ქართული OK! ლანდშაფტის არქიტექტორ თამარ თავართქილაძეს ვერაზე, სასტუმრო SEPHIA-ში შეხვდა, რომლის პატარა, კოხტა და კომფორტული ბაღი-კაფე სწორედ თამარის დაპროექტებული და შესრულებულია. პირველად როდის დაინტერესდა ჩვენი სტატიის გმირი თავისი პროფესიით, როგორი სტილის ბაღები თუ ეზოებია დღეისათვის ტენდენციური და რა პროფესიულ რჩევებს აძლევს ჩვენი ჟურნალის მკითხველებს, წაიკითხეთ თამარ თავართქილაძესთან ძალიან საინტერესო ინტერვიუში.
თამარ, ჩვენი საუბარი აქტუალური ტენდენციების განხილვით დავიწყოთ. როგორი ლანდშაფტია ახლა მოდური? როგორია მსოფლიო ტენდენციები?
ლანდშაფტის არქიტექტურა საკმაოდ შემოქმედებითი და ცვალებადი მიმართულებაა. შესაბამისად, ერთფეროვანი სტილისტიკის დაცვა ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მინიმალისტური სტილი საკმაოდ დამკვიდრდა, ასევე მცენარეების ფორმირებული ფორმები, აღმოსავლური და ინგლისური ბაღები, რომლებიც ფაქტობრივად კლასიკადაა ქცეული, ჩემი აზრით, არასოდეს გადავა მოდიდან.
შეგიძლიათ აღგვიწეროთ, როგორია ინგლისური ბაღი?
ეს არის პეიზაჟური ბაღი, რომელიც მაქსიმალურადაა მიმსგავსებული და მიახლოებული ბუნებასთან თავისუფალი კომპოზიციებით, დიდი, მწვანე მდელოებით, გაზონებით, ვარდებით, თავისუფლად მდგარი დომინანტური ხით. ინგლისურ ბაღებში მცენარეები, რა თქმა უნდა, წინასწარ დაგეგმილადაა განაწილებული, მაგრამ ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ბუნებრივადაა ასე შექმნილი. ამ ბაღებისთვის ასევე მნიშვნელოვანია პერსპექტივისა და სივრცის გახსნა. ინგლისური ბაღი ვერც ერთმა კონკრეტულმა, მცირევადიანმა ტენდენციამ ვერ დაჩრდილა, რადგან ყოველთვის აქტუალურია.
საქართველოში დიდია ამ სტილზე მოთხოვნა?
ჩემი ძირითადი დამკვეთები კერძო სექტორის წარმომადგენლები არიან და ყველასთან საუბარი იწყება იმით, რომ ძალიან მოსწონთ აღმოსავლური სტილი და იაპონური ბაღები. მაგრამ შემდეგ, მას მერე, რაც იდეას ჩავუღრმავდებით და ავუხსნი, რომ ეს ყველაფერი არ არის მარტივი თავისი შინაარსითა და დატვირთვით, რომ აღმოსავლური ბაღის კონცეფცია არ არის უბრალოდ წითელი ნეკეჩხალი და ბამბუკი და მასში სულ სხვა ფილოსოფია დევს, იცვლება ხოლმე მოთხოვნები და რეალობასმორგებულ იდეებზე ვჩერდებით.
რთული განსახორციელებელია აღმოსავლური ბაღების პროექტები?
რთულია და ძვირადღირებული. ისეთ ხე-მცენარეებზეა აგებული, რომლებიც მრავალი წლის გამოყვანილია, ჯუჯა ფორმისაა და საკმაოდ ძვირი ღირს. გარედა ამისა, ამ ტიპის ბაღების მოწყობისას აქტიურად იყენებენ ქვას, ღორღს, კენჭებს, კერძო ეზოს შემთხვევაში ნაკლებად პრაქტიკულია იაპონური ბაღი, ის უფრო საყურებლადაა სასიამოვნო. ჩემთვის კი ყველაზე მთავარია, ჩემ მიერ შექმნილ ესთეტიკურ გარემოში ადამიანი მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდეს თავს.
როდის გაგიჩნდათ პირველად ინტერესი ლანდშაფტის არქიტექტურის მიმართ?
არქიტექტორების ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. მუდმივად არქიტექტურა ჩამესმოდა და ძალიან ორგანული იყო ეს პროფესია ჩემთვის. ერთხელ ასე მოხდა: ძალიან პატარა ვიყავი, 10-11 წლის, მამას პროექტი ჰქონდა გასაკეთებელი და ხელით ხაზავდა და მუშაობდა. მოგეხსენებათ, იმ დროს კომპიუტერი არ იყო და ყველაფერი ხელით კეთდებოდა. შესაბამისად, დიდი დრო და ენერგია სჭირდებოდა. მამამ ღამე გაათენა და პროექტი დაასრულა. მეორე დღეს ადრე გამეღვიძა და დავინახე პლანშეტებზე გაშლილი ნამუშევარი, გამოვიტანე სახატავი ფანქრები, მივადექი მამაჩემის სიმწრით დასრულებულ, გატუშულ პროექტს და დავიწყე ყვავილებისა და მცენარეების მიხატვა. მამა ყოველთვის ძალიან რბილი და ლოიალური იყო ჩემ მიმართ, არასოდეს გამოხატავდა სიმკაცრეს. რომ გაიღვიძა და მოხატულ პროექტს შეხედა, თავდაპირველად გაოგნდა. მე ავუხსენი, შენს შენობებს ყვავილები აკლდა და მე მივახატე-მეთქი. ჩამიხუტა და მითხრა, შენ რომ გაიზრდები, ლამაზ ბაღებს დახატავო. ვფიქრობ, სწორედ ამ წინადადებამ გააჩინა ჩემში ის მთავარი ნაპერწკალი. როცა გამოცდები უმაღლეს სასწავლებელში ლანდშაფტის არქიტექტურის განხრით ჩავაბარე, მაშინ ძალიან უცხო იყო ეს პროფესია. გასული საუკუნის 90-იან წლებში არც არავის აინტერესებდა ეს თემა და უკვირდათ, რატომ ავირჩიე. მე კი საერთოდ არ ვფიქრობდი ამ პროფესიის მომგებიანობაზე მომავალში. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ საოცარ სიამოვნებას და ინტერესს იწვევდა ჩემში ამ პროფესიის შესწავლა.
ამჟამად Sephia Hotel-ში ვიმყოფებით. მისი ბაღის პროექტი როგორ გაკეთდა?
რომ მოვედი, მიუხედავად იმისა, რომ დამხვდა პატარა, ლამაზი ბაღი, მეპატრონეს აწუხებდა ფაქტი, რომ ბაღის სივრცეს პრაქტიკულობის თვალსაზრისით არ ჰქონდა გამოყენება. უნდოდა, სივრცე მაქსიმალურად ყოფილიყო ადამიანების კომფორტზე მორგებული და აქვე განთავსებულიყო კაფეს ნაწილი. ამ მიზნით მოხდა სივრცეების გადაკეთება, რამაც გამოიწვია მცენარეებში ცვლილებები, ქოთნების ჩადგმა. მთლიანობაში ისე გამოვიდა, რომ შეიქმნა ლამაზი ღია კაფე მწვანე გარემოში.
მცენარეებს აქ ყიდულობთ თუ საზღვარგარეთიდან იწერთ?
ყველანაირად ვცდილობ ხოლმე, რომ აქვე, ადგილობრივი მცენარეები შევიძინო და გამოვიყენო, მაგრამ საწუხაროდ, ყოველთვის ვერ ვნახულობ ჩვენთან იმას, რაც მჭირდება. ამიტომ, ასეთ დროს, ვყიდულობ ჩამოტანილ მცენარეებს, რომლებიც ჩვენს კლიმატურ პირობებთან ადაპტირებულია.
რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც ახლა აპირებენ ლანდშაფტის არქიტექტურის მოწყობას?
უპირველესად ვურჩევ, ტერიტორია კარგად შეისწავლონ, დაიარონ კუთხე-კუთხე და დააკვირდნენ, რომელი კუთხიდან რა სივრცე და ხედი იშლება. ამიტომ სანამ დეტალებზე დავიწყებთ მუშაობას, მთავარია ტერიტორიის სწორი სივრცითი განაწილება, რაც, პირველ რიგში ევალება ლანდშაფტის არქიტექტორს. ასევე აუცილებელია განისაზღვროს ეზოს კონცეფცია − რისთვის, რა დანიშნულებით კეთდება. არ შეიძლება ერთნაირი ბაღი ჰქონდეს საკუთარი სახლის ეზოს და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებას. დიდი მნიშვნელობა აქვს რა დატვირთვა უნდა ჰქონდეს შედგომში ამ ბაღს. ბილიკები, ზონები როგორ უნდა განაწილდეს. როცა სწორადაა დაწყებული გეგმარება და სივრცეებიც სათანადოდაა გადანაწილებული, შემდეგ მარტივია გაგრძელება.
როგორია თქვენთვის იდეალური ლანდშაფტი, ბაღი თუ ეზო?
სიმართლე გითხრათ, იდეალებზე საუბარი არ მიყვარს. მთავარია ჰარმონიულად იყოს ყველაფერი მოწყობილი. ზოგადად, მცენარეების სახეობები და ფერთა რაოდენობა არ განსაზღვრავს სილამაზეს. შეიძლება სულ 2 ფერი დომინირებდეს ბაღში, მაგრამ ჰარმონიულად იყოს შერწყმული. ბაღი არ უნდა იყოს ადამიანის თვალისთვის დამღლელი. შეიძლება ერთი შეხედვით ჭრელი ბაღი ულამაზესი მოგეჩვენოთ, მაგრამ გარკვეული პერიოდის მერე იგრძნოთ, რომ დამღლელია. აზრი, შინაარსი უნდა ჰქონდეს თითოეულ ბილიკს, რომელიც კონკრეტულ ადგილამდე მიგვიყვანს. მნიშვნელოვანია, რა უნდა გვაჩვენოს მან, რა ხედებს გვთავაზობს; ყოველი შემობრუნებისას უნდა გვეშლებოდეს ახალი, ლამაზი ხედი. სწორედ ესაა მთავარი, და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი − ბაღი არ უნდა იყოს ძალიან ხელოვნური; მიუხედავად მისი ფართობისა, ბაღი უნდა ტოვებდეს შთაბეჭდილებას, რომ ერთი ამოსუნთქვით შეიქმნა. ამჟამად რამდენიმე კერძო პროექტი მაქვს, რომელზე მუშაობაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. როგორც წესი, დამკვეთები სრულ თავისუფლებას მაძლევენ ხოლმე. ასეთ დროს ჩემი შთაგონების ხორცშესხმა ბევრად ნაყოფიერი და სასიამოვნოა. ჩარჩოს მორგება შემოქმედი ადამიანებისთვის დისკომფორტია, მაშინ, როცა თავისუფლება შემოქმედებით უნარს, ფანტაზიას კიდევ უფრო ავითარებს. შესაბამისად, შედეგიც ბევრად კარგია ხოლმე.
რას ნიშნავს საკუთარი პროფესია თქვენთვის?
მე მგონია, რომ საქმის კარგად შესრულება პირდაპირი გაგებით, ნიშნავს ქვეყნის სამსახურში დგომას. როცა საქმისადმი პროფესიული მიდგომა გაქვს, სწორედ ესაა, ჩემი აზრით, ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი. ჩემთვის ყველაფერია ჩემი პროფესია. მისი საშუალებით საკუთარ თავს ვხედავ რეალიზებულს, თავისუფალს, შემოქმედს. ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და დაღლის არ მეშინია. ძალიან მომწონს ის, რასაც ვაკეთებ და ღამისთევები, 24-საათიანი რეჟიმის გადაბმა ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია. ვიღლები, მაგრამ ეს არის ყველაზე სასიამოვნო დაღლა. ჩემი საქმის გარეშე, ალბათ, თავს უსარგებლოდაც ვიგრძნობდი.