მანანა ზარიძის გატაცება ბოლო წლებში მის ძირითად საქმიანობად იქცა და პროფესიით ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, თვითნასწავლი დიზაინერის ამპლუაში პირველად საქველმოქმედო მიზნით წარსდგა. დიზაინერი ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის (2012-2017 წლებში), მამუკა ციხელაშვილის მეუღლეა, რომელთან ერთადაც, დიპლომატიური მისიის ფარგლებში, იგი ოსლოში წლების განმავლობაში ცხოვრობდა. სწორედ მაშინ, მანანა ზარიძემ ექსკლუზიური, ხელნაკეთი სამკაულის შექმნაზე მუშაობა დაიწყო. ერთ-ერთი პირველი საკუთარი ნამუშევარი ნორვეგიის დედოფალს სამეფო ტახტზე ასვლის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით უსახსოვრა, მისი უდიდებულესობისგან მიღებული მადლობის წერილი კი ხელოვანის შემოქმედების პირველ აღიარებად ჩაითვალა.
როგორ იხსენებთ ნორვეგიის სამეფოში გატარებულ წლებს, რომელიც თქვენი, როგორც დიზაინერის, კარიერას უძღოდა?
ელჩის მეუღლეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. დგები დიდი გამოწვევების წინაშე. გეკისრება დიდი მისია, უცხო ქვეყანაში წარმოადგინო სამშობლო ღირსეულად და ამასთან ერთად, აკეთო საქმე შენი ქვეყნისა და თანამემამულეების საკეთილდღეოდ.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ქ. ოსლოში, საქართველოს საელჩოს შენობაში გახსნილიყო პირველი ქართული საკვირაო სკოლა, რომელიც ხელს შეუწყობდა ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი ბავშვების ფესვებთან დაკავშირებას. მათ თავად ვასწავლიდი ქართულ ენას, ლიტერატურას და საქართველოს ისტორიას. ქართული საკვირაო სკოლის სტაბილურმა ფუნქციონირებამ მოიტანა იმის საჭიროება, რომ საკვირაო სკოლის ბაზაზე დაარსებულიყო პირველი ქართული ბიბლიოთეკა. საკვირაო სკოლის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა ასევე გახლდათ ქველმოქმედება (სხვადასხვა მიმართულებით). ყოველწლიური საქველმოქმედო ღონისძიებისთვის, რომელიც საკვირაო სკოლის აღსაზრდელების სახელით იმართებოდა, დავიწყეთ ხელნაკეთი ნივთების შექმნა, მე კი სამკაულზე მუშაობა გადავწყვიტე და ჩემი დებიუტი შედგა. ეს საქმიანობა უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან შეგუებაშიც დამეხმარა.
როგორია სამკაული, რომელსაც ქმნით?
სამკაული ძირითადად ტყავითა და მასზე ამოქარგული ბისერებითაა წარმოდგენილი. უკვე 7 წელია, რაც ამ სტილზე ვმუშაობ, ვეძებ ძვირფას ქვებსა თუ მინერალებს. ოსლოში ცხოვრებისას რამდენიმე საინტერესო ადგილიც ვიპოვე, რომელსაც ხშირად მასალებისთვის ვსტუმრობდი. აღსანიშნავია, რომ სამკაულს ვერასოდეს ვიმეორებ, მის შექმნას ზოგჯერ თვეებს ვანდომებ, რა დროსაც სხვადასხვა ხასიათი თუ მომენტი ახდენს გავლენას მუშაობის პროცესზე და ასე ჩნდება ექსკლუზივი. სწორედ ესაა მიზეზი, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი ზუსტი ანალოგი არ გამოდის. ამბიციურად ჟღერს, თუმცა ეს სამკაული თავდაჯერებული, შემდგარი ქალის აქსესუარია.
წინასწარ წარმოიდგენთ საბოლოო სახეს თუ ახალი სამკაული სამუშაო პროცესში იბადება?
წინასწარ მხოლოდ ის ვიცი, თუ რა ფერები, რა სახის მასალა მჭირდება. სხვა დანარჩენი მუშაობის პროცესში იჩენს თავს. ეს ყველაფერი ძალიან შრომატევადია, თუმცა შედეგად ღირს.
ცნობილია, რომ ნორვეგიის დედოფალი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელსაც თქვენი სამკაული ერგო. როგორ შეარჩიეთ მოდელი მისთვის?
დედოფლისთვის სამკაულის შექმნისას მისი პრიორიტეტული ფერები, სამოსის სტილი გავითვალისწინე და ყელსაბამი ფირუზის ქვებით გავაწყვე. როგორც ჩანს, საქართველოს სახელით მირთმეული საჩუქარი მოიწონა და მადლობის წერილიც მივიღეთ, რაც, ფაქტობრივად, ჩემი სამკაულის პირველ აღიარებად შეიძლება ჩაითვალოს.
როგორი იყო დიპლომატიური მისიის ფარგლებში მუშაობა? რა გამოწვევების წინაშე დადექით?
ეს იყო საოცრად საინტერესო წლები − უდიდესი გამოცდილებით, რომელიც, უპირველესად, ჩვენ მიერ საელჩოს გახსნას გულისხმობდა. იმ დროს ნორვეგიაში ნაკლებად იცნობდნენ საქართველოს და დიდი შრომის ფასად, ვცდილობდით ჩვენი ქვეყანა საუკეთესო კუთხით წარმოგვეჩინა. იმართებოდა სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, რომელთა მეშვეობით ჩვენს ქვეყანას ვაცნობდით როგორც ნორვეგიელებს, ასევე ოსლოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს.
გაგიჭირდათ ნორვეგიასთან განშორება?
დიპლომატიური მისიის დასრულება გარდაუვალი პროცესია, თუმცა საკმაოდ რთული აღმოჩნდა იმ ყველაფერთან განშორება, რაშიც წლების განმავლობაში დიდი ენერგია ჩავდეთ. მიუხედავად ამისა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც კავშირი არ შეწყვეტილა და ნორვეგიის სამეფოში ხუთწლიანი მუშაობის ლოგიკური დასასრული პირველი ქართულ-ნორვეგიული წიგნის ავტორობა გახდა, რომელიც ამ ქვეყანას მივუძღვენი. წიგნი განკუთვნილია სკანდინავიელი მკითხველისთვის და მასში თავმოყრილია ქართული კულტურა, კულინარია და ღირსშესანიშნაობები.
როგორია სამშობლოში დაბრუნებისას თქვენი სამომავლო გეგმები? რა ინიციატივები გაქვთ თქვენი დიზაინერული საქმიანობის კუთხით?
სურვილი მაქვს, ნიჭიერ ქართველ დიზაინერებთან თანამშრომლობა და მათ სამოსთან ჩემი სამკაულის ჰარმონიული სინთეზი შედგეს. ოთხი გამოფენის მოწყობის შემდეგ, რომელიც ოსლოსა და ერევანში გაიმართა, თბილისში ჩემი ნამუშევრების გამოფენა 28 მაისს გაიმართა. მოხარული ვარ, რომ ნამუშევრებმა ჩემს სამშობლოშიც დაიმსახურა მოწონება.