ლუკა ჩიქოვანი 24 წლის მომღერალი და მსახიობია, რომელიც წლებია იტალიაში ცხოვრობს და საკმაოდ პოპულარულიცაა. თვითნასწავლმა მომღერალმა კარიერა ქავერების შესრულებით დაიწყო, სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრაც ისწავლა და სრულიად დამოუკიდებლად, თავდაუზოგავი შრომით და საკუთარი ნიჭით, წარმატებას მალევე მიაღწია. დღეს ის მილანში ცხოვრობს და კონტრაქტი Universal Music-თან აქვს გაფორმებული.
ერთი წლის წინ ლუკას სამსახიობო დებიუტი შედგა. იგი კანის კინოფესტივალის პრიზიორმა რეჟისორმა ალიჩე რორვაჰერმა გადაიღო ფილმში „ლაზაროსავით ბედნიერი“, სადაც ლუკამ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა და ლუკამაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გლამურულ და პრესტიჟულ წითელ ხალიჩაზე ფოტოობიექტივებისა და კამერების წინ წარმატებით იპოზირა. თავად ამბობს, რომ ამ ფილმმა მისი ცხოვრება და მსოფლმხედველობა შეცვალა. ლუკა ჩიქოვანი თავის ქვეყანას თბილისის რიგით მეცხრამეტე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ესტუმრა და ჟურნალ OK!-ის ინტერვიუც მისცა.
როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?
თოთხმეტი წლის ვიყავი, როდესაც მუსიკის შესწავლა დამოუკიდებლად დავიწყე. ვუსმენდი სხვადასხვა მომღერლებს, რომლებიც ქავერებს აკეთებდნენ. ვფიქრობდი, თუ ამერიკაში შეუძლიათ ამ გზით მიაღწიონ წარმატებას, რატომ არ შემიძლია იგივეს გაკეთება იტალიაში?! გავაკეთე საკუთარი არხი. თავიდან მუსიკას ცუდი ხარისხის აპარატურით ვწერდი. ორი წლის შემდეგ გადავწყვიტე ინსტრუმენტებზე დაკვრა მესწავლა. ინტერნეტში განთავსებული ვიდეოების დახმარებით, გიტარაზე, პიანინოზე, ბასსა და დრამზე დაკვრის შესწავლა დავიწყე. მასწავლებლებთან სიარულის საშუალება არ მქონდა. დავდიოდი რადიოსადგურების წარმომადგენლებთან და საკუთარ მუსიკას ვთავაზობდი, მაგრამ თანამშრომლობაზე უარს მეუბნებოდნენ. ბევრი მცდელობის შემდეგ, გადავწყვიტე სამსახური მეპოვა, რათა სიმღერა ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩამეწერა. დავდიოდი მაღაზიებში და ვეკითხებოდი, ხომ არ სჭირდებოდათ გამყიდველი ან ფლაერების დამრიგებელი.
ერთ დღესაც შევედი მაღაზიაში, ვუთხარი, რომ სამსახურს ვეძებდი. მკითხეს, რამდენი წლის ვიყავი, რატომ ვეძებდი სამსახურს აგვისტოში, როცა ამ დროს მეგობრებთან ერთად უნდა დამესვენა. ვუპასუხე, რომ ხმის ჩამწერი სტუდიისთვის ფული მჭირდებოდა. აღმოჩნდა, რომ სწორედ ხმის ჩამწერ სტუდიაში მივსულვარ. შევხვდი ადამიანს, რომელიც ხმის მწვრთნელი და კონკურს „სან რემოს“ ერთ-ერთი პროდიუსერია, მოვუყევი ჩემი ოცნების შესახებ, მათთან კონტრაქტი დავდე და მუშაობა დავიწყე. 6 წელი ვიმუშავე, მაგრამ ანაზღაურება არ მქონია. 23 წლის ვიყავი, როცა მილანის უნივერსიტეტმა დაფინანსება მომცა და მეც საცხოვრებლად იქ გადავედი. მილანში პოპულარულმა მომღერლებმა მთხოვეს, მათი კონცერტი გამეხსნა. მათ შორის, მიქელე ბრავიმაც (იტალიური „X ფაქტორის“ გამარჯვებული). მიქელე Universal Music-თან თანამშრომლობს და კონცერტს სწორედ ლეიბლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტის შემდეგ ჩემთან შეხვედრა მოითხოვეს და მითხრეს, რომ კონტრაქტის დადება სურდათ. ჩემი პირველი ალბომი − Start სწორედ მათთან ერთად შევქმენი, რომელიც იმ წელს იტალიაში გაყიდვის მაღალი მაჩვენებლის მიხედვით, რიგით მესამე ალბომი იყო. მისი წარდგენის ფარგლებში, ჩემს გულშემატკივრებს სხვადასხვა ქალაქში დღეში რამდენიმეჯერ ვხდებოდი. ამ ინდუსტრიაში ჩართული მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ ფანებთან შეხვედრა რთულია, რადგანაც მომიწევდა ყველასთან საუბარი, მათთან ჩახუტება. თავიდან ვღელავდი, მაგრამ ეს ძალიან სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა. ეს ადამიანები, იქ, ჩემ გამო და ჩემი ალბომის გამო იყვნენ მოსულები.
იტალიაში საკმაოდ პოპულარული ხართ...
იტალიის გარშემო სამჯერ მქონდა ტურნე. MTV-იმ შოუც კი გააკეთა ამ კონცერტების შესახებ. რამდენიმე ამერიკელი და ბრიტანელი პოპულარული მომღერლის შოუც გავხსენი.
პირველ მუსიკალურ ვიდეორგოლზე მოგვიყევით.
მუსიკალური რგოლი თბილისში გადავიღეთ, რომელიც დედაჩემის და ჩემს ისტორიას ყვება − როგორ წავედით იტალიაში, როგორ ვცხოვრობდით იქ... ეს ვიდეორგოლი ჩემი ცხოვრების ისტორიაა.
როგორ მოხვდით თქვენ და დედა იტალიაში?
დედა იტალიაში ჩემამდე წავიდა, მე ბებიასთან დავრჩი. ხუთი წლის ვიყავი, როცა რომში წავედი. უკვე ოთხი წელია მილანში ვცხოვრობ, უნივერსიტეტიც იქ დავამთავრე.
როგორ მოხვდით ალიჩე რორვაჰერის ფილმში?
ჩემი პირველი მუსიკალური ვიდეო იტალიის ტელევიზიის ეთერით ალიჩე რორვაჰერმა ნახა. მისი ახალი ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟისთვის მოვეწონე და დამირეკა. მითხრა: მე ალიჩე ვარ, გვინდა შეგხვდეთ რომში. ძალიან დავიბენი და ვუპასუხე, რომ მოვიფიქრებდი, მინდოდა თუ არა ფილმში თამაში. მე მსახიობი არ ვარ, ეს სრულიად სხვა სფეროა, ამიტომ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ თამაშს შევძლებდი. დავურეკე დედას, რომელმაც მითხრა, რომ აუცილებლად წავსულიყავი ქასთინგზე.
ელოდით ფილმის ასეთ წარმატებას?
არ ველოდი. „ლაზაროსავით ბედნიერის“ პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა და ჯილდოც მოიპოვა საუკეთესო სცენარისთვის. ამის შემდეგ, სხვადასხვა პრესტიჟულ კინოფესტივალზე აჩვენეს და კრიტიკოსებისგან და მაყურებლისგანაც კარგი შეფასებები დაიმსახურა. ფილმის პროდიუსერი მარტინ სკორსეზეა, „ნეთფლიქსმაც“ შეიძინა და ახლა სხვადასხვა ჯილდოზეა წარდგენილი. MoMA-მ კი საუკეთესო ფილმებს შორის დაასახელა.
სად აპირებთ კარიერის გაგრძელებას?
ჩავირიცხე Hollywood dram Academy-ში, მცირე დაფინანსებაც მოვიპოვე. ამერიკაში მინდა წასვლა, იქ წარმატების მეტი შანსია. მეტი პოპულარობაც მხოლოდ იმისთვის მინდა, რომ უფრო ბევრ ადამიანთან მქონდეს ურთიერთობა და მათ ჩემი აზრები გავუზიარო.
საქართველოში ხშირად ახერხებთ ჩამოსვლას?
წელს სამჯერ ჩამოვედი. ბავშვობაში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩამოვდიოდი. აქ ბებია მყავდა, რომელიც ძალიან მიყვარს. ზაფხულში ბორჯომში ან ცემში ვისვენებდი. თავს ასი პროცენტით ქართველად ვგრძნობ. ამ ქვეყნისთვის ყველაფრის გაკეთება შემიძლია. როცა იტალიაში ვარ, ყველას საქართველოზე ვუყვები, ვცდილობ პოპულარიზაცია გავუწიო. ძალიან პატრიოტი ერის შვილი ვარ და ეს მომწონს. ბებია მუდამ მეუბნებოდა, რომ ვაჟკაცი უნდა ვყოფილიყავი. საქართველოსთან მჭიდრო კავშირი მაქვს. ერთი წლის წინ ინტერვიუ მივეცი ტელეარხებს და ამას კომენტარები მოჰყვა, რომ თითქოს ქართველი არ ვარ. ძალიან მეწყინა. იტალიელ მეგობრებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ამაყი ქართველი ვარ, ხოლო როცა ქართველებმა უარმყვეს, ძალიან მეწყინა. საკუთარ თავს ვკითხე: მაშინ სადაა ჩემი სახლი?.. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საქართველოა ჩემი ქვეყანა.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის იანვრის ნომერში!