ბექა ლეჟავა ახალგაზრდა პერსონალური მწვრთნელი-ქოუჩია. მისი საქმიანობა სამოტივაციო სპიკერისა და ტრენერის ამპლუასაც აერთიანებს. გახლავთ ათ წელზე მეტი ხნის წარმატებული გამოცდილების მქონე იურისტი, სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის (ადმინისტრირების) მაგისტრი, რომელმაც საკუთარი გატაცება მეორე პროფესიად აქცია − ახლა ბექა მსმენელებს მოტივაციის გაზრდაში, ახლებური ხედვის შემუშავებასა და დანერგვაში, კონკრეტული ამოცანების გადაჭრასა და პიროვნულ თუ ორგანიზაციულ განვითარებაში ეხმარება. უფრო ვრცლად ქოუჩის მნიშვნელობაზე, მისი კონსულტაციისა და დახმარების სარგებელსა და საკუთარ გამოცდილებაზე, OK! ბექა ლეჟავას ესაუბრა.
პროფესიით იურისტისთვის, რატომ გახდა მორიგი პროფესია ასეთი მიმზიდველი?
მაშინ, როცა თავად პიროვნული განვითარებითა და საკუთარი თავის ტრანსფორმირებით დავინტერესდი, გამიტაცა სფერომ, რომელიც სწორედ ამ ამოცანის შესრულებას მპირდებოდა. 2013 წელს „ლიდერთა სკოლაში“ ბატონ გია მაისაშვილთან გავიარე „პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების“ სპეციალური კურსები, რამაც დიდი გავლენა და დადებითი ეფექტი მოახდინა ჩემზე. შემდეგ კიდევ უფრო ღრმად დავინტერესდი ამ სფეროთი და მომიჯნავე დარგებით. 2016 წელს პორტუგალიასა და ესპანეთში ALTEMUS-ის ლიდერთა სკოლაში გავიარე სპეციალური კურსები უცხოელ სპეციალისტებთან, რამაც კიდევ უფრო გამათვითცნობიერა ბევრ საკითხში. შესაბამისი პროფესიული მომზადების შემდეგ, ბევრად მეტი მონდომებითა და ინტერესით გავაგრძელე პრაქტიკული მუშაობა. ეს არის სფერო, რომელში მუშაობაც მსიამოვნებს. მიხარია, როცა ჩემი პროფესიით შემიძლია ადამიანებს დახმარება გავუწიო პიროვნული თუ პროფესიული განვითარების გზაზე, შევძლო მათი მოტივაციის ამაღლება და ერთად ვეცადოთ შედეგის მიღწევას.
როგორია ქოუჩინგის, როგორც საქმიანობის, სპეციფიკა?
ეს არის ახალი პროფესია, ახალი მიმდინარეობა, რომელიც სწორი, დახვეწილი, ჩამოყალიბებული, მიზანმიმართული კითხვების დასმის მეშვეობით, ადამიანს უჩვენებს განვითარების გზას. დაანახვებს, სად უშვებს შეცდომას, სად არის მისი ქმედება არასწორი, რატომ დგება არასასურველი შედეგი. ქოუჩინგი პიროვნებას ეხმარება დასახოს მიზნები და მისკენ სავალი სწორი გზა. ქოუჩები არ ვსვამთ დიაგნოზს, არ ვიძლევით რჩევებს და არ მიგითითებთ, არამედ თავად გიჩვენებთ გზებს, საკუთარ თავს უპასუხოთ. სწორედ ამის გაცნობიერებაში გიწყობთ ხელს და ჩნდება საშუალება, სრულიად ახლებური ჰორიზონტი გამოიკვეთოს ადამიანის ცხოვრებაში.
როგორია პრობლემები, რომლებიც ქოუჩის კონსულტაციის საჭიროების მქონე ადამიანებს ახასიათებთ?
ნებისმიერი მიმართულებით, რაც უფრო ცუდ მდგომარეობაშია ადამიანი, რაც უფრო დაბალი ემოციური ფონი და ენერგეტიკული დონე აღინიშნება, მეტად რთულდება პრობლემების დამარცხება და სწორედ ემოციური მზადყოფნის განმტკიცებაა ქოუჩის სამუშაო დანიშნულება, პირადი რესურსების გამოყენებით ადამიანების ხელშეწყობა, რათა შეძლონ, მიზნებისკენ ისწრაფვოდნენ.
რა მიმართულებებით მუშაობს ქოუჩი პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვისას?
ქოუჩი და კლიენტი პარტნიორული ურთიერთქმედებით აღწევენ დასახულ მიზნებს. ქოუჩინგი პიროვნული განვითარებისთვის მუშაობს შემდეგი მიმართულებებით: ადამიანური რესურსების ინჟინერია, ურთიერთობები, კარიერული წინსვლა, სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა, პროფესიული წარმატება, ფინანსები, ჰარმონიულობა და ცხოვრების ბალანსი. ყველა ამ კუთხით, ქოუჩი უნივერსალური მეთოდით მუშაობს, რაც გულისხმობს საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამებით მოქმედებას. ინტეგრირებული მეთოდიკები გვეხმარება გამოვიკვლიოთ ადამიანთა ქცევა და ანალიზის საფუძველზე, მივცეთ მათ თვითგააზრების საშუალება.
ფაქტობრივად, ქოუჩი აერთიანებს ფსიქოლოგისა და სხვადასხვა საკითხებში მომუშავე კონსულტანტის პროფესიულ სპეციფიკასაც. რა არის ქოუჩის განმარტებაში მათთან გამყოფი ხაზი?
ფსიქოთერაპევტისგან განსხვავებით, ქოუჩი არ არის ფოკუსირებული წარსულის ნეგატიურ გამოცდილებებზე, რომლებიც სწორედ ამჟამინდელი ცხოვრების სტილის განმაპირობებელი შეიძლება იყოს.
კონსულტანტის ამოცანა კი ადამიანისა თუ კომპანიის პრობლემის აღმოჩენა და გადაწყვეტის გზების შეთავაზებაა; ხშირად აღმოჩენილ პრობლემებს კლიენტის ნაცვლად თავად უმკლავდებიან. ქოუჩის კომპეტენციაში კი ისეთი ინსტრუმენტების გამოყენება შედის, რომლებიც ადამიანებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება, თავად კი უბრალოდ მხარს დაუჭერს მათ განხორციელებაში.
ქოუჩინგი საკმაოდ ახალი მეთოდია მსოფლიო ისტორიაში. როგორია ქართული რეალობა მასთან დამოკიდებულებაში?
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ქოუჩინგი, როგორც პროფესიული სამუშაო, ადვილად დამკვიდრდა და სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს. ინდივიდუალურად მომართვიანობის გარდა, ხშირია ქართული კომპანიების მენეჯერებთან თანამშრომლობაც, რომლებიც ამ ახალ და ეფექტურ მეთოდებს აღიარებენ.
რა როლი შეაქვს ქოუჩინგს კომპანიების განვითარებასა და მათი მუშაობის ეფექტიანობის გაზრდაში?
ტრენინგები ეხმარება ლიდერებს, ყველა დონის ხელმძღვანელებს, გუნდის პოტენციალისა და რესურსების გამოყენებაში. რეზონანსი ჩანს გუნდის მუშაობის შედეგიანობისა და ინდივიდუალური ეფექტიანობის ზრდაში, საერთო ხედვის შექმნისა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების უნარების გაუმჯობესებასა დ თანამშრომელთა ინიციატივიანობის ზრდაში; ასევე, დასახული მიზნების მიღწევის ხერხების ათვისებაში.
რაც მთავარია, ჩნდება საშუალება, რომ მოხერხდეს დაწესებული საზღვრებიდან გასვლა და ამის ხარჯზე პიროვნული და გუნდური განვითარება.
რას იტყოდით ქოუჩინგის შედეგებზე, რომელიც მისი სხვადასხვა მიმართულებით გამოყენებისას დგება?
სხვადასხვა სფეროში სხვადასხვაგვარი შედეგები დგება. ცხოვრებისეულ სფეროში ქოუჩინგის შედეგად, ადამიანი უღრმავდება და უკეთ ეცნობა საკუთარ თავს; ვითარდება, როგორც პიროვნება, პოულობს ურთიერთობებისა და პიროვნული განვითარების ახალ გზებს, მარტივად და სწრაფად უმკლავდება სირთულეებს, აღწევს დასახულ მიზნებს. ქოუჩინგი ბიზნესში ეხმარება კომპანიებს ეფექტიანობის ზრდაში, მენეჯერებს − სტრატეგიულ დაგეგმვაში, საერთო ბიზნესხედვის ჩამოყალიბებაში, თანამშრომლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში, გუნდის შეკვრასა და მათი მოტივაციის ამაღლებაში.