როდესაც სასახლის კიბეებს შევუდექი, მეორე სართულისკენ მიმავალს მოგონებები ამეშალა − თითქოს თავად ვიყავი იმ ფაქტების შემსწრე, რაც მწერალთა სახლში ხდებოდა. უცებ გამახსენდა პაოლოს ლექსი: „მინდა ავვარდე მამადავითზე/იქ აირჩიე სულო ბინა შენ/მინდა უეცრად მუხლზე დავეცე/ჩემი თბილისის და მზის წინაშე...“ ეთაყვანებოდა პოეზიას, თბილისს, მზესა და ღმერთს და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, და თან როგორ... სწორედ ეს კიბეები აიარა იმ გადაწყვეტილებით, რომ თავი მოეკლა...
პროფესიით ფილოლოგი ვარ და არ ვიცი, ჩემი სპეციალობა მიყვარს ძალიან თუ იმ ადამიანების საქართველო, რომლებმაც შექმნეს მწერალთა სახლის ისტორია, თუმცა ერთი რამ ვიცი, რომ უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე და თუკი დღევანდელ სახეს ნახავთ მწერალთა სახლისას, იცოდეთ, რომ ეს იმ სიყვარულმა შექმნა, რომლითაც მის მიმართ ნატაშა ლომოურია გამსჭვალული. გავოცდი იმ ყველაფრით, რაც მისმა გუნდმა გააკეთა სასახლისთვის, რეზიდენციით დამთავრებული, რომელიც მწერალთა სახლის ბოლო სართულზეა განთავსებული და, ალბათ, ყველაზე იღბლიანთა სიაში ჩაეწერებით, თუკი გაგიმართლებთ და იმ საოცარ გარემოში მოხვდებით... მაშ ასე, გთავაზობთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს მწერალთა სახლის დირექტორთან ნატაშა ლომოურთან.
მოგვიყევით თქვენ შესახებ.
დამთავრებული მაქვს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ ვსწავლობდი ბოლონიის უნივერსიტეტში იგივე მიმართულებით. თავდაპირველად ძალიან მაინტერესებდა და მინდოდა დიპლომატიური კარიერა, დისერტაცია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე დავიცავი. ვარ ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, მაგრამ შემდეგ სულ სხვა მიმართულებით წავედი და არ ვნანობ ამას. ხელოვანი ადამიანებით გარემოცულ გარემოში გავიზარდე და მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ თავად არ მაქვს წერის, ხატვის ან მუსიკის ნიჭი, ხელოვნების სფერო ჩემთვის მაინც ყველაზე მეტად ახლობელი და საინტერესო აღმოჩნდა.
როგორ დაიწყო ეტაპი − „მწერალთა სახლი“?
ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ვმუშაობდი სტრასბურგში. იქიდან დაბრუნებულს, სამსახური, რომელიც თბილისში მეგულებოდა, აღარ დამხვდა და ლიტერატურის მუზეუმში საერთაშორისო პროექტების მენეჯერად დავიწყე მუშაობა. როგორც აღმოჩნდა, კულტურის სამინისტროში ამ დროისთვის უკვე ფიქრობდნენ მწერალთა კავშირის მწერალთა სახლად გარდასახვაზე – ისეთი სივრცის შექმნაზე, რომელიც ღია იქნებოდა ყველა ხელოვანი ადამიანისთვის. შესაბამისად, შემომთავაზეს ასეთი ძალიან საპასუხისმგებლო და არაჩვეულებრივი საქმე. ასე რომ, „ეტაპი მწერალთა სახლი“ მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და დღეს, ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ეს საქმე არის ის, რაშიც მთელ ჩემს შრომასა და პოტენციას ვდებ. ისევე, როგორც ბევრ რამეში, ცხოვრებაში, ამაშიც ძალიან გამიმართლა და მწერალთა სახლში მოსვლის პირველი დღიდან აქაურობის განვითარება და გაცოცხლება ჩემი მთავარი საქმე გახდა.
როგორი იყო და როგორია დღეს მწერალთა სასახლე?
ნანგრევებიდან დავიწყეთ. თავდაპირველად ძალიან მეშინოდა, რადგან დიდი პასუხისმგებლობა მქონდა ასეთ ადგილას მოსვლის გამო. ცალკე სირთულეს წარმოადგენდა მწერალთა კავშირის წევრებთან ამ საკითხზე მუშაობა, რადგან უფროსი თაობა არცთუ მონდომებით შეხვდა მწერალთა სახლის გარდასახვის იდეას. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მე და ჩემს ძალიან მცირერიცხოვან გუნდს, რომ მივსულიყავით იქამდე, როგორიც დღეს არის მწერალთა სახლი. ფაქტობრივად, მოხდა მთლიანი რებრენდინგი. მოსვლისთანავე ჩვენ აქაურობის კარი ძალიან ფართოდ გავხსენით ხელოვნების ყველა დარგისთვის, რადგან დღეს იმდენად მულტიდისციპლინური პროექტები ხორციელდება, რომ ხელოვნების სფეროში აღარ არსებობს საზღვრები. ახლა უკვე ლიტერატურის ფესტივალებს და მთარგმნელობით ვორქშოპებს ცვლის კინოფესტივალის გახსნისა თუ დახურვის ცერემონიები, ფოტოფესტივალებისა და თამარ კვესიტაძის გამოფენებს მოყვება ჩუბიკას უნიკალური პერფორმანსი, მოდების ჩვენებები, პოეზიის ღამეები და ასე დაუსრულებლად.
დღეს უკვე უამრავ ღონისძიებას მასპინძლობს მწერალთა სახლი. თქვენ ორგანიზატორები ხართ თუ უბრალოდ ეს სივრცე ღიაა კულტურული წვეულებებისთვის?
ვინაიდან საჯარო დაწესებულება ვართ, ყველა ლიტერატურული ღონისძიებისთვის ჩვენი სივრცე უფასოა. ამ შემთხვევაში, ჩვენ, უბრალოდ, მასპინძლები გახლავართ. როდესაც თვითონ ვართ ორგანიზატორები, ღონისძიების ხარისხზე, რასაკვირველია, პასუხს თავად ვაგებთ. ჩვენი პროექტების სულ მცირე ჩამონათვალი ასეთია: „საუბრები ლიტერატურაზე“, სადაც ლევან ბერძენიშვილის თუ ლევან გიგინეიშვილის მოსასმენად მოსულ ახალგაზრდებს ვერ იტევდა ჩვენი დარბაზები; „საუბრები კინოზე“ გოგი გვახარიასთან და თეო ხატიაშვილთან ერთად; ლექციების ციკლი ხელოვნებაზე, ურბანულ-არქიტექტურულ თემებზე; ასევე, ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი და საამაყო პროექტია „ბავშვები მწერალთა სახლში“, სადაც ფაქტობრივად გახსნის დღიდან, ყოველ შაბათს ბავშვებისთვის საგანგებო შეხვედრებს ვატარებთ.
ჩვენი დაარსებულია საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალიც, რომელსაც ძალიან დადებითი გამოხმაურება აქვს როგორც მკითხველების/მსმენელების მხრიდან, ასევე უცხოელი ავტორებისგან − ვისაც ჩვენ აქედან, შეიძლება ითქვას, საქართველოს ელჩებად ვაბრუნებთ მსოფლიოში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საგანმანათლებლო ხასიათის პროექტებიც − შიდა ქართლში კონფლიქტისპირა სოფლების სკოლებში ორგანიზებული შეხვედრები, თელავისა და გორის უნივერსიტეტებში სხვადასხვა მწერლების, ბლოგერებისა და ჟურნალისტების მიერ ჩატარებული ლექციები.
ორი წლის წინ, საქართველოს ბიზნესასოციაციის დახმარებით გავხსენით ხუთი სარეზიდენციო ოთახი, სადაც ვცდილობთ ჩამოვიყვანოთ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ამ რეზიდენციაში იცხოვრებენ, იმუშავებენ და თან საქართველოს გაეცნობიან. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად ჯერ ისე მძლავრად არ ვართ, რომ ყველა სარეზიდენციო პროგრამა სრულად დავაფინანსოთ − სხვადასხვა ორგანიზაციებთან თუ საელჩოებთან წარმატებული თანამშრომლობით, ეს მიმართულებაც ძალას იკრებს.
როგორც ვიცი, იგეგმება ორი მუზეუმის გახსნა. დაწვრილებით გვიამბეთ ამის შესახებ.
უპირველეს ყოვლისა, იმედი მაქვს, სულ მალე გაიხსნება დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი. ვფიქრობ, დიდი უსამართლობა იყო, რომ ამდენი ხანი, მის კუთვნილ სახლშიც კი, ერთი ოთახიც არ გამოიყო ასეთი ადამიანის სახელისა და საქმის გასახსენებლად. ამ მუზეუმის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ექსპოზიციით ვეცდებით, ყველა დამთვალიერებელს სარაჯიშვილის მემკვიდრეობის, და მეცენატობის სრული სურათი დავანახოთ. რაც შეეხება მეორე მუზეუმს, ეს იქნება „რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი“, რომლის გაკეთების აუცილებლობა ჩვენთან მოსული მოსწავლეების მიერ ქვეყნის ისტორიის ამ საშინელი პერიოდის თითქმის სრულმა უმეცრებამ დაგვანახა. ასეთი საგანმანათლებლო კერის არსებობა აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენ, ყველას, და ამ პროექტისადმი დიდი პასუხისმგებლობის მქონე მიდგომა გვაქვს. მით უფრო, რომ ამ შემთხვევაში, საგამოფენო მასალა საერთოდ არ გაგვაჩნია, არის მხოლოდ იდეა და ძალიან სერიოზული სპეციალისტების დახმარებით, მულტიმედიური პროექტებით, იმედი გვაქვს ამ საქმეს კარგად გავართმევთ თავს.
როგორ მოხვდა მწერალთა სახლში კაფე „ლიტერა“?
ბაღში კაფეს გახსნის იდეა ბერლინში, Fasanenstrasse-ს ლიტერატურული სახლისა და მის ეზოში, არაჩვეულებრივ კაფეში სტუმრობისას გამიჩნდა. თანამშრომლობა კაფე „ლიტერასთან“, ვფიქრობ, ორივე მხარისთვის საუკეთესო გამოცდილებაა. ჩვენი მთავარი სურვილი იყო კაფეს გახსნით აქაურობა გაცოცხლებულიყო, თუმცა რა მასშტაბითაც ეს მოხდა, ჩვენს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს მიმართ კულინარიული ინტერესის ბუმია; თვე არ გავა, რომ „ლიტერას“ შეფმზარეულ თეკუნა გაჩეჩილაძესთან მსოფლიოს წამყვანი ჟურნალებიდან ან სატელევიზიო გადაცემებიდან ჟურნალისტები არ ჩამოვიდნენ. შედეგად, მწერალთა სახლის, ხშირად კი დავით სარაჯიშვილის სახელიც „ლე ფიგაროს“, „ჰერალდ ტრიბუნის“, „ნიუ-იორკ თაიმსის“, „ნიუ-იორკერის“, „დეილი მეილის“ და „ვაშინგტონ პოსტის“ გვერდებზე ხვდება. ასევე, „ბიბისის“ რეკლამაშიც. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს სახელს და პოპულარობას საუკეთესო კუთხით ზრდის.
ცხოვრება სამსახურს მიღმა...
ცხოვრება სამსახურს მიღმა ხშირად ისევ სამსახურია. როდესაც ასეთი სიყვარულით აკეთებ შენს საქმეს, იქ ზღვრის გავლება თითქმის არ ხდება. ფუფუნებაა, როდესაც შაბათ-კვირის შემდეგ ორშაბათი კი არ გეზარება, არამედ გიხარია; როდესაც შვებულების შემდეგ ჩქარობ აქ დაბრუნებას. თუმცა, რა თქმა უნდა, სამსახურს მიღმა არის ჩემი ორი ქალიშვილი − უფროსი ბუდაპეშტში სწავლობს, უმცროსი კი სამი წლისაა და ყველაზე დიდი დრო და ენერგია მას მიაქვს. სამსახურს მიღმა არიან ჩემი მეგობრები, ოჯახი და თხილამურები. ოჯახთან ერთად თითქმის მთელ თავისუფალ დროს ზამთარში გუდაურში ვატარებ; ეს არის ყველაზე ტკბილი ბავშვობისდროინდელი მოგონება, სადაც ვცდილობ მაქსიმალურად განვიტვირთო და დავიმუხტო დადებითი შეგრძნებებით.
პროზაიკოსებიდან გამოვარჩევდი...
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თანამედროვე ავტორის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, განსაკუთრებით მიყვარს სალმან რუშდი, პოლ ოსტერი, არუნდატი როი (რომლის „წვრილმანების ღმერთის“ შემდეგ დიდი ხანი ვერაფერს ვკითხულობდი). თუმცა მაინც ბორხესი არის ავტორი, რომელსაც მუდმივად ვუბრუნდები და რომლის ჯადოქრობიდან ვერ გამოვდივარ. ქართველი ავტორებიდან, ალბათ, მიხეილ ჯავახიშვილს გამოვარჩევდი.
პოეზიაში ვეტრფი...
პოეზიის შემთხვევაში, ეს განწყობაზეა დამოკიდებული. ზოგადად, პოეზიას ყოველთვის ვკითხულობ, ამის გარეშე ადვილად მოვიწყენ ხოლმე. ყველაზე ხშირად, ალბათ, პასტერნაკს და გალაკტიონს ვკითხულობ. ორივეს ჩემი უფროსი ძმა მიკითხავდა − ჩემი ბავშვობის ლაიტმოტივი იყო ტატოს მიერ წაკითხული პოეზია.
ერთხელ მაინც შევხვდებოდი...
დღევანდელი ჩემი საქმიდან გამომდინარე, უპირველესად ვისზეც ვიფიქრე, ეს დავით სარაჯიშვილია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მუზეუმზე დავიწყეთ მუშაობა, მუდამ მისი და ეკატერინე ფორაქიშვილის გარშემო ვტრიალებ. სიამოვნებით გავატარებდი მათთან ამ ბაღში ერთ საღამოს და ძალიან ბევრ კითხვას დავუსვამდი! დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ბედნიერები იქნებოდნენ იმით, რაც დღეს მათ სახლში ხდება − ორივე ხომ დიდი ნოვატორი, მუდმივი განვითარებისა და განათლების ქომაგი იყო და ჩვენი მიზანია, მათ მიერ დატოვებული მემკვიდრეობა დღესაც მათ ფასეულობებს აგრძელებდეს. აქაურობა ხომ მხოლოდ სახლი და მისი არქიტექტურა თუ დიზაინი არაა − ეს სახლი თავისუფლება და განათლებაა.
ბედნიერება ჩემთვის...
ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად მოგზაურობაა. ეს არის, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს და მაბედნიერებს.
P.S.: ინტერვიუ ჩაწერილია რამდენიმე დღით ადრე, სანამ მწერალთა სახლის დირექტორს, ნატაშა ლომოურს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებდნენ... მწერალთა სახლს რა ბედი ეწევა, არ ვიცი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ შევხვდი მის ყოფილ ღირსეულ დირექტორს, რომელმაც ახალი სიცოცხლე აჩუქა მწერალთა სახლს და დაწერა ისტორია, რომელსაც ჩვენს შვილებს სიამაყით მოვუყვებით. დანარჩენს კი, დრო გვიჩვენებს.