„ჯონ ვიკის“ მესამე ნაწილმა ჰოლივუდის ყველაზე იდუმალი მსახიობი კვლავ სათავგადასავლო ჟანრის ნამდვილ ვარსკვლავად წარმოგვიდგინა. მაგრამ ვინ არის კიანუ რივზი სინამდვილეში? მას „უკვდავსაც“ კი უწოდებენ, რადგანაც წლების განმავლობაში ტრადიციულად ხიბლავს მაყურებელს და თითქოს არც ბერდება.
კოლეგებს მისი შურთ, ქალებს უყვარდებათ, სტუდიები მილიონობით ჰონორარებს ურიცხავენ, რომელთა დიდ ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავს, მაგრამ საკუთარ დაბადების დღეს მაინც მარტო ხვდება. რატომ იქცა გადამღები ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობის ოჯახად და რატომ ჩაანაცვლეს მოტოციკლებმა რეალური მეგობრები?
„კინოში კარიერისთვის ბრძოლა ყოველთვის მიწევდა“, − ასეთი სიტყვების მოსმენა ცოცხალი ლეგენდისგან, ალბათ, ყველას გაუკვირდება. მაგრამ ეს სიმართლეა.1999 წლიდან 2001 წლამდე მსახიობის ცხოვრებაში ურთულესი და უმძიმესი პერიოდი დადგა − საყვარელი ადამიანების გარდაცვალება რივზმა დღემდე ვერ გადაიტანა. მას შემდეგ, სამყაროს სევდიანი იმიჯით ევლინება. მაგრამ კიანუ რივზი − ეს მარადიულობაა, ისტორია მას ნამდვილად ვერ ივიწყებს.
კიანუ, 30 წელია კინოში ხართ. თქვენი კარიერა უკვე ლეგენდარულია, თუმცა გარეგნულად თითქოს არ იცვლებით. გიმუშავიათ ისეთ გენიალურ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: ფრენსის ფორდ კოპოლა, ბერნარდო ბერტოლუჩი, გას ვან სეტი, სტივენ ფრირზი...
დიახ, იღბლიანი ვარ. ისინი მშვენიერი რეჟისორები არიან, რომლებმაც ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტები შექმნეს.
გვითხარით, მართალია ისტორია თქვენი და ვაინონა რაიდერის ქორწინების შესახებ? თუ ეს უბრალოდ უკანასკნელი საერთო ფილმის სარეკლამო ხრიკად გამოიყენეთ?
აღმოჩნდა, რომ სიმართლეა. საქმე იმაშია, რომ „დრაკულას“ გადაღებებზე მე და ვაინონას გმირს შორის ქორწინების სცენას ვიღებდით, ფრენსის ფორდ კოპოლამ კი ადგილობრივი მღვდელი მოიწვია. გადაღებები რუმინეთში მიმდინარეობდა. როგორც ჩანს, მაშინ მან ყველა წესის დაცვით დაგვაქორწინა. მე და რაიდერი მეგობრები ვართ, ხანდახან ერთად ვვახშმობთ, ერთმანეთს წერილებს ვწერთ. ნამდვილ, ფურცელზე დაწერილ წერილებს! მას უყვარს იმის გაზიარება, რომ ჩემგან და დენიელ დეი-ლუისისგან წერილები აქვს. ისიც ძველმოდური კაცია. ვაინონას წერილები შემდეგნაირად იწყება: „გამარჯობა, ჩემო ძვირფასო ქმარო!“ სიმართლე რომ გითხრათ, არასოდეს მჯეროდა, რომ ეს ამბავი სერიოზული იყო, მაგრამ ვაინონა ფრენსისს დაუკავშირდა და მან დაუმტკიცა, რომ ცერემონიალი აბსოლუტურად ლეგიტიმურად ჩატარდა, მღვდელი კი ნამდვილი იყო. ასე აღმოვჩნდი დაქორწინებული ჩემდაუნებურად...
რეალურად კი კარჩაკეტილი ცხოვრება გაქვთ...
ბევრს ვმუშაობ. ერთი გადასაღები მოედნიდან მეორეზე ვინაცვლებ. სამსახიობო საქმის გარდა, პროდიუსერობითაც დიდი ინტერესით ვარ დაკავებული. ეს ყველაფერი მეხმარება ცხოვრებაში გადატანილი მტკივნეული მოვლენები დავივიწყო. ყველა ფილმი და ყველა გადასაღები მოედანი დროებით ჩემი ოჯახი და სახლი ხდება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვგრძნობ. შინაგანი სიმშვიდისა და ჰარმონიის მიღწევისკენ მივისწრაფვი და ვიმედოვნებ, ოდესმე მომავალზე ოპტიმისტურ ხედვასაც ჩამოვიყალიბებ.
აღარ დახეტიალობთ სასტუმროებში და უკვე საკუთარ სახლში დაფუძნდით?
დიახ, ბავშვობიდან ბოშასავით ვცხოვრობდი. მაგრამ მე ეს მომწონდა. გადაღებების შემდეგ, ლოს-ანჯელესში დაბრუნებისას, სასტუმროში, გადასაღებ ბინაში ან სადმე ვრჩებოდი. მაგრამ გარკვეულ ეტაპზე დაღლილობა ვიგრძენი და გადავწყვიტე სტაბილური თავშესაფარი მომეძებნა. ერთხელ გზაში ერთი სახლი დავინახე და მივხვდი, რომ ის „ის“ იყო. მისი ყიდვა და მასში ცხოვრება მომინდა. მას შემდეგ იქ ვარ. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.
მართალია, რომ სამყაროს მეოთხე „მატრიცა“ ელოდება?
შეიძლება ითქვას. მაგრამ დამიჯერეთ, აღარ ვარ მსგავს ფორმაში, სპორტულ დარბაზსაც იშვიათად ვსტუმრობ, მხოლოდ გადაღებების წინ. ფანტასტიკური პირადი მწვრთნელი მყავს. უკვე 10 წელია რჩევებს მაძლევს და რეჟიმს მიგეგმავს. ის რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი რა მეშველებოდა. ისეთ გადაღებებს, როგორიც მაგალითად ეს ბოლო − „ჯონ ვიკია“, მაღალი დონის ფიზიკური მზადყოფნა სჭირდება. კიდევ ერთი ტრილოგია ჩემს ბიოგრაფიაში. ვინ იფიქრებდა?!
რადგანაც ამ ფილმს შევეხეთ, 2014 წელს თქვენ ახალ ჰიტს შეეჭიდეთ, რომელიც მაყურებელსაც, სტუდიებსაც და კრიტიკოსებსაც ძალიან მოეწონათ...
დიახ, დიდი ხნის შემდეგ, ბლოკბასტერი ისევ მანდეს. ჩემს გმირთან ემოციურ დონეზე ბევრი რამ მაკავშირებს. მას ცხოვრება ურტყამს, ადამიანები უთვალთვალებენ, ცოლი და ძაღლი უკვდება, მაგრამ ბრძოლას აგრძელებს. ის არ ჩერდება. მომწონს, რომ შეუძლია თავი ხელში აიყვანოს და ნებისმიერი სიტუაციიდან გამოძვრეს. ფეხზე დგება და ყველაფერს ხელახლა იწყებს. ჩვენც ასე არ ვართ? რამდენჯერაც დაგვცემს ცხოვრება, ვცდილობთ ავდგეთ და გზა განვაგრძოთ. ვიკი მარტოხელაა − ისევე, როგორც მე. ყოველთვის მშვიდ ცხოვრებას ვამჯობინებდი, ჩემთვის. რა თქმა უნდა, ისეთივე „მაგარი ტიპი“ არ ვარ, როგორიც ის და არც ამდენი ძალა მაქვს, მაგრამ ის ხომ არარეალური, გამოგონილი პერსონაჟია.
ძალადობის დოზა, რომელიც ამ ფილმებშია დემონსტრირებული, არ გაწუხებთ?
ეს სტილისტური კინოა, ძალადობა ძლიერი ემოციების ტრანსლაციის ხერხია. შურისძიების ისტორიას ვყვებით, ეს განცდა კი ამერიკულ და იაპონურ კინოში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ვიკს ძალადობა არ სურს, მაგრამ შურს ცოლის გარდაცვალების გამო იძიებს, ეს კი სევდის გადატანაში ეხმარება. მას სამართლიანობის საკუთარი კოდექსი აქვს, მორალზე პირადი შეხედულება. ამ დროს ვერავინ უნდა შეაჩეროს. ასე აბალანსებს ჯონ ვიკი კეთილს და ბოროტს გარე სამყაროში.
რაც შეეხება სიკეთეს − იცით, რომ თქვენს კეთილ საქმეებზე ლეგენდები დადის? თქვენ გადააკეთებინეთ „მატრიცას“ კონტრაქტი, რათა მთელ გადამღებ ჯგუფს მეტი ანაზღაურება თქვენი ჰონორარის ხარჯზე მიეღო. დათმეთ საკუთარი შემოსავალი, რათა ფილმში ალ პაჩინოს მოწვევის საშუალება ჰქონოდათ. მსგავსი ისტორიები თქვენზე უამრავია: სადილი შემოქმედებითი გუნდისთვის, დეკორაციების დიზაინერის დახმარება, რათა სახლი არ დაეკარგა, მოტოციკლი ყველა თქვენს ეპიზოდურ შემცვლელს... და ა.შ.
არ ვიცი, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა. დიახ, „მატრიცის“ გრანდიოზული სცენის მონაწილეებს მოტოციკლები ვაჩუქე. მე მათთან ყოველდღე ვმუშაობდი. ერთ სცენას 17 დღე ვიღებდით, ერთად ვცდილობდით პერფექციონიზმისთვის მიგვეღწია. კარგად გადამიხადეს და რატომ არ უნდა გამეხარებინა ეს ადამიანები? რა არის ამაში განსაკუთრებული? ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, უბრალოდ მეტის საშუალება მაქვს და მინდა გამოვიყენო. სულ ესაა.
ცნობილია თქვენი ვნება მოტოციკლების მიმართ, მიუხედავად მიღებული ტრავმებისა...
ყოველდღე მოტოციკლით დავდივარ. ჩემთვის ის გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა. ასე არასოდეს ვიგვიანებ. მასზე ჯდომისას ფიზიკურად შევიგრძნობ არამხოლოდ ქარს და გზის სურნელს, ასევე ბუნებასთან და სამყაროსთან განმარტოებას. ის ყურადღებას და მობილიზებას მოითხოვს. ყოფნას როგორც აქ, ისე მომავალში. შეგიძლიათ მასზე ამხედრდეთ იმ მიზნით, რომ რეალობას გაექცეთ, დაფიქრდეთ, იოცნებოთ. რაც შეეხება ტრავმებს, ერთი პერიოდი ვხუმრობდი კიდეც, რომ ექიმები გავამდიდრე. 1988 წელს ყველაზე სერიოზული რამ შემემთხვა: ნახევარი საათი ვტრიალებდი ასლფალტზე იმის შეგრძნებით, რომ ნამდვილად მოვკვდებოდი. მაშინ ბევრი ოპერაციის ჩატარება დამჭირდა.
რატომ ატარებთ მუდამ შავ სამოსს, თქვენი გმირების მსგავსად? რაღაც გამაერთიანებელი სტილია? ცნობილია, რომ მამაკაცის კოსტიუმებში საუკეთესოდ ერკვევით. ამასთან, იტალიურს ამჯობინებთ...
ამ ქათინაურებით ჩემმა სტილისტმა დამაჯილდოვა? დიახ, ჩემი აზრით, იტალიაში საუკეთესო კოსტიუმებს კერავენ. როცა შავ სამოსს ვატარებ, ეს ჩემს ქმედებებზე ახდენს გავლენას. ფილმებში ის იმიჯის შექმნისთვისაა საჭირო, რათა პერსონაჟმა უფრო იდუმალი ეფექტი შეიძინოს. ზოგადად, მუქ ფერებში რაღაც წმინდას ვხედავ... რაიმე უჩვეულო აღიარებას ჩემგან ტყუილად ელით. მოსიარულე კლიშე ვარ. სიკვდილი და სიბერე. რამდენი დრო დამრჩა, რომ ჩაფიქრებული განვახორციელო? ყველაფერი ასე სწრაფად რატომ იცვლება? რა ვერ მოვასწარი? ეს კითხვები მუდამ მაწუხებს.