მხოლოდ 16 წლის იყო, როცა პირველად ტელეეკრანზე გამოჩნდა და ცნობილი სახეების არცთუ მრავალრიცხოვან სიას შეუერთდა. „მის საქართველო 2003“-ის ფინალისტი და „ხალხის სიმპათიის“ ტიტულის მფლობელი ქათინაურებს სულ სხვა ამპლუაში იმსახურებს. მომღერალ ნათია დუმბაძისთვის მუსიკა ის ძირითადი გატაცებაა, რომელსაც ოჯახთან გატარებული დროის პარალელურად, ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობს. რამდენიმე დღეა, რაც მისი პირველი მუსიკალური კლიპის „არ უყურო დროს“ პრემიერა შედგა და „მასტერთან“ ჩაწერილი დუეტი სულ მალე იქცა ზაფხულის სამახსოვრო ჰიტად... OK! ნათიას მის შემოქმედებაზე, ოჯახსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
როგორ შედგა თქვენი და „მასტერის“ დუეტი?
„მასტერი“ ჩემი მეგობარია და ყოველთვის მომწონდა მისი შემოქმედება, მქონდა სურვილი მასთან ერთად მემღერა. სულ რაღაც 2 თვის წინ დამირეკა და მითხრა, რომ ახალი სიმღერა დაწერა, რომელიც აუცილებლად გახდებოდა ჰიტი. აღსანიშნავია, რომ „მასტერი“ სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავადაა, ისევე, როგორც კლიპის რეჟისორი. როგორც კი მელოდია მოვისმინე, მაშინვე აღვფრთოვანდი შემოთავაზებით და ჩემი თავი ამ დუეტში დავინახე. ეს იყო შესანიშნავი ბიძგი იმისათვის, რომ ჩემს კარიერაში პირველი მუსიკალური კლიპი ჩამეწერა.
რამდენ ხანს გაგრძელდება კლიპზე მუშაობა?
ძალიან ცოტა დრო დაგვჭირდა, რადგან 2 კვირაში ყველაფერი უკვე მზად გვქონდა.
დიდი ხანია, რაც სცენაზე დგახართ. როდის დაიწყო თქვენი კარიერა?
ჩემი პირველი კარიერული ნაბიჯები „ნუცას სკოლაში“ გადავდგი, შემდეგ იყო მორიგი მუსიკალური პროექტი „ჯეოსტარი“, სადაც მიმაჩნია, რომ პროფესიულად ძალიან განვვითარდი და რომელიც წინსვლაში დამეხმარა. 5 წლის ასაკიდან სცენაზე ვდგავარ და ამ სფეროს არ ჩამოვშორებივარ.
ამჟამად როგორია თქვენი მუსიკალური დღის წესრიგი?
უკვე თითქმის 5 წელია, რაც ბენდ Groovers-თან ვთანამშრომლობ და დატვირთულ რეჟიმში ვმუშაობთ. ნამდვილი პროფესიონალი მუსიკოსები არიან. გვაქვს ივენთები, სხვადასხვა კორპორაციული საღამოს მუსიკალური გაფორმების კონტრაქტები, მუდმივად ახალ „ქავერებზე“ ვმუშაობთ და გავდივართ რეპეტიციას.
რატომ არ გახდა სამოდელო სფერო თქვენთვის საინტერესო გამოწვევა?
„მის საქართველო 2003“-ში მონაწილეობა საინტერესო გამოცდილება იყო და შესანიშნავი მოგონებაა, თუმცა ეს ჩემთვის პირველი და უკანასკნელი ნაბიჯი აღმოჩნდა სამოდელო სფეროში. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩემი თავი მოდელად არასდროს დამინახავს, არ მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ნიშაა და არასდროს მაინტერესებდა მისი თანმდევი რუტინა. „მის საქართველოს“ კონკურსში მონაწილეობა დათო ხუჯაძის რჩევის გათვალისწინება იყო.
როგორია თქვენი ცხოვრების ტემპი? რამდენად ასწრებთ სასურველი პრიორიტეტებისთვის დროის პოვნას?
ცხოვრების გიჟური ტემპი მაქვს. მუდამ მგონია, რომ ვერაფერს ვასწრებ, თუმცა ძილის წინ ვხვდები, რომ ასე არ არის და ყველაფერი მოვაგვარე, რისი გაკეთებაც მინდოდა. დღის ნაწილი ეთმობა ვარჯიშს, რეპეტიციებს, ჩემს პირად საქმეს, ბიზნესს − TN ქეითერინგს, რომელსაც ვხელმძღვანელობ და რაღა თქმა უნდა, საკუთარ ოჯახს.
აქტიურად ხართ ჩართული შვილების ცხოვრებაში?
გრაფიკიდან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ მაქსიმალურად. აქტიური დედა ვარ და ვცდილობ, ყველა მნიშვნელოვან მომენტში ჩემი შვილების გვერდით ვიყო.
ქალ-ვაჟის დედა ხართ, თქვენ კი ძმა გყავთ. რამდენად ხედავთ თქვენ შორის მსგავსებას?
ახლა რომ დავფიქრდი, ვიტყოდი, რომ მსგავსება ნამდვილად არის. ჩემი ძმა, ჩემი ვაჟის მსგავსად დინჯია, გოგონა კი მე მგავს. ხასიათები აბსოლუტურ თანხვედრაშია და ისტორია ნაწილობრივ განმეორდა.
ცოტა ხანი აშშ-ში ოჯახთან ერთად ცხოვრობდით. როგორი იყო ეს გამოცდილება?
ამერიკაში ნახევარი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. ჩემი მეუღლე ახლაც იქ იმყოფება. ცხოვრების იქაური ტემპი ძალიან განსხვავებულია, მეტი შრომაა და ნაკლები ძილი. დილა 6 საათზე იწყება. ვფიქრობ, პროდუქტიულობის თვალსაზრისით, ნანახმა შემცვალა.
როგორ უმკლავდებით ფაქტს, რომ მეუღლე ასე შორს ცხოვრობს?
რთულია, თუმცა მე ძალიან ხშირად ჩავდივარ ამერიკაში. ახლა მას იქ კარგი სამსახური და პერსპექტივა აქვს, ამიტომაც გაგებით ვეკიდები ამ მოცემულობას. საბოლოოდ, ის აუცილებლად დაბრუნდება, რადგან ვერც მე და ვერც ბაჩო ვერ ვეგუებით საქართველოს ფარგლებს მიღმა ასე დიდი ხნით ყოფნას.
როგორ ფიქრობთ, რა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ურთიერთობის შესანარჩუნებლად? როგორ გაუძლო თქვენმა სიყვარულმა წლებს?
მე და ბაჩო უკვე 12 წელია, ერთად ვართ. 18 წლის ვიყავი, როცა მეგობართან გავიცანი. ურთიერთობა მარტივად აგვეწყო, იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ სულ რაღაც 4 თვეში, ასე სწრაფად მივიღეთ დაოჯახების გადაწყვეტილება.
მანძილიც ნაწილობრივ დაგვეხმარა კიდეც იმაში, რომ ურთიერთობა ერთფეროვანი არასდროს იყოს და მუდმივ მონატრებას ვგრძნობთ. მარტივი ხასიათი მაქვს, ფაქტობრივად ყოველთვის მხიარულ განწყობაზე ვარ, რაც უნდა არასახარბიელო სიტუაცია იყოს, ტრაგედიად არ ვაქცევ, გამოსავალს ვეძებ და ალბათ ხასიათის ეს შტრიხი მეორე ნახევრისთვის კომფორტულია.
ძალიან ახალგაზრდა იყავით, როცა პირველად გახდით დედა, მეორე შვილი კი ჯერ სულ წლინახევრისაა. გრძნობთ განსხვავებას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ერთი და იგივე ამპლუის გამოცდისას?
ვატყობ, რომ ამ ასაკში სულ სხვა შეგრძნებები მაქვს − მეტად გააზრებული პასუხისმგებლობები და შეგრძნება, რომ მასთან ერთად დავიბადე. შვილის გაჩენა მთავარი ნაბიჯი აღმოჩნდა, რომელმაც 30 წლის შემდეგ ცხოვრება სულ სხვა ჭრილში დამანახა.
როგორია თქვენი უახლოესი სამომავლო გეგმები?
დინამიკა მიყვარს და უმოქმედოდ ყოფნას ვერ ვეგუები, ამიტომ მუდამ საქმეს ვეძებ. დასვენებაც კი ფაქტობრივად საქმეს შევუთავსე. უკვე მთელი ზაფხული გაწერილი მაქვს ბენდთან ერთად − ბაკურიანში, ბათუმში თუ სხვა ქალაქებში ღონისძიებები ჩანიშნულია. რეალურად, კურორტებზე დასვენებაც გამომდის, რადგან ჩემთვის საყვარელი საქმე მთავარი რელაქსაციაა.
მუდმივ რეჟიმში ვმუშაობ. ახლაც, ახალი კლიპის გამო, ზაფხულის დასვენებაც გვერდით გადავდე. სექტემბრისთვის მე და „მასტერი“ მეორე კლიპსაც მოვამზადებთ. საკმაოდ აზარტული ყოფილა, როცა საავტორო მუსიკასთან გაქვს შეხება.