ვალენტინობა ზოგიერთი წყვილისთვის განსაკუთრებით მნიშნველოვანი აღმოჩნდა. კეტი პერისა და ორლანდო ბლუმის სამწლიანი ურთიერთობის ლოგიკურ დასასრულს მათი გულშემატკივრები დიდი ხნის მანძილზე ელოდნენ. ცნობილმა მომღერალმა Instagram-ზე ფოტო ატვირთა, რომელშიც ვარდისფერთვლიანი ნიშნობის ბეჭედი უკეთია.
წყვილის დანიშვნის შესახებ, 34 წლის კეტი პერის დედამაც გვამცნო, რომელმაც სოციალურ ქსელში ატვირთა კეტისა და ორლანდოს ერთობლივი ფოტო წარწერით: "ნახეთ ვინ დაინიშნა ვალენტინობის დღეს!".
ბედნიერმა დედამ კეტის ნიშნობის ბეჭდის ფოტოც გაგვიზიარა, რომელსაც ინგლისის სამეფო ოჯახის წევრის, პრინცესა ევგენიას ნიშნობის ბეჭედს ამსგავსებენ.
კეტი პერის ნიშნობის ბეჭედი
პრინცესა ევგენიას ნიშნობის ბეჭედი
ვარსკვლავმა ამ ღირშესანიშნავი დღისთვის Alessandra Rich-ის ვარდისფერი კაბა შეარჩია, რომლის ფასიც 1914 დოლარს შეადგენს. კეტიმ კაბას გულის ფორმის საყურე და ქამარი შეურჩია.
დანიშვნამდე რამდენიმე საათით ადრე პერიმ სოციალურ ქსელში მეორე ნახევრის ფოტოც ატვირთა.
შეგახსენებთ, რომ წყვილი საზოგადოებაში ერთად პირველად 2016 წელს გამოჩნდა, რის შემდეგაც 2017 წლის მარტში დროებით დაშორდა. თუმცაღა წყვილმა ურთიერთობა მალევე აღადგინა, ამ დროიდან თითქმის ერთ წელში კი ისინი დაინიშნენ.
ორლანდოს გამოჩენამდე კეტი პერი 2 წლის მანძილზე ინგლისელი მსახიობის, რასელ ბრენდის მეუღლე იყო. ისინი 2010 წელს შეუღლდნენ, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა.
კეტი პერი და რასელ ბრენდი
რაც შეეხება ორლანდოს, 42 წლის მსახიობის მეუღლე 2010-2013 წლებში ავსტრალიელი მოდელი მირანდა კერი იყო. წყვილს ერთი საერთო შვილი, ფლინ კრისტოფერი ჰყავთ, რომელიც ამჟამად 8 წლისაა.
შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდში, როდესაც ორლანდო და კეტი დაშორებულები იყვნენ მსახიობი ქართველ პიანისტთან, ხატია ბუნიათიშვილთან ერთად არაერთხელ შეამჩნიეს. ისინი პარიზის ქუჩებში ხელიხელჩაკიდებულები დადიოდნენ და საკმაოდ ბენიერად გრძნობდნენ ერთად თავს. თუმცაღა მათ ურთიერთობაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.