რამდენიმე კვირაა მსოფლიო შარლიზ ტერონისა და ბრედ პიტის რომანზე საუბრობს, ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად ჭორის დონეზე გავრცელდა, მოგვიანებით თავად ბრედის ყოფილმა მცველმა - კრის ჰერცოგმა დაადასტურა, როცა RadarOnline-ის გამოცემასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
კრისის თქმით, მან ზუსტად იცის, რომ წყვილი უკვე 4 თვეა ერთად არის, თუმცა ამ ურთიერთობის დამალვის მიზეზად ბრედისა და ანჯელინას შორის არსებულ ბოლოდროინდელ დაძაბულობას ასახელებს, რომელიც ძირითადად შვილების მეურვეობის საკითხს უკავშირდებოდა.
დაცვის წევრი ირწმუნებოდა, რომ ბრედი და შარლიზი ურთიერთობის გასაჯაროებას მანამ არ აპირებენ, სანამ საბოლოოდ არ გაერკვევიან საკუთარ გრძნობებში.
რამდენიმე საათის წინ, 43 წლის ტერონი ელენ დეჯენერესის შოუს სტუმარი გახლდათ, მოკლე წითელ კაბასა და Dior-ის ფეხსაცმელში გამოწყობილი ვარსკვლავის ინტერვიუ განსაკუთრებით საინტერესო სწორედ ბრედ პიტთან დაკავშირებული ჭორების გამო იყო, რაზეც წამყვანმა რა თქმა უნდა ყურადღება გაამახვილა.
"მე არავინ მყავს და თავისუფალი ვარ!" - ამგვარად უპასუხა პირად ცხოვრებაზე დასმულ შეკითხვას შარლიზმა და წერტილი დაუსვა ჭორებს, რომლებმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, თუმცა ვინ იცის, იქნებ ეს მორიგი ფანდია იმისთვის, რომ წყვილმა ურთიერთობის უკეთ დამალვა შეძლოს.