კეტი პერისა და ორლანდო ბლუმის ნიშნობის შემდეგ, გულშემატკივრები მათ ქორწილს მოუთმენლად ელოდებიან. თავად კი, ამ თემაზე საჯაროდ ჯერ არ უსაუბრიათ, თუმცა წყვილის მეგობარმა გამოცემა People-თან ისაუბრა და საინტერესო დეტალებიც გაამხილა.
კეტის და ორლანდოს მეგობრის თქმით, ისინი ქორწილისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან და ამ საქმეში მათ წვეულებების ორგანიზატორი ეხმარება. ეს საკითხი კეტის თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, მას სურდა ქორწილი გამოცდილ დიზაინერებს გაეფორმებინათ.
წყვილს ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნა ვიწრო, ახლო მეგობრების წრეში სურს. ისინი ფოტოგრაფის დაქირავებასაც არ გეგმავენ, რადგან არ სურთ მათი ქორწილის ამსახველი კადრები მეორე დღესვე ჟურნალების გარეკანზე იხილონ.