უკვე 2 წელია, რაც ბენდი „ქონექშენი“ სხვადასხვა ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებს. რეპერტუარის წარდგენის ლოკაციას, მცირე ხნის წინ, საქართველოს პირველ არხზე „ღამის შოუ“ შეემატა. ბენდი, ია ტომაშის ხელმძღვანელობით, 8 ადამიანს აერთიანებს და საინტერესო მუსიკასთან ერთად, უამრავი ადამიანისთვის განწყობას ქმნის. „ქონექშენის“ შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ OK! იას ესაუბრა.
როგორ მოხდა ბენდის შეკრება?
ყოველთვის მქონდა სურვილი, ერთ გუნდად შეკრული ბენდი მყოლოდა. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, თუმცა, როცა იმ ადამიანების მუშაობა, ენთუზიაზმი დავინახე, რომლებიც დღეს CONNECTION-ის ბენდის წევრები არიან, მივხვდი, რომ ერთად საინტერესო მუსიკალური თანამშრომლობა გამოგვივიდოდა.
როგორია „ქონექშენის“ გუნდი?
თავს ვიყრით ვოკალისტები − მე და მარიამ შენგელია, რომელსაც საზოგადოება ბენდის გარეთაც კარგად იცნობს. „ქონექშენში“ სულ 8 ადამიანი ვართ − ისინი, ვინც კლავიშით, ბასგიტარით, დრამითა და სხვა მუსიკალური ინსტრუმენტით აფორმებენ ბენდს.
როგორია თქვენი ბენდის მუსიკალური სტილი და არჩეული მიმართულება? როგორც ვიცი, CONNECTION მხოლოდ cover-ვერსიებს არ მღერის...
ადრე სიმღერებს ვწერდი, თუმცა პირველი ასეთი ნამუშევარი, რომელმაც დღის შუქი იხილა, „ღამის შოუში“ გაისმა. 2 მაისს ქუთაისობა აღინიშნებოდა. გამოწვევად მივიღე, რომ ამ ქალაქზე თანამედროვე მუსიკა დამეწერა. რამდენიმე დღის განმავლობაში ვფიქრობდი ამაზე. საბოლოოდ, როგორც დადებითმა გამოხმაურებამ გვიჩვენა, ახალი სიმღერა, რომელიც ირაკლი აბაშიძის ტექსტზეა, საზოგადოებას ძალიან მოეწონა.
ჩემთვის ეს დიდი სტიმულია, რომ მომავალში ამ მიმართულებით მუშაობა უფრო აქტიურად გავაგრძელო და ბენდის რეპერტუარში საავტორო სიმღერები შევიტანოთ.
საზოგადოება სოლო მომღერლის ამპლუაში გიცნობთ. თავად როგორ განასხვავებდით ამ როლს ბენდის ვოკალისტობისგან?
განსხვავება ძალიან დიდია და ვიტყოდი, რომ ბენდთან ერთად მუშაობა უზარმაზარი სიამოვნებაა. ერთია, როცა სოლო მომღერლის ამპლუაში მღერი, მეორე კი ის ფაქტი, რომ ბენდთან ერთად ყველა ინსტრუმენტი შენთვის ცოცხლად უკრავს, თან ამას უამრავი იმპროვიზებაც ახლავს.
გვიამბეთ ბენდის ამჟამინდელი საინტერესო საქმიანობის შესახებ?
ბენდის არა მხოლოდ ვოკალისტის, არამედ ხშირად მისი მენეჯერის როლსაც ვირგებ, რაც ძალიან მიტაცებს. ეს არ არის მხოლოდ ია ტომაშის ბენდი და მას საკუთარი ინდივიდუალური მიმართულება აქვს.
ახლა საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ, რაც ჩემი და მარიამის გამოკლებით, ბენდის თანამშრომლობას მომღერალ ცირა კობიაშვილთან გულისხმობს. მათთვის სპეციალური პროგრამა შედგა და მსგავსი მიმართულებით მუშაობას მომავალშიც ვგეგმავთ.
სამომავლო გეგმებში კიდევ რა შედის?
უპირველესად, კვლავ უამრავი მუშაობა. დიდი კომფორტია, რომ ჩემს მეუღლესა და მის მეგობარს ხმის ჩამწერი სტუდია აქვთ, რაც საქმიანობაში ხელს გვიწყობს და ვგეგმავთ ალბომიც გამოვუშვათ.
როგორც აღვნიშნე, ჩემთვის მუსიკის წერა ძალიან საინტერესოა და ამ მხრივ განათლების მიღებასაც ვაპირებ. ახალი სიმღერები „ქონექშენის“ ხელწერას კიდევ უფრო გამოკვეთს.
ბენდი ძალების მოსინჯვას საზღვრებს გარეთაც გეგმავს, რადგან დაინტერესება არსებობს.