21 წლის საბა აბრამიძე პროფესიით ხმის რეჟისორია, რომელმაც არცთუ დიდი ხნის წინ დიჯეინგის საქმიანობა შეითავსა და ახალმა გატაცებამ მის ცხოვრებაში დრო წარმატებით დაიკავა. ახლა ის ძირითად სამუშაო პოზიციებთან შეთავსებით, რაც ქართულ ტელესივრცეში ყველაზე რეიტინგული სერიალის ხმის რეჟისორის, ასევე ერთ-ერთი სასტუმრო კომპლექსისა და კლუბის რეზიდენტი დიჯეის ამპლუას გულისხმობს, სხვადასხვა ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებასაც უზრუნველყოფს.
როდის მიხვდით, რომ ახალი პროფესია წარმატებით შეითავსეთ?
მუსიკასთან შეხება ყოველთვის მქონდა, განსხვავებული გზით მასთან დაკავშირება საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა, რა დროსაც ხალხის რეაქციამ დამაჯერა, რომ რაღაც შევძელი და მას შემდეგ შედეგების გაუმჯობესებაზე მუშობას არ ვწყვეტ.
რა არის დიჯეინგის, როგორც საქმიანობის, საინტერესო მხარე და უპირატესობა?
დიჯეინგი უამრავ შეგრძნებას უკავშირდება − როგორც ჩემი, ასევე აუდიტორიის მხრიდან. უმნიშვნელოვანესია ის, რომ ამ საქმიანობით ადამიანთა განწყობის ამაღლების საშუალება გაქვს.
გეხმარებათ ხმის რეჟისურის სკოლა დიჯეის ამპლუაში მუშაობისას?
გარკვეული თვალსაზრისით, ეს ორი რამ ახლოსაა და იკვეთება. ხშირია შემთხვევა, როცა დიჯეი ხმის რეჟისურას სწავლობს, ჩემს შემთხვევაში კი პირიქით მოხდა და მეტი გასაქანი მომეცა. მიღებული ცოდნა მეხმარება, სიზუსტით ვაკეთო ჩემი საქმე.
როგორია თქვენი საქმიანობის ერთი დღე?
მთელი დღე სამუშაო პროცესია. რამდენიმე ადგილას ვარ დასაქმებული: ვმუშაობ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ხმის რეჟისორად, ვუკრავ კლუბში და სხვადასხვა ივენთზე. ასევე, მეგობართან ერთად, ვხელმძღვანელობ ხმის ჩამწერ სტუდიას Sound Lab, რომელიც შემსრულებლებსა და ბენდებს უმასპინძლდება; ვწერთ სიმღერებს და გვაქვს ვიდეოგადაღების სერვისიც. ერთი დღე ამ რამდენიმე სამუშაოს მონაცვლეობაა. თავისუფალი დროც ჩემთვის დაკავებულია, რადგან ვცდილობ არ მოვცდე.
რა საშუალებას მიმართავთ განვითარებისთვის?
განვითარების რეცეპტი ჩემთვის ყოველდღიური მუშაობაა. მთავარი სიახლეებზე ორიენტირებაა. მეტ დროს ვუთმობ საქმეს, სხვადასხვა ჟანრის გაცნობას და მსოფლიო მუსიკის შესწავლას, თუმცა გამიმართლა, რომ ჩემი საქმიანობა ფაქტობრივად გართობაცაა.
რითი გინდათ, მსმენელს ამახსოვრდებოდეთ?
მინდა ჩემი სახელი განწყობის შექმნას უკავშირდებოდეს!
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
უპირველესად, ხმის რეჟისურისა და დიჯეინგის მიმართულებით არ ვწყვეტ განვითარებას. ასევე, ვაპირებ ხმის ჩამწერი სტუდიის მასშტაბები გავზარდოთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არის დიდი ბაზარი, ვფიქრობ, შრომა და კრეატივი ყოველთვის ყველგან ფასდება. ჩვენი ქვეყანა დიჯეინგის კუთხით წინ მიიწევს, საინტერესო შემსრულებლები ჩამოდიან და მათთვის ჩვენი სტილიც უცხოა. მთავარია ყველა გამოწვევას ფეხი აუწყო.