ვალენტინობის დღე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მეორე ნახევარი ჰყავთ და ყურებამდე შეყვარებული არიან შოკოლადებითა და ვარდებით სავსე იქნება. თუმცაღა თუკი შეყვარებული არ გყავთ და ფიქრობთ, რომ მთელი მსოფლიო ცდილობს ეს შეგახსენოთ, არ ინერვიულოთ თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ კი გირჩევთ რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ ნაკლებად მარტოსულად იგრძნოთ თავი.
გახსოვდეთ ვალენტინობა წელიწადში ერთხელ არის
ისევე როგორც ყველა დღესასწაული, ვალენტინობაც მალე დასრულდება. მთავარია გახსოვდეთ, რომ ეს უბრალო დღეა, რომელიც საზოგადოებამ კომერციული გახადა. შეიძლება იფიქროთ, რომ ყველა თქვენს წინააღმდეგაა და სწორედ ამიტომ არის მაღაზიები წითელი ბუშტებითა და გულებით გაფორმებული, ამიტომ ისმის ყოველი რადიოდან სასიყვარულო სიმღერა, მაგრამ გავა 24 საათი, მოვა 15 თებერვალი და ეს ყველაფერი უკვე წარსულში იქნება.
დაუთმეთ ეს დღე თქვენს თავს და თქვენს მარტოხელა მეგობრებს
წმინდა ვალენტინის დღესასწაული წყვილების დღესასწაულად ითვლება, მაგრამ ამის გამო დღეს ნუ ჩაიშხამებთ. დაგეგმეთ რაიმე განსაკუთრებული თქვენი თავებისთვის ან თქვენს მარტოხელა მეგობრებთან ერთად. მოაწყვეთ ისეთი მარტივი რამ როგორიცაა ვახშამი, გაერთეთ და ეცადეთ მოიშოროთ ნეგატიური განწყობა.
გაუკეთეთ საჩუქრები საყვარელ ადამიანებს
მერე რა რომ ვალენტინობაა, ისევე როგორც ახალ წელს ახლაც შეგიძლიათ გააკეთოთ Secret Santa თქვენს მეგობრებთან ერთად. ამისთვის დაგჭირდებათ სულ რაღაც ორი რამ. თქვენი მეგობების სია, რომლებთან ერთადაც ითამაშებთ ამ თამაშს და მათი პირადი ფოსტა, რომელსაც შეიყვანთ საიტზე, რომელიც სულ რამდენიმე წამში გადაანაწილებს თქვენს მეგობრებს და საიდუმლოდ გაგიმხელთ ვისი სანტა იქნებით. საჩუქრების მიღებაც და ჩუქებაც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
უბრალოდ დატკბით ცხოვრებით
ხანდახან არის მომენტები, როდესაც უბრალოდ არ გჭირდებათ მსგავსი დღესასწაულების შეხსენება, იმიტომ რომ ახლახანს დაშორდით შეყვარებულს ან იმიტომ, რომ ცალმხრივად გიყვართ ვინმე. გახსოვდეთ - არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ მარტო ხართ. უბრალოდ შეხედეთ ამ დღეს ისე როგორც ერთ ჩვეულებრივ დღეს.
დადებითად შეხედეთ თქვენს წარსულ ურთიერთობებს
ზოგადად ვალენტინობის დღეს თქვენს ყოფილ შეყვარებულებზე ფიქრი არც ისე კარგი აზრია, თუმცა მაშინ როდესაც მარტო ხართ და თქვენს გარშემო ყველა სიყვარულზე ლაპარაკობს ბუნებრივია, რომ თქვენი წარსული ურთიერთობები გაგახსენდეთ. თუმცა აქაც არსებობს გამოსავალი, ისევე როგორც ყველაფერში. ნუ მოიწყენთ ამის გამო. პირიქით, ყოველივე ამას დადებითად შეხედეთ . გამოიყენეთ ეს დღე იმისთვის, რომ გააცნობიეროთ, რომ თქვენც იმსახურებთ ბედნიერებას. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ არ გჭირდებათ ისეთი ადამიანები, რომლებმაც გული გატკინეს. არ იფიქროთ იმაზე თუ რა კარგი იქნებოდა ახლა გყოლოდათ ყოფილი შეყვარებული მხოლოდ იმიტომ რომ ვალენტინობაა და მარტო ხართ. შეხედეთ ცხოვრებას პოზიტიურად, რადგან ის მშვენიერია!
და ბოლოს აუცილებლად უყურეთ ფილმს - "ბრიჯიტ ჯონსის დღიური", რომელიც ჩვენთვის ავტომატურად ასოცირდება მარტოობასთან.
გახსოვდეთ, რომ მარტო არ ხართ და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მარტოხელები ძალიან ბევრნი ვართ!
P.S. იმედია ამ სტატიას მომავალ წელს აღარ გახსნი.