BOO Handmade სრულიად ახალგაზრდა ბრენდია, რომლის სათავეში ასევე ახალგაზრდა დიზაინერი -თამუნა ჯიქია დგას. მისთვის BOO დიდი ხნის გატაცებების თავმოყრაა, საკუთარი ჰობის რეალიზება, რომელიც მომხმარებლისთვის გამოჩენისთანავე იქცა გამორჩეულ პროდუქტად.
საყურეს, სამაჯურს, ბეჭედსა თუ ყელსაბამს განსხვავებული დიზაინი აქვს, თუმცა საერთოა სტილი და მახასიათებელიც, რომ ისინი ვერცხლისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთებია.
თამუნა ჯიქია პროფესიით ჟურნალისტი და პიარ-მენეჯერია, რომელმაც ბოლო ხანებში საკუთარი ენერგია ბრენდისკენ ბოლომდე მიმართა. საოცრად სწრაფად მზარდი მოთხოვნის შესაბამისად, მას BOO-ს დიზაინზე მუშაობა ყოველდღიურად უწევს და ის OK!-ს სამუშაო პროცესსა და სხვა დეტალებზე ესაუბრა, ამასთანავე, ბრენდის შექმნის საინტერესო ისტორიაც გვიამბო...
როდის შეიქმნა ბრენდი boo handmade და რას აღნიშნავს მისი სახელწოდება?
სახელწოდების ისტორია დაახლოებით ერთი ათეული წლის წინ იწყება, მაშინ, როცა მე საკმაოდ ჭარბ წონას ვატარებდი. 10 წლის წინ, სოციალურ ქსელში დარეგისტრირებისას, გაუაზრებლად შევქმენი გვერდი, სახელწოდებით ,,ბოო“, რომელიც ჩემთვის ძალიან საყვარელი შესახედაობის თევზის სახეობას ,,ბოო“-ს მიეძღვნა ( ეს არის მრგვალი, ,,ეკლებიანი“ თევზი, რომელიც ჩემი მაშინდელი წონის გამო, ჩემთვის კიდევ უფრო სახალისო არსება აღმოჩნდა). მრავალი წელი ამ გვერდზე არანაირი აქტივობა არ ხდებოდა, თუმცა ეს იყო ის აკვიატებული სახელი, რომლის ქვეშაც, ვფიქრობდი, რომ რაღაც საინტერესო იარსებებდა. ასეთია BOO Handmade-ის სახელწოდების სახალისო ისტორია. მართალია, ახლა 30 კილოთი ნაკლები ვარ, თუმცა სახელი აქტუალური დარჩა და ბრენდის შექმნას წინ უძღვის. ჩემი დიდი ხნის გატაცების რეალურ წარმოებად ქცევას, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ განხორციელდა.
პროფესიით ჟურნალისტს, რა გაკავშირებდათ დიზაინის სფეროსთან?
მართალია ჩემი პროფესია სავსებით განსხვავდებოდა ჩემი ამჟამინდელი საქმიანობისგან, თუმცა დიზაინზე მუშაობა ჩემთვის ყოველთვის თანმდევი თავშესაქცევი იყო. წლების მანძილზე, ეს ზოგჯერ ბინის ინტერიერის დაგეგმარებაში, ტანსაცმლის მოდელირებასა თუ საკუთარი თავისთვის აქსესუარების შექმნის სურვილში ვლინდებოდა.
ყოველთვის მომწონდა ვერცხლის სამკაული, თუმცა სტილი, რომელსაც ვეძებდი, ქართულ ბაზარზე ნაკლებად ჩანდა. ამიტომაც ხშირად საკუთარი ჩანახატებით ოსტატს ვსტუმრობდი და სამკაულიც იქმნებოდა.
როგორ შეიქმნა უშუალოდ ბრენდი BOO Handmade?
მეგობრებმა იცოდნენ ჩემი გატაცების შესახებ, მოსწონდათ ის, რასაც საკუთარი თავისთვის ვაკეთებდი და მუდმივად მაქეზებდნენ ჩემ ჰობს ფართო სახე მიეღო. თუმცა ეს გადაწყვეტილება რატომღაც დიდი ხნის მანძილზე არ მიმიღია, ვფიქრობდი, რომ შესაძლოა ეს ჩემი სუბიექტური გემოვნების ქმნილება იყო და არ ვიცოდი, როგორ მიიღებდა მას მომხმარებელი.
მახსოვს ერთხელ, როცა წვეულებაზე მივედი და ჩემი დიზაინით დამზადებული ვერცხლის ბეჭედი მეკეთა, სტუმრები აღფრთოვანებით აღნიშნავდნენ, რომ ეს ორიგინალური დიზაინი იყო; თუმცა მაშინ არც კომპლიმენტები გამითვალისწინებია და ნაბიჯიც არ გადამიდგამს.
საბოლოო ბიძგი, ჩემი მეგობრების დაუვიწყარი საჩუქარი გახდა; დაბადების დღეზე მათ კონვერტი მისახსოვრეს, რომელშიც საწყისი კაპიტალი იდო, წარწერით ,,შენი ბიზნეს იდეის განსახორციელებლად! P.S - არ დაგვივიწყო!“. ამ საოცარმა ჟესტმა უკანდასახევი გზა აღარ დამიტოვა და მეორე დღიდანვე შევუდექი საქმიანობას, რომელმაც ბრენდი BOO Handmade შექმნა.
მეგობრების მიერ ნაჩუქარი კონვერტი
როგორ იხსენებთ პირველ ნაბიჯებს?
მაშინვე მოვიძიე საუკეთესო ოსტატი, რომელსაც მივებარე და ვერცხლზე მუშაობის სწავლა დავიწყე. როცა ჩემი დიზაინით, სამკაულები შევქმენი და სოციალურ ქსელში კოლექცია განვათავსე, მისი გამოჩენისთანავე, მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ მივხვდი, მხოლოდ მე ამდენ შეკვეთას ვერ გავუძღვებოდი, ამიტომაც მათი შექმნა ჩემ მასწავლებელ ოსტატს მივანდე და კიდევ ერთი ოსტატიც დავიმატეთ. ისინი ვერცხლის სამკაულს ჩემი დიზაინით ქმნიან და ბრენდს თავდაუზოგავად ემსახურებიან.
რეალობაში მოვიყვანე ჩემი წარმოდგენაც იმის შესახებ, რომ სამკაულის პირველ კოლექციას მწვანეთვალებიანსა და მოკლეთმიან გოგონაზე ვხედავდი, სწორედ ასეთ ადამიანს სოციალურ ქსელში წავაწყდი და მიმი ბარამიძე აღმოჩნდა ის, ვინც Boo Handmade-ის კოლექცია წარადგინა.
სულ მალე შემოთავაზებაც კი მივიღე, რომ ორ მაღაზიაში boo handmade-ის პროდუქცია განთავსებულიყო, რაც შედგა. ამასთანავე, BOO საქართველოს საზღვრებსაც უკვე გასცდა და ბაქოში, ერთ-ერთ ბუტიკშია შეტანილი.
სამმა მეგობარმა, დიზაინერებმა თავი მოვიყარეთ და დიზაინერების კუთხე ,,You and Us“ გავხსენით, სადაც წარმოდგენილია ტანსაცმლის ატელიე ,,სადა“, ტყავის აქსესუარების ბრენდი ,,Anaida” და Boo Handmade, რომლისთვისაც ეს პირველი საკუთარი შოურუმია. ის ვაჟა ფშაველას გამზირის 51 ნომერში მდებარეობს, გავითვალისწინეთ მომხმარებლის სურვილი, რომ შესაძლებლობა ჰქონოდათ, კოლექცია ადგილზეც დაეთვალიერებინათ.
როგორია boo handmade-ის სტილი და ვისთვის არის ბრენდი?
სტილი მინიმალისტურია და მისი დამზადებისას მხოლოდ ვერცხლი გამოიყენება, აღსანიშნავია, რომ კოლექცია ყოველთვის ხელით იქმნება და არ გამოიყენება ყალიბები, თითოეულ დეტალზე ოსტატები მუშაობენ.
მისი დიზაინიდან გამომდინარე მომხმარებელთა სეგმენტი შეზღუდული არ არის, შოურუმში ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანი სასურველ ნივთს შეარჩევს. რაც მთავარია, ბრენდს ის ხელწერა აქვს, რომელიც განსხვავებული სტილით ნებისმიერ ნივთს გამოარჩევს.
ხშირად მოდის სამკაულის შესაქმნელად საჭირო შთაგონება? როგორია ერთი სამუშაო დღე?
მუზა და ჩანახატები ულევია. ძირითადად, შთაგონება ძილის წინ მოდის და როცა ვიღვიძებ, ვიხსენებ და ფურცელზე გადამაქვს. ხშირად, სახელოსნომდე მისასვლელ გზაზეც ჩნდება იდეები. ეს ყველაფერი იხვეწება და შემდეგ რეალობად იქცევა.
ჩემი ერთი დღე დიზაინსა და სახელოსნოში ოსტატებთან ერთად მუშაობას მოიცავს; ასევე, ყოველდღიურად ვსტუმრობ შოურუმს, რადგან ძალიან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა და BOO-ს მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათი შეფასებების მოსმენა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.
როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა დროის ასეთ მცირე მონაკვეთში მსგავსი მოთხოვნის გაჩენა?
Boo handmade - ის განსხვავებულმა სტილმა და იმან, რომ საზოგადოებას მოსწონს, რომ ის ხელით არის შექმნილი; ამას ყოველთვის აღნიშნავენ.
მათი შეფასებები ჩემთვის უდიდესი სტიმულია და სწორედ ამის გათვალისწინებით, ასეთ მოკლე დროში მე უკვე ახალ კოლექციაზე ვმუშაობ და დეკემბრის შუა რიცხვებში მას მომხმარებელი იხილავს; BOO-ს სტილთან სინთეზში კიდევ უფრო მრავალფეროვანი კოლექციით წარვსდგებით. იქნება უამრავი საინტერესო მოტივი და დიზაინი.
როგორია boo handmade-ის სამომავლო გეგმები?
დიდი წარმატებაა, რომ ბრენდი უკვე 2 მაღაზიასა და საკუთარ შოურუმშია წარმოდგენილი, მომხმარებელს პროდუქციაზე ხელი ინსტაგრამისა და facebook-ის გვერდებზეც მიუწვდება და მათი ადგილზე მიწოდებაც შესაძლებელია; სხვადასხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მალე ბაქოს მსგავსად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში BOO Handmade-ის პროდუქცია გამოჩნდება.
ვხედავ, რომ მოთხოვნა მუდმივად მზარდია და სამომავლოდ BOO-ს აუცილებლად ეყოლება კიდევ უფრო ბევრი საუკეთესო ოსტატი სახელოსნოში და უცვლელი დარჩება უმთავრესი დევიზი: რაც არ უნდა დიდ წარმოებაზე გადავიდეთ, თითოეული ნივთი ხელნაკეთი იქნება.
დიდი სურვილი და იმედი მაქვს, რომ Boo Handmade იქნება ქართული ბრენდი, რომელსაც მრავალ ქვეყანაში გაიცნობენ და ამბიციაზე მეტად, ვფიქრობ, ეს რეალური პროგნოზია.
უდიდეს მადლობას ვუხდი მომხმარებელს, რომლებიც არ იშურებენ კეთილ სურვილებსა და შეფასებებს, რაც ჩემთვის უდიდესი სტიმულია.