რას ნიშნავს ხელოვანისთვის ინსპირაცია და როგორი აისახება ცხოვრებისეული რთული თუ დადებითი მოვლენები მის შემოქმედებაზე? ამაზე და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ მხატვარ სოფო გონგლიაშვილს მის საოცრად ორიგინალურ და ლამაზ, სიმწვანეში ჩაფლულ სახლში ვესტუმრეთ. სოფოს მიერ შექმნილი მინანქრის ულამაზესი სამკაულები მსოფლიოს სხვადასხვა კონცეპტ-მაღაზიაშია გამოფენილი. როგორ და როდის დაიწყო ეს საქმე, რა იყო მისი პირველი ნამუშევარი და თავად რომელ სამკაულს ანიჭებს უპირატესობას? − ყოველივე ამას სოფოს ინტერვიუდან შეიტყობთ.
სოფო, როდის და როგორ დაინტერესდით მინანქრით და საიუველირო საქმიანობით?
ჩემ დროს, როცა აკადემია დავამთავრე, ეს პროფესია არ ისწავლებოდა. 1990-იანი წლები იდგა და არა მხოლოდ მე, არამედ ყველანი დავრჩით ჩაბნელებულ და არაფრისმომტან საქართველოში. ყველაზე რთული წლები იყო. სწორედ მაშინ გავიგე, რომ არსებობს ასეთი ტექნიკა და საქმიანობა. მაშინ სულ რამდენიმე ადამიანი იყო, ვინც მინანქარზე მუშაობდა. 2000 წელს გავაკეთე პირველი გამოფენა „შარდენ გალერეაში“. ჩემი პირველი ნამუშევარი იყო თვითმფრინავი − ბროშ-კულონი.
საიდან იღებთ ინსპირაციას მუშაობის წინ? ალბათ, ჯერ იდეა მოდის, ასეა?
აუცილებლად. წინასწარ ყოველთვის ვფიქრობ, რა მესიჯი უნდა გავაგზავნო ჩემი ნამუშევრებით ხალხში. იდეები მოდის ცხოვრებიდან, იმ ამბებისგან, რაც ჩემ გარშემო ხდება. შემდეგ ვიწყებ ფიქრს, თუ რა უნდა გავაკეთო, რა გზით გამოვთქვა საკუთარი სათქმელი. ხშირად სწორედ იდეის მოფიქრებაზე მჭირდება ყველაზე დიდი დრო, რადგან არც ისე მარტივია გადმოსცე ის, რაც შენს გონებაში ხდება. ძირითადად, ყველაფერი გარკვეულ დონეზე სიყვარულთანაა დაკავშირებული. მიჩნდება სურვილი, იმ სირთულეებზე გავამახვილო ხოლმე აქცენტი, რაც ჩემ ირგვლივაა. თითო კოლექცია, როგორც წესი, მაქსიმუმ 15 ნივთისგან შედგება.
თქვენი საყვარელი სამკაული რომელია?
სხვათა შორის, მუდამ იცვლება ჩემი დამოკიდებულება სამკაულებთან მიმართებაში. ადრე ძალიან მიყვარდა საყურეები, განსაკუთრებით − დიდი საყურეები, ახლა კი საერთოდ აღარ ვიკეთებ საყურეს და გადავედი ბეჭდებსა და სამაჯურებზე. ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად გულსაკიდს მოვიხმარ.
სოფო, მოგვიყევით, მუშაობის პროცესი როგორია?
როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერ მოდის იდეა, რომლის შემდეგაც ვიწყებ ჩანახატების კეთებას. უამრავი რვეული მაქვს გავსებული ჩანახატებით. შემდეგ მე და ჩემი სახელოსნოს გუნდი ვქმნით საბოლოო პროდუქტებს.
რა დრო სჭირდება თითოეული ნივთის საბოლოო სახემდე მიყვანას?
ეს ნივთზეა დამოკიდებული. ზოგი მარტივი შესასრულებელია, ზოგს რთული ფორმა აქვს და შესაძლოა 1 თვეც დასჭირდეს მის დასრულებას.
სად იყიდება თქვენი ნამუშევრები?
რამდენიმე ქალაქში მსოფლიოს გარშემო. მათ შორის ჩემთვის ყველაზე საყვარელია იაპონიაში − ტოკიო და ოსაკა. ტოკიოში საოცარი მაღაზიაა, სადაც ყოველთვის ბოლომდე მენდობიან, არასოდეს ირჩევენ წინასწარ ნივთებს და მელოდებიან, აბა მე რას გავუგზავნი. აი, მაგალითად, ლონდონში, Liberty-ში ყოველთვის არჩევენ, თუ რა უნდა გავუგზავნო მათ, სხვა კონცეპტ-მაღაზიებიც ანალოგიურად იქცევიან. იაპონიის შემთხვევაში, როცა მოქმედების სრული თავისუფლება მაქვს, კიდევ მეტია ხოლმე პასუხისმგებლობის განცდა, რომ მაქსიმალურად გავამართლო მათი ნდობა. წელიწადში 2-ჯერ ვუკეთებ მათ კოლექციას. სხვათა შორის იქვე, იგივე მაღაზიებში იყიდება ჩემი ნაქსოვი სამოსიც.
ჩემი ნივთები იყიდება ასევე ვაშინგტონში და ამჟამად ლოს-ანჯელესშიც არიან დაინტერესებული, წაიღონ ჩემი სამკაულები. ყოველთვის ვცდილობ, დაკვირვებით ავირჩიო, სად გაიყიდოს ჩემი ნამუშევრები. ყველა სივრცეში გამოფენაზე არ ვთანხმდები.
სოფო, თქვენ ძალიან ლამაზად ქსოვთ კიდეც. ამაზეც ვისაუბროთ.
ქსოვა სკოლაში ვისწავლე და ძალიან მიყვარდა. სხვათა შორის, 3 შვილი მყავს, გოგონები, და სამივეს უყვარს ქსოვა, ქარგვა. გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩემი ოჯახის ყველა წევრს მე ვუქსოვდი სამოსს და ვაცმევდი. შემდეგ, როცა მინანქრის კეთება დავიწყე, გადავყარე ჩხირები. ეს ჩემი ცხოვრების ძალიან რთულ ეტაპს უკავშირდება. არ მიქსოვია მრავალი წლის განმავლობაში და 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ კვლავ დავუბრუნდი. არ ვიცი, რა მოხდა ჩემს გონებაში − მეორე დღეს გავიქეცი, ვიყიდე ჩხირები, ძაფები და დავიწყე ქსოვა. თითქოს ყოველ ახალ ეტაზე გადასვლა სირთულეებს მოყვება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში. ჯერჯერობით მხოლოდ ტოკიოში იყიდება ჩემი სამოსი, მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი ასევე ვაშინგტონსა და მოსკოვში.
როგორ ფიქრობთ, რომ არა მხატვარ-დიზაინერი, ვინ იქნებოდით?
ალბათ, მუსიკოსი, რადგან მუსიკალური სასწავლებელი მაქვს დამთავრებული, თუმცა ახლა ვეღარ წარმომიდგენია თავი სხვა სფეროში. შესაძლოა ვყოფილიყავი მოცეკვავე, უფრო ჯაზ-ბალეტის, თანამედროვე ბალეტის მიმართულებით. ძალიან მიყვარს მუსიკა, უამრავ მიმართულებას ვუსმენ და არ მაქვს ამოჩემებული ერთი რომელიღაც ჟანრი, გარდა ერთისა − ვერაფრით ვუსმენ ესტრადას.
როგორ ფიქრობთ, ხელოვანისთვის რომელი უნარი და თვისებაა აუცილებელი, ღირებული შექმნას?
ხელოვანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინსპირაცია. მიფიქრია, თბილისში რომ არ მეცხოვრა და სხვაგან ვყოფილიყავი, რას გავაკეთებდი. ყოველთვის მიჩნდება სურვილი გადმოვცე ის, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს. ვფიქრობ, სადაც ვიქნებოდი და ვიცხოვრებდი, მერე იქაურ სირთულეებს ავსახავდი, თუმცა მგონია, რომ ჩვენთან მეტი პრობლემაა. საქართველოში კონფლიქტური საზოგადოებაა, ცოტა მეტი გაუგებრობაა ადამიანებს შორის.
თქვენთვის სევდიანი ემოციები უფრო საინტერესოა ინსპირაციისთვის?
არავითარ შემთხვევაში, დადებითს მუდამ ვეძებ და ვპოულობ კიდეც. ყველაზე პატარა, თითქოს უმნიშვნელო დეტალებში ვპოულობ ამ დადებით ემოციას.