#OK! როდის ვიხილავთ მეგან მარკლს და სად ჩატარდება არჩი უინძორის ნათლობის ცერემონია?
მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის პირველი შვილის დაბადებას მთელი მსოფლიო ელოდებოდა, ახლა კი შემდეგი მნიშვნელოვანი მოვლენა - არჩი უინძორის ნათლობაა წინ. სამეფო ოჯახის ტრადიციის მიხედვით ახალშობილს დაბადებიდან 3 თვის შემდეგ ნათლავენ, ქეითმა და უილიამმაც სწორედ ამ წესის მიხედვით მონათლეს სამივე შვილი. თუმცაღა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მეგანი პროტოკოლს არ ემორჩილება და საკითხების უმრავლესობას თავისებურად წყვეტს. შესაბამისად სასექსის ჰერცოგინიამ მომავალი მნიშვნელოვანი მოვლენაც შეიძლება ოჯახის წევრებისგან განსხვავებულად ჩაატაროს.
სამეფო ოჯახის ექსპერტმა რობერტ ფიტზუილიამმა ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემას განუცხადა:"სამეფო ოჯახის წევრები ახალშობილებს დაბადებიდან 2-3 თვეში ნათლავენ. თუმცა მათ აქვთ უფლება პირადად აირჩიონ ნათლობის თარიღი. სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია არჩის სავარაუდოდ უინძორში მდებარე წმინდა ჯორჯის სამლოცველოში მონათლავენ, სწორედ იქ სადაც ჩატარდა მათი ქორწილი და პრინცი ჰარის ნათლობის ცერემონია".
მოსალოდნელია, რომ ნათლობის ცერემონია ზაფხულის დასაწყისში, დედოფალი ელიზაბეტის ბალმორალში გამგზავრებამდე ჩატარდება.
გარდა იმისა, რომ არჩის ნათლობა თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა, საზოგადოება მეგანის ნახვას განსაკუთრებით ელოდება რადგან ჰერცოგინია მშობიარობის შემდეგ საჯაროდ მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა.