თამუნა ბეჟანიძე ახალგაზრდა ქართველი დიზაინერია, რომლის სფეროთი გატაცება ჯერ კიდევ ბავშვობის წლებში იღებს სათავეს. მაშინ გატაცებას ბავშვური აღტაცებით მიჰყვებოდა და როცა მიზანი ნაკლებად გაცნობიერებული ჰქონდა, შედეგს მხოლოდ საკუთარი ჰობით თავშექცევა წარმოადგენდა. დღეს კი, ძველებური ჟინი და ზრდასრულის თვალსაწიერი საკუთარი ბრენდის ქვეშ გააერთიანა და როგორც OK! -სთან საუბრისას აღნიშნავს, თითოეული მოდელის შექმნის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერესი ადამიანებთან ამგვარი ფორმით ურთიერთობის დამყარებაა. ახალგაზრდა დიზაინერის ახალგაზრდა ბრენდს საინტერესო მიმართულება აქვს , წინ კი - უამრავი გეგმა...
ცხოვრების რომელ ეტაპზე დაიწყო დიზაინით გატაცება და როგორი იყო პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?
მახსოვს ბავშვობაში ბებიას ვპარავდი სუფრის და ფარდის ქსოვილებს,ტანზე ვირგებდი და დეტალებს ნემსებით ვამაგრებდი.ზუსტად მახსოვს თითოეულის ხასიათი და ფორმა.დღეს ჩემს კოლექციაში ხშირად არის იმ ბავშვურად ლაღი,თბილი და ჰაეროვანი ხასიათით, იმ ნიუანსებით შექმნილი მოდელები. 5 წლის წინ დავიწყე კერვისა და კონსტრუირების პროფესიული შესწავლა. გარკვეული პერიოდის შემდეგ,საბოლოოდ მივხვდი რომ ეს არ არის მხოლოდ საქმე, ეს ჩემთვის ბევრად მეტია..
და როგორი იყო უშუალოდ ბრენდის საწყისი ეტაპი?
4 თვიანი სამზადისის შემდეგ, როცა პირველი გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია შეიქმნა - ბრენდის ისტორიას სათავე დაედო. დიდწილად რთული აღმოჩნდა პირველი ნაბიჯები,თუმცა ამ გადაწყვეტილებას წინ ძალიან დიდი სურვილი უძღოდა.
მაშინაც და დღესაც, საინტერესო გამოწვევაა, სამოსის ხასიათითა და დეტალებით საზოგადოებასთან კომუნიკაცია. დღემდე თითოეული ლუქის შექმნის პროცესში ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერესია კონკრეტულ ადამიანთან ამ ფორმით ურთიერთობის დამყარება.
რა შექმენით სულ პირველად და როგორ ფიქრობთ,აგრძელებთ თუ არა იმავე ხელწერით მუშაობას?
სულ პირველი ლუქი, რომელიც შევქმენი იყო სადღესასწაულო შავი კაბა,ძალიან მინიმალისტური დეტალებითა და ფორმებით, დღემდე ამავე მიმართულებით ვაგრძელებ მუშაობას, ვფიქრობ რომ აუცილებელია ყველა დიზაინერს ქონდეს თავისი მიმდინარეობა,რომელიც დროსთან ერთად ქმნის ბრენდის სტილსა და განსაზღვრავს მის ცნობადობას. ჩემი ხელწერა-ხასიათია, რომელიც ერგება სამოსს, სამოსს კი ირგებს ქალი.
როგორი სტილისაა და კონკრეტულად ვისთვის არის თქვენი ბრენდის სამოსი? როგორია მისი კონკრეტული მახასიათებლები: დეტალები და ფერები?
ბრენდი ქალბატონების რამდენიმე სტილის კატეგორიას პასუხობს. კოლექციაში ხშირად შეხვდებით აზიურ სტილს, რომელიც ვფიქრობ ქალს ძალიან ესთეტიკურსა და დახვეწილს ხდის. მომწონს ორგანზას და ტაფტას ქსოვილების სინთეზი,რომლებსაც შეუძლია გადმოსცეს ქალის ხასიათის რბილი და უხეში შტრიხები. ჩემს გარდერობში ჭარბობს შავი ფერი,თუმცა კოლექციებში ფერებით თამაშს არ ვერიდები. კოლექციები შავი,თეთრი და თბილი პასტელური ფერებით გამოირჩევა.
როგორია სამუშაო პროცესი,როგორ იქმნება თითოეული ესკიზი? ხშირად მოდის თუ არა მუზა?
პროცესი ძალიან საინტერესოა;ფაქტობრივად, ქრება დროის შეგრძნება; იმდენად მაინტერესებს საბოლოო შედეგი,ხშირად მუშაობაში ღამე გამითენებია. ჩემი მთავარი მუზა ქსოვილია, რომელსაც ყოველთვის მივყავარ დანიშნულების იმ ადგილამდე, რაც ჩემთვის იქამდე წარმოუდგენელი იყო; პროცესშივე იბადება ახალი დეტალები. მაქვს მუშაობის ორი მიმართულება:1-ლი - ესკიზის შექმნა და ამ ყველაფრის გადატანა ქსოვილზე და მე-2 - ქსოვილის შერჩევა და შემდეგ პროცესში სიახლეების აღმოჩენა. თუმცა იმპროვიზირებაც მომწონს დიზაინში, რადგან ამ დროს იბადება რაღაც სრულებით ახალი.
ამჟამად რა ეტაპზეა ახალი ბრენდის განვითარება?
როგორც აღვნიშნეთ, ბრენდი ახალია და ის საზოგადოებამდე ფართო მასშტაბით ჯერ არ მისულა. პირველი სიგნალი სოციალური ქსელებით გაისმა, რადგან თავიდან ბრენდს “ონლაინ შოპინგის” სტატუსი ჰქონდა; დღეს კი უკვე მომხმარებლებს შეუძლიათ კოლექცია თბილისისა და ბათუმის მაღაზიებში შეიძინონ. ფაქტია, რომ ბრენდი სწრაფად ვითარდება და წინ უამრავი გეგმაა.
როგორია სამომავლო გეგმები?
ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს მოსკოვში, ქართველი დიზანერების ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელთან,ეს იქნება ბრენდისთვის პირველი გასვლა ქვეყნის ბაზრის გარეთ. ასევე, უახლოეს მომავალში ბრენდი მოდის კვირეულზე გამოჩნდება.