ბაფთა ჩემში ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევდა. დაწყებული ქეთოს ბაფთიდან („ქეთო და კოტეს“ თუ გავიხსენებთ), დამთავრებული სასაჩუქრე ყუთის ბაფთით. რაღაც ძალიან მოწესრიგებული, გაპრანჭული ელემენტია − მამაკაცის ყელზე, ქალის თმასა თუ საჩუქრის ყუთზე. ჰოდა, ალბათ, სულაც არ არის შემთხვევითი, რომ ეს ბაფთა დღეს იმ კომპანიის ლოგოა, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ყველაზე დაუვიწყარსა და ყველაზე ფერადს გახდის. რემბოს, იგივე ლევან მდინარაძეს, რომელსაც ფართო აუდიტორია იცნობს როგორც DJ-ის, დღეს უკვე თავისი ივენთკომპანია RemBow Events აქვს და სწორედ ამიტომ ჩვენც დავინტერესდით, როგორია გზა დიჯეობიდან ღონისძიებების ორგანიზატორობამდე − ბაფთითა და „პაპსა“ მუსიკით.
ლევან, ცოტა შორიდან დავიწყოთ. ბავშვობიდან ოცნებობდით?..
მეშვიდე კლასიდან დიჯეობაზე ვოცნებობდი. ეს ოცნება უკვე მე-4 კურსზე განვახორციელე. 2004 წელს გადავწყვიტე კლუბი მექირავა და მთელი საღამოს ორგანიზება საკუთარ თავზე ამეღო. ეს იყო ჩემი პირველი შეხება წვეულების დაგეგმვასთანაც და დიჯეობასთანაც. 6 სხვადასხვა დიჯეი 6 საათის განმავლობაში ვუკრავდით, რადგან მაშინ კლუბს საათობით ქირაობდი და არა მთელი ღამით.
უკვე სერიოზულად როდიდან მოეკიდეთ თქვენს საქმიანობას?
2009 წლიდან აუდიტორია მიცნობს, უკვე როგორც რემბოს. ამ სახელით მიცნობდნენ ჩემი მეგობრები და მეც გადავწყვიტე ერთგვარი ბრენდი შემექმნა. თავიდან დავიწყე ისე, რომ მუსიკის დაკვრასთან ერთად მთლიან ღონისძიებას ვგეგმავდი, რომელსაც ასე ერქვა − „რემბოს ივენთები“. ცოტა ხანში ისეთი მოთხოვნა გაჩნდა, რომ კლუბებმა თვითონ გამოთქვეს ჩემთან მუშაობის სურვილი.
რამდენად დამღლელია თქვენი პროფესია?
იცით, გვერდიდან ჩანს, რომ ძალიან მაგარი პროფესია გაქვს − მთელი საღამო დგახარ და ერთობი. ამ დროს კი სცენაზე ვდგავარ და ვფიქრობ იმაზე, როგორ გავართო აუდიტორია. ჩემთვის მთავარი არის ის, რომ ყველა მაქსიმალურად გაერთოს და ადამიანები კმაყოფილები დარჩნენ. სწორედ ამიტომ, ჩემ თავზე ბევრს ვმუშაობდი − ვკითხულობდი სხვადასხვა ფსიქოლოგიურ წიგნს, ვეცნობოდი სხვადასხვა ტრენინგს იმისათვის, რომ ადამიანის ფსიქოტიპი შემესწავლა, რათა ადვილად მესმოდეს, რა სურთ მათ. ადამიანები ერთმანეთს არ გვანან და შენ უნდა მოახერხო, რომ ერთ სივრცეში შეკრებილი განსხვავებული ასაკის, სქესისა და ინტერესების ადამიანები შენს მუსიკაზე აიყოლიო. ამასობაში კი, შესაძლოა 6-7 საათი იდგე ერთ ადგილას ისე, რომ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც კი ვერ შეძლო. ჩემი საქმე ძალიან დამღლელია, მაგრამ მე ეს მსიამოვნებს და ამას მთელი გულით ვაკეთებ.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის ოქტომბრის ნომერში...