ჩვენი რუბრიკის გმირი ქართულ რეალობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მომხიბლავი წარმომადგენელი, KEY COMMUNICATION-ის დამფუძნებელი თეონა ბაღდავაძეა. თეონას ამჯერად ახალი გამოწვევა აქვს − ჩვენი ჟურნალის BOOK-ის აგვისტოს თვის ტურიზმის გამოცემის მოწვეული რედაქტორია. რას ნიშნავს ტურიზმი, როგორ ხედავს მოგზაურობის ფენომენს და რა გზით მოახერხა აგვისტოს თვის OK! BOOK-გამოცემა საქართველოში ერთ დიდ მოგზაურობად ექცია − წაიკითხეთ თეონა ბაღდავაძესთან ინტერვიუში, რომელიც საოცრად ორიგინალურ და ლამაზ სასტუმრო BRIM TBILISI-ში მასთან შეხვედრის დროს ჩავწერეთ.
თეონა, მოცემულ მომენტში თქვენ ჩვენი ჟურნალის სტუმარიც ბრძანდებით და მასპინძელიც ერთდროულად, რადგან აგვისტოს თვის OK! Tourism book-ის მოწვეული რედაქტორი ხართ. გვითხარით, რას ნიშნავს ქართული OK!-ის ტურისტული გამოცემის რედაქტორობა თქვენთვის?
უპირველესად, უნდა ვთქვა, რომ მედია არის ჩემი დიდი ხნის სიყვარული და პირველი პროფესია, რადგან საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტობამდე ჟურნალისტი ვიყავი. მე თავადაც მაქვს საკუთარი პორტალი. OK! ძალიან მომწონს, ჩემი საყვარელი ჟურნალია და პირდაპირ გეტყვით − ნინჩო ჯიბლაძის მთავარი რედაქტორობის პერიოდში კიდევ უფრო საინტერესო გახდა ჩემთვის ამ ჟურნალის ფურცვლა და ყოველ ნომერს დიდი ინტერესით ველი ხოლმე. OK!-სთან ხშირად ვთანამშრომლობ, როგორც რესპონდენტი, და ახლა ძალიან მიხარია book-ის რედაქტორობა.
ცოტა ხნის წინ განვითარებულმა მოვლენებმა დამაფიქრა მნიშვნელოვან საკითხზე − მაინც რას ნიშნავს ადამიანისთვის მოგზაურობა და რატომ ვეშურებით ყველანი, რომ წავიდეთ და მოვინახულოთ, აღმოვაჩინოთ ახალი გარემო, ახალი ადგილები. ამ კითხვაზე პასუხი ალბათ იმდენია, რამდენი მოგზაურიცაა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვფიქრობ ყველას სურვილი საერთოა − სამყაროს შეცნობისა და ამ მოცემულობაში საკუთარი თავის უკეთ გაცნობის. არ დავმალავ, და არ ვარ დიდი მოგზაური. ფორიაქით ვიცი ხოლმე მოგზაურობისთვის მზადება. კომფორტის მოყვარული ვარ და წინასწარ კარგად ვგეგმავ, რომ ამ მხრივ საჭირო და აუცილებელი პირობები უზრუნველყოფილი იყოს მოგზაურობის დროს. სწორედ ამ მიზეზით, არასოდეს ვყოფილვარ ლაშქრობაში.
თეონა, საიდან გაჩნდა იდეა, რომ OK! TOURISM BOOK-ის გამოცემისთვის გეხელმძღვანელათ?
ჩვენს მოგზაურობის მოგონებებს თუ გადავხედავთ, ადვილად აღმოვაჩენთ, რომ მათ შორის საუკეთესო საკუთარ ფესვებთან დაბრუნებას და მათთან სიახლოვეში ყოფნას უკავშირდება. ბავშვობის გრძელი ზაფხულები, რომლებიც თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე საყვარელ ადამიანებთან − ბებია-ბაბუებთან ერთად გატარებას უკავშირდება. როცა იმაზე ფიქრი დავიწყე, თუ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ამ მოგონებებთან დაბრუნება, ზუსტად დაემთხვა ამ პერიოდს რუსეთის ემბარგო, რომელმაც გარკვეული შოკი გამოიწვია ჩვენს ტურისტულ სეგმენტში. სწორედ მაშინ ასეთი სახალისო იდეა გამიჩნდა − ხომ არ გავხდეთ ყველანი ჩვენი მშობლიური კუთხეების ელჩები და ვაჩვენოთ ის ხასიათი და თვისებები, რომლებსაც ეს კუთხეები და შესაბამისად, ჩვენ ვატარებთ. ვფიქრობ, სწორედ აქედან დაიბადა იდეა, მე გავმხდარიყავი OK! BOOK-ის რედაქტორი. შევარჩიეთ ადამიანები სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ თავიანთი მშობლიური რეგიონების მიმართ. ჩვენს ტურისტულ გამოცემაში გამორჩეულ და საინტერესო ადამიანებს შეხვდებიან OK!-ის მკითხველები და დარწმუნებული ვარ, ძალიან ისიამოვნებენ მათი ემოციური ნააზრევის წაკითხვით, რომელიც მთელ საქართველოში ამოგზაურებთ.
თეონა, თავად როგორ ატარებთ ზაფხულის ცხელ სეზონს?
წელს ისე დაემთხვა, რომ საკმაოდ ბევრი ღონისძიება მქონდა დაგეგმილი ქალაქგარეთ და მომიწია საქართველოს რეგიონებში სიარული. მიხარია, რომ ქუთაისში ორმემილიონე მგზავრს დავხვდი, რომელმაც „ვიზეარით“ იმგზავრა. ეს იყო გერმანელი გოგონა, რომელსაც საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი საქართველოს ისტორია და მთელი ქვეყნის შემოვლას აპირებდა. მითხრა, რომ უკვე გაეგო ქართველების საქვეყნოდ ცნობილი სტუმართმოყვარეობისა და მეგობრული ხასიათის ამბავი და ამიტომაც ენობრივი ბარიერის არ ეშინოდა. გახლდით ასევე ულამაზეს კახეთში და წელს პირველად მოვინახულე ნაბეღლავი და ბახმარო. ნაბეღლავი ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო, სადაც ფაქტობრივად უკვდავების წყარო ვიპოვე. ბახმაროს სულ სხვა მისტიკა აქვს. მე არ ვარ მთის ადამიანი, ზღვა ჩემთვის დასასვენებლად შეუცვლელი ადგილია, მაგრამ შეუძლებელია ნახო მართლაც ჯადოსნური ბახმარო და არ აღფრთოვანდე. იქ ყოფნისას დავფიქრდი საკუთარი პრობლემების უმნიშვნელობაზე, ერთგვარად მედიტაციის და განწყობის თერაპიის საშუალება აღმოჩნდა ჩემთვის იქ ყოფნა. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ − წადით ბახმაროში და გაცილებით მარტივად შეხედავთ ცხოვრებას.
წელსაც აუცილებლად წავალ ჩემთვის უსაყვარლეს ადგილას − შეკვეთილში, სადაც მართალია საუკეთესო პლაჟი არ არის, მაგრამ დასვენების, დაძინების, განტვირთვისთვის საუკეთესო გარემო კი ნამდვილადაა. რა თქმა უნდა, ჩავალ მშობლიურ ვანში, თუმცა ბაბუის გარდაცვალების შემდეგ იქაურობა აღარ ჰგავს ჩემი ბავშვობისდროინდელ უსაყვარლეს გარემოს, რადგან ახლა ბებიაც იშვიათად ჩადის იქ. ბავშვობის ტრადიციული დამოკიდებულება, როცა ჭიშკარში შევდიოდი და იქ მყოფთათვის დღესასწაულის მთავარი გმირი ვიყავი, დღეს მეტ-ნაკლებად დავიწყებას მიეცა.
გაქვთ დაგეგმილი საზღვარგარეთ მოგზაურობა?
ჯერჯერობით არა. საერთოდაც არ მიყვარს მოგზაურობების წინასწარ დაგეგმვა, რადგან ჩემთვის საქმეა ყოველთვის პრიორიტეტი და საქმე კი ყოველთვის ბევრია. მის მიხედვით ვგეგმავ ხოლმე საზღვარგარეთ წასვლას. შესაძლებლობების მიხედვით სპონტანურად გადავწყვეტ და მივდივარ.
თეონა, დასასრულისკენ, თქვენს საქმიანობაზეც გვითხარით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, KEY COMMUNICATION სრული დატვირთვით და წარმატებით საქმიანობს. ასეა?
დიახ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული, სტრესული საქმე მაქვს, საოცრად მიყვარს. ძალიან ბევრი კარგი პროექტი გვაქვს, გვყავს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვეთები და რაც მთავარია, მყავს ძალიან კარგი, პროფესიონალთა გუნდი. მიხარია ის, რომ ბოლო პერიოდში კომპანიებმა კარგად განასხვავეს ერთმანეთისგან საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სფეროები. დიდ ბედნიერებას მანიჭებს მოცემულობა, რომ ბევრ საინტერესო ადამიანს ვხვდები ყოველდღიურად, რაც ჩემი საქმის ალბათ ყველაზე დიდი უპირატესობა და ადრენალინია. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ჩემთან თანამშრომლობს და მაძლევს საშუალებას, ასეთი საინტერესო, საქმიანი ცხოვრება მქონდეს.