ხელოვნება ამდიდრებს ადამიანსო, მითხრა ბატონმა გოგიმ, როდესაც ინტერვიუს ვამზადებდით. ნამდვილად, ამდიდრებს ყველა მიმართულებით. მეტიც − რაც მეტად ეზიარება ადამიანი ხელოვნებას, მით უფრო უკეთესი ხდება ის ყოველდღიურად. დღეს, საქართველოში არსებობს გოგი ალექსი-მესხიშვილის ხელოვნების სკოლა, რომელიც ფუფუნებაა იმ ადამიანებისთვის, ვინც სცენითა და თეატრით არიან დაინტერესებულნი, რადგან ეს სკოლა აძლევს მაქსიმალურ ცოდნასა და თავისუფალ აზროვნებას სტუდენტებს, რომელთაც აინტერესებთ თეატრის ხელოვნება.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ამ სკოლის სტუდენტებმა პრაღის კვადრიენალეს საერთაშორისო გამოფენაზე დიდი გამარჯვება მოიპოვეს და უმაღლესი ჯილდოს − „ტრიგას“ მფლობელნიც გახდნენ. ამ გამარჯვებასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით სკოლის წარმომადგენლებს: მის დამფუძნებელს, ბატონ გოგი ალექსი-მესხიშვილს, ხელოვნებათმცოდნესა და პროექტის კურატორ ქეთევან შავგულიძეს და კონკურსის ერთ-ერთ მონაწილეს − ფოტოგრაფ მარი ნაკანი-მამასახლისს.
ბატონო გოგი, მოგვიყევით სკოლის შესახებ. რა იყო მისი შექმნის მთავარი მიზანი და როგორ უნდა მოვხვდეთ ამ სკოლაში?
(გოგი ალექსი-მესხიშვილი): ჩემი დიზაინის სკოლა შეიქმნა 2014 წელს, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს სამწლიან პროგრამას. ვასწავლით თეატრალურ დიზაინს, 3D-ს, ხელოვნების ისტორიას, ინსტალაციას, კოსტიუმს და ტექნიკურ თეატრს. სწავლა უფასოა და არც ნიშნები იწერება.
სკოლის შექმნის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ჩემი დაკვირვებით საქართველოს განათლების სისტემა არ არის თანამედროვე მოთხოვნის დონეზე და ახალგაზრდებს არ აძლევს ფუნდამენტურ განათლებას. სკოლაში მოხვედრა ხდება კონკურსის საფუძველზე − ნამუშევრები, გასაუბრება, მოცემულობა. იანვრიდან გამოცხადდება კონკურსი და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შემოიტანონ პორტფოლიო რუსთაველის თეატრში, სკოლის მენეჯერ ვათა მატარაძესთან.
ქეთი, მოგვიყევით პრაღის კვადრიენალეს შესახებ. რამდენად ელოდით გამარჯვებას?
(ქეთევან შავგულიძე): პრაღის კვადრიენალე სცენოგრაფიის, სცენის, პერფორმანსის, სივრცის დიზაინისა და თეატრალური არქიტექტურის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც 1967 წლიდან ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში დარგის ცნობილ სპეციალისტებს ახალი იდეის გარშემო აერთიანებს. შესაბამისად, 2019 წლის პრაღის კვადრიენალეზე, სადაც სცენოგრაფიული ნამუშევრები 80-ზე მეტი ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი, უმაღლესი ჯილდოს − „ტრიგას“ მიღება „საუკეთესო სტუდენტური გამოფენისთვის“, დიდი სიხარულის მომტანი იყო მთელი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, გამარჯვება არ ყოფილა თვითმიზანი. უპირველესად, ჩვენ ვფიქრობდით, რომ სტუდენტების ჩართულობა ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში შეუცვლელი გამოცდილება იქნებოდა მათთვის (გამოფენა მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება). შეფასებას კვადრიენალეზე შეკრებილი საუკეთესო სპეციალისტები ახორციელებენ, რაც საშუალებას მისცემდა სტუდენტებს კონტაქტები დაემყარებინათ როგორც დამწყებ დიზაინერებთან, ასევე მსოფლიოს ცნობილ და აღიარებულ სცენოგრაფებთან, არტისტებთან, კრიტიკოსებთან.
მინდა აღვნიშნო ცნობილი ქართველი სცენოგრაფის, თემურ ნინუას მიერ გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს მიღებული ჯილდო პრაღის კვადრიენალეზე − ოქროს მედალი საუკეთესო კოსტიუმებისთვის. ჩვენ ეს ესტაფეტა გადავიბარეთ და განსაკუთრებით ვამაყობთ იმით, რომ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ისტორიაში ეს პირველი პრიზია.
(გოგი ალექსი-მესხიშვილი): როდესაც რომელიღაც პროექტს აკეთებ, წარმატებაზე ფიქრი დამღუპველია. ამ პროექტს ბევრი ტექნიკური და ფინანსური სირთულეები ჰქონდა. იყო დაძაბული გუნდური მუშაობა და წარმატებაზე ფიქრის დრო არ გვქონდა.
(მარი ნაკანი-მამასახლისი): იმდენი ქვეყანა მონაწილეობდა და ისეთი ძლიერი ნამუშევრები ჰქონდათ გამოტანილი, რომ გამარჯვებაზე არც კი მიოცნებია.
რამდენი სტუდენტი მონაწილეობდა პროექტში?
(ქეთევან შავგულიძე): პროექტში 8 სტუდენტი მონაწილეობდა. გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე დიზაინის სკოლის სახელით, საქართველოს სტუდენტური გამოფენა „მედეა/მედია“ წარადგინეს სოფია შარიამ, ნინო ჯანდიერმა, გიორგი ორახელაშვილმა, მარიამ ნაკანი-მამასახლისმა, ილია საჯაიამ, თინათინ მეგრელიშვილმა, ნანა ესიავამ და მარიამ ხაჭაპურიძემ.
ბატონო გოგი, ვინაიდან ახალგაზრდებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება გაქვთ, რას გვეტყოდით დღევანდელ ახალგაზრდობაზე და რა არის მთავარი, რასაც თქვენი სკოლა ასწავლის სტუდენტებს?
(გოგი ალექსი-მესხიშვილი): მთავარი, რასაც ვასწავლი, არის თავისუფალი აზროვნება. ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა საქართველოში, მაგრამ ძირითადად აკლიათ პროფესიული განათლება და რაც მთავარია, თავისუფალი აზროვნება.
თქვენთვის რა არის თავისუფლება?
(გოგი ალექსი-მესხიშვილი): თავისუფლება არის თავისუფალი აზროვნება. ამის გარეშე, ადამიანი არ არის თავისუფალი.
ისევ პრაღის კვადრიენალეს დავუბრუნდები: ქეთი, მარი, რას მოუტანს ეს გამარჯვება სკოლას და იმ სტუდენტებს, რომლებმაც ეს პრიზი მოიპოვეს?
(ქეთევან შავგულიძე): პრაღის კვადრიენალე სერიოზული გამოწვევაა თეატრის ახალგაზრდა მხატვრებისთვის. ეს გახლავთ მნიშვნელოვანი პლატფორმა გამოცდილების შეძენისა და მომავალი პროფესიული განვითარებისთვის. ფესტივალის საშუალებით, სტუდენტებს საერთაშორისო არტ-სცენაზე გააქვთ საკუთარი ნამუშევარი, ეცნობიან ოთხი წლის განმავლობაში სცენოგრაფიის დარგში განხორციელებულ უმნიშვნელოვანეს ნოვატორულ პროექტებს, მიღწევებს სცენის დიზაინის დარგში და მსოფლიო მნიშვნელობის არტისტებთან ერთად სახავენ დარგის განვითარების ახალ გზებს. გამარჯვება კი, შემდგომი განვითარებისა და ძიების მოტივაციად იქცევა მათთვის − ისევე, როგორც ახალგაზრდა ხელოვანების რეალიზაციაზე ორიენტირებული სკოლისთვის, რომელსაც საოცარი გუნდი ჰყავს, რომელიც ამდენი წელია პროფესიონალიზმის, განათლებისა და თავისუფლების პრინციპებით ხელმძღვანელობს, რაც დარგის განვითარებისა და ხელშეწყობის აუცილებელი პირობაა.
(მარი ნაკანი-მამასახლისი): ამ ჯილდომ შეგვმატა თავდაჯერებულობა.
ქეთი, მოგვიყევით თქვენს ჩართულობაზე ამ პროექტში. საიდან გაჩნდა მთავარი იდეა, რომელსაც ეს ფოტოები ეხებოდა?
(ქეთევან შავგულიძე): ჩემთვის, როგორც პროექტის კურატორისთვის, ეს მესამე პროექტია პრაღის კვადრიენალეზე. გამოფენისთვის მზადებას პრაღის კვადრიენალეს საორგანიზაციო ჯგუფი ძალიან დიდი ხნით ადრე იწყებს. შესაბამისად, სტუდენტური პავილიონის კურატორის პოსტზე ჩემი განაცხადი და კონცეფცია ორი წლით ადრე დამტკიცდა კვადრიენალეს საორგანიზაციო ჯგუფის მიერ. შესაბამისად, რუსთაველის თეატრთან არსებული, გიორგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე დიზაინის სკოლის არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად, გამოფენის ძირითადი თემისა და მოთხოვნების საფუძველზე დავიწყეთ მზადება პროექტისთვის, რომელიც დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებდა, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, გამოფენის კონცეფცია საქართველოს ისტორიულ და მითოლოგიურ ნარატივს აერთიანებდა და ახალი სცენოგრაფიული რეალობის შექმნას ისტორიული და პერსონალური მეხსიერებისა თუ წარმოსახვის საფუძველზე გულისხმობდა. ამ რეალური/ვირტუალური თეატრის მთავარი პერსონაჟები დევნილებთან ერთად დამთვალიერებლებიც იყვნენ. მიტაცებული მიწა, ოკუპირებული ტერიტორია, დევნილები და ანტიკური ტექსტი... განსხვავებული ენები და ადამიანები „სივრცის განუსაზღვრელ მანძილსა და განუზომელ დროში“.
(გოგი ალექსი-მესხიშვილი): დავამატებდი, რომ ეს ინსტალაცია იყო ინტერაქტიული, სადაც მაყურებელიც ჩართული გახლდათ. ეხებოდა აფხაზეთის თემას, შეიცავდა დევნილთა ფოტოებს და ვიდეოს − აფხაზეთისა და მედეას თემაზე.
დაბოლოს: ბატონო გოგი, რა შეცვალა თქვენში ამერიკის მრავალწლიანმა გამოცდილებამ?
(გოგი ალექსი-მესხიშვილი): ამერიკაში ყოფნამ არაფერი შეცვალა ჩემში, რადგანაც ჩემი მსოფლმხედველობა არ შეცვლილა. ერთადერთი, რაშიც დავრწმუნდი, ის გახლავთ, რომ თავისუფალ ქვეყანაში ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.