ქართული OK!-ის სტუმრები არიან ადამიანები, რომლებმაც წლევანდელ ზაფხულს მთელი საქართველო აალაპარაკეს. SPEND YOUR SUMMER IN GEORGIA − კამპანია, რომელიც წლევანდელი ტურიზმის მთავარ ინსპირაციად იქცა, ხუთმა პატრიოტმა, გონიერმა გოგონამ ააგორა, რომელთაც უზარმაზარი ფეისბუქჯგუფის შექმნით და მისი საშუალებით, საქართველოს პოპულარიზაციით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ეროვნული ტურიზმის განვითარების მიმართულებით. სიამოვნებით წარმოგიდგენთ მარიამ გუჯაბიძეს, მარი ჯობავას, ნინი მჭედლიშვილს, ნინი ნოღაშვილსა და ქეთა გოლეთიანს.
Spend your summer in Georgia − მოგვიყევით პროექტის შექმნის პირველ საფეხურებსა და ემოციებზე.
(მარიამ გუჯაბიძე): ყველაფერი დაიწყო კამპანიის საინიციატივო ჯგუფის წევრ მარი ჯობავას სტატუსით პირად ფეისბუქგვერდზე და მეგობრებისთვის მოწოდებით, ზაფხული გაგვეტარებინა საქართველოში. იდეა იმდენად მომხიბლველი იყო ხუთივე ჩვენგანისთვის, რომ იმავე დღეს გადავწყვიტეთ შეგვექმნა ჯგუფი, სადაც მოვიწვევდით ჩვენს მეგობრებს, რომლებიც, თავის მხრივ, მოიწვევდნენ საკუთარ მეგობრებს და ამ მესიჯს უფრო ფართო საზოგადოებას გავაცნობდით. გაოცებულები ვუყურებდით ჯგუფის აქტივობას: შექმნიდან რამდენიმე საათში ჯგუფის წევრების რაოდენობა ხუთიდან 10 000-მდე გაიზარდა, საოცარი და ამაღელვებელი იყო ჩვეულებრივი მოქალაქეების ჩართულობა და აქტიურობა, მათი დამოკიდებულება საერთო იდეის მიმართ, უამრავი შემოთავაზება და ერთმანეთის გვერდით დგომის სურვილი. ვკითხულობდით ჩვენი თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეების სიყვარულით სავსე სტატუსებს და ვხვდებოდით, რომ ეს ყველაფერი იყო რაღაც ძალიან დიდი, საერთო საქმის დასაწყისი. დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვაფასებ ამ დღეებს, შემიძლია ვთქვა − ეს იყო დადებითი ემოციების კასკადი, რომელიც დღემდე გრძელდება. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ჯგუფის თითოეულ წევრს. მათი თანადგომა, მხარდაჭერა და ენთუზიაზმი ყოველდღე გვარწმუნებს, რომ ერთად, ერთობლივი ძალებით, ყველანაირი სირთულის დაძლევა შესაძლებელია.
(ნინი ნოღაშვილი): #spendyoursummeringeorgia-ს შექმნის მოტივაცია მოგვცა რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვამ და გარკვეული სანქციების შემოღებამ. მარი ჯობავას სტატუსს, რომელიც საქართველოს შესახებ საიმიჯო მასალის გავრცელებას და აღნიშნული ჰეშთეგის გამოყენებას მოიცავდა, ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა ახლო მეგობრებში, შემდეგ ხუთმა მეგობარმა გადავწყვიტეთ ამ ინიციატივისთვის უფრო ფართო მასშტაბები მიგვეცა და ჩამოვაყალიბეთ საინიციატივო ჯგუფი და ფეისბუქჯგუფი, რომელსაც თავდაპირველად ორი მიზანი ჰქონდა: საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და საინფორმაციო, სარეკომენდაციო ჰაბის შექმნა.
ინიციატივას ძალიან მცირე დროში მოყვა დიდი გამოხმაურება − როგორც ქართველებში, ისე უცხოელებში. ქართველები აღნიშნავდნენ, რომ ჩვენმა ინიციატივამ გააცნო საქართველო, ხოლო ტურისტები გვიზიარებდნენ თავიანთ ემოციებს და გამოცდილებებს. სიხარულთან ერთად, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით, რომელიც დღითი დღე იზრდება.
როგორ ფიქრობთ, რამდენად გაამართლა ამ პროექტმა და რაში გამოიხატება ეს გამართლება?
(მარიამ გუჯაბიძე): მოგიყვებით ისტორიას, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ მოვისმინე ფრანგი ტურისტისგან. ფრანგმა გოგონამ, რომელიც საფრანგეთიდან ჩვენს ქვეყანაში დასასვენებლად მოფრინავდა, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით რჩევები ჰკითხა თანამგზავრ ქართველ ბიჭს. სწორედ მან ურჩია ჩვენს ფრანგ მეგობარს, გამხდარიყო Spend Your Summer in Georgia-ს ჯგუფის წევრი, სადაც დეტალურ ინფორმაციას გაუზიარებდნენ საქართველოს შესახებ. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი უკვე თბილისში, პირადად მე და ჩემს მეგობრებს, აღფრთოვანებით გვესაუბრებოდა ფრანგი გოგონა ჩვენი ჯგუფის შესახებ, როგორ დაეხმარნენ რჩევებით, როგორ მარტივად მიიღო მისთვის საინტერესო ინფორმაცია და მეტიც − ჩვენს კამპანიასთან დამეგობრებულმა ფესტივალმა, კამპანიის ფარგლებში როგორ დაასაჩუქრა იმ კონცერტის ბილეთით, რომელზე მოხვედრა მისი დიდი ხნის სურვილი იყო.
ასეთი ისტორია უამრავია. ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებიც გვწერენ, რომ სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში ეწვია ან ეწვევა საქართველოს. თავად ქართველებიც წერენ, რომ გადაიფიქრეს უცხოეთში მოგზაურობა და ზაფხულს საქართველოს ულამაზეს კუთხეებში გაატარებენ. ჩვენი გულანთებული ემიგრანტები მზად არიან კარდაკარ დაიარონ, დაარიგონ საქართველოს შესახებ ბუკლეტები და ყველას გააცნონ ჩვენი საოცრად ლამაზი სამშობლო.
საოცარია ასევე მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს კამპანიას კერძო სექტორისგან აქვს. უამრავი წინადადება და ურთიერთთანამშრომლობაზე შემოთავაზება, საინტერესო ერთობლივი პროექტები ყოველდღე გვარწმუნებს, რომ ერთიანი ძალებით საერთო საქმის კეთება აუცილებლად მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე.
ყოველივე ამის გამო მიმაჩნია, რომ პროექტმა ნამდვილად გაამართლა. მეტიც − ვფიქრობ, ეს არ არის ერთი კონკრეტული პროექტის წარმატება, ეს საერთო იდეის გარშემო გაერთიანებული უამრავი ადამიანის ერთობლივი წარმატებაა.
(ნინი ნოღაშვილი): ჯგუფში მყოფი 276 ათასი ადამიანი, უამრავი პოსტი საქართველოს შესახებ, რეკომენდაციები, დადებითი ემოციები და ჩვენს ინიციატივაში ჩართვის მსურველი ბევრი კომპანია გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ პროექტმა გაამართლა და ეტაპობრივად უფრო დიდ მასშტაბებს იძენს.
(ნინი მჭედლიშვილი): კამპანიამ #spendyoursummeringeorgia რეალურად წამოსწია ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი ინდივიდების, როლი ქვეყნისა და უფრო კონკრეტულად, ტურიზმის განვითარების სფეროში. ფაქტობრივად, ჩვენი ჯგუფის წევრები იქცნენ არაფორმალურ ელჩებად, რომელთაც შეუძლიათ ქვეყნის შესახებ თავიანთი პირადი შეხედულებებისა და განცდების გაზიარება, რაც დიდ გავლენას ახდენს ადამიანთა განწყობაზე და მათ დადებითად მუხტავს.
როგორ ფიქრობთ, რა სჭირდება თანამედროვე ქართულ ტურიზმს განვითარებისთვის? რა მიმართულებებია ამ მხრივ პრიორიტეტული?
(ნინი ნოღაშვილი): ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ხარისხზე ორიენტირება და სერვისის დახვეწა სჭირდება ქართულ ტურიზმს. ასევე, ნაკლები დამოკიდებულება რუსეთის ბაზარზე და მეტი კონცენტრაცია ტურისტული ნაკადების სხვა არხებზე.
(ქეთა გოლეთიანი): სერვისისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაცია, უნიკალური ადგილების ათვისება, აქტიური საინფორმაციო კამპანია უცხოელი ტურისტების მოსაზიდად და ცნობადობის ასამაღლებლად − ვფიქრობ, ეს უნდა გახდეს პრიორიტეტი.
(ნინი მჭედლიშვილი): უპირველესად, მნიშვნელოვანია ხარისხის გაუმჯობესება მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. ბრენდულ სასტუმროებს სტანდარტიზებული სერვისები აქვთ, რაც მათ გამართულ და წარმატებულ ფუნქციონირებას ხელს უწყობს, თუმცა შედარებით მცირე ბიზნესის მიმართულებით, ამ მხრივ, დიდ პრობლემებს ვაწყდებით. სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტთან მიახლოება პრიორიტეტული უნდა გახდეს.
რა პროფესიის ბრძანდებით?
პროფესიით იურისტი ვარ, ვმუშაობ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში იურისტის პოზიციაზე. ასევე, ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე „საჯარო მმართველობა“. მიმუშავია სხვადასხვა სექტორში განსხვავებულ პოზიციებზე, თუმცა ტურიზმის სექტორთან აქტიური შეხება და გადაკვეთა არ მქონია. სურვილი კი ყოველთვის მქონდა, ჩემი წვლილი შემეტანა ტურიზმის განვითარებაში და საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის, პოპულარიზაციაში, რადგანაც მიმაჩნია, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვწევს უნარი, ვიყოთ საკუთარი ქვეყნის ელჩები და უცხოელ მეგობრებს, კოლეგებს გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის მდიდარი და უნიკალური კულტურა, ვაჩვენოთ საქართველოს ულამაზესი ბუნება და ლანდშაფტები, მოვუყვეთ ქართველი ხალხის უზომო სტუმართმოყვარეობაზე, დავაგემოვნებინოთ უგემრიელესი ქართული სამზარეულო და ღვინო, მოვუთხროთ საქართველოში არსებულ მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე. დღეს უკვე შემიძლია უფრო ფართო საზოგადოებას ვესაუბრო საქართველოზე, როგორც უზომოდ დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანაზე, რაც, ერთი მხრივ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მეორე მხრივ კი საოცარი შესაძლებლობა, მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია.
(ქეთა გოლეთიანი): პოლიტიკის მეცნიერებას და საჯარო მმართველობას ვსწავლობდი სხვადასხვა საფეხურზე როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში (ესტონეთსა და ირლანდიაში). ამჟამად ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საპარლამენტო პროგრამის ასისტენტი ვარ. ტურიზმის სფეროსთან არანაირი პროფესიული შეხება არ მაქვს, თუმცა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას ყოველთვის განსაკუთრებულად ვცდილობდი უცხოეთში სწავლისა და პრაქტიკის გავლის პერიოდში. მაქსიმუმს ვაკეთებდი, რათა მეტ ადამიანს გაეგო ჩვენს ქვეყანაზე. ეს ის მცირე წვლილია, რომელიც ყველას შეგვიძლია ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საქმეში შევიტანოთ.
(ნინი ნოღაშვილი): ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურაში მივიღე. ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო აკადემიაში, თუმცა აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ ინტერესმა განაპირობა ჩემი შემდგომი ნაბიჯი და გამოცდები ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქალაქ შპაიერის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე „საჯარო მმართველობა“. ამჟამად ვმუშაობ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო კონტროლისა და ექსპლუატაციის განყოფილებაში.
(ნინი მჭედლიშვილი): საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და საჯარო მმართველობის მაგისტრი ვარ. წლების განმავლობაში ვმუშაობდი როგორც საერთაშორისო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში და ძირითადი გამოცდილება ლტოლვილთა საკითხებში დამიგროვდა. ბაკალავრიატის დროს, ერასმუსის გრანტით, ერთი წლით ტალინში, ესტონეთში ვისწავლე, როდესაც კიდევ უფრო სიღრმისეულად გავაანალიზე, რომ ყველაზე მეტად ჩემი ქვეყნის შესახებ საუბარი მსიამოვნებდა და ვცდილობდი მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მიმეწოდებინა ყველა დაინტერესებული პირისთვის. მას მერე 5 წელი გავიდა და ყოველწლიურად ვმასპინძლობ ჩემს მეგობრებს ევროპისა და არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებიდან, რაც, რეალურად, საქართველოს პოპულარიზაციაში ჩემი მცირე წვლილის შეტანაში მეხმარება.
(მარი ჯობავა): დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მაგისტრატურა გავაგრძელე საჯარო მმართველობის მიმართულებით. ამჟამად ვმუშაობ გაეროს ქალთა ორგანიზაციაში (UN Women), ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის კუთხით და აქტიურად ვთანამშრომლობ როგორც სახელმწიფო, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. კოორდინაციისა და პროექტებში სხვადასხვა ფაქტორთან მუშაობის გამოცდილება დამეხმარა კამპანიის განხორციელებაში. ყველა სფეროში მნიშვნელოვანია სწორი დაგეგმვა და რეალური გამოწვევების საპასუხო ღონისძიებების განხორციელება.
როგორ მოხდა თქვენი გადაკვეთა ამ პროექტის ირგვლივ?
(ქეთა გოლეთიანი): ხუთივე ერთ სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობთ და სწორედ იქ დავმეგობრდით. კამპანია იმდენად სპონტანურად დაიწყო, რომ წინასწარ არ გვქონდა არც განსაზღვრული და არც დაგეგმილი, რომ სწორედ ჩვენ, ხუთ ადამიანს უნდა გაგვეკეთებინა ერთად რაიმე, თუმცა დღეს, ამ გადმოსახედიდან ვრწმუნდებით − ძალიან გაგვიმართლა, რომ სწორედ ჩვენ ხუთმა დავიწყეთ ფეისბუქის ჩათში საუბარი და ამ კამპანიის სათავეშიც ერთად აღმოვჩნდით.
თავად სად და როგორ გეგმავთ წელს დასვენებას?
(მარიამ გუჯაბიძე): აუცილებლად ვგეგმავ საქართველოში დასვენებას. ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა უკვე დიდი ხანია ქართველ თუ უცხოელ მეგობრებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მონახულებაა. რამდენიმე დღით უკვე მოვახერხე და ულამაზეს სამეგრელო-ზემო სვანეთს ვეწვიე. გამორჩეულია ჩვენი ქვეყნის თითოეული რეგიონი, თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი უნიკალური ველური ბუნებით, კულტურით, სამზარეულოთი თუ ხალხით. სანახავი ნამდვილად ბევრია ჩვენს ულამაზეს ქვეყენაში, ასე რომ, ყველამ აუცილებლად უნდა მოვიაროთ და აღმოვაჩინოთ საქართველო.
(ნინი ნოღაშვილი): დასვენებას ყოველ წელს საქართველოში ვგეგმავ. ვარ აქტიური დასვენების მოყვარული და დავდივარ ლაშქრობებში. წელს ჩვენი სამაგისტრო პროგრამა სავალდებულო კომპონენტად ითვალისწინებს საზაფხულო სკოლას გერმანიაში. შესაბამისად, მე და ნინის 2 კვირით გვიწევს წასვლა ქალაქ შპაიერში, სადაც ასევე ვგეგმავთ საქართველოს საიმიჯო მასალის გავრცელებას.
(ქეთა გოლეთიანი): უკვე მოვიარე კახეთი, აგვისტოში კი ჩემი შვებულების გატარებას სწორედ საქართველოში ვგეგმავ, მივდივარ გონიოსა და ბათუმში, რადგან ბათუმი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ქალაქია და ყოველ წელს აუცილებლად ჩავდივარ რამდენიმე დღით მაინც. ამის შემდეგ, რაჭაში ვაპირებ ასვლას. არასოდეს ვყოფილვარ და წინასწარ ვგრძნობ, რომ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბებს ნანახი. ჩემი რამდენიმე უცხოელი მეგობარი ჩამოდის ზაფხულში საქართველოში და მათაც წავიყვან გამორჩეული ადგილების მოსანახულებლად, მათ შორის − კახეთსა და ყაზბეგში.
(მარი ჯობავა): ზაფხული განსაკუთრებით მიყვარს საქართველოში, რადგან გვაქვს არჩევანის შესაძლებლობა, დავისვენოთ მთაში, არაჩვეულებრივ ბუნებაში და ამავდროულად, აქტიურად დავესწროთ სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალს. ძალიან მიყვარს მთა და ვეცდები ჩემი შვებულება საქართველოს მთიან მხარეში გავატარო.
აპირებთ თუ არა ტურიზმის მიმართულებით საქმიანობის გაგრძელებას? ფაქტია, რომ თქვენი წამოწყება საოცრად ნაყოფიერი აღმოჩნდა.
(ნინი ნოღაშვილი): რა თქმა უნდა, გვაქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები, ჯერჯერობით ვაგრძელებთ მოცემული მიმართულებით და არ გავუშვებთ არანაირ შესაძლებლობას ხელიდან, რაც დაგვეხმარება საქართველოს პოპულარიზაციაში.
(ქეთა გოლეთიანი): კამპანია იმდენად მნიშვნელოვან და აუცილებელ საქმეს ემსახურება და თან იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ აუცილებლად ექნება გაგრძელება და ამ ერთი სეზონით არ შემოიფარგლება.
(მარი ჯობავა): ნამდვილად არ გვინდა, რომ ძალისხმევა, რომელიც თითოეულმა ადამიანმა გაიღო ამ კამპანიის წარმატებით განხორციელებისთვის, დაიკარგოს. ჩვენი გეგმები მიმართულია სამომავლო, საინტერესო და შინაარსობრივი აქტივობების განხორციელებისკენ. ვფიქრობთ და ვგეგმავთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენი პროფესიული საქმიანობის პარალელურად გავაგრძელოთ.
როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა ჩამოვიდნენ უცხოელები საქართველოში?
(ქეთა გოლეთიანი): ხშირად მომისმენია და ჩემთვისაც ხშირად უკითხავთ, რატომ უნდა ჩამოვიდეს ტურისტი საქართველოში და მე რომ უცხოელი ვიყო, თავად თუ ვესტუმრებოდი საქართველოს. ამაზე ძალიან გულწრფელი პასუხი მაქვს ხოლმე. საქართველოზე უკეთესი ზღვის კურორტებიც არსებობს, მთის კურორტებიც, უფრო განვითარებული ინფრასტრუქტურაც ბევრ ქვეყანაში, თუმცა ის, რაც საქართველოს გამოარჩევს, არის ამ ყველაფრის უნიკალური ნაზავი და ხალხი, რომელიც ქვეყანას ყველაზე განსაკუთრებულს ხდის. ის, რომ რამდენიმესაათიან მანძილზე შეგიძლია ჯერ ზღვაზე დაისვენო, შემდეგ უნიკალურ მთის კურორტებს და ევროპის უმაღლეს დასახლებებს ეწვიო, შემდეგ კი დედაქალაქში ევროპული და აზიური კულტურის ნაზავი არქიტექტურა მოინახულო, საქართველოს ნამდვილად აქცევს იმ ქვეყნად, რომელიც ნებისმიერი ტურისტის აუცილებლად სანახავ ადგილებში უნდა იყოს. აღარაფერს ვამბობ უძველეს და უნიკალურ ღვინოზე, მრავალფეროვან სამზარეულოსა და უნიკალურ კულტურაზე. პრაგმატულადაც რომ შევხედოთ, საქართველოში დასვენება და ასეთი მრავალფეროვანი გამოცდილების მიღება უცხოელ ტურისტს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია. ქართველ ხალხთან კი თავს უცხოდ ან მარტო არასოდეს იგრძნობ, არასოდეს მოიწყენ და გამორჩეულ სიყვარულსაც და სითბოსაც გამოცდი, რომელიც სტუმრის მიმართ აქვთ ქართველებს.
(ნინი ნოღაშვილი): ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანა გვაქვს, სხვადასხვა დამახასიათებელი ნიშნით. გვაქვს შესანიშნავი ბუნება, მთა, ზღვა, მშრალი კლიმატის ადგილები, ყველანაირი პირობა სხვადასხვა მოლოდინის დასაკმაყოფილებლად. ასევე დიდი კულტურა, ისტორია და სამზარეულო. გარდა ამისა, ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა აქ ნამყოფ ყველა ტურისტს სასიამოვნოდ აოცებს.
(ნინი მჭედლიშვილი): ავთენტური, გამორჩეული, ხელუხლებელი გარემო გვაქვს, რომლის მნახველი, რთულია არ გაოცდეს. სწორედ ამიტომ, ყოველწლიურად იზრდება საქართველოში ტურისტთა რაოდენობა, ტურისტებთან ერთად კი ჩვენს ქვეყანაში ექსპატრიატების რიცხვის მუდმივი მატებაა − უცხოელების, რომლებიც საქართველოში სამუშაოდ და საცხოვრებლად გადმოდიან. მათი დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან. ჩემი აზრით, სულის სილაღე, რაც საქართველოსა და ქართველებს ასე გვახასიათებს, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ და რაც შეიძლება მეტ უცხოელს გავუზიაროთ.