ოპერის “ოსკარის” მფლობელი, საუკეთესო მეცო-სოპრანოდ აღიარებული ნინო სურგულაძე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულია, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ ქართველად ითვლება მსოფლიო ასპარეზზე. დღეს, 12 ოქტომბერს, ცნობილი შემსრულებელი იუბილარია და მას 43 წელი შეუსრულდა.
ნინო სურგულაძე ქართულ ეკრანებზე პირველად 1988 წლის ფილმში „მეტიჩარა“ გამოჩნდა, რომელშიც მან პატარა ნინიკოს როლი განასახიერა.
აღსანიშნავია, რომ ნინომ 2001 წელს სამთვიანი სტაჟირება გაიარა მილანის "ლა–სკალასთან" არსებულ ჯ. ვერდის სახელობის ვოკალის აკადემიაში. უკვე 2002 წლის გაზაფხულზე კი, მონაწილეობა მიიღო "ლა–სკალას" სპექტაკლებში რ. შტრაუსის "სალომე" და მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი".
ნინო სურგულაძის რეპერტუარი საკმაოდ მრავალფეროვანია და მას ისეთი ცნობილი პარტიებიდან აქვს შესრულებული წამყვანი პარტიები, როგორიც ჯ. პერი, ბიზე, ვერდი, შტრაუსი, მუსორგსკი, შოსტაკოვიჩი, ოფენბახი, მოცარტი, პროკოფიევი, ბეთჰოვენი და ჩაიკოვსკია.
დღეს მეცო-სოპრანო მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავებთან ერთად ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო კონცერტში და ინტერესი მისი პერსონისადმი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო იზრდება.
2020 წელს ნინოს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი და სანატრელი ეტაპი დადგა, ივნისის თვეში ის დედა გახდა, მას ტყუპები, ნატალია და ზაქარია შეეძინა.