დახუჭეთ თვალები და საკუთარი თავის საუკეთესო ვიზუალური ანარეკლი წარმოიდგინეთ, მისი განხორციელება კი პროფესიონალ პლასტიკურ ქირურგს მიანდეთ. სახისა და სხეულის სასურველი ტრანსფორმირებით შეცვლილი ცხოვრების ხარისხი და საკუთარი პერსონის ახლებური წარდგენა, წარმატებული ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისია.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მისი განხორციელება ექიმს მიენდობა. თანამედროვეობაში, როცა ესთეტიკური მედიცინის დარგს არაერთი ქირურგი წარმოადგენს, არჩევანი პროფესიონალიზმს ემყარება. თუმცა, თანაბარი მნიშვნელობისაა ის, რაც ქირურგების ხელწერას განასხვავებს − ეს გემოვნებაა!
სწორედ გემოვნებამ და ინდივიდუალურმა ხედვამ ახალგაზრდა პლასტიკური ქირურგი, მარიამ თოფურია ესთეტიკურ მედიცინაში დაამკვიდრა.
5 წლის იყო, როცა საყოველთაოდ მიღებულ სასკოლო ასაკს დაასწრო და სკოლაში ჩაირიცხა. დამოუკიდებლობით გამორჩეულს, საბუთებიც კლასიდან კლასში თავად გადაუტანია. სკოლის დაწყებით საფეხურზე მყოფმა, როცა პლასტიკური ქირურგიის შესახებ სატელევიზიო გადაცემას თვალი მოჰკრა, დასმულ კითხვებზე პასუხის მიღების შემდეგ, ზუსტად იცოდა, რომ ესთეტიკური მედიცინა საოცნებო სფეროდ ექცა.
„მგონია, რომ მან ამირჩია მე და არა პირიქით. ჩემი პროფესიის მიგნება ბუნებრივად მოხდა. სილამაზის, ესთეტიკის თაყვანისმცემელი ვარ, რაც მეტწილად დედის დამსახურებაა – მან მაზიარა ხელოვნებას, რომელიც სილამაზის აღქმას უკავშირდება. სწორედ დედაა ის, ვინც ფასეულობები ჩამინერგა და მასწავლა შრომისმოყვარეობა“, − ამბობს მარიამი, რომელმაც შრომისმოყვარეობა გამოიჩინა მაშინაც, როცა სკოლის დამთავრების საბოლოო წელსაც არ დალოდებია და გამოცდების ჩაბარება ექსტერნად გადაწყვიტა.
უმაღლესი განათლების მიმართულებად, ბუნებრივია, მედიცინა აირჩია და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო. ამ დროიდან იღებს სათავეს მისი პროფესიული მოგზაურობა, პრაქტიკული სამუშაოები ევროპისა და აშშ-ის კლინიკებში და მხოლოდ 27 წლის ასაკში სამუშაო გამოცდილების ლოკაციად მონიშნული 8 ქვეყანა. სხვადასხვა ქვეყნისა და ეროვნების წამყვან ქირურგებთან კოლაბორაციამ პროფესიული ზრდა განსაზღვრა და კიდევ უფრო მეტი სიცხადით აჩვენა ესთეტიკური ქირურგიის ძალა.
ამერიკაში ვიზიტისას, ბენ ტალეის, ბევერლი ჰილზის წამყვანი ექიმის, კარდაშიანების ცნობილი ოჯახის პლასტიკური ქირურგის გაცნობა მარიამისთვის ნათელი მაგალითი აღმოჩნდა, თუ რა მიდგომების დამკვიდრება სურს საქართველოში მუშაობისას. ქართველი გოგონას წარმატებული საქმიანობა უპირობო ენთუზიაზმმა და მტკიცე ნებამ განაპირობა. მარიამ თოფურიამ OK!-ის საინტერესო ცხოვრებისეული თავგადასავლები უამბო და საყვარელ პროფესიასთან დაკავშირებული ხედვა გააცნო.
როგორ მოხდა, რომ მცირე ასაკშივე გააცნობიერეთ, რომელი პროფესიის არჩევა გინდოდათ და მას შემდეგ ერთი შეუცვლელი მიზნისკენ ისწრაფვით?
7 წლის ვიქნებოდი, ტელევიზორთან მჯდარი, რომ პლასტიკური ოპერაციის ტრანსლირებას ვუყურებდი და ნანახით დავინტერესდი. მშობლებმა, რომლებიც ექიმები არიან, ჩემს შეკითხვებს უპასუხეს. ტექნიკური საგნები მიტაცებდა და მქომაგობდნენ, რათა სხვა, შედარებით მსუბუქი პროფესია ამერჩია, თუმცა ერთხელ გაჩენილი სურვილი არასოდეს გამნელებია და ცხადია, მედიცინა ავირჩიე. მორიგ მიზნად საქართველოში უნივერსიტეტის დამთავრება დავისახე და პარალელურ რეჟიმში, საზღვრებს გარეთ საუკეთესო ესთეტიკურ კლინიკებში პრაქტიკული გამოცდილების მიღება გადავწყვიტე. თავად ვარჩევდი იმ პროფესიონალებს, რომლებიც ჩემთვის სანიმუშო აღმოჩნდნენ და წლების განმავლობაში მათთან მუშაობამ გამზარდა.
როგორი იყო პირველი სამედიცინო მოგზაურობა?
როცა მონაკოში ესთეტიკური მედიცინის ყველაზე დიდ კონგრესზე დასასწრებად გავემგზავრე, პირველად, სრულიად მარტო, გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდი. უამრავი რამ აღძრავდა ჩემში ინტერესს: პროდუქცია, მუშაობის სპეციფიკა და უცხოური პრაქტიკა. იქ წარმოუდგენლად ნიჭიერ პლასტიკურ ქირურგს შევხვდი, რომელიც სამუშაო ვიზიტით ბრაზილიაში ჩასვლას გეგმავდა. მისით მოხიბლულმა, გადავწყვიტე ჩემი შემდეგი მიმართულება ამ ადამიანთან გამგზავრება ყოფილიყო. მას შემდეგ, არაერთ ქვეყანას ჩემთვის საინტერესო, წარმატებულ ქირურგებთან სამუშაოდ, მათგან სწავლისა და მათზე დაკვირვებისთვის ვეწვიე. მსგავსი პრინციპით ნაკარნახევი იყო პირველი და ყველა სხვა მოგზაურობაც.
როგორია სხვადასხვა ქვეყნის „ჯამი“ თქვენი გამოცდილების „ანგარიშზე“?
რეზიდენტურის პირველ კურსზე ვიყავი, როცა ისრაელში რეკონსტრუქციული ქირურგიის შესასწავლად წავედი. მინდოდა ჯერ აღნიშნული მიმართულება ამეთვისებინა და შემდეგ ესთეტიკურ ქირურგიაში განვითარებაზე მეზრუნა. ისრაელში, ლიბანის საზღვართან, სამხედრო ჰოსპიტალში გავიარე პრაქტიკა და დიდი გამოცდილება მივიღე. შემდეგ იყო ბრაზილია − სან-პაულუ და რიო დე ჟანეირო, მოსკოვი და საუკეთესო ქირურგებთან გატარებული 6 თვე; საფრანგეთსა და იტალიაში გავლილი პრაქტიკა და ოპერაციებში მონაწილეობა.
უახლესი გამოცდილება, ამერიკული რეალობის ნახვა და იქ მიღებული გამოცდილებით გამოწვეული უდიდესი შთაბეჭდილებაა. ემორის უნივერსიტეტში, ესთეტიკის ცენტრში ვნახე ის, რასაც ამდენი ხანი ვეძებდი. ვიყავი ფად ნაჰაისა და მარკ კოდნერთან − ატლანტის საუკეთესო პლასტიკურ ქირურგებთან. მარკისა და ემორის ესთეტიკის ცენტრისგან შემოთავაზებაც მივიღე, რომ მათთან დავრჩენილიყავი, თუმცა ეს ჩემს დღის წესრიგში არ დგას.
ლოს-ანჯელესში ჩასვლისას რინოპლასტიკის წამყვან ქირურგებთან − აარონ კოსინისთან და ჯეი კალვერტთან მუშაობის საშუალება მომეცა. მათ ამერიკაში „რინოპლასტიკის ანგელოზებად“ მოიხსენიებენ. ამ მართლაც საოცარმა პროფესიონალებმა ახალი შესაძლებლობებისა და ცოდნის კარი გამიღეს. ხანდახან არც მჯეროდა, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად ხდებოდა.
რომელია თქვენი პროფესიული ცხოვრების გარდამტეხი გამოცდილება?
მრავალგზის მოგზაურობის, ბევრი საინტერესო სიახლის გაცნობის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ ყველაზე მთავარი შთაბეჭდილება წინ მქონდა − გამიმართლა და შევხვდი ბენ ტალეის, რომელსაც შორიდან დიდი ხანია ვეთაყვანები. ბენი ბევერლი ჰილზის წამყვანი ქირურგია, რომელიც ჰოლივუდის ცნობილ სახეებს, მათ შორის კარდაშიანებსაც ემსახურება. სიმართლე გითხრათ, მასთან მოხვედრაზე არც მიოცნებია, რადგან ბენ ტალეისთან კომუნიკაციის დამყარება ფაქტობრივად შეუძლებლად მეჩვენებოდა. ძალიან გამიმართლა და ამერიკაში გავიცანი გადაცემა „ექიმების“ ერთ-ერთი წამყვანი − ენდრიუ ორდონი. დავმეგობრდით, სწორედ მისმა რეკომენდაციამ და ერთმა ზარმა განაპირობა ბენთან ჩემი მოხვედრა. ასე აღმოვჩნდი ბენ ტალეის ბევერლი ჰილზის კლინიკაში − საოცნებო და საუკეთესო ადგილას, სადაც ოდესმე მოვხვედრივარ, რადგან პროფესიონალიზმისა და მომსახურების უმაღლესი დონე, რომელიც იქ ვიხილე, მანამდე არსად მქონდა ნანახი.
რა საერთო ღირებულება აღმოაჩინეთ ბენთან, რომლითაც ახლა უკვე საკუთარ პაციენტებს ემსახურებით?
პაციენტების, საქმისა და ესთეტიკის მიმართ ბენის დამოკიდებულება და ხედვა ჩემთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა.
ბენი ჩემთვის ნათელი მაგალითია იმისა, რომ თავდაუზოგავ შრომას, უძილო ღამეებს და ნამდვილ პროფესიონალიზმს ოცნებების ახდენა შეუძლია. ახლა ჩემი მთავარი მიზანია, იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება საქართველოში დავნერგო და ვიმოქმედო საკუთარი მთავარი პრინციპით − პლასტიკური ოპერაციით მიღებული შედეგი მაქსიმალურად ბუნებრივი იყოს.
ამჟამად რითი ხართ დაკავებული?
ამჟამად ვმუშაობ პლასტიკურ ქირურგად კუზანოვის კლინიკაში, სადაც გავიარე რეზიდენტურა. ჩემი ხელმძღვანელების − ივა და ალექსანდრე კუზანოვების წვლილი საკუთარ პროფესიულ ზრდაში განუზომელია. სიამოვნებით დავთანხმდი შემოთავაზებას, გავმხდარიყავი მათი გუნდის წევრი.
ამ ეტაპზე ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის, რაც ბენთან მუშაობისას ვისწავლე − სახისა და ტუჩის ლიფტინგი (აწევა). ტექნიკა, რომელსაც დავეუფლე, გამორჩეული და უნიკალურია. მე, როგორც ბენის მოსწავლე, მისი მეთოდის დანერგვას ვაპირებ ჩემს პრაქტიკაში.
როგორ იხსენებთ პირველ ჩატარებულ ოპერაციას?
თითქოს წაშლილია დროსთან ის საზღვარი, როცა პლასტიკურ ქირურგიას არ ვემსახურებოდი. იმ დროისათვის, როცა პირველი ოპერაცია გავაკეთე, ყოველმხრივ შეჩვეულ საქმიანობასთან კონტაქტი შედგა; მაშინაც კი, როცა ობზერვერის ამპლუაში ათეულობით ოპერაციას ვესწრებოდი, ნათლად წარმოვიდგენდი, თავად როგორ ვიმოქმედებდი, წავუძღვებოდი ოპერაციას. ხოლო როცა ეს დრო დადგა, არც რეალური პასუხისმგებლობა აღმოჩენილა უცხო, რადგან ჯერ კიდევ რეზიდენტობისას თითოეულ ოპერაციაზე დასწრებას საკუთარი პასუხისმგებლობის საკითხად აღვიქვამდი. ალბათ, ამიტომაც, ჩემი დებიუტი ძალიან ორგანული იყო.
მაშინ, როცა პაციენტი კონსულტაციაზე გსტუმრობთ, როგორ წარიმართება დიალოგი, რომელმაც წარმატებული თანამშრომლობა უნდა განსაზღვროს?
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტი, რომელიც პლასტიკურ ქირურგთან მიდის, ავად არ არის. მას აქვს კონკრეტული ხედვა, რომელიც სწორად უნდა აღიქვა და შეასრულო. ხშირია შემთხვევა, როცა მათ ზუსტად არ წარმოუდგენიათ საბოლოო შედეგი, ასეთ დროს კი მოდელირებას ვახდენ და პაციენტს წინასწარ სურათს წარვუდგენ. ესთეტიკურ ქირურგიაში დეტალებზე ორიენტირება მნიშვნელოვანია და პაციენტთან კონსულტაციის პერიოდი საბოლოო შედეგის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია.
პლასტიკურ ქირურგად ჩამოყალიბების სურვილის მქონე ადამიანისთვის თანამედროვეობაში დიდი ასპარეზია − მათ შეუძლიათ დეტალურად შეისწავლონ სხვადასხვა ტექნიკა და წარმატებით დაეუფლონ ხელობას, თუმცა ის, რაც არ ისწავლება, გემოვნებაა. როგორ ხელმძღვანელობთ საკუთარი გემოვნებით?
ჩემი თვალები გამუდმებით ეძებს და პოულობს სხვადასხვა „პაციენტს“− ზოგჯერ ანგარიშმიუცემლად, ზოგჯერ კი დაჟინებით ვაკვირდები სახეებს და სხვადასხვა ნაკვთს, დეტალს ვარგებ; შესაძლოა მინიმალური ცვლილებებით, რომელიც განსაკუთრებით რთული შესასრულებელია. ჩემი გემოვნება ჩემი ხელწერაა, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტულად ერთგვაროვანი მიდგომა არ გახასიათებს, ქირურგს ყველასგან გამოგარჩევს.
როგორ ფიქრობთ, რისი დამსახურებაა, რომ პატარა ასაკში დიდი გამოცდილების დაგროვება მოახერხეთ?
ერთადერთი, რაც ყოველთვის მენანება, დროა. მას არასოდეს ვაცდენ.
ხასიათის რა შტრიხები გამოგადგათ ამ გზაზე?
თვითკრიტიკულობა, შემართება, შრომისმოყვარეობა და მაქსიმალიზმი.
27 წელი ახალგაზრდა ასაკია, რა დროსაც ბევრს მეტად ლაღი, შესაძლოა ნაკლებად დატვირთული ცხოვრების წესი აქვს. არასოდეს გიგრძნიათ, რომ რაიმეს აკლდებით?
ეს არასოდეს მიფიქრია, რადგან ჩემთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი დღე მაშინაა, როცა ყველაზე მეტი საქმე მაქვს. პარადოქსია, თუმცა ასეთ დროს, კიდევ უფრო მეტის მოსწრებას ვახერხებ და საღამოს, კლინიკიდან გამოსვლისას, მეგობრებთან შეხვედრა, განტვირთვა ჩემთვის უფრო მეტად ღირებულია.
როგორია თქვენი, როგორც პლასტიკური ქირურგის, სამუშაო პრინციპი?
უნდა დავანგრიოთ სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც, როგორც წესი, ადამიანებს ეტყობათ პლასტიკური ქირურგიის კვალი. მაქსიმალურად ბუნებრივ, ნატურალურ ვიზუალთან ჰარმონიაში მყოფი შედეგის მიღწევის გარდა, ვმუშაობ პრინციპით, რომელიც რუტინას ემიჯნება. თითოეული პაციენტი განსაკუთრებული შემთხვევაა და იმსახურებს, რომ ეს იგრძნოს.