რა შეიძლება იყოს მხატვრის ახდენილ ოცნებაზე მეტი − როგორიცაა მაგალითად, მისი ნამუშევრებისთვის ხელოვნების მექაში, პარიზში, იქაურ გალერეებში ბინის დადება. თუმცა აკაკი ძნელაძისთვის ეს ბედნიერება მხოლოდ საკუთარი შემოქმედებით გატაცების თანმდევი სიხარულია. მიიჩნევს, რომ მაშინაც კი, თუ მის ტილოს მხოლოდ ერთი ადამიანი შეიგრძნობს, ის უკვე წარმატებულია.
ქართველი მხატვრის წარმატება კი თავისდაუნებურად მაინც იქცა მასშტაბურ აღიარებად, რადგან მისი ტილოები შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა ერგო. ხატავს იმ დროიდან, რაც საკუთარი თავი ახსოვს. დაიბადა და გაიზარდა ზღვისპირა ქალაქში. ბათუმის პეიზაჟები ადრეული ასაკიდანვე აღძრავდა მხატვრის ინტერესს და ფერწერა ტილოზე გადაჰქონდა. დღესაც აქ ცხოვრობს, აქ ქმნის და აღტაცებას ჰგვრის თითოეულ კარგად ნაცნობ ქუჩას, რადგან ამბობს, რომ სამყარო არ წყვეტს შესთავაზოს ახალი აღმოჩენები...
როგორ ფიქრობთ, რას განსაზღვრავს მხატვრისთვის დაბადების ადგილი?
დაიბადე ბათუმში, თბილისში, ფლორენციასა თუ პარიზში − თითოეული ადგილმდებარეობა ხელოვნების კუთხით დიდი ატრაქციონია. არსებობს ქალაქები, რომლის გარემო თავად ხელოვნებაა, რომელიც პიროვნების ზრდას, აზროვნების განვითარებას ემსახურება, ქმნის მიმართებებს არქიტექტურასთან, მხატვრობასა თუ ზოგადად, ესთეტიკასთან. საინტერესოა, როცა ცხოვრობ სივრცეში, სადაც სხვადასხვა ქანდაკების, მონუმენტის, ქუჩების უბრალო ფილაქნის სახითაც კი, შენ წინ ხელოვნების აკადემია იხსნება.
ამ მხრივ რა გისახსოვრათ ბათუმელობამ?
ბათუმელობამ რომანტიზმის სივრცობრივი შეგრძნება მიბოძა. ჩემში არსებობს პატარა ზღვისპირა, 1970-იანი წლების ჯერ კიდევ ჩაუბეტონებელი ქალაქი, ბელეტაჟის ტიპის სახლები, ბავშვობის მოგზაურობა ეზოდან ზღვამდე; გზა, რომელიც სცდება შენს საცხოვრისს და პატარა ასაკში სხვა განზომილებაში გადაჰყავხარ. გგონია, რომ შენი ეზო დიდია, თუმცა როცა მას სცდები, თავს უცხო ქვეყანაში აღმოაჩენ; ეს საინტერესოა − მღელვარებით სავსე მოგზაურობა, რომელსაც შეგრძნებებით აუვსიხარ; ბათუმისთვის განუყოფელი შავი ზღვა კი, როგორც სივრცე, რომანტიზმის წყაროდ იქცევა. წარსულშიც და დღესაც, ჩემთვის ჩემი ქალაქის გარემო უსასრულობაა, რომელიც შემოქმედებითად თავის წილ შთაგონებას მჩუქნის.
ეს პატარა ქალაქია. რატომ არასოდეს იწურება შთაგონების წყარო?
თავი უნდა მოიტყუო, თუ იტყვი, რომ შენ პატარა სოფელშიც კი ყველაფერი უკვე ნახე. არასოდეს რომ არ გასცდე ეზოს, ჩაიკეტო ერთ ოთახში, იქაც შეძლებ, შექმნა დიდი სამყარო. უბრალოდ, ხელოვნებასთან მიმართებაში ყველგან სხვადასხვა ე.წ. თამასაა.
ბევრს მოგზაურობთ? რას გაძლევთ ახალი შთაბეჭდილებები?
ბოლო დროს განსაკუთრებით ბევრს ვმოგზაურობ, რაც ზოგად ცოდნას შეგრძნებებს უმატებს. ინფორმაცია, რაც ამა თუ იმ ქალაქის, მუზეუმის, ქუჩის, იქ მცხოვრები მხატვრის შესახებ გაქვს, კონკრეტულ ადგილზე ჩასვლის შემდეგ, შეგრძნებებს გიმძაფრებს. ბევრ მაღალკულტურულ ქალაქში სტუმრობამ დიად ხელოვნებასთან სიახლოვის განცდა მიჩვენა.
როცა პირველ ტილოზე მუშაობა დაასრულეთ, რომელიც თქვენი, როგორც მხატვრის, ხასიათს გადმოსცემდა, გახსოვთ პირველი შეფასებები? ვისგან იყო ეს?
პირველი შეფასებები შესაძლოა იყო ბევრი ან ცოტა. შესაძლოა საერთოდ არ მახსოვს, რადგან ამას ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემთვის მთავარი მხოლოდ ხატვისას საკუთარი შინაგანი მდგომარეობაა, შემდეგ კი ნამუშევარი სხვისი ხდება. ის იმაზე მეტად არის სხვისი, ვიდრე შენი, რადგან შენ სულ რამდენიმე ხანს მუშაობდი მასზე, სხვასთან კი ხშირ შემთხვევაში მთელი ცხოვრების განმავლობაში კედელზე ჰკიდია. მთავარია ის, რაც თავად ხარ ტილოსთან...
რთულია მნახველმა მხატვრის ჩანაფიქრი გაიგოს?
ჰერმან ჰესე ამბობდა, ჩემს ნაწარმოებებში მკითხველი იმას პოულობს, რაც არც მიფიქრიაო. ხელოვნებაში მეტაფიზიკურად იკითხება შემსრულებლის საიდუმლო. ყველაფერი ის, რაზეც სადღაც სიღრმეში გიფიქრია, ნამუშევარში იგრძნობა. მნახველი იმაზე მეტს ხედავს, ვიდრე ხშირად თავად გიფიქრია და ეს ხელოვნების დიდების ძალაა.
ბუნებაში იდეალური ნახატი არსებობს?
ბუნებაში იდეალური ნახატი თავად ბუნებაა. მე მინახავს უამრავი ნამუშევარი, მყავდა ფავორიტი მხატვრები, რომელთა შემოქმედებასაც ვეთაყვანებოდი − ვან გოგი, რემბრანდტი, იან ვან ეიკი და სხვანი. დღეს კი ჩემთვის მთავარი ცალკეული ნაწარმოებია. არის ტილოები, რომლებიც მხატვრებზე მაღლა დგას. რემბრანდტის „ღამის ჩამოვლა“ , ბოტიჩელის „პრიმავერა“ უფიცის გალერეაში, „იდუმალი კრავი“ იან ვან ეიკის შემოქმედებიდან − ყველა დიადი ტილოებია. ჩემთვის გამორჩეული კი, ალბათ, ეს უკანასკნელია და მას სრულყოფილებას შევადარებდი. იდეალურ ნახატს მხოლოდ ფერწერა ან ტექნიკა არ განსაზღვრავს − ის ბევრად მეტია, არსშია პასუხი.
როცა უამრავი, ერთი შეხედვით „მარტივი“ ტილო იპყრობს მნახველის ყურადღებას, როგორ ხდება მხატვრების დიაპაზონის დიფერენცირება ნაკლებად პროფესიონალი მხატვრებისგან?
აკადემიური განათლება მხატვრობაში სხვა ეტაპებზე გადასვლის საშუალებაა. მხოლოდ ასეთი საწყისით არის შესაძლებელი, რომ განვლილი გამოცდილების, ნაცადი ხერხების საფუძველზე, ერთი შეხედვით მარტივი მონახაზები გენიალურობად აქციო. ადამიანი, რომელიც შეძლებს ღრმად ჩაწვდეს პიკასოს კუბიზმს, იგრძნობს სიმარტივის მიღმა მხატვრის სიდიადეს. დღევანდელი მხატვრობა იოლია, ხშირად განცდებით დატვირთულიც − მასზე ხომ ადამიანები მუშაობენ, თუმცა ეს ბევრს შეუძლია. დიფერენცირების საშუალება ამ ფაქტმა გააადვილა, თუმცა თავად მხატვრობა გარკვეულწილად დაღუპა. მხატვრობა ხშირად დიზაინამდე დადის. ფიქრობენ, რომ ეს „ლაქა“ მათი ოთახის ინტერიერს მოუხდება... მხატვრობა კი სულ სხვა რამაა, უფრო მეტი პროფესიული და ენერგეტიკული „სისქით“.
დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოთ, რომელ მხატვართან იმეგობრებდით? რომელ ეპოქაში იპოვიდით საკუთარ თავს?
ვიმეგობრებდი მათთან, ვის ნამუშევრებზეც ჩემი აღტაცება გამომიხატავს. ვიცხოვრებდი მე-20 საუკუნის 10-იან წლებში... პარიზში ის დროა, როცა აპოლინერს დააბრალეს ჯოკონდას მოპარვა. ამ დროს იქვეა ესპანეთიდან ჩამოსული პიკასო და მთელი ბომონდი. იქ ხდება მე-20 საუკუნის ხელოვნების მდგრადობის ჩამოყალიბება, იქმნება ახალი ტილოები, აზროვნება, ჩნდებიან ახალი და უკვდავი სახეები. სწორედ იქ ვიქნებოდი, ამის შესაძლებლობა რომ მქონოდა...
იქნებ მეცხოვრა რენესანსის დასაწყისში. იმ დროს, როცა აქ არის ახალგაზრდა მიქელანჯელო, სადღაც გდია გრძელი ქვა და მისგან დავითს გამოაქანდაკებს; ლეონარდო და ვინჩი ფლორენციის ქუჩებში დაიარება..
რაშია მსგავსი საარაკო ეპოქების მთავარი საიდუმლო? რა ხდის მათ მიმზიდველს? − მხატვრები, რომლებიც იმ დროში მოღვაწეობდნენ თუ თავად გარემო, რომელსაც ჰქონდა ბევრი რამ, რითაც აღფრთოვანება შეიძლებოდა? დღეს როგორია სამყარო? რა შთაგონებას გვპირდება?
მე ასეთი აზრის ვარ, რომ სადღაც, ოდესღაც, სამყარო უნდა გაჩერებულიყო და ზემოთ ხსენებულ დიად ეპოქაში სამყარო შეჩერდა, დადგა გენიალური სიმშვიდე მხოლოდ აზროვნებისთვის, ლიტერატურისთვის, მხატვრობისთვის. დღეს დრო აჩქარებულია, ამან კი ყველაფერი გაამარტივა, რაზეც ჩვენც ვისაუბრეთ.
უკეთესი რეალობის წარმოსადგენად, მხატვრებს დროში „გადაბარგება“ გიწევთ?
არა, ეს დღეს სასაცილო ხდება და ფელინის ფილმის სიუჟეტს მაგონებს, რომელშიც ერთი რომანტიკოსი ფირს ჩასცქერის და წარსულის ჩანაწერებს აკვირდება, სამყაროში კი ამ დროს ბევრი რამ ხდება. წარსულისკენ სწრაფვა გამოსავალი არაა, რადგან მასთან დაუბრუნებლობის წერტილია დასმული.
ასეთ დროს არ არის რთული, საზოგადოება შეაჩერო და დააინტერესო?
არ მგონია, რომ ჩემი ნათქვამი ჩემში ჩაკეტილ ამბიციურობად ჟღერდეს და ვიტყვი, რომ ეს მე არ მაინტერესებს, არასოდეს დამიხატავს ფინანსური კეთილდღეობისთვის, არამედ საკუთარი სატკივარისთვის, გატაცებებისთვის... სწორედ ამას მოჰქონდა დაინტერესება. როგორც ტიციან ტაბიძეს უთქვამს − „ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება“. ჩემ შემთხვევაშიც, საკმარისია ერთმა ადამიანმა მაინც იგრძნოს. ეს არ არის ბრტყელი ფრაზა, რადგან მხატვრისთვის, ჩემთვის, ესეც საკმარისია. საზოგადოება ხომ კრებითია და ის ერთი ადამიანიცაა.
აღიარებთ მუზების არსებობას?
ძლიერება ისაა, რომ შთაგონება მუდამ თან ატარო. არ მჯერა მისი წასვლისა და მოსვლის. ფრანგ კრიტიკოსებს, ძმებ გონკურებს უთქვამთ, რომ არაფერი მდგრადი და ზეაღმატებული არ იქმნება ანთებული გრძნობებით. ჩემთვის მთავარი ზოგადი გააზრება და ყოველდღიური სამუშაო პროცესია.
თქვენი პერსონალური გამოფენა „პრიმავერა“ („გაზაფხული“) პარიზში შედგა. როგორ აღმოჩნდა თქვენი ნამუშევრები ცნობილ გალერეაში?
ფონდი „SOS ტალანტები“ ჩემი ნამუშევრებით დაინტერესდა, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა სფეროში ტალანტებს ეძებს და მათ ხელშეწყობასა და ევროპაში წარმოჩენას ემსახურება. ფონდის სულისჩამდგმელების − ელისო ბოლქვაძისა და მიშელ სონის მხარდაჭერით, ჩემი პერსონალური გამოფენა „პრიმავერა“ პარიზში ძალიან პრესტიჟულ გალერეაში გაიმართა, რომელიც ეიფელის კოშკთან ახლოს მდებარეობს და 1900 წელს მსოფლიო გამოფენისთვის აშენდა. როგორც სახელოვნებო წრეებში, ასევე პრესაში, გამოფენას ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა. სახელწოდება კი ერთ-ერთი ნამუშევრის სახელიდან გამომდინარეობს. მასაც, როგორც ბოტიჩელის ნახატს, „პრიმავერა − გაზაფხული“ ჰქვია. აგრეთვე, ნამუშევრები გამოიფინა „ლუვრის კარუსელსა“ და „გრანდ პალეში“ („არტ კაპიტალის“ ფარგლებში). „არტ კაპიტალივე“ წარადგენს ჩემს ტილოებს იაპონიასა და კორეაში. ამ ქვეყნებში თანამედროვე მხატვრობას დიდი ინტერესითა და ყურადღებით ეკიდებიან.