ოუშენის 8 მეგობარი სოციალური კონსტრუქციებითა და თანამედროვე სამყაროსთვის დამახასიათებელი ინდეფერენტული დასაწყისით აუცილებლად გამოიწვევს თქვენში ორი განსხვავებული სახის რეაქციას.
პირველ რიგში, თვალში აუცილებლად მოგხვდებათ ძლიერი ქალის იმიჯისა და მისი დამახასიათებელი ძირითადი თვისებების რადიკალური წარმოჩენის მცდელობა. პარალელურად კადრში მთავარი პერსონაჟის პირველივე შემოსვლის დროს მარტივი მისახვედრია, რომ იგი ცნობილი ფრენჩაიზის წინა ნაწილების წამყვანი გმირებისგან განსხვავებით ბევრად უფრო დატვირთულია ემოციური დეტალებით, თუმცა ამ ორი მნიშვნელოვანი დეტალის გარდა, ოუშენის 8 მეგობარი კიდევ რამდენიმე აღსანიშნავი თვისებით განსხვავდება ჯორჯ კლუნის საძმოს მონათხრობი ისტორიის მონაწილეებისგან. ეს ოდნავ საწყენია ლეგენდარული ფილმების მოყვარულთათვის, თუმცა გადამღები ჯგუფის ახლებური ხედვა მართლაც უნდა დავაფასოთ.
ფილმის დინამიურობა ძალიან ჩამორჩება წინა ნაწილებს, რადგან რეჟისორი აქცენტს აკეთებს თითოეული პერსონაჟის განვითარებაზე, რაც თავისმხრივ საკმაოდ სოლიდურ ატმოსფეროსა და კარგ განწყობას ქმნის. თუმცა, ზედმეტად გაწელილი ისტორია და ერთი შეხედვით უმნიშვნელო კადრებით ფილმის შენელება სრულიად შეუმჩნეველი ხდება მას შემდეგ, რაც სცენარი ახერხებს ბოლომდე წარმოაჩინოს მთლიანი გუნდი და მათი ნამდვილი სახე. აქამდე ყველა ოუშენის ფილმი აქცენტს აკეთებდა სწრაფ, პრაგმატულ იუმორზე და კარგად ნაცნობი მსახიობების ოსტატობის წყალობით ეს ფრენჩაიზის დამახასიათებელ ნაწილადაც იქცა, ქრონომეტრაჟში ნაკლები დინამიურობის შემოტანის გამო კი რეჟისორს სრულიად სხვა ტრამპლინზე გადახტომა მოუწია. გერი როსმა მთლიანად გადაუხვია მთავარ მიმართულებას და გადაწყვიტა მაყურებლისთვის წარმოეჩინა სრულიად ახალი და განვითარებული იერის მქონე კომედიური ჟანრი, რომელიც სათავეს ცნობილი ღამის შოუების წამყვანთა მონოლოგებში იღებს. ამ დეტალისა და სრულიად ქალებისგან დაკომპლექტებული პომპეზური ქასთის შესაზავებლად პროდიუსერებმა სწორედ ის ადამიანი შეარჩიეს, რომელიც ალბათ ერთადერთია, ვინც ამას თავს გაართმევდა. ჯეიმს კორდენმა შეძლო შეექმნა სრულიად წარმოუდგენელი ხასიათის ატმოსფერო ფილმში და მართლაც გადაარჩინა ცნობილი რეჟისორის ქმნილება სრული კრახისგან.
მიუხედავად იმისა, რომ სცენარის მიხედვით დაგეგმილი იყო, რეჟისორმა მაინც ვერ მოახერხა ფილმში წარმატებით წარმოედგინა წინა ნაწილების მოქმედი გმირები, როგორც ცნობილია მეთ დეიმონის კადრებიც კი მთლიანად იქნა ამოღებული სურათის საბოლოო რედაქტირებული ვერსიიდან. თუმცა, როგორც ცალკე მდგომი კომედია და თვალისმომჭრელი თავგადასავლებით სავსე ფილმი, „ოუშენის 8 მეგობარი“ სავსეა მოდის ყველაზე შთამბეჭდავი მახასიათებლებითა და ძალიან გლამურული სცენებით, შესაბამისად 2018 წელს აუცილებლად სანახავი ნამუშევრების სიაში აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ.