ძველი ნივთები ყველა ადამიანში ალბათ განსაკუთრებულ ემოციას აღძრავს. ყოველთვის გინდა ისტორიას გადახედო და გეფიქრება იმაზე, თუ სად, როგორ და ვის ხელში იყო ესა თუ ის ნივთი, რა ცხოვრება და როგორი ისტორია იდგა მის მიღმა... ჟურნალისტობაც ამ ნივთებისადმი ინტერესს ჰგავს თითქოს − მუდამ გინდა ახალი ადამიანები იპოვო თავიანთი ძველი, საინტერესო წარსულითა და მომავლით, რომელიც იცი, რომ გარკვეული დროის შემდეგ იმ წარსულ ისტორიად იქცევა, სხვა ადამიანებს ისევ ისე მიიზიდავს და დააინტერესებს, როგორც ჩვენ გვიზიდავს დღეს, რომლებსაც სხვადასხვა ინტერიერში შეიძლება წავაწყდეთ.
ეს ფიქრები ჩემი ამჟამინდელი რესპონდენტის სახლმა და იმ საოცარმა გარემომ ამიშალა, რომელიც იქ დამხვდა: თითქოს ყველა დეტალი გათვლილია და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ეს ძველი ნივთები ახალ გარემოსთან, ძველ სახლში, ახალი ინტერიერით ძალიან მიმზიდველ და იდუმალ გარემოს ქმნის. დანარჩენი კი წაიკითხეთ ჩვენს ინტერვიუში, რომელიც სპეციალურად თქვენთვის, OK!-ის ერთგული მკითხველისთვის ჩავწერეთ.
როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
ჩემი ყოველი დღე ერთმანეთისგან განსხვავებულია, რადგან მუდამ სხვადასხვანაირი საქმე მაქვს ხოლმე. შესაბამისად, არ გამაჩნია ყოველდღიური გაწერილი გრაფიკი, რომ დილით უნდა ავდგე და აუცილებლად წავიდე სამსახურში.
ანუ რუტინა არ გიყვართ?
მიყვარს სიმშვიდე და სტაბილურობა, მაგრამ რუტინა არა. რაც უნდა საყვარელ საქმეს ვაკეთებდე, მინდა მქონდეს თავისუფალი არჩევანის საშუალება − როდის რას გავაკეთებ. როგორც ჩანს, ამან განაპირობა ჩემი თავდაპირველი პროფესიის არჩევაც − როცა მხატვარი გქვია, არ ხარ დროსა და სივრცეში შეზღუდული. მრავალფეროვნება არის ის, რაც აუცილებელია იყოს ჩემს საქმიანობაში. როგორც ჩანს, ჟურნალისტიკაც სწორედ ამ კუთხით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. მივხვდი − ყველაზე მეტად ეს სფერო იმიტომ მომწონს, რომ მუდამ განხვავებულ ისტორიებზე წერ, განსხვავებულ ადამიანებს ხვდები, განსხვავებულ პირობებში ხარ. აქ თითქოს არ არის განმეორებისა და რუტინის საშიშროება. როცა პროფესია სავსეა მრავალფეროვნებით, უფრო მეტად გიყვარს შენი საქმე − ასე მგონია.
თქვენი ჟურნალისტური საქმიანობის მიღმა მრავალი საინტერესო ინტერვიუა ძალიან ცნობილ ადამიანებთან. რამდენად რთული იყო მათი დაყოლიება?
დღევანდელი კომუნიკაციის მასშტაბები ძალიან დიდია, ხოლო მაშინ, როდესაც ამ ინტერვიუებს ვწერდი, აბსოლუტურად სხვა რეალობა იყო მსოფლიოში − მობილური ტელეფონებიც კი მაშინ ჩნდებოდა. პირველი ჩემი ვარსკვლავური ინტერვიუ იყო ბერლინის ფესტივალზე, სადაც მუდამ დავდიოდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ქართული მედია ამ დონის ვარსკვლავებისთვის საინტერესო არ იყო, რადგან ქართული ენის გამო, დაფარვა ჩვენს მედიას ძალიან მცირე აქვს. თუკი რუსულად ან ინგლისურად წერ, ვარსკვლავური ინტერვიუების ჩაწერის უფრო მეტი შანსი გაქვს. მიუხედავად ამისა, ცდას არ ვაკლებდი, აგენტებთან ბევრს ვმუშაობდი და ჩემი დაჟინებითა და მონდომებით მაინც ვახერხებდი ამ ადამიანებთან შეხვედრას. თავიდან იყო სატელევიზიო ინტერვიუები, შემდეგ კი ჟურნალ „ანაბეჭდისთვის“ ჩაწერილი ძალიან საინტერესო ადამიანები. შემიძლია გავიხსენო ერთ-ერთი ასეთი ინტერვიუ მარიო ვარგას ლიოსასთან, რომელიც მაშინ ბერლინში სულ სხვა მიზეზით იყო ჩამოსული. თავისთვის იჯდა მაგიდასთან და ვერავინ ცნობდა. ავდექი და პირდაპირ მივედი, ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს და მსურდა ინტერვიუს ჩაწერა. ისეთი დიდი სიხარულით დამთანხმდა, გაკვირვებული დავრჩი. მსგავსი ცნობილი ადამიანები ცხოვრობენ ჩვეულებრივი ცხოვრებით და იციან, რომ მათი საქმიანობის ერთ-ერთი ნაწილი ჟურნალისტებთან ურთიერთობაა და ამას დიდი სიხარულით აკეთებენ. რაც უფრო დიდია ადამიანი თავისი შემოქმედებითა და საქმიანობით, მით მეტად უშუალო და თავმდაბალია. თამამად ვამბობ ამას, ჩემი მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ ჟურნალისტიკაში.
თქვენს ცხოვრებაში იყო ყველასთვის საყვარელი ჟურნალი „ანაბეჭდი“. მოგვიყევით ამ გამოცდილებაზე...
„ანაბეჭდი“ იყო სრულიად განსხვავებული ხასიათის ჟურნალი. არც მანამდე და არც მას შემდეგ ამ სტილის გამოცემა არ ყოფილა ქართულ ბეჭდურ მედიასივრცეში. ნინო დარასელი ძალიან მიყვარს. ის არის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი, რომელიც ოდესმე მინახავს. მისით მუდამ აღფრთოვანებული ვარ, რადგან ისეთი უშრეტი სიკეთე და დადებითი ენერგია მოდის მისგან, რომ უბრალოდ გამაოგნებელია. ის, რომ ჟურნალი „ანაბეჭდი“ იყო ისეთი, როგორიც იყო, ზუსტად ამ ადამიანის დამსახურებაა. ეს გახლდათ თავისუფლების კუნძული, სადაც არაჩვეულებრივი ადამიანები იკრიბებოდნენ, ერთმანეთს იდეების უცვლიდნენ. აქ არ არსებობდა განუხორციელებელი პროექტები. „ანაბეჭდის“ საშუალებით წავედი თეირანში, რაც იმ დროს მარსზე გამგზავრების ტოლფასი იყო. იქ ჩავწერე ფანტასტიკური რეჟისორები, ფოტოგრაფები... მათი ნაწილი „ანაბეჭდის“ საშუალებით საქართველოშიც ჩამოვიყვანეთ და საოცარი გამოფენა გავაკეთეთ.
გარდა ჟურნალისტური საქმიანობისა, გიტაცებთ ხელნაკეთი ნივთების შექმნაც. როდის დაინტერესდით ამით?
„მარჯვე ხელები“ ბავშვობიდან მქონდა. შესაბამისად, არ მახსოვს ზუსტად როდის დავიწყე ხელნაკეთი ნივთების შექმნა. თუკი კონკრეტულად სამკაულებზე ვისაუბრებთ, შემიძლია გავიხსენო ჩემს ქმართან ერთად მოგზაურობა იტალიაში, სადაც უამრავი ანტიკვარული მაღაზიაა და საოცარი სამკაულები იყიდება. მახსოვს, რომ ყველა მაღაზიასთან ვჩერდებოდი, ვუყურებდი ამ საოცრებებს და მინდოდა ყველაფერი შემეძინა. ამის შემდეგ ვიფიქრე, რომ გავაკეთებდი ხელნაკეთ სამკაულებს და რადგან ყველაზე კარგად საყურეებს მოვიხმარ, შესაბამისად, დავიწყე საყურეების დამზადება. ბუნებრივია, ეს იმ იტალიურ ანტიკვარიატს ვერ გაუთანაბრდებოდა, მაგრამ ჩემს მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. გამოდის, რომ პირადი სიამოვნების გამო დავიწყე ამ საქმის კეთება. შემდეგ ისე გამოვიდა, რომ მეგობრებსაც ძალიან მოსწონდათ ჩემი შექმნილი სამკაულები, ამიტომ დავიწყე მათთვის საჩუქრების კეთება. შემდეგ რამდენიმე გამოფენაც მოვაწყე და ასე დაიწყო ჩემი საქმიანობა ამ მიმართულებით. თუმცა, სამწუხაროდ, დიდი დრო არ გამაჩნია ამ საქმიანობისთვის და ამიტომ ბევრი რამის გაკეთებას ვერ ვასწრებ. პერიოდულად მაქვს ხოლმე „შემოტევები“− გავაკეთებ ერთ სერიას, მერე ვეღარ ვიცლი. გაზაფხულზე „გამოვაცხვე“ ბროშების მთელი სერია, თუმცა ახლა ვერ მოვაბი თავი.
სად არის შესაძლებელი თქვენი ხელნაკეთი ნივთების შეძენა?
მსურველებს შეუძლიათ გამოფენის დროს შეიძინონ. მაღაზიაში ეს ნივთები არსად მიდევს, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, ბევრი დრო არ მაქვს ამ საქმიანობისთვის და შესაბამისად, ნივთები, რომლებსაც გამოფენისთვის ვაკეთებ ხოლმე, გამოფენაზევე იყიდება. თუკი ვინმეს კონკრეტული რამ აინტერესებს, შეუძლიათ პირადად დამიკავშირდნენ.
ინტერიერი, რომელშიც ცხოვრობთ, საოცრად ფერადია − ძველი ნივთებითა და მრავალი ულამაზესი დეტალით გაფორმებული... მოგვიყევით, როგორ შეიქმნა ეს გარემო?
ყოველ ჯერზე, სადმე თუ მოვხვდები, ყოველთვის რაღაც მომაქვს შინ. ჩემი მშრალ ხიდზე გასვლა ხომ არასოდეს სრულდება იქიდან ხელცარიელი წამოსვლით. ძალიან მიყვარს ძველი ნივთები, რადგან მიმაჩნია, რომ ისინი საკუთარ ისტორიას ატარებენ. რაც შეეხება ბევრ სხვადასხვა ნივთს, ეს უბრალოდ დროის ამბავია და შევძლებ დაგროვებას. მე არ ვარ კოლექციონერი. უბრალოდ, მიყვარს ლამაზი ნივთების შეძენა და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ეპოქას, ქვეყანას, დანიშნულებას. დიდი სიხარულით შეიძლება ვიყიდო ძველი ჩინური ჩაიდანი, ჩარჩო ან მეხანძრის ჩაფხუტი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონდა თანამედროვე ავეჯი და ინტერიერი ჩემს სახლში, დღეს უფრო მეტად ძველი ნივთები მომწონს ზუსტად იმ გარემოში, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ. ბოლო დროს უფრო ლურჯის გუნებაზე დავდექით და სამი წლის წინ კიდევ შევცვალეთ მე და ჩემმა მეუღლემ ეს ინტერიერი. ჩემი კომფორტისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს გათვლილი და სილამაზესთან ერთად, კომფორტული.
შვილები...
კესარია და ლელიო − ამ ადამიანებმა მთლიანად შეცვალეს ჩემი ცხოვრება. კესარიათი დაიწყო აბსოლუტურად სხვა რეალობა და ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. სიმართლე გითხრათ, წინასწარ არასოდეს მიფიქრია და მიოცნებია, როგორი ოჯახი მექნებოდა და ყველაფერი გამოვიდა იმაზე უკეთესი, ვიდრე ოცნებაში შემეძლო წარმომედგინა.
რამდენად გაუჭირდა ან გაუადვილდა თქვენს მეუღლეს საქართველოში ცხოვრება?
ჩემი მეუღლის სამსახურებრივი ინტერესები ამ რეგიონშია და შესაბამისად, საქართველოში ჩამოსვლა მისთვის არ ყოფილა რაიმე სახის დათმობაზე წასვლა. ოჯახი და სამსახური აქ აქვს და ამიტომ, არც გაუჭირდა. თავს მშვენივრად გრძნობს და ძალიან უყვარს საქართველო. ძირითად დროს აქ ვატარებთ, მხოლოდ ხანგრძლივ არდადეგებზე მივდივართ ხოლმე საფრანგეთში.
მეგობრები...
მე ვარ ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი. მაინტერესებს და მიყვარს ადამიანები. შესაბამისად, მსიამოვნებს და ჩემთვის საინტერესოა განხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობაც. ხოლო რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ჩემი მეგობრები არიან, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ერთნაირად გვესმის ეს სამყარო. ბედნიერებაც ჩემთვის ეს არის − მათთან ერთად ჯდომა ჩემი სამზარეულოს აბაჟურის ქვეშ და საუბარი ყველა თემაზე...