29 მაისს ჟურნალისტის, მოგზაურის, დიპლომატისა და ფოტოგრაფის − ბადრი ვადაჭკორიას დაბადების დღე იყო. იგი ადამიანებისადმი განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გამოირჩევა. ყველაზე ღირებული, რაც მოგზაურმა წლების განმავლობაში შეაგროვა, ჩემი აზრით, იმ ადამიანების სიყვარულია, ვისაც ის ასე უანგაროდ უყვართ. ურთიერთობაში ყველაფერი ორმხრივია და ბუნებრივია, რომ არა მისი დამოკიდებულება, ის არ იქნებოდა ერთდროულად საზოგადოების ყველა წარმომადგენლისთვის ასეთი ძვირფასი და დასაფასებელი.
17 საავტორო ალბომის ავტორს, წიგნისთვის „საქართველო“ დამსახურებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია; არის „ოქროს ფრთის“ მფლობელი, როგორც ჟურნალისტ-პუბლიცისტი; დამსახურებული ჟურნალისტი და მრავალი ფოტოკონკურსის გამარჯვებული და პრიზიორია. პირადად მე, იშვიათად შემხვედრია მისნაირი მრავალმხრივ ნიჭიერი, თავისი საქმის (საქმეების) პროფესიონალი ადამიანი, რომელიც ისეთი უშუალო და მოსიყვარულეა ადამიანების მიმართ, რომ ზოგიერთს წარმოდგენაც კი გაუჭირდება... და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ბატონ ბადრის ძალიან უყვარს ადამიანები და ამ სიყვარულის გაცემაში მას ბადალი არ ჰყავს! ახლა კი გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს ამ არაჩვეულებრივ პიროვნებასთან და მადლობას გადავუხდი საჯაროდ იმისათვის, რომ გვაჩვენებს და გვაყვარებს სამშობლოს, რომელსაც თურმე საერთოდ არ ვიცნობთ.
როდის აღმოაჩინეთ, რომ ფოტოგრაფიით იყავით გატაცებული?
ბავშვობიდან კინორეჟისორობაზე და ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი. ფოტოგრაფიას რაც შეეხება, ეს სფერო ჩემს ცხოვრებაში ბავშვობიდან იყო. ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა, როგორ ჩნდებოდა წითელ შუქზე სხვადასხვა გამოსახულება. თუმცა, ამ მიმართულებით განათლება არ მიმიღია. ჯერ კიდევ მოსწავლე ვიყავი, როცა რამდენიმე გაზეთის შტატგარეშე კორესპონდენტად ვმუშაობდი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან ვიღებ ფოტოებს და ბავშვობიდან ვწერ.
პროფესიით ვარ...
მისაღები გამოცდები ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც არ არსებობდა ცალკე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ფილოლოგიის ფაკულტეტზე იყო ჟურნალისტიკის განყოფილება. ამ მიმართულებაზე ვიყავით ათნი. მე დღის მეცადინეობებზე ჩავაბარე, მაგრამ რატომღაც გადამიყვანეს ღამისაზე. ეს კი, საუკეთესო რამ იყო, რადგან ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გემუშავა. ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, სადაც 34 წელი გავატარე. ამ ხნის განმავლობაში ვიყავი დიპლომატიურ სამსახურში, ვიყავი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აკრედიტებული ჟურნალისტი და ერთდროულად რამდენიმე გაზეთს წარმოვადგენდი. ბევრი საინტერესო რამ იყო ჩემს ცხოვრებაში.
ტელევიზია...
ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო და ყველაზე თბილი წლებია. ჩემთვის და ყველასთვის, ვინც იქ ვმუშაობდით, ზეიმი იყო სამსახურში მისვლა. ხელფასი სულ ასი მანეთი მქონდა, მაგრამ ისეთი ხალისითა და სიყვარულით იყო სავსე ჩვენი ურთიერთობები, რომ ეს გვაბედნიერებდა და გვმატებდა ხალისს.
„ეს ჩემი საქართველოა“ − ასე ჰქვია ალბომებს, რომლებიც თქვენი ავტორობით უკვე მე-17 წიგნად გამოიცა... როგორია თქვენი საქართველო?
ეს საქართველო მხოლოდ ჩემი კი არ არის, არამედ ყველა იმ ადამიანისაა, ვინც ამ ალბომს დაიჭერს ხელში და სწორედ ისეთია, როგორიც ამ წიგნებშია. იმისათვის, რომ საქართველო მოვიაროთ, ერთი სიცოცხლე საკმარისი არ არის, იმდენად სრულყოფილი სილამაზეა ჩვენი ქვეყანა. ძალიან მიყვარს ჩემი საქართველო და ამ ფოტოებს უპირველესად ჩემი სიამოვნებისთვის ვიღებ, შემდეგ ვაწვდი ამას საზოგადოებას და ისე გამოდის, რომ თქვენც ზუსტად ისეთივე საქართველო მოგწონთ და გხიბლავთ, როგორიც მე.
ყველაზე მეტად საქართველოს რომელ მხარეზე ხართ შეყვარებული?
სვანეთი, თუშეთი... თუშეთში, მთის სხვა ხალხისგან განსხვავებით, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანები ცხოვრობენ. თუშეთში 10-ჯერ მაინც ვარ ნამყოფი ვერტმფრენით. მანქანით კი 2013 წელს წავედი პირველად და ყოველ 50 მეტრში ვაჩერებდი მანქანას, იმდენად მშვენიერია მთელი ის გზა. მას შემდეგ იქ ძალიან ბევრჯერ ვიყავი. ახლახან ჯავახეთში, ხევსურეთსა და იმერეთში ვიმოგზაურე. ყველა მხარეს თავისი სილამაზე და მომნუსხველობა აქვს.
თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პეიზაჟების გადაღებისას და რას ურჩევდით დამწყებ ფოტოგრაფებს?
განათება. ჩამავალი მზის შუქი სულ სხვანაირია, და პირიქით. ბევრი უნდა გადაიღონ. მე არსად მისწავლია ფოტოგრაფია, ყველაფერი ნიჭითა და გამოცდილებით დაიწყო. თავისთავად, გემოვნებაც საჭიროა. მე არ მიყვარს ფოტოების ზედმეტად დამუშავება, მხოლოდ ოდნავ ვუკეთებ ხოლმე კორექციას.
თქვენი პორტრეტები ყველასგან განსხვავებულია, ყველა ადამიანში ჩანს ხასიათი...
სწორედაც რომ ეგ არის მთავარი და მნიშვნელოვანი პორტრეტის გადაღების დროს. უნდა ეცადო, ადამიანი თავისი ხასიათით კადრში დაიჭირო.
მშვენიერება რა არის თქვენთვის?
ძალიან ბევრს რომ ივლი, გაჭირვებით სადღაც „აფოფხდები“, იქიდან გადმოიხედავ და სიამაყით აივსები, რომ აი, ეს მშვენიერება, ეს სილამაზე − შენი სამშობლოა. უამრავი ულამაზესი ადგილია, რომელიც უმეტესობას არ აქვს ნანახი.
თბილისი...
ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. ჩემთვის ყველაზე თბილი და ტკბილია. ეს ქალაქი ამოუწურავია თავისი ყოველი კუთხე-კუნჭულითა და მრავალფეროვანი მოსახლეობით.
დიპლომატიური მისიით 4 წელი სხვა ქვეყანაში ცხოვრობდით. გაგიჭირდათ?
არა, რადგან ვიცოდი, რომ როცა მომინდებოდა, დავბრუნდებოდი ჩემს ქვეყანაში. მაშინ ტელევიზიაში ვმუშაობდი და სრულიად შემთხვევით მოვხვდი დიპლომატიურ სამსახურში. აქ რომ დავბრუნდი, საგარეო საქმეთა სამინისტროში შემომთავაზეს სამსახური, სადაც ხელფასი 40 ლარი იყო. სხვათა შორის, სხვები დარჩნენ, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ ანკარაში, მაგრამ მე ორი თვის შემდეგ მივიღე წინადადება, წავსულიყავი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რეპორტიორად, და წავედი.
ევროპის ქვეყნებიდან რომელ ქალაქს გამოარჩევდით?
საფრანგეთის პატარა ქალაქ კოლმარს, რომელიც საფრანგეთის ელზასში მდებარეობს. ასევე ბელგიაში ულამაზეს ქალაქ ბრიუგეს. თუმცა, საქართველოს არაფერი სჯობს. ასეთ ციცქნა ფართობზე ყველაფერია: უზარმაზარი მთები, უდაბნო, ზღვა. ძალიან მომწონს აზიური ქვეყნები – ეგზოტიკური და განხვავებულია. დიდად არ მხიბლავს ამერიკის კონტინენტი, მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკში 10-ჯერ ვარ ნამყოფი. მაგრამ ეს ქალაქი კრებითია, არ არის მხოლოდ ამერიკული ქალაქი. ვენეციაში ძალიან დიდხანს ვიყავი და საოცარია. ზოგადად, იტალია მიყვარს ძალიან და გამაგიჟა ქალაქმა ალბერობელომ − სულ სხვა იტალიაა. ეს აუცილებლად უნდა ნახოთ და სანამ წახვალთ სამოგზაუროდ, მანამდე შეგიძლიათ ჩემს გვერდზე იხილოთ ფოტოები, მოგზაურობის ალბომში.
მოგვიყევით თქვენს ვიზიტზე ვენეციაში.
ერთი თვის განმავლობაში ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, და მათ შორის ჩემი, როგორც ფოტოგრაფის, ფოტოებიც იყო გამოფენილი. შემდეგ ისე მოხდა, რომ რამდენიმე მხატვრის ნამუშევარი გადაიტანეს საერთაშორისო ბიენალეზე და მათ შორის მოხვდა ჩემი ფოტოებიც. შეძენის მსურველები, რასაკვირველია, იყვნენ, თუმცა გადავწყვიტე, რომ ეს ფოტოები საჩუქრად ქართული სათვისტომოსთვის გადამეცა.
რა არის თავისუფლება?
როცა ადამიანი ცხოვრობ ლაღად, აკეთებ იმას, რაც გინდა და ამბობ იმას, რაც გსურს თქვა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვისი აზრი არ გაითვალისწინო და სხვას შეურაცხყოფა მიაყენო. ზნეობა ყველაზე დიდი რამაა და საუკეთესო ცენზორია ადამიანში.
და ადამიანში რას აფასებთ ყველაზე მეტად?
სითბოსა და სიყვარულის გამოხატვის ნიჭს. როცა გრძნობ, რომ ეს გულწრფელად მოდის მისგან. ჩემი ცხოვრების კრედოა – არასოდეს გაუკეთო სხვას ის, რაც არ გინდა შენ გაგიკეთონ. ამას ძალით კი არ ვაკეთებ, არამედ ამის მოთხოვნილება შინაგანად მაქვს. ვაფასებ, როცა ადამიანს შეუძლია დადებითი ემოციების გამოხატვა. ამაში კი ყველაზე კარგი ისაა, რომ სიკეთის კეთება და სიყვარულის გაცემა გადამდებია.
ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც კოლექციონერობით არიან გატაცებულნი... შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ადამიანების კოლექციას აგროვებდით მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში, ასე არ არის?
ჩემი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანთან მომიწია ურთიერთობა, და მართლაც − შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ძვირფასი, რაც ჩემს ცხოვრებაშია, სწორედაც რომ ადამიანების გაცნობა, მათთან ურთიერთობა და მათი სიყვარულია.
ბედნიერება...
ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ვაკეთებ საქმეს, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს და ამაში ბოლომდე თავისუფალი ვარ. ბედნიერებაა ჩემი საყვარელი ადამიანები ჩემ გვერდით და სიყვარული, რომელსაც ადამიანები ჩემ მიმართ გამოხატავენ. ამაზე დიდი რა შეიძლება მოიპოვო კაცმა ამ ცხოვრებაში?..