველი სოციალური საწარმო შევქმენით, სადაც ადაპტირებური ტანსაცმელი იკერება. ეს ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილი სამოსის დამზადებას სპეციალური, განსაკუთრებული ტექნიკით, რომელიც ძალიან გაუმარტივებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. გვაქვს შარვლები, ზედატანები, ქურთუკები იმ ადამიანებისთვის, რომელთაც უჭირთ მოძრაობა, აქვთ პარკინსონის დაავადება, ეტლით მოსარგებლეები არიან... აღსანიშნავია, რომ ჩვენი სამოსი თავიდან ბოლომდე ნატურალური ნედლეულით მზადდება.
გვაქვს ცალკე სამოსის ხაზი ორსულებისთვის – დიზაინერული, ფერადოვანი და კომფორტული ტანსაცმელი, რომელიც ფეხმძიმეებს გაულამაზებს და გაუხალისებს ცხოვრებას.
გვაქვს საბავშვო ხაზიც, ვკერავთ ჩვილებისა და მოზრდილი ბავშვების ყოველდღიურ და გამოსასვლელ ტანსაცმელს, ასევე დიზაინერული ექსკლუზიური მოდელები, რომლებიც ერთი-ერთში იმეორებს ჩემს ესკიზებს. საბოლოო ჯამში, „კომბინიზონა“ ჩამოყალიბდა მულტიფუნქციურ ბრენდად, რომელიც უშვებს ქალის, ბავშვისა და ადაპტირებულ სამოსს. ჩვენი ორიენტირია ასევე დიდი ზომის ლამაზი სამოსი. „კომბინიზონას“ მთავარი ნიშაა ფერების არქიტექტურაზე აგებული ორიგინალური, ლამაზი, დიზაინერული სამოსი, რომელიც ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ჩვენ უარს ვამბობთ შავ ფერზე და ვებრძვით მას ფერადოვნებით. ვფიქრობთ, რომ ასე ნაცრისფერ თბილისს გამოვაცოცხლებთ და გავაფერადებთ.
რატომ „კომბინიზონა“? საიდან გაჩნდა სახელწოდების იდეა?
კომბინეზონები ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და მომწონდა. თან თვითონ სიტყვას თუ დააკვირდებით, კომბინაციაზეა აწყობილი და ესეც მომწონს. ასე გამოვიდა, რომ „კომბინირებული“ „კომბინიზონა“ გავაკეთეთ.
განო, თქვენს ბრენდში გამოირჩევა სამოსი, რომელზეც სოციალური მესიჯებია ასახული. ამ მხრივ აუცილებლად აღსანიშნავია კამპანია #გოგოსდედა. ამ პროექტზე ვისაუბროთ.
დიახ, ეს გახლავთ კამპანია სელექციური აბორტის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს სამოსზე ავსახეთ და გამოვუშვით ქურთუკები, ჰაშთაგებით „გოგოსდედა“, „ველოდებიგოგოს“. ასე ვეცდებით, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ მავნე სოციალური სტერეოტიპების რღვევაში და პირიქით – მაქსიმალურად წავახალისოთ ჯანსაღი დამოკიდებულებები.
ვისაუბროთ „კომბინიზონას“ დედების კლუბზე.
ჩვენ შევქმენით ფეისბუქჯგუფი მომავალი და უკვე გამოცდილი დედებისთვის, რომლის საშუალებითაც შევეცდებით მათზე ზრუნვა გასცდეს ლამაზი და კომფორტული სამოსის წარმოებას და გადაიზარდოს სხვადასხვა სასიამოვნო და სასარგებლო აქტივობაში, დედებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაში. ჯგუფის წევრებს შევახვედრებთ ხოლმე ექიმებს, სხვადასხვა სპეციალისტს, გავშლით უამრავ საინტერესო და სასარგებლო თემას, და ერთად ვიმსჯელებთ. ახლა ვიკრებთ მეგობარ კომპანიებს, რომლებიც დაგვეხმარებიან, რომ ჩვენი კლუბის წევრ დედებს გავულამაზოთ ცხოვრება.
განო, როგორ ხდება თქვენი სამოსის შეძენა?
შოურუმის გარდა, გვაქვს ვებგვერდი: isfgeorgia.ge სადაც ძალიან მალე იქნება შესაძლებელი პროდუქციის შეძენა. ამჟამად მასალის ატვირთვის რეჟიმში ვართ და სულ მალე გვექნება გამართული, კომფორტული ვებგვერდი. პროდუქციის მიწოდება საქართველოს მასშტაბით უფასო იქნება და ინდივიდუალურ შეკვეთებსაც მივიღებთ. პროფესიონალთა გუნდი და მაღალი ხარისხის დანადგარები მომხმარებლების სწრაფად და ეფექტურად მომსახურების საშუალებას გვაძლევს. ვცდილობთ, მაქსიმალურად კარგი სერვისი შევთავაზოთ მომხმარებლებს.
ჩვენს შოურუმში განსაკუთრებული სიხარულით ვხვდებით ბავშვებს. სანამ დედიკოები სამოსს არჩევენ, მათ შეუძლიათ მხიარულად გაატარონ დრო და ხატონ, ჩვენ კი ეს ნახატები სამოსზე გადავიტანოთ. ფაბრიკაში გვაქვს განსაკუთრებული დანადგარი, რომელიც ამ ემოციური, გამორჩეული სერვისის შეთავაზების საშუალებას გვაძლევს. აქვე გვაქვს ფოტოსტუდია – მომხმარებლები ჩვენსავე კოსტიუმებს ირგებენ და სიხარულით ფოტოსესიობენ ხოლმე.
როგორც აღნიშნეთ, თქვენს სამომავლო გეგმებში შედის პროდუქციის ექსპორტიც. სად აპირებთ თქვენი სამოსის გატანას?
დიახ, ჩვენი მიზანია, ადგილობრივის გარდა, ევროპის ბაზარზეც გავიტანოთ და წარმოვადგინოთ ჩვენი სამოსი, რადგან ჩვენი განსაკუთრებული ნიშა – ადაპტირებული ტანსაცმელი, სავარაუდოდ უცხოური ბაზრებისთვისაც საინტერესო იქნება. ვგეგმავთ პარიზის, მილანის ცნობილ შოურუმებში მონაწილეობას უკვე დიზაინერული ხაზით. ექსპორტს მთლიანად კახა ხელმძღვანელობს.
განო, უფრო ვრცლად გვესაუბრეთ „კომბინიზონას“ სამომავლო გეგმებზე.
უახლოეს მომავალში ვაპირებთ ინტერაქტიული სამოსის გამოშვებას. ვგეგმავთ, რომ ჩვენი მომდევნო, საინტერესო, ინოვაციური ნაბიჯი სწორედ ეს იყოს. ინტერაქტიული სამოსი გახლავთ ტექნოლოგიებთან „დამეგობრებული“ ტანსაცმელი, რომელზეც ჩვენს შემთხვევაში, თამაშები იქნება ინტეგრირებული. როგორც ხვდებით, საუბარია ბავშვებისთვის განკუთვნილ პროდუქციაზე, რომელიც დაეხმარება მოზარდებსა და ბავშვებს, ისწავლონ თვლა, ფერები, ქართული ანბანი, და კიდევ სხვა ბევრი მათთვის საინტერესო რამ. გვეყოლებიან ზღაპრის გმირები. უფრო შორს მიმავალ გეგმებში, ინვესტიციების მოზიდვის შემდეგ ვაპირებთ ვაწარმოოთ თერაპიული დანიშნულების სამოსი, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.
ასევე, გვაქვს გეგმები საგანმანათლებლო სფეროშიც. მომავალი კვირიდან, „ალტერბრიჯთან“ გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, ერთობლივად ვიწყებთ ბავშვებისთვის განსაკუთრებული საკვირაო სკოლის შეთავაზებას, სადაც მოზარდები ბევრი საინტერესო აქტივობით იქნებიან დაკავებულნი. ძირითადი აქცენტები იქნება კინოზე, დრამატურგიაზე, ხელოვნების ისტორიაზე... ვნახოთ, იმედი მაქვს, ეს წამოწყება გაამართლებს. სექტემბრიდან, ასევე „ალტერბრიჯთან“ ერთად მოდის საერთაშორისო სკოლას დავაფუძნებთ და სათავეში ჩავუდგებით. ამჟამად მიმდინარეობს მილანის, პარიზის მოდის უნივერსიტეტებთან მოლაპარაკებები, ჩამოვიყვანთ ცნობილ დიზაინერებს და მოდის მარკეტერებს. გვინდა გავაკეთოთ ამიერკავკასიაში პირველი საერთაშორისო დონის ხელოვნების კოლეჯი, რომელიც შემდეგ უნივერსიტეტად გადაიქცევა. ეს სასწავლებელი გამოუშვებს და აღზრდის კონსტრუქტორებს, მკერავებს, მოდის მარკეტერებს, არქიტექტორებს, დიზაინერებს. გვეამაყება ეს პროექტი, რადგან ახალი საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ვნახოთ, საკმაოდ დიდი და საინტერესო გეგმები გვაქვს, რომელთა გასახორციელებლად თავდაუზოგავად ვშრომობთ.
განო, ჩვენი საინტერესო საუბრის დასასრულ, თქვენს ოჯახზეც მოგვიყევით. ვიცით, რომ თქვენსკენ ძალიან სასიამოვნო სიახლეებია.
ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ხელახლა დამბადა. ბედნიერი ვარ, რადგან ძალიან კომფორტულია მასთან ურთიერთობა, რაც, ალბათ, საერთო ღირებულებების გავლენაა. კახა 11 წლით უფროსია ჩემზე. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გასაუბრებაზე დამიბარა და ასე გავიცანით ერთმანეთი. შემდეგ თავბრუდამხვევად და სწრაფად განვითარდა მოვლენები. თავად კახამ ძალიან ბევრი ემოცია და ძალისხმევა ჩადო ჩვენს ურთიერთობაში. გვაქვს ძალიან კარგი ოჯახი, ჩემს შვილებს უზომოდ უყვართ, თავად კახასაც 2 შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. მოკლედ, ერთი დიდი მეგობრული ოჯახი ვართ. ახლა უკვე საერთო შვილიც გვყავს – 2 თვის რენე და ჩვენი მეშვიდე შვილი – „კომბინიზონა“, რომელსაც ერთიანი ძალებით ვუვლით. ხანდახან უკვირთ ხოლმე, როცა იგებენ, რომ ცოლ-ქმარი ასე შეთანხმებულად, ჰარმონიულად ვპარტნიორობთ. კახას არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს და ძალიან კომფორტულია მასთან ერთად მუშაობა.