დიდი ხანი არაა, რაც სრულიად საქართველოსთვის საყვარელი ინტელექტუალური გადაცემა „რა? სად? როდის?“ მშობლიურ არხს დაუბრუნდა. დიახ, 1996 წელს „ინტელექტ-კლუბის“ პირველი თამაში სწორედ საქართველოს პირველ არხზე გავიდა. რა აზარტი და ხიბლი აქვს ქვეყნის მთავარ ინტელექტუალურ შოუს, რაშია მისი 25-წლიანი სუპერპოპულარობის საიდუმლო და რა იგეგმება ახალ სეზონზე − ამ და სხვა საინტერესო თემებზე კლუბის სულისჩამდგმელსა და ხელმძღვანელს, თავად ბატონ წამყვანს, გიორგი მოსიძეს გავესაუბრეთ.
გიორგი, ქართული „რა? სად? როდის?“ 1994 წელს დაარსდა. ასეა?
დიახ, ოფიციალურად კლუბი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, 1994 წელს დაარსდა, თუმცა თამაშებს 1991 წლიდან ვატარებდით. სპონტანური თამაშები იყო სამედიცინო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში, სადაც კვირაობით იკრიბებოდნენ მწიგნობარი სტუდენტები. 1994 წელს კი უკვე რეგისტრაცია გავიარეთ იუსტიციის სამინისტროში და შევდექით, როგორც იურიდიული პირი.
გაიხსენეთ, როგორი იყო თავიდან კლუბი?
მაშინ „რა? სად? როდის?“ არ ერქვა, უმაღლეს სასწავლებლებთან არსებულ ინტერესთა კლუბებში შედიოდა. თავიდან ასე დავიწყეთ: მე და ჩემმა თანამოაზრეებმა სამედიცინო უნივერსიტეტში გამოვაკარით განცხადება, რომ ვაპირებდით ინტელექტუალური თამაშის ჩატარებას ამა და ამ დარბაზში და მოვიწვიეთ მსურველები. იმაზე მეტი ხალხი მოვიდა, ვიდრე ველოდით. იმ პირველ თამაშზე მოსულებიდან ბევრი დღემდე შემოგვრჩა, მაგალითად, ლაშა კილაძე, რომელიც დღეს ტელეპროექტის მთავარი რედაქტორია, ასევე ზურა მაღრაძე, ლევან თოფურიძე, ვალიკო ლობჟანიძე და სხვები. შემდეგ გავიგეთ, რომ მსგავსი თამაშები დაიწყეს თსუ-შიც, სადაც გიორგი ბაქრაძეც თამაშობდა. მოგვიანებით ეს ყველაფერი აკუმულირდა ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში და 1994 წელს ჩამოვყალიბდით კიდეც ინტელექტ-კლუბად. 1995 წელს პირველად მივიღეთ მონაწილეობა საერთაშორისო „რა? სად? როდის?“ თამაშებში და მალევე მოგვივიდა აზრად, რომ ტელეგადაცემასაც შევჭიდებოდით.
1996 წლის შემოდგომაზე საქართველოს პირველ არხზე პირველად გავიდა ქართული გადაცემა „ინტელექტ-კლუბი“. თუმცა ვინაიდან იმ დროს ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო საავტორო უფლებების საკითხი, გარკვეულწილად მეკობრული ვერსია გამოგვივიდა. ვცადეთ იმის გადმოტანა, რაც საბჭოთა ტელევიზიაში გვქონდა ნანახი. ცხადია, თავიდან ყველაფერი არცთუ ხარისხიანად გამოგვდიოდა. იმ დროს გადაცემის დაფინანსების არანაირი საშუალება არ არსებობდა, ყველას ძალიან უჭირდა. რომ ნახოთ თუნდაც ის სამოსი, რომელიც მაშინ გადაცემის მონაწილეებს ეცვათ, გაოცდებით.
4 წლის განმავლობაში გავდიოდით პირველ არხზე, კვირაობით, საღამოს 8 საათზე. შემდეგ მოხდა ისე, რომ სხვა ტელევიზიებში გადავინაცვლეთ. ამასობაში, 2007 წელს, როცა ქვეყანამ ეკონომიკური ზრდა დაიწყო, სპონსორებიც გამოჩნდნენ, რომელთაც გადაცემას ფინანსური დახმარება გაუწიეს. 2008 წლის იანვრიდან გავდივართ უკვე იმ ფორმით, როგორითაც დღემდე ვართ წარმოდგენილები − საერთაშორისო ლიცენზიით, სმოკინგებით, ბზრიალათი, შესაბამისი ანტურაჟითა და დეკორაციებით, მნიშვნელოვანი ფულადი მოგებით. თუკი მაყურებელი ადრე 50 ლარს იგებდა, ახლა მოაზროვნეების დამარცხების შემთხვევაში 500 ლარი ერგებათ. მინდა აღვნიშნო, რომ ახლა არა მხოლოდ ყველანაირ სტანდარტს ვაკმაყოფილებთ, არამედ ერთ-ერთ საუკეთესო ვერსიადაც კი მივიჩნევით გადაცემის საავტორო უფლებების მფლობელთა აზრით.
და აი, წლების შემდეგ კვლავ დაუბრუნდით საქართველოს პირველ არხს...
ამაში არის თავისებური ლოგიკა, რადგან საქართველოს პირველი არხი სწორედ ის არხია, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. სპონსორებიც საკმაო რაოდენობით გვყავს. დღეს ქართული „რა? სად? როდის?“ უკვე აღარაა მხოლოდ ტელეგადაცემა. ესაა ერთგვარი ბრენდი, სუბკულტურა, რომელიც აერთიანებს ათეულობით ათას ადამიანს. დაახლოებით 20 000 მსურველი რეგულარულად თამაშობს „რა? სად? როდის?“ მთელი ქვეყნის მასშტაბით. შტაბბინა თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გვაქვს, სადაც ყოველ კვირა დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს ინდივიდუალურად ან გუნდთან ერთად და ჩვენ მიერ მისთვის გამოყოფილ მაგიდასთან ითამაშოს, მიიღოს სიამოვნება. სწორედ ასეთი თამაშების დროს იკვეთებიან ძლიერი მოთამაშეები, რომლებიც შემდეგ სატელევიზიო გადაცემის კასტინგში ხვდებიან.
გიორგი, განსაკუთრებით პოპულარული და გამორჩეული გადაცემები გაიხსენეთ. ალბათ, იყო ასეთები...
საბოლოო ჯამში, ინტერნეტში ყველაზე მეტი ნახვა აქვს იმ გადაცემას, სადაც მოხდა პირდაპირ ეთერში ხელის თხოვნა. მეორე ადგილზეა ის კურიოზული ეპიზოდი, როდესაც „დარბაზის დახმარების“ დროს ერთ-ერთი მაყურებელი გარედან სტუდიაში შემოვარდა, ძალიან ემოციურად და დარწმუნებით დაიძახა, მე ზუსტად ვიცი სწორი პასუხიო და დაასახელა, რომელიც გუნდმა მიიღო, უპასუხა და... წააგო. ასეთ მომენტებს ბევრი მაყურებელი ჰყავს ხოლმე. ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეგულარულად არ უყურებს ჩვენს გადაცემებს, ბრენდი „რა? სად? როდის?“ ამ ქვეყანაში ყველამ იცის. ეს არის ბრენდი, რომელსაც ყოველდღიური გამყარება აღარ სჭირდება. დღეს ინტელექტ-კლუბი არა მხოლოდ ტელეშოუ, არამედ ყველაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ახალგაზრდების სოციალიზაციას ახდენს. ჩვენ ბევრად მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქცია გვაქვს, ვიდრე მხოლოდ საინტერესო ტელეშოუს მომზადებაა.
დაარსების დღიდან ამ კლუბს ხელმძღვანელობთ. როგორ ფიქრობთ, მაინც რაშია ამ შოუს მთავარი ხიბლი?
გარკვეულწილად, ეს პროგრამა პირველი რეალითი შოუა ტელევიზიის ისტორიაში. 1975 წელს, როცა ვლადიმირ ვოროშილოვმა ის მოიგონა, ამერიკაში რეალითი შოუს იდეა ჯერ არ იყო გაჩენილი. რეალურად, „რა? სად? როდის?“ რეალითი შოუა, რადგან პირდაპირ ეთერში შეიკრიბა 6 ადამიანი, დასხდნენ მაგიდასთან და ჩავარდნენ ექსტრემალურ მდგომარეობაში − 1 წუთში უნდა იპოვონ გამოსავალი რთული სიტუაციიდან ისე, რომ თან გუნდურობა შეინარჩუნონ და ამასთან, შეეგუონ რეალობას. საბოლოოდ, ბროლის ბუს მხოლოდ 1 მოთამაშე მიიღებს, ანუ გამოდის, რომ ისინი ერთდროულად ერთმანეთის თანამოაზრეები და კონკურენტები არიან. თუ თამაშს წააგებენ, ეს ყველას წაგება იქნება, ხოლო თუ მოიგებენ, ბროლის ბუს მხოლოდ ერთი მათგანი მიიღებს. ამ თამაშის მისტიკა მდგომარეობს ფსიქოლოგიურ დუელში და მას ხშირად ვერ უძლებენ ადამიანები, რომლებიც ფსიქოლოგიურად არამდგრადები არიან.
ამგვარად, წარმოდგინეთ, სახეზეა ძლიერი ემოციური და გონებრივი დაძაბულობა, რომელსაც ემატება მოთამაშეების ირგვლივ შემოკრებილი ხალხი, განათება, სრულიად არაპროგნოზირებადი ბზრიალა და „მუხთალი“ ბატონი წამყვანი, რომელიც ყოველთვის მაყურებლის მხარესაა. სხვათა შორის, ამას თავად თამაშის ფილოსოფია გულისხმობს − რაკი ტელემაყურებელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოთამაშეების მხარეს არიან, წამყვანი უნდა იყოს იმ ერთეული ტელემაყურებლების მხარეს, რომელთაც კითხვები გამოგზავნეს.
გიორგი, თქვენი აზრით, რა აკლია დღევანდელ განათლების სისტემას?
ბევრი რამ. თუმცა, უპირველესად, უნდა მოვცილდეთ საბჭოთა სტილის განათლებას და გადავინაცვლოთ დასავლეთისკენ. დღემდე მაინც ვაგრძელებთ პრინციპს, რომ არ ვიყოთ ძლიერები ვიწრო სპეციალიზაციაში და გვქონდეს უფრო ზოგადი განათლება. სწორედ ეს იყო საბჭოთა განათლების პრინციპი და ამით იკვებებოდა „რა? სად? როდის?“ რომელიც ტიპური საბჭოთა განათლების პროდუქტია, რადგან ერუდიტების მონაწილეობაზეა აგებული. მაგალითად, მე, მიუხედავად იმისა, რომ ინფექციონისტი ვარ, მეტ-ნაკლებად ვერკვევი ასევე ბიოლოგიაში, სპორტში, ისტორიაში, ასტრონომიაში, კინოში და ა.შ. სხვადასხვა სფეროში. ამ დროს უმჯობესი იქნებოდა, კონცენტრაცია მომეხდინა ვიწრო პროფესიულ საკითხზე, როგორც მიღებულია დასავლეთში. სწორედ ამიტომ, ამ თამაშმა ვერ მოიკიდა ფეხი დასავლეთში. იქ უფრო ინდივიდუალური ტიპის თამაშებია პოპულარული, სადაც ადამიანები ცოდნაში ეჯიბრებიან, ხოლო გუნდური, ლოგიკასა და ზოგად ერუდიციაზე აგებული თამაშები იქ შედარებით ძნელად ხდება პოპულარული. დროთა განმავლობაში, როცა განათლების სისტემის რეფორმირება მოხდება, ეს თამაშიც „ფერს იცვლის“ და სხვა პრინციპებზე გადავა. თუმცა მისი მთავარი მისტიკა, რომ არასოდეს არავინ იცის თამაშს როგორ დაასრულებს ბზრიალა, უნდა დარჩეს, რადგან სწორედ ესაა, რაც ხალხს იზიდავს.
იგეგმება თუ არა გადაცემაში რაიმე ცვლილება საქართველოს პირველ არხზე გადმოსვლის შემდეგ?
გადაცემის ფორმატი ნაყიდია, ლიცენზირებულია და მასში ვერაფერს შევცვლით, მაგრამ დაგეგმილი გვაქვს „დიდი გადატვირთვა“. ამ სეზონის ბოლოს დაიშლება ყველა არსებული გუნდი და მომავალი წლისთვის გაკეთდება სრულიად ახალი გუნდები − ახალი სახეებით, რომელთაც აქამდე არ უთამაშიათ. ასეთია ჩვენი მომავალი წლის გეგმა. მე ვფიქრობ, უკვე მოვიდა ქვეყანაში ის ახალი თაობა, რომელიც შეძლებს „ძველებზე“ არანაკლებ ღირსეული თამაში აჩვენოს. ჩვენთვის ამის ორგანიზება არ იქნება მარტივი, ჩატარდება დიდი კასტინგი, საიდანაც ავარჩევთ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს.
გარდა ამისა, შარშან დავაფუძნეთ „კორპორაციული ბიზნესლიგა“, რომლის წევრი კომერციული ორგანიზაციებისა და საჯარო დაწესებულებების გუნდები თვეში ერთხელ იკრიბებიან „ქორთიარდ მარიოტში“ და თამაშობენ. ესაა ჩვენი მენეჯერული და ბიზნესელიტა. საკმაოდ ბევრი, ფართო საზოგადოებისთვის უცნობი, მაგრამ საინტერესო მოთამაშეა ამ ლიგაში.
გიორგი, თქვენს მეორე საქმიანობაზეც ვისაუბროთ.
საქმე იმაშია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვიყავი სოციალურ-პოლიტიკურად აქტიური, ბოლო 25 წელია „რა? სად? როდის?“ იყო და არის ჩემი მთავარი საქმე ცხოვრებაში. ის ჰობიზე ბევრად მეტია, ჩემი ცხოვრებაა და ყველაფერი დანარჩენი ვერ აღმოჩნდა მასზე მნიშვნელოვანი. მე ყოველთვის მქონდა სურვილი, წვლილი შემეტანა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამჟამად პარლამენტის წევრი გახლავართ. ვმუშაობ ევროინტეგრაციის საკითხებზე და სრულად მაქვს საკუთარი შესაძლებლობები ამ მიმართულებით მობილიზებული. თუმცა მალე, ალბათ ერთ წელიწადში, დასრულდება ჩემი პოლიტიკური საქმიანობა, რომლის გაგრძელებასაც აღარ ვაპირებ.
სამომავლოდ რას გეგმავთ?
2011 წელს დავამთავრე ნიუ-იორკის კინოაკადემიის პროდიუსერული კურსები პოლიციური პროცედურული დრამა-სერიალების განხრით და ვფიქრობ, რომ ერთი-ორი ხარისხიანი, პოლიციური დეტექტივის გადაღება არ იქნებოდა ცუდი. მით უმეტეს, რომ უკვე მაქვს მონახაზი, გამზადებული პროდიუსერული გეგმა და როცა მოვიცლი, ვფიქრობ ამ სფეროში გადავეშვები...