ქართული OK! თუმანიშვილის თეატრის უმშვენიერეს მსახიობს, ეკატერინე ანდრონიკაშვილს KING DAVID-ის მე-17 სართულზე განთავსებულ მყუდრო იტალიურ რესტორანში შეხვდა. ეკა არაჩვეულებრივად გამოიყურება, შემოქმედებითი ცხოვრებაც საკმაოდ საინტერესო და დატვირთული აქვს − 5 მოქმედ სპექტაკლში მონაწილეობს, თუმცა ახალი და სასიამოვნო პროექტებისთვის ყოველთვის მზად არის. 2 შვილის დედა ამჟამად დასვენების რეჟიმშია და ზაფხულის ცხელ დღეებს თავის პატარა ნიკალასთან ერთად ძირითადად აგარაკზე ატარებს.
ეკა, როგორ ხართ? რას საქმიანობთ ამჟამად?
ამ წუთას ჩემი მთავარი საქმიანობა ძირითადად დასვენებით შემოიფარგლება, უცხოეთიდან ჩამოსულ მეგობრებთან ერთად დავდივარ საქართველოს ირგვლივ და ერთად ვათვალიერებთ ჩემს ქვეყანას. უკვე ძალიან ცხელა და დიდ დროს ვატარებ აგარაკზე. თეატრში სეზონი დაიხურა და ყველანი ვისვენებთ. თეატრში საკმაოდ პროდუქტიული წელი გვქონდა, მე განსაკუთრებით − პრემიერით დაწყებული და მაისში ახალ სპექტაკლში მონაწილეობის ჩათვლით. მთელი წლის განმავლობაში საქართველოს ირგვლივ გასტროლებით ვიყავით დაკავებულები და საკმაოდ დატვირთული, რთული წელი გვქონდა. ახლა დასვენება აუცილებელია.
რომელ სპექტაკლებში იყავით დაკავებული?
უპირველესად, იყო ბერტოლტ ბრეხტის „დედა კურაჟი“, რომლის პრემიერა შემოდგომაზე გვქონდა, ასევე ვთამაშობდი უკვდავ სპექტაკლში „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, რომელიც მალე 25 წლის ხდება და კვლავ ყველასთვის საყვარელი და აქტუალურია; დარიო ფოს იტალიური კომედია „არ გვიხდიან? არ გადავიხდით!“, სოციალური ტანგოს პროექტი, რომელსაც მსახიობები ვასრულებთ, სახელწოდებით „როცა ქვეყანა დიდია“ და ბოლოს − „ჰარალეთი, ჰარალეთი“, გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მიხედვით. ამ სპექტაკლში ნინელი ჭანკვეტაძის ნაცვლად შემიყვანეს სცენაზე ფაქტობრივად სეზონის მიწურულს. იმედი მაქვს, მომავალი წელიც ძალიან პროდუქტიული იქნება და ამისათვის აუცილებელია, კარგად დავისვენოთ ყველამ.
თეატრალური საქმიანობის პარალელურად, მაქვს ჩემი სამსახიობო სააგენტო და ამჟამად ჩართული ვარ რამდენიმე პროექტის ქასთინგში. გარდა ამისა, ახლახან დაფუძნდა ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსი, რომელიც უკვე იწყებს მოქმედებას და ვაპირებ ვიყო კულტურის, ახალგაზრდობისა და განათლების მიმართულებების კურატორი, რაც ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთებას გულისხმობს ამ სფეროებში, მათ შორის: მასტერკლასებს, სემინარებს, კულტურულ მიმოცვლას, სასარგებლო პროექტების დაფინანსებას და ა.შ.
ეკა, არაჩვეულებრივად გამოიყურებით. როგორ ახერხებთ, ყოველთვის შენარჩუნებული გქონდეთ იდეალური გარეგნობა?
რა გითხრათ?.. ბავშვის გამო 3 წელია ნორმალურად არ მიძინია. არადა, ყველამ ვიცით, რომ ძილი უმთავრესია კანისთვის, ორგანიზმისთვის. ამასთან ერთად, ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს და დიდი დრო არც მრჩება, რომ თავს მოვუარო და დამატებითი პროცედურები ჩავიტარო. ვაკეთებ ელემენტარულს − კარგი ხარისხის სახის საცხები მაქვს და მათ მოვიხმარ; როცა შემიძლია, გავდივარ ბუნებაში და სულ ესაა. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ცოტა ზარმაციც ვარ, ვარჯიში მეზარება. რამდენჯერმე გადავწყვიტე, ცურვაზე სიარული დამეწყო, მაგრამ სიზარმაცემ მძლია.
კინო თუ თეატრი?
თეატრი ჩემი სახლია, ჩემი კომფორტის ზონა. მიყვარს, როგორც საკუთარი სახლი და ყოველთვის მომიხარია. თეატრი ცოცხალი ურთიერთობაა, სცენის მუხტი და მისი მიმოცვლა მაყურებელთან ძალიან დიდი ემოციაა, ჯადოქრობაა. სპექტაკლის მსვლელობის პროცესი უდიდესი სიამოვნებაა და რაც უნდა მიჭირდეს სპექტაკლის წინ, ყველაფერი სადღაც მიდის, ჩერდება და მე დროის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში ვცხოვრობ სხვა ადამიანის ცხოვრებით, უწყვეტად, ლოგიკური დასასრულით.
კინო ცალკე საოცრებაა, რადგან ის რჩება ისტორიაში.
კინო ბევრად მექანიკურია. გარესამყარო საკმაოდ უემოციო, არაცოცხალია და შენგან პირიქით, მაქსიმალურ სიცოცხლესა და ენერგიას მოითხოვს. უნარს, გადმოსცე ემოციები აბსოლუტურად მშრალ ფონზე, რაც საკმაოდ რთულია. ნათურა აინთება, შენ კი ყველანაირი ემოცია და განწყობა სადღაც საკუთარ თავს მიღმა უნდა დატოვო და გადაღების პროცესში გადაეშვა. ტექნიკასთან გაქვს საქმე, კინოტექნიკა კი აბსოლუტურად განსხვავდება თეატრისგან. მე ძალიან მიყვარს კამერა და ასე ვიტყოდი, რომ კამერასაც ვუყვარვარ. ორმხრივი, დადებითი ურთიერთობა გვაქვს. სამწუხაროდ, ჩვენი ქართული კინემატოგრაფიის რეალობა დღეს არც ისე კარგ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით ჟანრობრივი მრავალფეროვნება გვაკლია. იმედი მაქვს, ოდესმე მორჩება ეს დეპრესიული ნეორეალიზმის ხანა ქართულ კინოში და ახალ ჟანრებშიც გადაიღებენ ქართულ ფილმებს.
თქვენი საყვარელი ფილმი და სპექტაკლები დაგვისახელეთ.
რამდენიმე ლიტვური და რუსული სპექტაკლი მაქვს ფესტივალზე ნანახი, რომელმაც გამაოცა და ძალიან მომეწონა. ზოგადად, ყოველთვის ძალიან მაინტერესებს ახალი სპექტაკლის ნახვა. ასე, განცალკევებით გამიჭირდება გამოყოფა. ჩემი სპექტაკლები შემიყვარდება ხოლმე. ფილმებს რაც შეეხება, ძალიან მიყვარს ძველი გენიოსი რეჟისორები. მაგალითად, ბერგმანი... თუმცა ფანტასტიკაც მიყვარს − „მეხუთე ელემენტი“, „ავატარი“, არასოდეს მომბეზრდება; გამოვარჩევ შონ პენის მონაწილეობით ფილმს, სახელწოდებით „1900“. ყველანაირი ჟანრის კარგი კინო მიყვარს. ბოლო პერიოდში უფრო სერიალებზე გადავერთე − Game Of Thrones რაც დასრულდა, სხვა კარგი სერიალების ძიებაში ვარ. მგონი Black List-ს ჩავუჯექი. საინტერესოა.
თქვენს პირად ცხოვრებაზე გვესაუბრეთ. შვილები გაგვაცანით.
მყავს პატარა, 3 წლის ნიკალა ანდრონიკაშვილი-მამალაძე − საოცარი არსება, რომლის დედობა უდიდესი ბედნიერებაა. ჩემი უფროსი შვილი, ლუკა ნაკაშიძე, რომლითაც ძალიან ვამაყობ, 26 წლისაა. ლუკა მუსიკოსია, წერს მუსიკას, დიჯეია და საკმაოდ კარგად არის დამკვიდრებული ამ სფეროში. გარდა ამისა, მისი მეორე პროფესია ოპერატორობაა. მუშაობდა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე და ამჟამად კერძო შეკვეთები აქვს. მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში რეჟისურისკენ წავა ლუკა. უყვარს ეს საქმე და კარგად გამოსდის, უამრავი სამუშაო აქვს და არასოდეს სცალია.
ეკა, გული თავისუფალია?
გული თავისუფალია. ნიკალას დაბადების შემდეგ ცოტა დროა გასული. მე მგონია, რომ მშვიდად უნდა დაელოდო სიყვარულს, რომელიც მოვა, ან არ მოვა. მე არსად მეჩქარება.
როგორი დიასახლისი ხართ?
ცოტა მეტი დრო რომ მქონდეს, იდეალური დიასახლისი ვიქნებოდი. ვერ ვიტან ქაოსს, არეულობას და სახლს მუდამ ვალაგებ. მე რომ დატვირთული არ ვიყო, ჩავჯდებოდი სახლში და იდეალურად დავალაგებდი. სამზარეულოში თუ ვამზადებ, საკმაოდ გემრიელი კერძები გამომდის. ორი გამორჩეული თარიღი მაქვს − ახალი წელი და აღდგომა. ახალ წელს ვაკეთებ საფირმო საცივს, ხოლო აღდგომას ჩემს ხაჭოს პასკას, რომლის რეცეპტი ბებიამ დამიტოვა. თუმცა ვერ გეტყვით, რომ ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. თუ განწყობა მაქვს, სიამოვნებით ვამზადებ ხოლმე. ზოგადად მგონია, რომ ოჯახის მენეჯმენტი უფრო კარგად გამომდის.
ზაფხულის ცხელ დღეებს როგორ ატარებთ?
უკვე მოვასწარი ზღვის პირას ჩემ მიერ გაკეთებულ მყუდრო ბინაში დასვენება. 10 დღე მე და ნიკალამ იქ გავატარეთ და ახლა უკვე აგარაკზე ვართ, ტყეში, კიკეთში, სადაც საოცარი ჰაერი და სილამაზეა. ძალიან მინდა, 1 კვირით მაინც რომელიღაც ახალი, საინტერესო ადგილი ვნახო და დავათვალიერო.
ეკა, საოცნებო როლი თუ გაქვთ?
რამდენიმეა ასეთი. ფილმებს რომ ვუყურებ, მიჩნდება სურვილი, ყველა როლი ვითამაშო. დრო გადის და საკუთარ შესაძლებლობებსა და ნიჭს კარგად ვერ ვიყენებ, იმიტომ, რომ ჩემს ქვეყანაში ამის საშუალება არ არის. ვფიქრობ, ეს თანამედროვე მსახიობების დიდი ტრაგედიაა − შესაძლებლობების არქონა. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ისტორიულ ფილმში, ფანტასტიკაში, ბლოკბასტერებში; უდიდესი სიამოვნებით ვითამაშებდი ჟანრობრივად განსხვავებულ როლებს. პროზაული, სევდიანი სახეები ძალიან მომბეზრდა ქართულ კინოში. ეს ტრაგიზმი მეტისმეტად მომაბეზრებელია.
დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რომელ ეპოქას ნახავდით? ვის შეხვდებოდით?
პირველ საუკუნეში, ქრისტეს ვნახავდი.
სამომავლო გეგმებს გაგვიმხელთ?
პირად ცხოვრებას არ ვგეგმავ, თეატრში კი მორჩილი მსახიობი გახლავართ, რეჟისორებზე ვარ დამოკიდებული და იმედი მაქვს, ისევ ვიქნები ახალი, საინტერესო სპექტაკლების ნაწილი. ვინაიდან უკვე 5 მოქმედ დადგმაში ვმონაწილეობ, პრეტენზია ვერაფრით მექნება, თუმცა ძალიან მინდა კიდევ რაიმე ახალი და საინტერესო გავაკეთო. ვოცნებობ კარგ კინოზე და ძალიან მინდა, ამ მხრივ, ახალი, კარგი პროექტები გამოჩნდეს.