ქართული OK! MERCEDES BENZ FASHION WEEK-ის დამფუძნებელსა და ორგანიზატორს, სოფო ჭყონიას KING DAVID-ის ტერასაზე, მყუდრო რესტორანში ესაუბრა. სოფო ყოველთვის მინიმალიზმს ირჩევს, ჯინსი და შავი მაისური მისი საუკეთესო და კომფორტული არჩევანია, სადა სამოსი კი სოფოს დახვეწილ ხიბლს კიდევ უფრო ხაზს უსვამს. სოფომ სიამოვნებით გაიხსენა მოდის კვირეულის პირველი ნაბიჯები, თუ როგორ გადაწყვიტა სათავეში ჩასდგომოდა თანამედროვე ქართული მოდის უმნიშვნელოვანეს პროექტს, რომელმაც ქართველი დიზაინერების მომავალი შეცვალა და ქვეყანა მსოფლიო მოდის პლატფორმაზე დამაჯერებლად გაიყვანა. რა არის სტილი, რა დანიშნულება აქვს 21-ე საუკუნის სამყაროში მოდას და როგორია მოდის კვირეულის სამომავლო გეგმები? − წაიკითხეთ სოფო ჭყონიასთან საინტერესო, ექსკლუზიურ ინტერვიუში.
სოფო, თქვენი აზრით, რა არის მოდა და რა დანიშნულება აქვს მას თანამედროვე სამყაროში?
გლობალიზაციის ეპოქაში, სადაც საზღვრები წაშლილია, შეიცვალა მოდის ფენომენი და მის მიმართ დამოკიდებულება. ადრე თუ მოდა მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის განკუთვნილი ფუფუნების საგანი იყო, დღეს მას აღარ აქვს საზღვრები − იგი ყველასია და ყველასთვისაა. მაგალითად, სხვადასხვა ფინანსური მდგომარეობის მქონე ადამიანებს შეუძლიათ ერთი და იგივე ბრენდის სპორტული ფეხსაცმელი ატარონ. აქ ზღვარი აღარ არსებობს. მოდა არა მხოლოდ სამოსი ან აქსესუარია, არამედ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაა, რომელიც ძალიან კარგად ასახავს იმ ეპოქას, პერიოდს, რომელშიც საზოგადოება ცხოვრობს. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს მოდის ტენდენციებს.
თქვენი აზრით, რა ქმნის ადამიანის სტილს?
ალბათ, სულიერი მდგომარეობა, ხასიათი და გემოვნება ქმნის ადამიანის სტილს, რომელსაც არ სჭირდება განსაკუთრებული თანხა იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს. ინდივიდუალური სტილი დღევანდელ დღეს შესაძლოა განსაკუთრებული ფინანსების გარეშეც მრავალფეროვნად გამოხატოს ადამიანმა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა კონკრეტულად რამე არ არის მოდაში და განწყობის მიხედვით შეგვიძლია შევიმოსოთ. ადამიანის სტილით შეიძლება ამოიკითხო მისი ხასიათი, განწყობა, საზოგადოებრივი სტატუსი და ა.შ.
თქვენი საყვარელი სამოსი რომელია?
მე თავად ძალიან მარტივი მიდგომა მაქვს ამ თემისადმი, რადგან დიდად არ მიყვარს სუპერმოდურად და მრავალფეროვნად ჩაცმა. მიყვარს ის სამოსი, რომელშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს. ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი ერთნაირი ჯინსი და შავი მაისური მაქვს გარდერობში და ფაქტობრივად ჩემი სამოსის 99%-ს შეადგენს. აქსესუარები უზომოდ მიყვარს, ასევე ფეხსაცმელები, ჩანთები, სამკაულები.
სოფო, ვისაუბროთ Mercedes-Benz Fashion Week-ზე. როგორ დაიწყო ყველაფერი და როგორ განახორციელეთ ეს დიდი პროექტი საქართველოში?
იდეა 2015 წელს გაჩნდა. აბსოლუტურად სპონტანურად დაიწყო ყველაფერი, რადგან ნამდვილად არასოდეს მქონია იმის სურვილი, საქართველოში გამეკეთებინა მოდის კვირეული. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ შევნიშნე, ბევრი ნიჭიერი დიზაინერი გვყავდა საქართველოში, რომელთაც არ ჰქონდათ საშუალება, საკუთარი ხმა მიეწვდინათ ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურებისთვის, პრესისა და შემსყიდველებისთვის, რომლებიც განავითარებდნენ მათ საქმიანობას. მაშინ ვიფიქრე, რომ უკვე იყო ის დრო დამდგარი, რომ ქართველი დიზაინერები მსოფლიო მასშტაბით გაეცნოთ. თანაც ეს ის პერიოდი გახლდათ, როცა დემნა გვასალიამ თავისი ბრენდი შექმნა და საოცრად პოპულარული გახდა, საერთაშორისო პრესის ყურადღება კი საქართველოს მიმართ ძალიან გააქტიურდა. ასე ჩავერთე სრულიად შემთხვევით ამ საქმიანობაში. იყო ბევრი სიძნელე, უპირველესად − ფინანსური. ყველა მეუბნებოდა, რომ უტოპიური წამოწყება იყო, რადგან საქართველოში მოდა არავის აინტერესებდა და მით უმეტეს მსოფლიოში არავინ დაინტერესდებოდა ქართველი დიზაინერებით. სხვათა შორის, ამ დამოკიდებულებასთან ბრძოლა და საწინააღმდეგოს მტკიცება დღემდე მიწევს, დღემდე არსებობს ეს ცინიკური მიდგომა. მიაჩნიათ, რომ მოდის კვირეულის ჩატარება უფრო გართობაა, ვიდრე სერიოზული საქმის კეთება. დიზაინერების მიმართაც დაუსრულებელი კრიტიკაა. ჯანსაღი კრიტიკა, რა თქმა უნდა, ყველასთვის სასარგებლოა, მაგრამ ბევრი ადამიანი ვერასოდეს წარმოიდგენს, თუ რა პირობებში მუშაობენ დიზაინერები და რა ფინანსური სახსრებით ახერხებენ კოლექციების გაკეთებას. ეს რომ საზღვარგარეთ მათ კოლეგებს ვუამბოთ, ვერასოდეს მიხვდებიან, როგორ შეიძლება მსგავსი რესურსებით ამ ყველაფრის მოხერხება.
ასე, ნელ-ნელა გახდა მოდა ქართველების სავიზიტო ბარათი. ჩვენმა დიზაინერებმა გააკეთეს ის, რაც ჩვენმა პოლიტიკოსებმა ვერ შეძლეს.
რაც დრო გადის, მეტად იხვეწება Mercedes Benz-ის კვირეული, უკეთესი ხარისხით ტარდება. რაშია ამ წარმატების საიდუმლო? საინტერესოა ამაზე თქვენი, ამ პროექტის დამფუძნებლის და მთავარი ორგანიზატორის აზრის მოსმენა.
უპირველეს ყოვლისა, პროექტის წარმატებას განაპირობებს დიზაინერთა ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც ძალიან საღად აზროვნებს. ისინი ბევრად უკეთესი თაობის წარმომადგენლები არიან, ვიდრე ჩემი და წინა თაობის ხალხი, რადგან ინტერნეტისა და გლობალიზაციის ეპოქაში გაიზარდნენ, თუმცა საკმაოდ ღარიბ ქვეყანაში, სადაც მოდაზე საუბარი რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელი.
მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ მხოლოდ მოდის კვირეულს. უპირველესად, ეს პროექტი შეტყობინებაა, რომ საქართველო საინტერესო ქვეყანაა, სადაც შეიძლება ჩამოხვიდე და გაიცნო ნიჭიერი, შემოქმედებითი ადამიანები, განახორციელო საინტერესო პროექტები. ეს კვირეული არ არის მხოლოდ მოდასთან კავშირში, ეს არის სოციალური, ტურისტული პროექტი. ჩამოსული სტუმრები ათვალიერებენ მთელ საქართველოს. ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ მათ ჩვენი რეალობის ორივე − კარგი და ცუდი მხარეები. დადებითთან ერთად, ვაჩვენებთ როგორი პრობლემებით ცხოვრობს ახალგაზრდობა ჩვენს ქვეყანაში. სხვათა შორის, მოსწონთ ეს გულწრფელობა და სწორად აღიქვამენ. ასევე მოსწონთ ჩვენი ღამის ცხოვრება, რომელმაც ბოლო პერიოდში საინტერესო ფორმა მიიღო − ახალგაზრდები შინაგან თავისუფლებას ღამის ცხოვრებით გამოხატავენ და ვფიქრობ, ეს ერთგვარი პროტესტიცაა მათი მხრიდან.
წელს ბევრი ისეთი კოლექცია გვქონდა, რომელშიც დიზაინერებმა თავიანთი ცხოვრებისეული პრობლემები გამოხატეს. იყო ლგბტ-თემა, რომელიც ძალიან საინტერესო ფორმით გააკეთა 23 წლის დიზაინერმა, აკა ფროდიაშვილმა. საერთოდ, ჩვენს ახალგაზრდა დიზაინერებს ხელშეუხებელი, თანდაყოლილი ნიჭი აქვთ, რომელსაც მთლიანად უძღვნიან თავიანთ საქმეს, შემოქმედებით მხარეს, და სწორედ ამიტომ მათი კოლექციები შორსაა მარკეტინგისა და კომერციისგან. თანამედროვე მსოფლიო ტენდენციისგან განსხვავებით, ჩვენთან უდიდესი შემოქმედებითი ენერგია იხარჯება ამ კოლექციებისთვის და ხშირად კომერციული ნაწილი საერთოდ ავიწყდებათ კიდეც დიზაინერებს. ეს მოცემულობა ძალიან მოსწონთ კვირეულის სტუმრებს, რადგან ასე მსოფლიოში თითქმის აღარ ხდება.
რის მიხედვით ხდება მონაწილეების შერჩევა?
პირადად მე ვარჩევ, რადგან ზუსტად ვიცი, იმ მომენტში ვინ სჭირდება პროექტს, თუმცა ხშირად შეცდომებსაც ვუშვებ არჩევისას. ვხელმძღვანელობ გარკვეული პრინციპებით − ვიცი, ვინ შეიძლება გახდეს წარმატებული ამ პლატფორმაზე. მთავარია საინტერესო იყოს დიზაინერი. როგორც წესი, მარტივად ეტყობათ, რამდენად ნიჭიერები არიან.
წლევანდელ მოდის კვირეულს როგორ დაახასიათებთ?
ძალიან დატვირთული იყო, 43 დიზაინერი მონაწილეობდა. უამრავი სტუმარი ჩამოვიდა, მათ შორის, პრესის წარმომადგენლები. მე, როგორც წესი, მუდმივად უკმაყოფილო ვარ, რადგან, როგორც ორგანიზატორი, ვხედავ ისეთ ხარვეზებს, რომლებსაც სხვა ვერ შეამჩნევს.
სოფო, რომ არა მოდა, რა მიმართულებას აირჩევდით? რა პროფესიის ბრძანდებით?
კინომცოდნე ვარ და მთელი ცხოვრება მეგონა, რომ კინოს მიმართულებით ვიმუშავებდი, რადგან ეს ჩემი დიდი ოცნება იყო − გავმხდარიყავი კინორეჟისორი. მაგრამ ისეთ პერიოდში მომიწია ცხოვრება, 1990-იან წლებს ვგულისხმობ, როცა ძალიან რთული იყო თვითრეალიზება და ოცნებების ახდენა უამრავი პრობლემის გამო. არ გამოვიდა ჩემი პროფესიით მუშაობა. მიხარია, რომ ჩემი შვილი ამ გზით წავიდა − კინორეჟისურაზე სწავლობს და მასაც იგივე სურვილები და მიზნები აქვს ამ მიმართულებით, რაც მე მქონდა.
გაგვაცანით შვილები.
ვცდილობ მაქსიმალური დრო გავატარო ჩემს შვილებთან. უფროსი − 22 წლის მარიამი, საფრანგეთში ცხოვრობს. დაამთავრა კინოსკოლა და ახლა გამოცდებს სხვაგან აბარებს, მუდმივად ძიების პროცესშია. უმცროსს − 10 წლის თემურს, ძალიან აინტერესებს პოლიტიკა და უამრავ პოლიტიკური ხასიათის გადაცემას უყურებს. ყველა ქვეყნის პრეზიდენტის სახელი იცის. არ ვიცი, მომავალში გაგრძელდება თუ არა მისი ეს ინტერესი..
სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ. მოდის კვირეულთან დაკავშირებით რა სიახლეს შეიძლება ველოდოთ?
ნოემბერში Mercedes Benz Fashion Week-ის რიგით მე-10 სეზონია და გვინდა გრანდიოზული ღონისძიება გავაკეთოთ, დავპატიჟოთ გამორჩეული სტუმრები, საინტერესო და გავლენიანი ხალხი, ჩავერთოთ დიზაინერების კონკურსში, სადაც გვაქვს ძალიან კარგი პრიზები − საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება, დიზაინერებისთვის სხვაგვარი ფინანსური ხელშეწყობა და ა.შ. არსებობს საგანმანათლებლო ფონდის შექმნის უზომოდ დიდი სურვილი. ასევე, დაგეგმილი მაქვს სოციალურ პროექტებში მეტი აქტივობა.