თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2018 წლის ოქტომბერში პირველად ჩატარდა საქართველოში. ამ მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიების მიზანია, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ქვეყნიდან კონკრეტული სფეროს წარმომადგენელი პროფესიონალები შეკრიბოს ერთი რომელიღაც თემის ფართოდ განსახილველად. ამ არქიტექტურული ფესტივალის დამფუძნებლები და ორგანიზატორები არიან ნათია კალანდარიშვილი, გიგი შუკაკიძე, თინათინ გურგენიძე და ოთარ ნემსაძე. სწორედ ნათიას და გიგის ესაუბრა ქართული OK! 2018 წლის ბიენალეს შესახებ.
პოსტსაბჭოთა რეგიონში საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ეს საერთაშორისო მნიშვნელობის ფესტივალი ჩაატარა.
თბილისის ბიენალეს არქიტექტურული კონცეფცია რამდენიმე მიმართულებით იყო წარმოდგენილი. მოეწყო შიდა გამოფენა, ასევე გარე გამოფენა ინსტალაციების სახით, სადაც უმეტესად უცხოელი არტისტები მონაწილეობდნენ და გახლდათ საკმაოდ ინფორმაციული და დატვირთული სიმპოზიუმი. „2018 წლის ბიენალეს მთავარი თემა იყო „არაფორმალური არქიტექტურა“, თავად ფესტივალს კი ერქვა buildings are not enough („მხოლოდ შენობები არ კმარა“) და მთლიანად ეძღვნებოდა ნაშენ სივრცეებში ადამიანთა ჩართულობის ფაქტორის ასახვას, რასაც მეორენაირად და გამარტივებულად „მიშენებას“ ან „დაშენებას“ ვუწოდებთ ხოლმე.
არაფორმალური არქიტექტურა საქართველოში სათავეს 1985 წლიდან იღებს, როცა შენობების მასობრივი პრივატიზება განხორციელდა და საჯარო სივრცეები კერძო საკუთრებაში გადაეცათ ადამიანებს“, − აღნიშნავს ბიენალეს ერთ-ერთი ორგანიზატორი ნათია კალანდარიშვილი, რომლის ინფორმაციითაც ბიენალეში მონაწილეობა 15 ქვეყნის 74-მა უცხოელმა წარმომადგენელმა და უამრავმა ქართველმა პროფესიონალმა მიიღო.
არაფორმალური არქიტექტურა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის დამახასიათებელი ურბანული შტრიხია, რამაც კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ამ ფესტივალს.
შესაბამისად, მსოფლიო არაფორმალური არქიტექტურის ვიზუალური პლატფორმა 2018 წელს სწორედ თბილისში, გლდანში გაიშალა და ფართოდ იქნა განხილული სახვითი ხელოვნების, ვიზუალური ინსტალაციებისა და სიმპოზიუმის სახით. აღსანიშნავი ფაქტორია ის, რომ ერთ-ერთი შიდა გამოფენა პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსში განხორციელდა − არტისტები ბინებში შევიდნენ და იქ მოაწყვეს საგამოფენო სივრცე.
„გლდანი რამდენიმე მიზეზის გამო შევარჩიეთ: გვსურდა კულტურული ღონისძიება ცენტრისგან მოშორებით ჩაგვეტარებინა. თემიდან გამომდინარე, გლდანში ძალიან კარგად ჩანს არაფორმალური არქიტექტურა და ურბანული სივრცე. ეს არის ქალაქი ქალაქში, სადაც ცხოვრება თითქოს თბილისისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს. დახურულ სივრცეში გამოფენილი იყო კვლევითი მასალები, სადაც არქიტექტორი მკვლევრები აჩვენებდნენ თავიანთ კვლევებს არტინსტალაციების სახით.
გარე გამოფენა ასევე გლდანის ტერიტორიაზე, გარე სივრცეებში, პავილიონებისა და ინსტალაციების სახით მოეწყო, რამდენიმე ნამუშევარში თავად ადგილობრივი მცხოვრებლებიც იყვნენ ჩართულნი. იყო ასევე არტგამოფენა და ორდღიანი სიმპოზიუმი, სადაც 35-მა უცხოელმა მომხსენებელმა 6 პანელი ჩაატარა. გვქონდა ფოტოგამოფენა გლდანის ხიდზე, კინოჩვენებების განყოფილება და სტუდენტების მიერ შესრულებული სემინარი ავტოფარეხების შესახებ, რომელიც 2 დიდ უბანს შორის განთავსებულ ავტოფარეხებში გამოიფინა“, − აღნიშნავს ბიენალეს კიდევ ერთი ორგანიზატორი, გიგი შუკაკიძე. ბიენალეს ფარგლებში ასევე მოეწყო ალტერნატიული ტური, რომელიც მოიცავდა გლდანის იმ დასახლებებს, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესო იყო არაფორმალური არქიტექტურის მხრივ.
ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, მომდევნო, 2020 წლის ბიენალეს მთავარი თემაც საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი და მასშტაბური იქნება, რომელიც კვლავ ბევრი ქვეყნის პროფესიონალებს გააერთიანებს და სწორედ თბილისში გაჟღერდება ის მთავარი არქიტექტურული ტენდენციები და დისკურსები, რომლებიც საყოველთაოდ აქტუალურია.