ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის წარმატებული საქმიანობა
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ დაფუძნებამ საქართველოში თანამედროვე განათლების მიღების ახალი სტანდარტი დააწესა. 17-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში ფილიალები გაჩნდა, სადაც საერთო ღირებულებებით ასობით ადამიანმა თავი მოიყარა და სწორი ორიენტირის არჩევით საგანმანათლებლო სივრცეში ახალი სიტყვა ითქვა.
სკოლა, რომელიც ახალგაზრდა თაობისთვის წარმატებული მომავლის შექმნაზე ზრუნავს, რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებლით გამოირჩევა. მაღალი კვალიფიკაციის გარდა, მოტივირებული პედაგოგები საკუთარ საქმეს აქ დიდი ენთუზიაზმითაც ემსახურებიან. „პროგრესი“ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ინტენსიური ურთიერთობის ფონზე არა მხოლოდ ამერიკულ, არამედ ევროპულ სკოლებთან და საგანმანათლებლო ქსელებთანაც თანამშრომლობს. „პროგრესს“ განვითარებაზე ორიენტირება პროგრესულ სივრცედ რომ აქცევს, ეს შედეგი სკოლისა თუ მისი მოსწავლეების მიერ მიღწეულმა წარმატებამ ბევრჯერ განამტკიცა. OK!-ის „პროგრესზე“ ის ადამიანები ესაუბრნენ, რომელთაც სათქმელი ბევრი აქვთ...
„პროგრესი“, როგორც არჩევანი
მალხაზ შავაძე − ქართული სექტორის მოსწავლის მშობელი:
ეს არის სივრცე, სადაც ჩემი ორი შვილი მე-3 და მე-4 კლასებში სწავლობენ. მცირე ასაკის მიუხედავად, „პროგრესმა“ მათ სრულიად დამოუკიდებლად მუშაობა უკვე შეასწავლა, მისცა საშუალება, კარგი აკადემიური მოსწრების პარალელურად, საკუთარი ინტერესების გააზრების ხარჯზე დაკავდნენ სიმღერით, ცეკვით, ხატვით და საინტერესო ცხოვრებას მისდიონ.
„პროგრესის“ 17-წლიანი ისტორია, საქართველოსა და აშშ-ის მიერ გაცემული აკრედიტაცია, ჩემს ნდობას ამყარებს; კოლექტივის პროფესიონალიზმს თითოეულ დეტალში ვხედავ და მიხარია, რომ ისინი ბავშვების ინტელექტუალურ ზრდაზე ფოკუსირდებიან. აქ შემოქმედებითი თავისუფლებაა, არ არსებობს ჩარჩოები და ჩნდება ფუფუნება, რომ ადრეულ ასაკშივე ბავშვმა საკუთარი თავის შეცნობასთან ერთად, ინტერესებიც ამოიცნოს და მიზნისკენ სწორხაზოვნად იაროს.
„პროგრესი“ − წარმატებული მომავლის მყარი საფუძველი
ანა შერვაშიძე − ქართული სექტორის მე-11 კლასის მოსწავლე:
„პროგრესი“ ჩემთვის ის ადგილია, სადაც არა მხოლოდ განათლება მივიღე, არამედ გავითავისე მისი მნიშვნელობაც ცხოვრებაში. აქ ვსწავლობთ ადამიანურ ურთიერთობებს, სხვადასხვა ეროვნების, რელიგიის მქონე ადამიანებთან ერთ სივრცეში თანაარსებობასა და მათი კულტურის პატივისცემას.
მოსწავლეების მრავალფეროვანი ინტერესების მიუხედავად, სკოლა მათ ერთი მიზნის მიღწევაში ეხმარება, რაც საბოლოო ჯამში გარდაუვალ წარმატებას გულისხმობს.
ხშირად გვიწევს სხვადასხვა თემატიკაზე საჯარო პრეზენტაციების მომზადება, რამაც საკომუნიკაციო უნარები გამიუმჯობესა, მომცა საკუთარი თავის მეტი რწმენა; ვიცი, რომ აქ მიღებული განათლება სამომავლოდ მყარი საძირკველია.
„პროგრესი“ − მარტივი გზა სირთულის დასაძლევად, ანუ პირდაპირ „ნასაში“!
უტა კილასონია − STEM-აკადემიის მენტორი:
STEM – ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკისა და პროგრამირების კომბინირებულ სასწავლო პროგრამას აღნიშნავს, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება და საგნების დასაუფლებლად მოსახერხებელი ინსტრუმენტია.
ამა წლის 5 მაისს STEM-ის საგანმანათლებლო გრანდიოზული ფესტივალიც ჩატარდა, რომელსაც სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალმა უმასპინძლა და მას საქართველოს სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ინოვაციური დანადგარების შესახებ და გაეცნენ ტექნოპარკში არსებულ შესაძლებლობებს. მათ ასევე ჩაუტარდათ ვორქშოპი 3D-პრინტერის მოდელირებისა და პროგრამირების საფუძვლების შესახებ.
„პროგრესში“ STEM-ის მეშვეობით, რომელსაც სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი დავით სონღულაშვილი კურირებს, თეორიული ცოდნის პრაქტიკით განმტკიცება ხდება, რაც მოსწავლეებს აძლევს ბიძგს, შეეჭიდონ საინტერესო პროექტებს, ბოლომდე შეძლონ მათი მიყვანა და გზა გაიკვალონ იმ წერტილამდე, როცა მოახერხებენ, შექმნან ინოვაცია!
სულ მალე „პროგრესის“ მოსწავლეები „ნასაში“ გაემგზავრებიან, სადაც საკუთარ ინოვაციურ პროექტს წარადგენენ.
პროგრესი − უცხოური გამოცდილებისკენ გზამკვლევი განათლებაში
თამარ ხილაძე − ამერიკული სექტორის კოორდინატორი:
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის დაარსების დღიდან, გუნდის წევრი ვარ. ვამაყობ, რომ „პროგრესი“ ბრწყინვალე ეროვნულ და საერთაშორისო განათლებას, სკოლამდელი აღზრდიდან დაწყებული, საშუალო საფეხურის ჩათვლით, მრავალენოვან გარემოში გთავაზობთ.
ამერიკულ სექტორში სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. მოსწავლეები წარმოშობით სხვადასხვა ქვეყნიდან არიან: თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ჩინეთი და სხვა. ისინი ერთმანეთს წეს-ჩვეულებებს, კულტურას უზიარებენ; ეუფლებიან ადგილობრივ წესებს, სხვა საგნებთან ერთად აქტიურად სწავლობენ ქართულ ენას, ეცნობიან საქართველოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს.
სკოლის სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პროექტებსა და კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას. „სწავლა სწავლებისადმი“ – ეს ინოვაციური მიდგომა მოსწავლეებს უღვიძებს რეალური პრობლემებისადმი ინტერესს. ცოდნის შეძენა და გამოყენება რეალურ კონტექსტში ხდება. მოსწავლეები სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას, სოციალურ უნარ-ჩვევებს და სამოქალაქო პასუხისმგებლობას.
ჩვენი კურსდამთავრებულთა მიღწევები მოწმობს „პროგრესის“ წარმატებას. ჩვენი სკოლის მოსწავლეები გამოცდებზე კარგ შედეგს ავლენენ, ისინი სწავლას აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის უნივერსიტეტებში აგრძელებენ.
სკოლა ეხმარება მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს როგორც მომავალი პროფესიის, ასევე ქართული და საზღვარგარეთის უნივერსიტეტების შერჩევაში.
თვითგამოხატვის მნიშვნელობა „პროგრესში“ რელევანტურია
ამირ რეზა ბატფა − საერთაშორისო სექტორის მე-10 კლასის მოსწავლე:
როცა „პროგრესში“ სწავლა დავიწყე, ინგლისურს ცუდად ვფლობდი, თუმცა აქაური გარემო ძალიან მოკლე ხანში ენის შესწავლაში დამეხმარა. დღეს ინგლისური, მშობლიური ენის შემდეგ, ჩემთვის მეორე სასაუბრო ენაა. „პროგრესის“ მიერ შემუშავებულმა პროგრამებმა არა მხოლოდ ენის შესწავლა, არამედ ჩემი პიროვნული ზრდაც განაპირობა. მომწონს მეთოდი, რომელიც ღირებული ცოდნის შეძენას დახვეწილი ხერხებით, შედარებით მსუბუქად და მეტი აღქმადობით გვთავაზობს.
„პროგრესი“ − დემოკრატიული მმართველობა სასკოლო სივრცეში
ნანა ჩარექიშვილი − „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის დირექტორი:
17 წელია, „პროგრესის“ გუნდის წევრი ვარ. 2018 წლიდან კი საშუალება მაქვს მას ვუხელმძღვანელო. ამ ხნის განმავლობაში, დაკვირვების შედეგად, თამამად შემიძლია სკოლის წარმატების მთავარი მახასიათებლები და ჩემი მმართველობის მთავარი პრინციპები გამოვყო:
სკოლას თანამედროვე მიდგომა და სასწავლო პროგრამები გამოარჩევს, რაც მოსწავლეს ქართული და ამერიკული სტანდარტით განათლების მიღების საშუალებას აძლევს;
აქ მთავარია მოსწავლე, მის განათლებაზე, სწორი ფასეულობებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა; ასევე მუშაობა იმისათვის, რომ მისი სოციალური და შემოქმედებითი უნარები თანაბრად განვითარდეს;
შეგვწევს ძალა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულების სამოქალაქო საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეგვქონდეს. მათ მუდმივ განითარებაზე ზრუნვა ჩვენი პედაგოგების პრეროგატივაა. თავის მხრივ, თავად პედაგოგების განვითარება და მუდმივი გადამზადება დღის წესრიგში ყოველთვის აქტუალურია; სწორედ ამიტომ, ისინი კვალიფიკაციის ამაღლებას ქვეყნისა და საზღვრებს მიღმა მასშტაბში ახერხებენ. ამ პროცესების ორგანიზება, ასევე სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მუდმივი მონიტორინგი, შედეგების შეჯამება და შემდგომი განვითარება − ჩემი ამოცანაა.
საერთაშორისო განათლების მიღების არჩევანი საქართველოში
ასიმ ოსმანოვი − მშობელი; ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს კონსული:
„პროგრესი“ მხოლოდ იმის გამო არ აგვირჩევია, რომ ერთადერთი ინგლისურენოვანი სკოლა იყო ბათუმში, არამედ იმიტომაც, რომ ბევრ სხვა მნიშვნელოვან შესაძლებლობასაც აჩენდა.
„პროგრესის“ მოსწავლეები იმ თაობად ყალიბდებიან, რომელიც 21-ე საუკუნის სრულყოფილი, შემდგარი ახალგაზრდებისგან კომპლექტდება.
მეც და ჩემს შვილსაც განსაკუთრებით გვხიბლავს ის, რომ დაზეპირებით სწავლას აქ საუკეთესო ალტერნატივები აქვს, თავისუფალი აზროვნებისა და შემეცნებისთვის ფართო არეალი არსებობს.
შეუფასებელი ცოდნის შეფასება
სიმონ ჯანაშია − მრჩეველი, განათლების ხარისხის ექსპერტი:
„პროგრესი“ სხვა სკოლებისგან რამდენიმე მახასიათებლით განსხვავდება. აქ მუშაობენ მოტივირებული ადამიანები, რომლებიც საკუთარ საქმეს არა მხოლოდ მაღალი ცოდნით, არამედ მაღალი ენთუზიაზმით აკეთებენ. სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები მუდამ ურთიერთობენ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან. სკოლას ინტენსიური ურთიერთობა აქვს არა მხოლოდ ამერიკულ, არამედ ევროპულ სკოლებთან და საგანმანათლებლო ქსელებთანაც. ასევე, სკოლაში ყოველთვის მუშაობენ უცხოელი მასწავლებლებიც. ეს „პროგრესს“ საშუალებას აძლევს შეისწავლოს და დანერგოს ინოვაციური მიდგომები.
„პროგრესის“ წარმატებას ისიც განსაზღვრავს, რომ სკოლა განვითარებაზეა ორიენტირებული. მასწავლებლები ხვდებიან ერთმანეთს და ადმინისტრაციას, დადიან სემინარებზე. სკოლაში ტარდება საინტერესო შეხვედრები. ამ გზით, „პროგრესი“ მუდმივად იხვეწება.
განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კომერციალიზაციაა. მრავალი ადამიანი აფუძნებს კერძო სკოლას, რადგან მისგან მხოლოდ შემოსავლის მიღებას ცდილობს. ხშირად ასეთი ადამიანები არც ინტერესდებიან განათლების შინაარსითა და მეთოდებით, და შესაძლოა ერთდროულად ქარხანას, სკოლასა და რესტორანს მართავდნენ. ასეთ შემთხვევებში ადამიანებს უჭირთ დაინახონ სკოლის, როგორც სოციალური ინსტიტუტისა და სკოლის, როგორც ბიზნესის განსხვავება. პროგრესი სხვაგვარი სკოლაა. აქ ყველა რგოლს სკოლის არსი პრაქტიკისა და შინაარსის დონეზე ესმის. ეს კი ქმნის შესაძლებლობას, რომ სკოლა მოსწავლეების საჭიროებებზე მეტად იყოს ორიენტირებული.
საგანმანათლებლო სივრცის კიდევ ერთი გამოწვევაა მოტივირებული და მცოდნე ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მასწავლებლობით დაინტერესება. „პროგრესი“ ახერხებს ამ სირთულის დაძლევას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სკოლა შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, არა მხოლოდ პროფესიულად განვითარდნენ, არამედ საქმიანობისას სიამოვნებაც მიიღონ ბავშვებთან მრავალმხრივი ურთიერთობითა და სასწავლო პროცესის ინოვაციურად წარმართვით.
კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეს აქვს, არის ის, რომ სკოლები ხშირად არასწორ ორიენტირებს ეფუძნება. მაგალითად, ბევრი სკოლისთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია ინფრასტრუქტურული ინოვაცია და ნაკლებად პედაგოგიური მიდგომების მრავალფეროვნება. „პროგრესი“ მაგალითია, რომელიც აჩვენებს, რომ მოსწავლეებისა და საკუთარი საქმის მიმართ დამოკიდებულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სკოლის ინვენტარის ფასი. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „პროგრესი“ ტექნოლოგიურ სიახლეებსაც სრულად პასუხობს და ამ მხრივაც მოწინავეა.