TIVON FINE JEWELLERY − ნიშ-საიუველირო კომპანია დიდი ბრიტანეთიდან ახლო მომავალში ქართულ ბაზარზე შემოსვლას გეგმავს.TIVON-ის საოჯახო ბიზნესს არიელ ტივონი ხელმძღვანელობს, რომელსაც ქართული OK! „ბილტმორში“ შეხვდა და საიუველირო სახლის ისტორიაზე, ძირითად ნიშაზე, თავისებურებებსა და სხვა საინტერესო თემებზე ესაუბრა. ბატონ ტივონის თბილისში სტუმრობა TIVON FINE JEWELLERY-ის ქართული აუდიტორიისთვის წარდგენას უკავშირდებოდა, რაც ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის და მისი დირექტორის, მაკო აბაშიძის უდიდესი ხელშეწყობითა და ორგანიზებით განხორციელდა. ეს არაჩვეულებრივი ღონისძიება, რომელზეც თბილისელებს TIVON-ის უნიკალური სამკაულების დათვალიერების პატივი ერგოთ, დიდი ბრიტანეთის დედოფლის დაბადების დღის კვირეულის აღნიშვნას მიეძღვნა.
ბატონო ტივონ, მოგვიყევით როგორ დაიწყო თქვენი საოჯახო ბიზნესი, როგორ დაფუძნდა თქვენი კომპანია?
TIVON Fine Jewellery 1963 წელს დაფუძნდა. მამაჩემმა თავისი კარიერა ისრაელში, ბრილიანტების დამმუშავებლად დაიწყო, შემდეგ გადავიდა სამხრეთ აფრიკაში და ოჯახიც იქ წაგვიყვანა საცხოვრებლად. 27 წლის ასაკში მეც ჩავერთე საოჯახო ბიზნესში, დიდ ბრიტანეთში გადმოვედი საცხოვრებლად და კომპანიის საქმიანობაც აქ გავაგრძელე. ძალიან იღბლიანი აღმოვჩნდი და ჩვენს კომპანიას სხვა ახალი, წარმატებული მიმართულებები მივეცი, რაც სხვადასხვა უნიკალური და ლამაზი, ძვირფასი ქვებისგან სამკაულების დამზადებას უკავშირდება.
კომპანიაში კონკრეტულად რომელ მიმართულებას ხელმძღვანელობთ?
რეალურად, ბევრ მიმართულებას ვუწევ კოორდინირებას. მათ შორის დიზაინს, გაყიდვებს და ა.შ. ჩვენ პატარა, საოჯახო კომპანია ვართ და თითოეული აქ დასაქმებული თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებს.
გიყვართ თქვენი საქმე?
მე მართლაც გატაცებული ვარ იმით, რასაც ვაკეთებ, ამ ლამაზი ქვებით, მათი საოცარი ფერებით, დიზაინის შექმნის პროცესი ძალიან სასიამოვნოა.
თქვენი კომპანიის პროდუქცია, ფაქტობრივად, ხელოვნების ნიმუშებია. როგორ მზადდება ისინი?
ნებისმიერი ნივთის დამზადება იწყება ქვის არჩევით. მე თავად ვარჩევ ყველა ქვას, რომელიც შემდეგ უნდა დამუშავდეს და სამკაულად იქცეს. სწორედ ესაა ჩვენი მთავარი ნიშა. ბევრი საიუველირო კომპანია იწყებს დიზაინის შექმნით, ჩვენ ვიწყებთ ქვის არჩევით და დიზაინს ვარგებთ მას. მთავარი ინსპირაცია ქვისგან უნდა მოდიოდეს. ვაკვირდებით და ვფიქრობთ, როგორი შეიძლება იყოს ის იდეალური დიზაინი, რომელიც ამ საოცარ ქვას მთელი თავისი დიდებულებით წარმოაჩენს. ასე გრძელდება სამუშაო პროცესი. იცით, ეს ყველაფერი შეგვიძლია შევადაროთ რომელიღაც ძალიან ლამაზი და ძვირფასი ტილოსთვის შესაბამისი ჩარჩოს შერჩევის პროცესს. ჩვენთვის ქვა არის ტილო, ხოლო დიზაინი ჩარჩოა, რომელიც მის მთელ ხიბლს სწორად გადმოსცემს.
რა დრო სჭირდება თითოეული ნივთის შექმნას?
რთული კითხვაა, რადგან ამაზე ცალსახა, ერთი პასუხი არ მაქვს. არის ნივთი, რომელიც შესაძლოა 45 კვირაში დავასრულოთ და გვაქვს ისეთი სამკაულები, რომლის დამუშავებას და ბოლომდე მიყვანას შესაძლოა 1.5-2 წელიც დასჭირდეს. ჩვენ არ ვართ სამომხმარებლო ბიზნესი, როგორც ბევრი საიუველირო კომპანია. ვმუშაობთ ბაზრის ძალიან გამორჩეული სექტორისთვის, რომელიც ჩვენს იდეალურ ხარისხს აფასებს. შეცდომა ძალიან ძვირი დაგვიჯდება, ამიტომ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შესაქმნელად მაქსიმალურ დროს ვიყენებთ. ასე, დროთა განმავლობაში აღწევს სამკაული სრულყოფილებას. ჩვენი მომხმარებლები კი სწორედ ამას ითხოვენ ჩვენგან − სრულყოფილ ხარისხს, რაშიც საკმაოდ დიდ თანხას იხდიან.
უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ − რა არის თქვენი საიუველირო სახლის მთავარი ნიშა?
ჩვენი ნიშაა საუკეთესო, საკოლექციო ძვირფასი ქვები. მოგეხსენებათ, ბევრი საიუველირო კომპანიაა, რომელიც მხოლოდ ბრილიანტებზეა ორიენტირებული. ჩემთვის ბრილიანტი ლამაზია, მაგრამ ერთფეროვანი, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ფერადი ქვები კი ბევრად ამაღელვებელი და მრავალფეროვანია.
ვინ არიან თქვენი კომპანიის დიზაინერები?
როგორც აღვნიშნე, თავადაც ჩართული ვარ სამკაულების დიზაინის შექმნის პროცესში, თუმცა გვაქვს კოლაბორაცია სხვადასხვა დიზაინერთან, ერთად განვიხილავთ იდეებს და ბოლოს მივდივართ საბოლოო პროექტამდე.
ბატონო ტივონ, მითხარით, თქვენ რომელ და როგორ სამკაულს აჩუქებდით თქვენთვის ძვირფას ადამიანს? ვცდილობ, გავერკვე, როგორია თქვენთვის იდეალური სამკაული.
მე ვფიქრობ, უნდა გავითვალისწინოთ იმ ადამიანის გემოვნება, რომელსაც ვჩუქნით. ზოგი ექსტრავაგანტურია, სხვები კი მინიმალიზმის მომხრეები. ამიტომ კარგად უნდა ვიცნობდეთ ადამიანს, რომელსაც საჩუქარს ვუძღვნით. მე ავარჩევდი კლასიკურ სამკაულს, რომელიც აუცილებლად გაუძლებდა დროს. ვფიქრობ, ჩვენ ისეთ ნივთებს ვქმნით, რომლებიც დღესაც ლამაზია და წლების შემდეგაც ძალიან ლამაზი იქნება. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ქმნილებას მივუძღვნიდი ძვირფას ადამიანს. იცით, თითოეულ სამკაულში იმხელა ძალისხმევას და შრომას, კრეატივს ვდებთ, რომ თითოეული მათგანი ძალიან მომწონს და მიყვარს. ჩვენი მიზანია, ადამიანებს პირველი ნახვისთანავე შეუყვარდეთ ჩვენი სამკაულები.
სად იყიდება TIVON-ის ძვირფასი, უნიკალური პროდუქცია?
საკმაოდ ბევრ ქვეყანაშია წარმოდგენილი ჩვენი სამკაულები. ცხადია, არის დიდ ბრიტანეთში, ევროპის ქვეყნებში, სამხრეთ აფრიკაში, ახლა კი ვაპირებთ, საქართველოშიც შემოვიდეთ. უკვე გვქონდა სამკაულების პრეზენტაცია და საკმაოდ დადებითად და აღფრთოვანებით შეხვდა მათ ქართველი პუბლიკა.
ბატონო ტივონ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ კიდევ ერთი, TIVON Fine Jewellery-გან განსხვავებული სპეციფიკის საიუველირო კომპანია გაქვთ, ასეა?
დიახ, მე მაქვს მეორე, TIVON-ის შვილობილი კომპანია, რომელსაც REVER Materspieces ჰქვია. ეს ჩემი დაარსებული საიუველირო სახლია, რომელიც მამაკაცის ხაზის ძალიან ლამაზ ვერცხლის მოდელებს აწარმოებს. ეს ის ახალი თავგადასავალია, რომელიც ახლახან წამოვიწყე.